გიორგი ცინცაძე 20 წელი იცავდა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია. მან საქართველოს ნაკრების მაისურით 217 მატჩი ჩაატარა. ცოტა ხნის წინ ის სტუმრად „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა.
"ჩემი შვილი ნიკოლოზი 13 წლისაა, ვივიენი - 2-ის. ჩემი შვილები არიან ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი, რაც გამაჩნია, მათთვის არის. უფროსი ძალიან ამაყობს ჩემით, თამაშზეც დადის, გიორგი ცინცაძეა მამაჩემიო, ყვირის. მათ ვეტყოდი, ყოველთვის ის გააკეთონ, რაც ძალიან უყვართ. თუ გული არ მისდით საქმისკენ, ის არ გააკეთონ. თუ რაღაცას მთელი სულით და გულით არ აკეთებ, არც გამოგივა.
ჩემგან ყველაზე დიდი მადლობა დედას ეკუთვნის. 90-იანებში საქართველო ხომ ქალებმა გადაარჩინეს, ჩვენი ოჯახიც დედამ გადაარჩინა. საკმაოდ პატარა ასაკში დაშორდნენ ჩემი მშობლები. შეძლებული ოჯახი გვქონდა და შემდეგ "მხედრიონმა" მამაჩემს ყყველაფერი წაართვა. შემდეგ იყო ის 10-წლიანი პერიოდი, როცა დედაჩემი გახდა მებრძოლი. მადლობა, დე. მადლობა საკმარისი არ არის, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა დავუფასო ეს.
მამა სხვა ოჯახში ცხოვრობდა, ჩვენთან იშვიათად მოდიოდა, მაგრამ აღზრდაში არ იღებდა მონაწილეობას.
მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ. ადრე რელიგიური ვიყავი, მამაოსთანაც დავდიოდი. მე და ჩემი მეუღლე საკმაოდ ქრისტიანულად ვცხოვრობთ. ჩემი უფროსი შვილი არასტანდარტული განვითარებისაა, მანდ გავბრაზდი. მანდ მოხდა გარდატეხა. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ჩემი შვილი არ იმსახურებდა… არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია. ძალიან კარგად გრძნობს თავს, ისიც ბედნიერია, მაგრამ გაბრაზებული ვარ. ასეთი ბავშვები ნამდვილად რჩეულები არიან და ჩემი დიდი სიყვარულია. 13 წლის ასაკში მართლა გენიოსია, ზენიჭიერია…“, - ამბობდა გიორგი.
პირველი სანაკრებო მატჩი ქართველმა კალათბურთელმა 2004 წელს, ფინეთის ეროვნული ნაკრების, ხოლო ბოლო შეხვედრა 2024 წელს, სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგი ცინცაძემ საქართველოს ნაკრებს არაერთი გამარჯვება მოუტანა.
"პირველად 17 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში წავედი სათამაშოდ. სახლში ვრეკავდი: დედა, უნდა გამოვიქცე, ისე ცუდად ვარ, აღარც კალათბურთი მინდა, აღარც არაფერი, აქედან წამიყვანეთ-მეთქი. მერე მივეჩვიე", - ამბობდა გიორგი.
სხვადასხვა დროს იყო რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის „ოლ სტარის“ მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს ჩემპიონი (2016) და საქართველოს თასის მფლობელი (2017).
გიორგი ცინცაძე პირველად დაქორწინებული იყო ნანა ცინცაძეზე. ისინი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდნენ, რომ ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და დიდი ხნის მანძილზე მეგობრობდნენ:
"მეზობლები ვიყავით და ერთად დავრბოდით ეზოში. ტყუპისცალი და მყავს და ჩემი, ჩემი დისა და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი გოგონას ყველაზე საყვარელი მეგობარი იყო გიორგი. სულ ერთად დავდიოდით. ჩაჯდებოდა ხოლმე ჩვენთან, გოგონებთან და ვჭორაობდით. ჩემი მესაიდუმლეც იყო. ბოლოს ცოტა ზედმეტები მომივიდა, ბევრი რამ მოვუყევი, განსაკუთერებით – თაყვანისმცემლებლთან დაკავშირებით", - იხსენებდა ნანა.
ნანა და გიორგი 2007 წელს დაქორწინდნენ. შვილი 2011 წელს შეეძინათ. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდა შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გიორგიმ ვიზაჟისტ მარი გოშხეთელიანზე იქორწინა.
როგორც გიორგი იხსენებდა, მარი ლიეტუვაში, ევროპის ჩემპიონატზე ყოფნის დროს გაიცნო: "მაშინ ოჯახი ჰყავდა და არაფერი ყოფილა, უბრალოდ, გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ სამი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს", - იხსენებდა გოშხეთელიანი.
"დაბადების დღე მქონდა, ცოტა ხნით მოვიდა და წავიდა. ეტაპობრივად მალე გადავიდა ყველაფერი ისე, რომ არც დაგვჭირვებია სიყვარულის ახსნა. რომანტიკით დიდად არ გამოვირჩევით, მაგრამ ჩვენ შორის რომანტიკული უფრო მარია. რაც შეეხება სიურპრიზებს, მე უცხოეთში ვთამაშობდი და ჩამოვიდა. ვიფიქრე, საჩუქარს ვუყიდდი, წავედი და ორივესთვის ერთნაირი პარფიუმები ვიყიდე. რომ მივეცი, რა კარგია, ამას დედაჩემს მივცემო", - ამბობდა გიორგი.