კიარა ფერანი არის იტალიელი ბლოგერი, ბიზნესმენი, მოდის დიზაინერი და მოდელი, რომელიც თანამშრომლობდა მოდის და სილამაზის ბრენდებთან თავისი ბლოგის, The Blonde Salad-ის მეშვეობით.
ფერანი დაიბადა ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ქალაქ კრემონაში 1987 წელს. ფერანის მამა სტომატოლოგია და მისი სამი ქალიშვილიდან კიარა ყველაზე უფროსია. დედამისი მარინა დი გვარდო არის მწერალი სიცილიიდან, რომელიც ასევე მუშაობდა Blumarine მოდის სახლის დირექტორის მოადგილედ.
16 წლის ასაკში მილანში, იტალიაში, სამოდელო სააგენტო Beatrice-ში მივიდა, რამდენიმე წლის მანძილზე იყო მოდელი, შემდეგ კი მიატოვა ეს საქმე იმიტომ, რომ სურდა, უფრო დიდი მიზნებისთვის მიეღწია. მან გააკეთა თავისი მოდის ბლოგი The Blonde Salad 2009 წლის ოქტომბერში ყოფილ ბოიფრენდთან, რიკარდო პოცოლისთან ერთად. 2011 წლის დეკემბერში იგი დასახელდა საუკეთესო ბლოგერად თინეიჯერულ "ვოგში", მაშინ, როდესაც იყო ბოკონის უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტი.
ახალგაზრდა და ლამაზმა კიარამ წარმატება მალე მოიპოვა, თუმცა ამას ბევრი კრიტიკაც მოჰყა. წერდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ კიარა თავად გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა, ისეთ მარტივ დეტალებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, კაბის ან აქსესუარის არჩევა, ვარცხნილობა და ა.შ. მას მეგობარი ბიჭი უწყვეტდა. კიარას წარმატებას სწორედ რიკარდოს მიაწერდნენ. თავად კიარა ამას არ უარყოფდა:
2013 წელს კიარა ვოგის სარეკლამო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას, 2014 წელს კი თანამშრომლობდა სტივ მედენთან. მას ბიზნესმა Chiara Ferragni Collection 2014 წელს 8 მილიონი დოლარი მოუტანა.
მიუხედავად რიკარდოსთან ერთად მიღწეული წარმატებისა, კიარას ცხოვრებაში მალე ენდრიუ არტური გამოჩნდა, რომელმაც ლამაზმანის გული მალევე მოიგო. სარგებელი კიარამ მისგანაც საკმარისად მიიღო - ენდრიუს ბევრ ცნობილ დიზაინერთან ჰქონდა ურთიერთობა. სწორედ მას აქვს გადაღებული პრომოები კელვინ კლაინისა და ლუი ვიტონისთვის. წარმატებამაც არ დააყოვნა - ფერანი 2015 წლის აპრილის Vogue España-ს გარეკანზე გამოჩნდა და გახდა პირველი მოდის ბლოგერი, რომელიც Vogue-ის გარეკანზე დაიბეჭდა. კიარა გამოჩნდა ჟურნალ Lucky-ში ნიკოლ უორნისა და ზანიტა უიტინგტონის გვერდით. 2016 წლის იანვარში Pantene-მ ფერანი ახალ გლობალურ ელჩად დაასახელა. Mattel-მა შექმნა Ferragni-ს Barbie ვერსია 2016 წლის სექტემბერში, ერთს ეცვა თეთრი მაისური, შავი ტყავის ქურთუკი, ჯინსი და Chiara Ferragni Collection-ის ფეხსაცმელი, ხოლო მეორეს - Chanel. 2017 წლის მდგომარეობით,მან შეძლო დაახლოებით 12 000 დოლარის გამომუშავება ინსტაგრამზე დაფინანსებული პოსტებით.
2017 წლის 26 ივლისს მან გახსნა თავისი პირველი Chiara Ferragni Collection მაღაზია მილანში. 2022 წელს მან დააანონსა სუნამოების საკუთარი ხაზის გამოშვება.
2023 წლის დეკემბერში, იტალიის კონკურენციის ორგანომ (იტალიური: Autorità Garante della Concorrenza e del Mercato (AGCM)) ფერანისა და მის კონტროლქვეშ მყოფ კომპანიებს დააკისრა 1,075 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმა უსამართლო და შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკის გამო. საქმე კი ის იყო, რომ ფერანიმ Balocco pandoro-სთან ერთად შექმნა პროდუქტი, რომლის გაყიდვებიდან შესული თანხის ნაწილიც ძვლის კიბოს კვლევისთვის გადაირიცხებოდა. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ გადახდილი საცალო ფასის ან გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის არც ერთი პროცენტი არ იყო შეწირული ქველმოქმედებისთვის. Balocco-მ ერთჯერადი შემოწირულობა 50,000 ევროს ოდენობით გაიღო, თუმცა მარეგულირებელმა თქვა, რომ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანეს იმიტომ, რომ უშუალოდ პროდუქტის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი არ მისულა ადრესატებამდე.
კიარა ფერანი გატაცებულია მოგზაურობით, მარჯვენა ხელის მაჯაზე მსოფლიოს რუკაც კი ამოისვირინგა. კიარას შუათანა და, ფრანჩესკა, მამის კვალს გაჰყვა ისიც სტომატოლოგია; უმცროს დას კი დიდი სურვილი ჰქონდა, კიარას გზას გაჰყოლოდა. 2017 წელს კიარა ფერანის საყვარელმა კაცმა, რეპერმა ფედერიკო ლეონარდო ლუჩიამ, კონცერტის დროს სცენაზე მოიხმო და ხელი მთელი ქვეყნის წინაშე სთხოვა. კიარა ფედესს 2018 წელს ცოლად გაჰყვა, მათ ქორწილს კი “საუკუნის ქორწილი“ უწოდეს. დიორის ოტ კუტიურის კაბა, ფეიერვერკები, ატრაქციონები და ათასობით ცოცხალი ყვავილი მართლაც იყო საუკუნის მოვლენა და დაუჯერებელი სანახაობა. წყვილს ორი შვილი შეეძინა, რომლებთან ერთადაც მილანში ცხოვრობდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კიარა და ფედესი ერთმანეთს დაშორდნენ. Ferragnez-ის ეპოქა დასრულდა: კიარა ფერანი და ფედესი ერთმანეთს დაშორდნენ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია იტალიურმა გამოცემამ Milano Today. Dagospia-ს ინფორმაციით, კიარა ფერანიმ და ფედესმა შეწყვიტეს ურთიერთობა. მათ ბოლო დროს არასტაბილური ურთიერთობა ჰქონდათ და რეპერი სახლიდან წავიდა. ამის შესახებ იტალიური მედია აქტიურად წერს, თუმცა წყვილი ოფიციალურად განქორწინებული არ არის.