სახიფათო სურვილები - თავი 6 - Marao

სახიფათო სურვილები - თავი 6

2024-04-05 11:29:16+04:00

წინა თავი

- მითხარი, რატომ გაჩუმდი? - არ მომასვენა.

- კარგი, ეგრე იყოს, - როგორც იქნა, ამოვთქვი და მისი რეაქციის მოლოდინში საშინლად დამეჭიმა სხეული.

- აი, საღოლ! ბრწყინვალე პასუხია! - ანდრო ისე შექანდა, ფინჯანი აუყირავდა და ყავა შარვალზე გადაესხა.

- ფრთხილად, არ დაიწვა! - ვიყვირე და ლამბაქს ხელი ვტაცე, მაგრამ ვერ მოვასწარი. მან ფინჯანი მაგიდაზე დადგა, შარვალი ჩამოიფერთხა და აღტაცების გამოხატვა განაგრძო.

- შენ არაჩვეულებრივი გოგო ხარ, საყვარელი, სათნო, ლამაზი, ჭკვიანი! - ლამის ყვიროდა და მხრებში ჩაფრენილი მაჯანჯღარებდა, - ღამეები არ მეძინა შენზე ფიქრით. როგორ მინდოდა, ჩაგხუტებოდი. აი, ასე!

ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ მეგონა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. ახლა კი, მის ყოველ შეხებაზე ჟრუანტელი მივლიდა და მთელი სხეული უცნაური სურვილებით მევსებოდა.

თავიდან ისე ვნებიანად მკოცნიდა, მეგონა, გული წამივიდოდა, მაგრამ მოულოდნელად ხელი შემიშვა და უცნაური მზერით შემათვალიერა.

- არ ღირს აჩქარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ხრინწიანი ხმით წარმოთქვა, - მინდა, მენდობოდე. შენი ნდობა უნდა მოვიპოვო. მეშინია, ასეთმა სიახლოვემ ისეთი რამ არ გაგაკეთებინოს, რასაც შემდეგ აუცილებლად ინანებ. შენ არ ხარ ისეთი ქალი, რომელსაც მხოლოდ სექსი სჭირდება. შენ გჭირდება… - მან თავი გაიქნია, ვერ მოიფიქრა, როგორ გაეგრძელებინა დაწყებული ფრაზა.

- მადლობა, ანდრო, - მინდოდა, ერთდროულად მეტირა და მეცინა, ისეთ ხასიათზე დავდექი. რატომღაც, მის გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარებოდა. - წამოდი, სახლს დაგათვალიერებინებ. არ გაინტერესებს, როგორი სასტუმრო გამოგვივა?

- აბა რა, წავიდეთ, კარგი აზრია.

მან ხელი ჩამკიდა და გარეთ გავედით, რათა დათვალიერება ფასადიდან დაგვეწყო. მივაბიჯებდი მის გვერდით და ვფიქრობდი, ნუთუ ასე სერიოზულად დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე? რა თქმა უნდა, მისი წინადადება არ ნიშნავდა, რომ აუცილებლად შემიყვარებდა და მთელ ცხოვრებას ჩემ გვერდით გაატარებდა, მაგრამ გარისკვა ღირდა…

შემდეგი დღეები ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა ჩემთვის. სასტუმროს რეკონსტრუქცია სწრაფად მიიწევდა წინ, მეც ერთობ გამიადვილდა საქმე, რადგან ანდრო გვერდიდან არ მშორდებოდა. თითქმის ყოველ საღამოს მივდიოდით რესტორანში, შაბათ-კვირას კი ქალაქგარეთ გავდიოდით პიკნიკზე.

ფაქტობრივად, ერთმანეთს არ ვშორდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ მოფერების და კოცნის უფლებას ვაძლევდი, თავის თავს ყოველთვის აკონტროლებდა და თავდავიწყებას ერთხელაც არ მისცემია. ვერ ვხვდებოდი, ეს კარგი იყო თუ ცუდი. ხანდახან ეჭვი გამკრავდა ხოლმე. რესტორანში უამრავ ლამაზ ქალს ვხვდებოდით, რომლებიც ლამის ყელზე ეკიდებოდნენ. მას ნებისმიერის დათრევა შეეძლო. ამის მაგივრად იგი მხოლოდ ჩემზე ზრუნვით და ყურადღების გამოხატვით იყო დაკავებული. ერთხელაც არ გაჰქცევია თვალი სხვისკენ.

მის გარეშე უკვე ვეღარ წარმომედგინა ცხოვრება.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვიღაც შემიყვარდა და იმდენად ბედნიერი ვიყავი, შიშისგან გული მისკდებოდა. ცუდი წინათგრძნობა არ მასვენებდა. ყურადღებით ვაკვირდებოდი მის ყოველ ნაბიჯს, იქნებ შური უნდა იძიოს დედაჩემის ღალატის გამო და ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითია მისი მხრიდან-მეთქი, მაგრამ ვერაფერში გამოვიჭირე. მის გულწრფელობაში წამითაც არ შემპარვია ეჭვი, ერთხელაც არ მოუცია ამის საბაბი.

ამასობაში ჩემი მშობლების ორმოცი მოახლოვდა. ანდრომ ყველაფერი თავის თავზე აიღო. არც მომისმინა, ისე შეუდგა საქმეს. ყურიც არ მათხოვა, როცა თანხაზე ჩამოვუგდე საუბარი. ერთი თეთრიც არ დამადებინა. როცა ტვინი გავუბურღე, მითხრა, მამაჩემის სურვილია, თვითონ გაიღოს ორმოცის ხარჯები და ძალიან გთხოვ, ნუ შეეწინააღმდეგები. ისედაც ორი დღე აქვს დარჩენილი და მინდა, რაც ესიამოვნება, ის გავუკეთოო.

აქედან გამომდინარე, ორმოცი ვიწრო წრეში გადავიხადე. არ მინდოდა, ზედმეტად დახარჯულიყვნენ. მამიდა ამჯერადაც ვერ ჩამოვიდა. არც ღირდა მისი ჩამოსვლა ერთი დღის გულისთვის. გადავწყვიტეთ, გაისად, ცოტას რომ მოვმაგრდებოდი და ფულს დავაგროვებდი, ჩამოსულიყო და წლისთავი ერთად აღგვენიშნა.

მადლობის სათქმელად სიტყვები არ მყოფნიდა. მამა-შვილი თავს მევლებოდა. ვგრძნობდი, როგორ მოვწონდი ბატონ პაატას. ალბათ იცოდა თავისი შვილისგან, რაც ჩვენ შორის ხდებოდა. ან კი რა ძნელი მისახვედრი ეს იყო, როცა სიყვარული თვალებში აღარ მეტეოდა. ბრმაც კი იგრძნობდა, როგორ ველაპარაკებოდი ანდროს, რამხელა სინაზით იყო აღსავსე ყოველი სიტყვა, რომელსაც მას ვეუბნებოდი.

მიუხედავად ამისა, დაქორწინება ერთხელაც არ უხსენებია. არც მე ვამახვილებდი ამაზე ყურადღებას, არც ვნერვიულობდი, ჩვენ ხომ თავიდანვე შევთანხმდით, უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი, ამას კი დრო მართლაც სჭირდებოდა.

ერთი სიტყვით, ზედმეტად ბედნიერი ვიყავი და ვერც ვიფიქრებდი, ბედისწერა სიურპრიზს თუ მიმზადებდა. ძალიან მალე დადგა ის დრო, როცა ჩემი შიში გამართლდა…

არა, ხომ ვიცოდი, რომ ასე, მოულოდნელად ზვირთივით მოვარდნილი ბედნიერება მოულოდნელადვე წამლეკავდა? როცა ანდრო გავიცანი, ხომ ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო? მისნაირი მამაკაცები ჩემი რომანის გმირები არასდროს ყოფილან, არასდროს მხიბლავდა ქალდაქალ მოსიარულე და ფულით გაბრექილი ტიპები. მით უმეტეს, როცა გაცნობის პირველსავე ხანებში მითხრა, ოჯახის შექმნას არ ვაპირებ და საყვარლობას გთავაზობო. რა მრჯიდა? აქამდე მეგონა, ყველა ჩემი სურვილი გონიდან მოდიოდა, გააზრებულად ვოცნებობდი და შეუძლებელს არ ვეპოტინებოდი. ახლა რაღა მეტაკა? რა სახიფათო სურვილებმა ამიტაცა? ვიცოდი, რომ ანდრო ვერასდროს შეელეოდა თავის ხელგაშლილ ცხოვრებას, არ შეეშვებოდა ქალების დევნას და, თუნდაც ჩვენი დაქორწინების შემთხვევაში, სიცოცხლეს გამიმწარებდა. მაინც ვიიმედებდი თავს, რომ მისი შეცვლა ძნელი სულაც არ იქნებოდა, რომ სიყვარულს, ნდობას და ერთგულებას მისი ოჯახური სიმყუდროვისკენ შემობრუნება შეეძლო.

არადა, პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად. ვფიქრობდი - მე მისთვის მხოლოდ ლამაზი ქალი კი არა, ადამიანი ვარ, ვის გვერდითაც მთელ ცხოვრებას სიამტკბილობაში გაატარებს-მეთქი. ის მართლაც პირველი მამაკაცი იყო, რომელიც გვერდით დამიდგა და ზრუნავდა ჩემზე. ბედნიერებისგან გადავსებული, დავდიოდი და ჩემს თავს კმაყოფილი ღიმილით ვეჩურჩულებოდი - მშვიდობით, მარტოობავ!

ესეც შენი სიამტკბილობა! თურმე, სადა ხარ!

კიდევ კარგი, საღად აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შემრჩენოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეში ათჯერ მირეკავდა და ყოველდღე სადღაც მეპატიჟებოდა და დავდიოდით, ერთხელაც არ მიფიქრია იმაზე, ხელი ჩამექნია ყველაფერზე და მის საწოლში აღმოვჩენილიყავი. ამის მიზეზი მისი ცხოვრების წესი იყო. გულის სიღრმეში შიში არ მასვენებდა - მისი დაკარგვის შიში. გარდა ამისა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაზე დიდი კლასიკური შეცდომაა, როცა ადვილად ხელმისაწვდომი ხდები.

ისე, თვითონაც ბევრს ითმენდა, როცა მარტო ვრჩებოდით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც… არა პირიქით, ერთ არამშვენიერ დღეს, თავი ვერ შეიკავა და ტანსაცმლის გახდა დამიპირა. გავუძალიანდი, ვიყვირე, ვიტირე, ვემუდარე, მაგრამ ვერაფერი შევასმინე. როცა მივხვდი, ასე თავს ვერ დავიხსნიდი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ფეხი საზარდულში ამოვკარი… ისეთი იღრიალა, შემეშინდა, თმით არ მითრიოს-მეთქი…

ერთხანს მოკუნტული ჩაჯდა იატაკზე და არ ინძრეოდა. მივხვდი, ზედმეტი მომივიდა და ის იყო, პატიება უნდა მეთხოვა, რომ მოულოდნელად წამოდგა, განრისხებული მზერა მესროლა და კბილებშუა ერთადერთი ფრაზა გამოცრა:

- ქალი კი არა, ხე ხარ!

მსგავსი სიტყვები არავის უკადრებია ჩემთვის, მით უმეტეს - მამაკაცს, თანაც სათაყვანებელ მამაკაცს… ფერი წამივიდა. მის თვალებიდან იმდენი ზიზღი და ისეთი სიცივე მოდიოდა, გული დამწყდა - ნუთუ სექსის გარეშე მისთვის არაფერს წარმოვადგენდი? ნუთუ ეს იყო აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი ურთიერთობის გასამყარებლად?

ხმა არ ამომიღია. გაქვავებული ვიჯექი დივანზე და თვალებზე ხელაფარებული ველოდებოდი, როდის წავიდოდა…

როცა კარი გაიჯახუნა და მარტო დავრჩი, გულამოსკვნით ავტირდი…

გავიდა ერთი კვირა. ყველაფერს უხალისოდ ვაკეთებდი, მაგრამ ჩუმად, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე. საღამოობით კი, სახლში მისული, ჩავიკეტებოდი ჩემს ოთახში და მწარედ ვქვითინებდი. სასტუმროს რეკონსტრუქცია უკვე მთავრდებოდა. ორ-სამ დღეში ყველაფერი მზად იქნებოდა.

ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი. მივსულიყავი მასთან და ბოდიში მომეხადა, თუ მხოლოდ დამერეკა და შემეხსენებინა, რომ დრო იყო, საქმეს შევდგომოდით? ჩემს ჯინაზე, იმ კვირას ბატონი პაატაც აღარ გამოჩნდა. თავს შეუძლოდ გრძნობდა ბოლო დღეებშიო, დიმამ მითხრა.

ბოლოს გადავწყვიტე, დარეკვის გარეშე მივსულიყავი მასთან სახლში და ყველაფერზე ერთად დავლაპარაკებოდი - ჩვენს ურთიერთობაზეც და მომავალ თანამშრომლობაზეც. თუ შემირიგდებოდა, ხომ კარგი, თუ არადა, გავარკვევდი მაინც, რა მელოდა.

კარი ქალბატონმა ნანიმ გამიღო და როცა დამინახა, ისე დაფრთხა, გულმა რეჩხი მიყო. გუმანით მივხვდი, რომ უდროო დროს მოვედი.

- ბატონი პაატა შინ არის? - ვკითხე და თვალები ოთახის სიღრმეში მიმოვატარე, იქნებ ვინმე შემემჩნია.

- სძინავს, - აღელვებული ხმით მომიგო მოსამსახურემ.

- ანდრო?

ანდროს ხსენებაზე უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა და საფეთქელთან ნერვი სახითაფოდ აუთამაშდა.

- ანდროს სტუმარი ჰყავს, შვილო, არ შემაწუხოთო… - ნაწყვეტ-ნაწყვეტ მომიგო და ისე გაიხიდა კარის ზღურბლზე, გასაგები გახდა, რომ ჩემ სახლში შეშვებას ცოცხალი თავით არ აპირებდა.

- უნდა ვნახო! - კატეგორიული ხმით განვუცხადე.

- ვერ შევაწუხებ, - ხმა აუკანკალდა გაფითრებულს, - იქნებ დაურეკოთ ან მოგვიანებით შემოიაროთ?

აშკარად არ აპირებდა გზის დათმობას, მაგრამ სიყვარულმა საზღვრები არ იცის, დაბრკოლებებს რომელი შეყვარებული შეუშინებია?

- თუ შეიძლება, შემომიშვით! - ისე დავისისინე, ნანის ელდა ეცა და უნებლიეთ გაიწია განზე. მეც დრო ვიხელთე და შიგნით შევვარდი.

ორ-ორ საფეხურს ვახტებოდი, რათა რაც შეიძლება, მალე ავსულიყავი მეორე სართულზე, სადაც მისი საძინებელი მეგულებოდა. როცა პირველად ვიყავი მასთან, სახლი დამათვალიერებინა და დერეფანში გავლისას მიმითითა კარზე, ეს ჩემი ოთახიაო, თუმცა მისი ნახვა არ შემოუთავაზებია.

- ქალბატონო, გამაგდებენ აქედან, სამსახურს დავკარგავ, გთხოვთ! - გზადაგზა ნანის შეწუხებული ხმა მეწეოდა, მაგრამ ამწუთას არავის შებრალების სურვილი არ მქონდა. ჩემს ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა, მენახა, რა მდგომარეობაში წავასწრებდი ანდროს და ვისთან.

საძინებლის კარი, რა თქმა უნდა, დაკეტილი დამხვდა. ჩემი თავმოყვარეობა სადღაც გაქრა. გამწარებულმა ავტეხე ბრახუნი, თან მთელი ხმით გავკიოდი:

- გამიღე კარი, ჩქარა გამიღე!

არ ვიცი, რა იფიქრა. ალბათ არ მოელოდა, ეჭვიანობის სცენების გასამართავად თუ ვიქნებოდი მისული. ერთი წუთიც არ გასულა და გასაღებმა გაიჩხაკუნა…

შორტი ეცვა, წელზევით შიშველი იყო. ვერ გეტყვით, როგორი სახე მქონდა, ალბათ ბოსტნის საფრთხობელას ვგავდი, რადგან ანდროსაც კი აღებეჭდა სახეზე გაოცება.

- მშვიდობაა? - მკითხა და გარეთ გამოსვლა დააპირა, მაგრამ ხელი ვკარი და ოთახში შევვარდი…

რა თქმა უნდა, სწორედ ის სურათი დამხვდა, რასაც ველოდი. მის საწოლში თეთრზეწარშემოხვეული ქერათმიანი ქალი გულაღმა იწვა და სიგარეტს მედიდური მზერით აბოლებდა…

- კატო. ახლა ისტერიკები არ ამიტეხო, მამა ცუდადაა, - ანდრომ იდაყვზე წამავლო ხელი.

ცივად ავხედე… ცივად გავაშვებინე ხელი… ცივად მოვტრიალდი და კიბეზე დავეშვი.

როგორც ჩანს, ჩემგან ასეთ სიმშვიდეს არ მოელოდა. სირბილით მომყვა უკან და შემოსასვლელთან, სადაც შეშინებული ნანი პირზე ხელაფარებული იდგა, დამეწია და ხელი მტაცა.

- გამიშვი! - ისეთი ბოღმიანი ხმით ამოვთქვი, მაშინვე შემიშვა ხელი.

- რა იყო, რამე არ მოგეწონა? - დამცინავი ღიმილით მკითხა.

- აი, თურმე როგორ ერთობი, როცა უჩინარდები, - მეც დამცინავი ღიმილით მივუგე.

- აბა, რა უნდა ვქნა? ფრიგიდულ ქალებთან ურთიერთობას მიჩვეული არ ვარ, - აგდებით მიპასუხა.

- მაშინ რატომ მოდიოდი ჩემთან?

- იმიტომ, რომ მცირე იმედი მაინც მქონდა, რომ მორბილდებოდი. ახლა კი მორჩა, მე ეგ გვერდი უკვე გადავფურცლე.

- რომელი გვერდი, რომელზეც მე გყავდი ჩანიშნული? - ირონიას არ ვიშურებდი.

- რა დღეში ხარ? რა პრეტენზიები გაქვს? პრობლემები გინდა? - დოინჯი შემოიყარა და რისხვით თვალებანთებული აქეთ გადმოვიდა შეტევაზე.

მშვიდად ჩავიცინე.

- არა, მათი გადაწყვეტა მინდა, - ამაყად მივუგე.

- შენ რა, სამყაროს ღერძი ხარ? გგონია, რომ დედამიწა შენ გარშემო ბრუნავს?

- არა, არ მგონია. მე უფრო ის მგონია, რომ შენთვის დედამიწა საერთოდ არ ბრუნავს, იმიტომ, რომ შენს წარმოდგენაში მას სფეროს კი არა, მართკუთხედის ფორმა აქვს - ფულის კუპიურად წარმოგიდგენია იგი. სიყვარულსაც კი ფულით უდგები.

- ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე… - ისე ამოიხვნეშა, თითქოს, რა გული გამიწყალე ერთი და იმავე თემის წამოწევითო.

- ჰო, ვილაპარაკეთ და დავამთავრეთ კიდევაც, ამწუთას ამოვწურეთ ეს თემა! რაც შეეხება დედამიწას, დაიმახსოვრე, რომ იგი ჩემ გარშემო კი არა, რომანტიკის გარშემო ბრუნავს. მოვა დრო და თავად აღიარებ ამას! - რაც შეიძლებოდა მეტი ზიზღი გამოვხატე თვალ-ტუჩით და ცხვირწინ გამოვუჯახუნე კარი.

მორჩა! ჩემს პირველ რომანს პირველი და უკანასკნელი წერტილი დაესვა. რა უცნაურია ბედისწერა. აწმყოზე დაფიქრებას ვერ ასწრებ და ის უკვე წარსულია.

ესეც ჩემი მეორედ დაცემა! მშობლების სიკვდილი ვერ მომენელებინა და ახალი დარტყმა მომიმზადა განგებამ. როგორმე უნდა გავუძლო. როგორმე უნდა გავერიდო ამ სიტუაციას! მორჩა! სასწრაფოდ ლონდონში, მამიდასთან! აქ გაჩერება აღარ შემიძლია!

ამ ფიქრებით აფორიაქებული დავბრუნდი შინ და დაწყნარებას შევეცადე, რომ ცივი გონებით მიმეღო გადაწყვეტილება…

გაგრძელება იქნება