„დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ვუყვარვარ, ვინც გვერდით მიდგას. ამას ყოველთვის ვგრძნობ. ამდენი წელი გავიდა, თავისი ყველა განცდით. არ იყო ადვილი განვლილი გზა, მაგრამ დღემდე ისე მოვედი, არასოდეს მქონია უმადურობის განცდა. ბევრი მეუბნება, მეტი შეგიძლია და რატომ არ აკეთებო. შესაძლებლობა, რასაკვირველია, მაქვს, მაგრამ ბევრის კეთებას, ნიჭისა და შესაძლებლობის გარდა, ბევრი ფინანსებიც უნდა. მე კი, სამსახურის გარდა, სხვა შემოსავალი არ გამაჩნია. მართალია, ხელფასს არ ვუჩივი, მაგრამ მარტოხელა დედა ვარ და შვილებს ბევრი სჭირდებათ. ყველა მომღერლის ოცნებაა სოლო-კონცერტი, მათ შორის, ჩემიც, მაგრამ ამას დიდი თანხები სჭირდება, თავისი პატარ-პატარა ნიუანსებით, საავტორო სიმღერებით", - ამბობს ჟურნალ "თბილისელებთან" მომღერალი ელენე ფოჩხუა.
ბავშვობიდან მოუსვენარი იყო, სიმღერა უყვარდა. ოჯახის წევრები იმედოვნებდნენ, რომ გატაცება გაივლიდა და მშობლების ნანატრ პროფესიას, ექიმობას აირჩევდა. გატაცებამ არ გაუარა და ბოლოს ყველა მიხვდა, რომ ელენე ფოჩხუა სცენისთვის იყო დაბადებული.
მუსიკალურ პროექტ ,,ჯეოსტარში” გამოჩენიდან და პირველი სერიოზული წარმატებიდან ბევრი წელი გავიდა. ელენე მსმენელისთვის საყვარელი მომღერალი გახდა, გათხოვდა, ორი შვილი შეეძინა. ცხოვრებამ სიხარულთან ერთად უდიდესი ტკივილიც განაცდევინა – ათი წლის წინ მისი უსაყვარლესი ძმა, მსახიობი გიორგი ფოჩხუა არამზადებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. არადა, ტყუპებივით იყვნენ, ერთმანეთს გულისნადებს უზიარებდნენ, ერთმანეთის იმედი ჰქონდათ. თითქოს საყრდენი გამოეცალა და სიცოცხლის აზრი დაკარგა. მაინც შეძლო, შვილებს, ოჯახს სჭირდებოდა, გამაგრდა და ფეხზე დადგა.
ელენეს ცხოვრებაში სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარულით შექმნილი ოჯახი დაენგრა. ამ დარტყმასაც გაუძლო, საკუთარი თავი ახლიდან იპოვა, შვილებთან, მეგობრებთან ერთად ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო – მშვიდი, გაწონასწორებული, შემოქმედებითად სავსე და საინტერესო.
"დედა და მამიდა მუსიკოსები იყვნენ. ყოველთვის მუსიკალური ოჯახი გვქონდა. როცა ჩვენთან სუფრა და მოლხენა იყო, მამიდები, დედა, მამაჩემი - ყველა ერთად ვმღეროდით და ახლაც ასე ვართ. სამწუხაროდ, ჩემი ძმის დაღუპვის დღიდან ჩვენს ოჯახში ისეთი ლაღი, ხალისიანი სიმღერა აღარ ისმის, როგორიც ადრე ისმოდა, მაგრამ მუსიკა მაინც რჩება ჩვენი ჭირისა და ლხინის თანაზიარად. რაც შეეხება პროფესიულ არჩევანს: ოჯახში ამ პროფესიას მარტო მე გავყევი - საესტრადო ვოკალს ვსწავლობდი ჯერ მუსიკალურ სასწავლებელში, მერე - პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც მარტო მუსიკას კი არა, მრავალ საინტერესო საგანს გვასწავლიდნენ" - ამბობდა ელენე.
ელენეს ცხოვრებაში განქორწინებამ ხმაურიანად ჩაიარა, მან ყოფილი ქმრის შესახებ არაერთხელ ისაუბრა საჯაროდაც:
"არც კი მახსოვს, რომ ის ერთ დროს ჩემი ქმარი იყო. გულში არც ბრაზი მაქვს და არც შურისძიების სურვილი. როცა ადამიანი ასე დაგამცირებს და გადაგივლის, როცა შენს სიკეთეს ვერ დაინახავს, გულში მხოლოდ სიცივე და სიცარიელე გრჩება. რომ დავფიქრდები, ახლა ბევრად უკეთესად ვარ: ყოველგვარი ქაოსის და გაუგებრობის გარეშე ვცხოვრობ და ფეხზე უფრო მყარად ვდგავარ. ფინანსური თვალსაზრისითაც უკეთესად ვარ - ზუსტად ვიცი, რა და როგორ გადავანაწილო და ხვალ რა უნდა ვაკეთო. ვფიქრობ, რომ მუდმივ ქაოსსა და გაუგებრობაში ყოფნას მშვიდად ცხოვრება სჯობს. ამიტომ, ყოფილ მეუღლეს მადლობას ვუხდი, რომ წავიდა, მადლობას ვუხდი ჩემი გათავისუფლებისთვის! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის მიმართ ყველა გრძნობა განულდა. არც შვილების მოვლა მიჭირს, რადგან ადრეც სულ ვმუშაობდი, ჩემი შემოსავალი მქონდა და იმის შიში ნამდვილად არ მქონია, რომ უქმროდ თავს ვერ შევინახავდი" - ამბობდა ელენე ფოჩხუა.