"ბაქოდან გამოგზავნილ დეპეშაში რუსულ ენაზე ეწერა: "შენი ნამუშევრით ფილმში - "ნეილონის ნაძვის ხე" აღვფრთოვანდი. უახლოეს პერიოდში ჩემს მომდევნო გენიალურ სურათში, ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შევხვდებით". ძალიან ბედნიერი ვიყავი. შემდეგ "პრობებზე" დამიბარა სახლში. საოცრად ვღელავდი. არსენას ქუჩაზე მარტო მივედი და ძლივს მივაგენი. აივნიდან დამინახა, - სახლში შემოდიო. შევიხედე და სიბნელეა. ოთახი გადატენილია უამრავი საგნით. არ ვიცი, სად დავჯდე. მაგიდა გაშლილია. - ახლა გიჩვენებ, რა შედევრი შევქმენიო. მაგიდაზე დევს გაზეთი, ჭიქა, დაფხვნილი პური და რაღაცები ყრია. ეს ყველაფერი უცებ, იქვე გადმოყარა და ვხედავ მისეული ინსტალაციით შექმნილ ჯოკონდას პოპარტს - ეს იყო ენით აღუწერელი სილამაზე. მერე დავაკვირდი და მთელი სახლი ზღაპარს ჰგავდა. სხვა ასეთი შემოქმედის მნახველი არა ვარ.
ფილმის გადაღების დროს იჯდა ფეხმორთხმული, რატომღაც მუდამ ერთსა და იმავე სვიტერში და წინ ეყარა სრულიად კინოსტუდიის ჭუჭყიანი ძონძების უშველებელი გროვა. მსახიობები მასთან მივდიოდით ცალ-ცალკე და ორ წუთში სასწაულს აკეთებდა. ისე გამოგვაწყობდა, რომელი ივ სენ-ლორანი და იამამოტო შეედრება...
სერგო ფარაჯანოვის ბოლო ფილმში "აშუღ-ყარიბი" ვმონაწილეობდი. მე ხომ მიყვარდა სერგო და მისი მადლიერი ვიყავი, თვითონაც ძალიან შევუყვარდი. მეუბნებოდა, - აი, ნახავ, წინ რამდენი ფილმი გველოდებაო. მაგრამ სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა" - ასე იხსენებდა ბაია დვალიშვილი გენიალურ რეჟისორთან, სერგო ფარაჯანოვთან შეხვედრას.
მართალია, მსახიობის ფარაჯანოვთან მუშაობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, თუმცა ეს უკანასკნელი ფილმიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბაიას შემოქმედებაში.
ბაია (ბარბარე) დვალიშვილი 1960 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. დედამისი ცნობილი ქართველი მსახიობი მარინე თბილელი იყო.
ბაია დვალიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა. თუმცა ქართველმა მაყურებელმა უკეთ გაიცნო და განსაკუთრებულად შეიყვარა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ნელიკოს როლით.
"უამრავი წელი მაქვს დაკარგული უმოქმედოდ, როცა ძალიან მინდოდა თამაში, ვიყავი ახალგაზრდა და უფრო მეტისა და ხარისხიანის კეთება შემეძლო. დაახლოებით 15-20-მა წელმა, ჩემი დახმარებით თუ თავისდა უნებურად, ძალიან ფუჭად ჩაიარა. მომიწია იმ პერიოდში ცხოვრება, როცა ხდებოდა კატაკლიზმები და ჩვენი საქმისთვის დიდად არ ეცალათ. არ მივიჩნევ თავს იღბლიან მსახიობად, რადგან არ შედგა არც ერთი პროექტი, რაც უკეთესობისკენ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, უფრო საინტერესოს გახდიდა ჩემს შემოქმედებით გზას" - ამბობდა ბაია დვალიშვილი.