მსახიობი ბაია დვალიშვილი გადაცემას „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმრობდა. ბაიამ დედის, მსახიობ მარინა თბილელის ცხოვრების ბოლო წლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედას ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.
„დედას ჰქონდა მენინგოენცეფალიტი, ვირუსული. ძალიან დიდხანს ეგონათ, რომ თავში სიმსივნე იყო. მაშინ შესაბამისი აპარატურა არ არსებობდა, უშველებელი სიმსივნე ეგონათ და ხელს არ ჰკიდებდნენ. ამ ყველაფრის გამო მან თეატრზე უარი თქვა.
დედა მაშინ 69 წლის, ენერგიით სავსე იყო, ყოჩაღად და კარგად შეეძლო კიდევ დიდხანს თეატრში მუშაობა.
ავადმყოფობამ ძალიან შეცვალა. სახლში რომ მოვიყვანეთ, გავხედე და სხვანაირი იყო. აღარ იყო დედაჩემი. ხან აცნობიერებდა, რომ შვილი დაკარგა, ხან – ვერა.
იტყოდა ხოლმე, კაკული (ბაიას ძმა) მოვიდა და ნეტა სად წავიდაო. ჩემი ძმის გარდაცვალებიდან 2-3 წელიწადში გარდაიცვალა დედა“. – იხსენებს ბაია დვალიშვილი.
„ქართული თეატრის ნამდვილი ბრილიანტი“, როგორც მას უწოდებდნენ, 1920 წელს თელავში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ „თბილელი“ ქალბატონი მარინეს ფსევდონიმია. მარინეს დედა ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი ქმარი პოლონელი, გვარად დამბროვსკი გახლდათ, რომელსაც წითელწყაროში აფთიაქი ჰქონდა და ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობდა. სამწუხაროდ, იგი ესპანური გრიპით დაიღუპა. იმ პერიოდში წითელწყაროში ოსმალეთიდან გამოქცეული სომეხი ექიმი ჩავიდა და მარინეს დედა ცოლად შეირთო. ცოტა ხანში ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადავ ექიმი ტვინის ანთებით გარდაიცვალა. ამ დროს მარინე 6-7 წლის იყო. მსახიობი ყოველთვის დამბროვსკის გვარს ატარებდა, თუმცა სინამდვილეში კარაპეტიანი იყო.
ხშირად იხსენებდა, რომ ერთ დღეს, ქუჩაში მიმავალი, უცნობმა კაცმა გააჩერა და სთხოვა, თავისუფალ დროს კინოსტუდიაში შეევლო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს კაცი კინომსახიობთა სკოლის დამაარსებელი სამსონ სულაკაური იყო. სწორედ აქედან დაიწყო მარინე თბილელის სამსახიობო კარიერა. ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობმა მაყურებლის ყურადღება მალევე მიიპყრო.
ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, აკაკი ვასაძე მიუბრუნდა თურმე მარინეს და უთხრა: მარინე, ამიერიდან შენ თბილელი იქნებიო - ასე მიიღო მსახიობმა თეატრალური გვარი.
მოგვიანებით მარინე აკაკი ვასაძის რძალი გახდა. მისი პირველი მეუღლე გოგი ვასაძე იყო. წყვილს ქორწინებაში ერთი შვილი, აკაკი შეეძინა, თუმცა გოგის და მარინეს ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა: მარინე ოჯახური კონფლიქტის შემდეგ ვასაძეების სახლიდან წამოვიდა.
მსახიობის მეორე ქმარი ცნობილი რეჟისორი აკაკი დვალიშვილი იყო, რომელთანაც ასევე ცნობილი მსახიობი ბარბარე (ბაია) დვალიშვილი შეეძინა.
სპექტაკლებში ყოველთვის მომხიბვლელ ქალებს თამაშობდა, თუმცა ყველაზე მეტად სახასიათო როლები უყვარდა და თავს ლამაზად არასდროს მიიჩნევდა.
რაც შეეხება კინოში მოღვაწეობას, ბევრი საინტერესო როლი შეასრულა ფილმებში, მაგრამ, როგორც ბატონი აკაკი დვალიშვილი ამბობდა:
„კინოში მას თავისი როლი არ უთამაშია, კინორეჟისორები, ძირითადად, მის გარეგნობაზე აკეთებდნენ აქცენტს. არადა, შეიძლებოდა მისი მსახიობური ნიჭის უფრო კარგად გამოყენება. სულ ლამაზი ქალების როლების თამაში თავად უაზრობადაც კი მიაჩნდა და სახასიათო როლზე ოცნებობდა, რომელიც მოქალაქეობრივი იდეით იქნებოდა გაჟღენთილი. სამწუხაროდ, ამ ოცნების ასრულება არ დასცალდა“.