26 მარტის საღამო რომ ბევრი რამით იყო გამორჩეული, ამაზე არავინ დავობს. ისტორიული გამარჯვება, დიდი ხნის ნანატრი სიხარული, დაუვიწყარი ემოციები და ერთ მუშტად შეკრული საქართველო - ალბათ, მოკლედ ასე შეიძლება აღვწეროთ საქართველოს ეროვნული ნაკრების საბერძნეთთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
პირველი პენალტის ავტორი, გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც დარტყმა აბსოლუტური სიზუსტით შეასრულა და, გარდა პირველი ქულისა, გულშემატკივრებსაც და ფეხბურთელებსაც უდიდესი მოტივაცია მისცა, ამბობდა, რომ პირველობის სურვილი თავად გამოთქვა. გიორგიმ ისიც თქვა, რომ იმ წამებში, როცა პენალტის დასარტყმელად ემზადებოდა, ტრიბუნებიდან ქომაგების სიმღერა ჩაესმოდა: "შენთან, შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია... შენთვის, შენთვის ვმღერი, ზღაპრის ბოლო კეთილია..."
ეს სიმღერა ნაკრების ქომაგებმა ერთგვარ ჰიმნად აქცია და 26 მარტის შემდეგ, ალბათ, ბევრი ჩვენგანი გაუაზრებლადაც ღიღინებს მას, თუნდაც გულში. ამ სიმღერის, სახელწოდებით "გაიღიმე" კომპოზიტორი გია მაჭარაშვილია, ტექსტი ირმა სოხაძეს ეკუთვნის, პოპულარული კი მერაბ სეფაშვილის შესრულებით გახდა. ეს კომპოზიცია ყველასთვის საყვარელმა პატარებმა, საბავშვო მუსიკალური პროექტ "რანინას" ყოფილმა მონაწილეებმა, ვაჩე ღვინიაშვილმა, ნიკოლოზ ხარატმა, ოთო ბაზერაშვილმა და გეგა შონიამ ამ სეზონის მონაწილესთან, ანასტასია ირემაძესთან ერთად შეასრულეს. 26 მარტის გამარჯვების შემდეგ, ბავშვების შესანიშნავმა შესრულებამ კიდევ უფრო მეტი ემოცია და დადებითი შეფასება დაიმსახურა.
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე
გაგახსენებთ, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
ვილი სანიოლმა დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი.
როცა ზღაპრის ბოლო მართლა კეთილია - მთელი საქართველო ერთად! როგორ აღნიშნეს ისტორიული გამარჯვება ქართველებმა
არამხოლოდ მოედანზე, პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები - ვინ არიან ქართველი ვარსკვლავების უმშვენიერესი მეორე ნახევრები
მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.
გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.