"საქართველოში ფანების კუმირი მე არ ვარ. ასეთია ხვიჩა კვარაცხელია. ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ყველას ძალიან უყვარს. მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო. ესპანეთში ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები. გულშემატკივრებმა ჩემთან სურათები გადაიღეს. მაშინ მეგობრებმა მითხრეს, რომ ასე მათაც კი არ ვუყვარვარ“– გიორგი ქოჩორაშვილის ეს სიტყვები, ალბათ, სოციალურ ქსელში ყველამ წაიკითხა და ფეხბურთელის ეს განცდა განსაკუთრებით ემოციური 26 მარტის შემდეგ გახდა.
"ქოჩორაშვილმა პირველმა თქვა, მე დავარტყამო და არც გამკვირვებია - ის ფანტასტიკური პიროვნებაა, ძლიერი ხასიათი აქვს და ნაკრებში სიტუაცია მისი გამოჩენის შემდეგ შეიცვალა", - ასე შეაფასა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი ქოჩორაშვილის თამაში. ამ მატჩის შემდეგ გიორგი იმათმაც გაიცნეს, ვინც მისი სახელი და გვარი აქამდე არ იცოდა და ახალგაზრდა ფეხბურთელი მთელმა საქართველომ შეიყვარა.
"მე მოვითხოვე სანიოლთან პირველი დარტყმა. მზად ვიყავი იმისთვისაც, რომ შეიძლება ყველაფერი პირიქით ყოფილიყო, მაგრამ ვარჯიშმა და ყველაფერმა, რაც მანამდე გავაკეთე, შედეგი გამოიღო. პენალტის დარტყმის დროს რომ ვიდექი, თითქოს იმ სიმღერამ, რასაც ტრიბუნებზე მღეროდნენ, მომცა ის მუხტი, რომ სწორად მიმემართა ჩემი ემოციები და ფიქრები" - ამბობდა გიორგი.
გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს თბილისში დაიბადა. დღეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი.
"არასოდეს არავისი შემშინებია. ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად მოაქვს შრომას, რომელსაც ყოველთვის გავაგრძელებ, იმის მიუხედავად, თუ რამდენი წუთი მათამაშებენ. ყოველთვის ვცდილობ, მინდორზე გასულმა ყველაფერი გავიღო და გავაკეთო ის, რაც გუნდს სჭირდება."
მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში ის შეცვლაზე შევიდა რუბენ როჩინას ნაცვლად. შეხვედრა „ლევანტემ“ 1:2 დათმო.
„პანდემიის დროს გულშემატკივრების მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი, მაგრამ რაც შემდეგ მათი მხრიდან მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს მოულოდნელი იყო და სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი ფეხბურთელად."
გიორგი ქოჩორაშვილის სანაკრებო კარიერა
გიორგი თამაშობდა საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია. 2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
"საქართველოში პოპულარული არ ვარ. ესპანეთში უფრო მეტ სიყვარულს ვგრძნობ, ვიდრე ჩემს ქვეყანაში”, - ეს გიორგი ქოჩორაშვილმა 2023 წლის სექტემბერში, COPE-ისთვის ინტერვიუში თქვა.დღეს, 2024 წლის 26 მარტის შემდეგ, ალბათ, გიორგი გრძნობს ქართველი ხალხის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას, რადგან მისმა პირველმა გოლმა, შემართებამ და სიძლიერემ კიდევ უფრო გააძლიერა სხვა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების მოტივაციაც.
„ლევანტეში“ 2019 წელს გადავედი და მას შემდეგ ბევრჯერ მიფიქრია და წარმომიდგენია, ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის წინაშე გოლს როგორ ვიზეიმებდი. ახლა ეს ყველაფერი რეალობაა და ძალიან ბედნიერი ვარ."
ეს გამარჯვება თავად გიორგისთვისაც რომ განსაკუთრებით ემოციური იყო, მან ამის შესახებ თამაშის შემდეგ ისაუბრა:
"თამაშში იმხელა ემოციები გვქონდა ჩადებული, თამაშის შემდეგ ემოციების გარეშე დავრჩი. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რამხელა ისტორია დაიწერა. სამი-ოთხი წელი დიდი შრომა ჩავდე, შეიძლება, ამ მომენტისთვისაც. ეს ის დანიშნულება იყო, რომელიც უნდა შემესრულებინა. როდესაც ავიღე ბურთი, ისეთი შეძახილები და სიმღერა მესმოდა, რომ... ზუსტად ეგ მომენტია, როცა ან კარგი იმარჯვებს შენზე, ან - ცუდი. ხალხის დახმარებით კარგმა გაიმარჯვა", - ამბობდა ფეხბურთელი.
24 წლის ვარსკვლავი გიორგი ქოჩორაშვილი 2018 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს. ის საქართველოში ოჯახთან, მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. ესპანეთში კი ის შეყვარებულთან, ბრაზილიელ სანდრა მენდონსასთან ერთად ცხოვრობს. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.
გიორგიმ უმშვენიერესი სანდრას შესახებ "განსვლითი შეხვედრის" ფარგლებში, ლევან ღვინიანიძესთან ისაუბრა:
"აქაურობა უყვარს, მაისურით მოდის თამაშზე საგულშემატკივროდ", - თქვა გიორგიმ.
"კასტელიონი იმხელა სიყვარულს გამოხატავს გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ, როგორიც ჩემი თვალით აქამდე არ მინახავს. თვითონ გიორგი როგორ იქცეოდა გულშემატკივრებთან? - არც ეგეთი ამბავი მინახავს, რომ ფეხბურთელს 1 000 ადამიანისთვის ეკოცნა და კიდევ 500-ისთვის სახელით მიემართა..." - ამბობს გადაცემის ავტორი ლევან ღვინიანიძე გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ.