"...ასეთი ადამიანები ვართ ქალები, ყველაფერი ერთად გვინდა, ოცნებებიც, შვილებიც, საქმეც და როდესაც ამ ყველაფერს ათავსებ, მაშინ ხარ ბედნიერი. ამიტომ “ვერ” არ არსებობს.
- და შენ როგორ ფიქრობ, გამოგდის ეს ყველაფერი?
- მე კიდევ ვმუშაობ ამ თემაზე. შენ გგონია, რომ როდესაც რაღაცას მიაღწევ, დამთავრდა და ბედნიერი ხარ? რაღაცას რომ მიაღწევ, უფრო უბედური ხდები, იმიტომ, რომ იცი, კიდევ გაქვს უამრავი რამ გასაკეთებელი..." - ამბობს თეა დარჩია City Magazine Georgia-სთან ინტერვიუში, რომელიც მისმა რძალმა ელიჩკა ბარამიძემ ჩაწერა.
თეამ საკუთარი საქმის სიყვარულის შესახებაც ისაუბრა:
„შრომისმოყვარეობა უნდა ისწავლო, შრომის სიყვარულით მოდის საქმის სიყვარულიც. 53 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ მაქვს სცენის და მაყურებლის ფობია. სცენაზე ვიტანჯები და ყველაზე კარგად თავს ჩემს სარეპეტიციოში ვგრძნობ. რა თქმა უნდა, „სუხიშვილების“ ანსამბლში ასე არ ვიყავი, იქ იმხელა ჯარი ვცეკვავდით, იმხელა ზურგი მყავდა, სცენაზე რომ დაკარგულიყავი, ერთი-ორი მიმიკით მიგანიშნებდნენ და ზუსტად იცოდი, რა ხდებოდა და რა უნდა გექნა. მაშინ საერთოდ სხვა სიძლიერეს ვგრძნობდი სცენაზე. ახლა მე ვარ მარტო და მყავს ჩემი გოგონები, რომლებსაც უხილავი ძაფებით ვქაჩავ კონცერტის დროს. მარიამზე, ერთ ცალზე რაც მემართებოდა ანსამბლში, ზუსტად იგივე მემართება ახლა ჩემს გოგონებთან ერთად კონცერტზე. ამიტომ, გადავწყვიტე, შევცვალო სტილი – ან ვიცეკვებ მარტო მე, ან იცეკვებენ გოგონები, ჩემ გარეშე. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ნინა ბაბუხადიამ მითხრა, – ტყუილად წვალობ, ცალკე გოგონები უფრო ყურებადი და აღქმადი იქნებიან, ვიდრე შენ უკანო. ამიტომ გადავწყვიტე, ასეც ვცადო.“
თეა დარჩია უკვე რამდენიმე წელია, "სუხიშვილების" წევრი აღარ არის. შეცვლილი ცხოვრების რიტმი, შეცვლილი ყოველდღიურობა მან ოჯახისა და შვილების წყალობით მარტივად მიიღო:
"ანსამბლიდან წამოსვლის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, დილით წამოვხტებოდი ხოლმე და გავრბოდი სადღაც და მერე მახსენდებოდა, რომ აღარსად ვიყავი გასაქცევი. იქიდან წამოსვლის შემდეგ, რომ არ „დავცურდი“ და არ გავაფრინე, იმის დამსახურებაა, რომ 2 შვილი გავაჩინე. ანსამბლიდან წამოსვლის ტკივილი დედურმა ინსტინქტებმა დამიამა, დამიბალანსა. იმ ამბიციებს და ტემპორიტმს, რომლებიც ცეკვასთან არის დაკავშირებული, მე ჩემს გოგონებთან, ჩემს სტუდიაში ვანაზღაურებ. ისე ვიხარჯები, ისე ვიწურები, ლიმონივით, ყველა ჯგუფში. გამიმართლა, რომ ჩემს თავში ჩიპი დროულად გამოვცვალე და ასე გადავერთე ჩემს სტუდიაზე".
ავტორი: ელენე ბარამიძე
ფოტო: ნათია ასანიძე LIG Studio