შოთა არველაძე რადიო თავისუფლების სტუმარია სადაც რუბრიკაში "8 ფოტო არქივიდან" - ძველ ამბებს იხსენებს:
"ძიძა ძალიან გვიყვარდა. არაჩვეულებრივი ქალი იყო. ვგიჟდებოდით მე და აჩი. კარგად კერავდა, თუ რამე გვეცვა, ყველაფერი მისი შეკერილი იყო. ავად იყო, რომ გარდაიცვალა მამამ დაგვიმალა და არ გვითხრა.
ამ ფოტოზე ერთ-ერთ კაცი სეიფია - ამ კაცმა გვიღალატა... მის სახელზე ანტალიაში სახლი ვიყიდეთ, რადგან უცხოელს სახლის გაფორმების უფლება არ ჰქონდა. რამდენიმე წელი დავდიოდით და ერთ ზაფხულს რომ ჩავედით გასაღები არ მოერგო... გაყიდა... ვურეკავდი, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი... მერე გარდაიცვალა" - იხსენებს შოთა არველაძე.
შოთა არველაძე ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელია ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
სახელი თბილისის "დინამოში" გაითქვა. სწორედ ამ პერიოდში 5-ჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი.
„უდარდელი ბავშვობა გვქონდა. დავდიოდით ზღვაზე, მთაში. ბავშვობიდანვე ვისწავლეთ ფეხბურთის თამაში“ - ამბობდა შოთი არველაძე.
არჩილ არველაძემ საფეხბურთო კარიერა 1991 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 1991–93 წლებში თამაშობდა. 1993 წელს საქართველოდან თურქეთში, კერძოდ, ტრაპიზონში ინაცვლებს, სადაც შოთა არველაძესთან ერთად ადგილობრივი „ტრაბზონსფორის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 1997 წლის ჩათვლით თამაშობს. საფეხბურთო კარიერა ტრავმის გამო 2005 წელს, 32 წლის ასაკში დაასრულა.
„იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაისური? "ბრედასთან" პირველი მატჩის შემდეგ მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხავს, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს...
ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია - გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეული ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა "ბრედას" გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ "აიაქსი" ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი "აიაქსთან" გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც "აიაქსის" გამარჯვებით დასრულდა... ტყუპმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა... მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით“ - შოთა არველაძე.