სახიფათო სურვილები - თავი 7 - Marao

სახიფათო სურვილები - თავი 7

2024-04-08 11:05:20+04:00

წინა თავი

კიდევ კარგი, ორმოცის დროს ფული არ დამეხარჯა. აი, როგორ გამომადგა გადანახული თანხა. იმ საღამოს ბევრი არ მიფიქრია. გადავწყვიტე, სასწრაფოდ გავცლოდი საქართველოს. მეორე დღესვე შევუდექი საბუთების მოწესრიგებას. მამიდასაც დავურეკე, ჩამოვდივარ-მეთქი. ერთი სული მქონდა, როდის გავაღწევდი თბილისიდან. სიცოცხლის ხალისი დავკარგე.

არ მიზიდავდა უცხოეთი. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც სამშობლოს გარდა, ვერსად თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ? სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები. სულაც რომ მილიონები დამეგროვებინა ლონდონში, აქ საკუთარი ოფლით ნაშოვნი გროშები მერჩივნა. მაგრამ ახლა ყოყმანის დრო არ იყო. ამჯერად საუკეთესო გამოსავალს გაქცევა წარმოადგენდა. გაქცევა ყველასა და ყველაფრისგან. ახლა სწორედ ინგლისური ცივი გარემო თუ გააგრილებდა ჩემს გახურებულ შუბლს და გულს.

დაცემის შემდეგ ადამიანი ცდილობს, უფრო მყარი ნაბიჯი გადადგას, უფრო მტკიცე, რათა კვლავ არ იწვნიოს დაცემით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ შეიძლება ბევრად დამრეცი ბილიკი შეხვდეს ან უარესად კლდოვანი და არავინ იცის, გაუძლებს თუ არა გამოცდას. ასეთ დროს მთავარია, შიში დაძლიო და იფიქრო არა იმაზე, როგორი გზა დაგხვდება წინ, არამედ იმაზე, რაც შეიძლება ფრთხილად იარო, რომ კიდევ არ დაგიცდეს ფეხი და უფსკრულში არ გადაიჩეხო.

ამიტომაც ყოველ ნაბიჯს მოზომილად ვდგამდი. თან ვჩქარობდი, თან ვფიქრობდი, სიჩქარით საქმე არ გამეფუჭებინა.

იმ კვირაშივე მოვაგვარე გამგზავრებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ბარგი შევკარი და დროებით მარიანასთან გადავიტანე. ვთხოვე, ჩემ დაბრუნებამდე შეენახა, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, როდის დავბრუნდებოდი ან კი დავბრუნდებოდი საერთოდ?

სიხარულიშვილებს არ დავკონტაქტებივარ. არც მამა მომიკითხავს და არც შვილი. მათაც არ შეუწუხებიათ თავი. ამან სინდისი დამიმშვიდა. თუ მათ არ აინტერესებთ ჩემი ამბავი, მე -მით უმეტეს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ თავიანთი სასტუმრო. მარიანას კი დავუბარე, თუ რომელიმე გამოჩნდა, მე ნათქვამი მაქვს და შენც შეახსენე, იქნებ დაგასაქმონ-მეთქი.

გამგზავრების წინ ლაკონიური წერილი დავწერე ანდროს მამის სახელზე, ბოდიშს ვუხდიდი ასე მოულოდნელად საქმის მიტოვებისთვის, თან მიზეზსაც არ ვხსნიდი. ანდრო საერთოდ არ მიხსენებია, თითქოს არც არსებობდა ამქვეყნად. წერილი აკურატულად დავკეცე, კონვერტში ჩავდე და მაგიდაზე, ყავის ფინჯნის ქვეშ ამოვდე…

მეორე დღეს კი ლონდონში ამოვყავი თავი…

კიდევ კარგი, ჩავედი. გამიკვირდა, მამიდა აეროპორტში რომ არ დამხვდა. ადრე ასე არასდროს მოქცეულა. ბინაში მისულმა კი საშინელი სურათი ვიხილე - მამიდა რუმბივით გასიებული ფეხით გაშოტილიყო საწოლზე. ერთი კვირის წინ წაქცეულა თურმე და კოჭის ძვალი გასტეხია, რის გამოც თაბაშირში ჩაუსვამთ მარჯვენა ფეხი და ვერ დადიოდა. ძალიან შევწუხდი. ჩემს სადარდებელს კიდევ ერთი შეემატა. ვუსაყვედურე, რატომ არ გამაგებინე-მეთქი. შევეცოდე თურმე, ჩამოსვლით მაინც ვერ ჩამოვა და ტყუილად ინერვიულებსო.

ალბათ, ესეც ბედისწერა იყო. რომ არა ანდროსთან ჩხუბი და დაშორება, მამიდას პატრონი არ გამოუჩნდებოდა. ალბათ, ყველაფერი კანონზომიერად ხდება ქვეყანაზე.

ჩავედი თუ არა, მაშინვე დავითხოვე მომვლელი ქალი, რომელიც მამიდასა და მის ძაღლზე, ლაბრადორ პეპიზე ზრუნავდა. ტყუილად რატომ უნდა გვეხარჯა ფული, როცა მეტი საქმე არაფერი მქონდა? სამსახურის დაწყება შორეული პერსპექტივა იყო. ამიტომ სიამოვნებით ვიკისრებდი ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის მოვლა-პატრონობას, სანამ ფეხზე დადგომას და გავლას შეძლებდა. რაც შეეხება პეპის, უსაყვარლესი ძაღლი იყო. კაკაოსფერი, ლამაზი, დიდი, მაგრამ უცელქესი. როცა სასეირნოდ გამყავდა, ძლივს ვაკავებდი, ისე ლამობდა ხელიდან გასხლტომას. განსაკუთრებით დილით მიჭირდა, როცა ქუჩები და პარკები ხალხით იყო სავსე. საღამოს უფრო მშვიდად ვიყავი, ნაკლებად ნახავდით გარეთ ფეხით მოსიარულეებს.

ერთი თვე გავიდა, რაც ლონდონში ჩამოვედი და თბილისიდან არავინ შემხმიანებია. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ჩემი წამოსვლის ამბავი რომ გაიგო, რა რეაქცია ჰქონდა ანდროს ან მამამისს, მაგრამ ამბის მომტანი ვინ მყავდა? მინდოდა, მარიანასთვის დამერეკა, თან ფეხს ვითრევდი. მეშინოდა, რამე ცუდი არ ეთქვა.

ცხოვრება ჩვეული დინებით მიდიოდა. დილა-საღამოს პეპის ვასეირნებდი, თან მამიდას ვუვლიდი, თან სახლის საქმეებსაც ვუძღვებოდი. ჯული მპირდებოდა, როგორც კი სიარულს დავიწყებ, სამსახურს გიშოვიო. მქონდა მისი იმედი, გავლენიანი ქალი იყო და ბევრს იცნობდა. სუნამოების საკუთარი მაღაზია ჰქონდა და დამხმარეების საშუალებით, წარმატებითაც ამუშავებდა. მილიონებს ვერ შოულობდა, მაგრამ არც თავის გატანა უჭირდა.

ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რომ თავი კომფორტულად ეგრძნო. ვიცოდი, ყველაფერი, რაც ჰქონდა, ჩემიც იყო, რადგან ჩემ მეტი არავინ ჰყავდა დედამიწის ზურგზე. წამითაც არ ნანობდა, რომ გაუთხოვარი დარჩა. ანდროსი არ იყოს, ოჯახი მისთვისაც ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა. მთელი თავისი ცხოვრება მარტოხელობას მიუძღვნა და მშვენივრად გრძნობდა თავს. ადრე საყვარელი ჰყავდა, მთელი ათი წელი ერთად იყვნენ, მაგრამ შემდეგ ის კაცი კოპენჰაგენში გადაიყვანეს სამუშაოდ და ამან მათი ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტა გამოიწვია. მას შემდეგ არავინ ჰყოლია და არც ჰქონდა ამის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 55 წლის იყო, მამაკაცი-მეგობრის გაგონებაც არ უნდოდა. არადა, ძალიან ლამაზი, წარმოსადეგი ქალი იყო ადრეც და ახლაც. თავისუფლად შეეძლო, შესაფერის მამაკაცთან ერთად, მშვიდად აეწყო ცხოვრება. ახლა შენ მყავხარ გზაზე დასაყენებელი, რა დროს პირადი ცხოვრებააო, ამოოხვრით მეტყოდა ხოლმე. როცა ანდროს ამბები მოვუყევი, ჩაიცინა. მოვა დრო და მოგადგება, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეო. ამის გაგონებაზე უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ძლივს დავიამე მისგან მოყენებული ტკივილი, სულაც არ მინდოდა, ხელმეორედ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში. ანდრო კი არა, საერთოდ სიტყვა «მამაკაცის» ხსენებაც კი მზარავდა. თუმცა, ლონდონში ისედაც არ იყო ადვილი თაყვანისმცემლის გაჩენა. მით უმეტეს, როცა შინ ვიყავი გამოკეტილი, არ ვმუშაობდი და გარე სამყაროსთან მხოლოდ პეპი და მარკეტები მაკავშირებდა.

ისე მოხდა, რომ პეპი ორი დღე ვერ გავიყვანე სასეირნოდ, რადგან ის ორი დღე გადაუღებლად წვიმდა. შემდეგ კიდევ ერთი დღე დავიცადე, სანამ მიწა ოდნავ მაინც შეშრებოდა. მეზარებოდა მისი თათების დაბანა, რადგან თავისი მოუსვენრობის გამო ერთიანად მწუწავდა ხოლმე სააბაზანოში.

სასიამოვნო დილა გათენდა. გავემზადე და პეპი ჰაიდ-პარკში ჩავიყვანე. სამუშაო დღე იყო და ხალხი მაინცდამაინც არ ირეოდა. ის იყო, ჯაჭვი მოვხსენი და თავისუფლად მივუშვი, რომ იმწამსვე ვინანე. მივხვდი, რამხელა შეცდომაც დავუშვი. სივრცეს და ჰაერს მოწყურებული ლაბრადორი წარმოუდგენელი სისწრაფით გავარდა ხეივანში. დედები შვილებს ეცნენ, არიქა, ბავშვები არ დაგვიგლიჯოსო. არადა, პეპიმ კბენა არ იცის. მიუხედავად ამისა, როგორ გინდა, აუხსნა უცხო ადამიანებს - მართალია, ამხელა «ურჩხული» მოექანება შენკენ, მაგრამ არ შეგეშინდესო. პეპის მხოლოდ თამაში უნდა, ყველას ზედ ახტება, ვინც გზაზე შეხვდება. ეს ვერა და ვერ მოვაშლევინეთ. გვეუბნებიან, რომ გაიზრდება, დადინჯდებაო, მაგრამ როდის იქნება ეგ? წლის გახდა და მაინც არ დაადგა საშველი.

შლეგიანივით გარბოდა, მეც უკან მივყვებოდი, თან გზადაგზა ყველას ბოდიშს ვუხდიდი მისი სიგიჟის გამო. რამდენიმე წუთში ისე დავიღალე, სუნთქვა აღარ შემეძლო, ის კი გარბოდა და გარბოდა. გაჩენის დღეს ვიწყევლიდი, რატომ ავუშვი-მეთქი. მეტარებინა დაბმული, რა მოხდებოდა? როცა საბელი ეკეთა, ისე დინჯად მოაბიჯებდა ჩემ გვერდით, ყველაზე ჭკვიანი ძაღლი გეგონებოდათ. ავუშვი და აიშვა!

მართალია, რომ დავუძახებდი, უცებ შედგებოდა, გამოიხედავდა ჩემკენ, ცოტას გამოიქცეოდა უკან, მაგრამ შემდეგ კვლავ წინ გავარდებოდა. მერე უეცრად დამეკარგა თვალთახედვის არიდან. გული გამისკდა, ვიფიქრე, საერთოდ არ დამეკარგოს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გამოჩნდა, ოღონდ მარტო არ იყო, გვერდით დიდყურებიანი, სიმპათიური ყავისფერი კოკერსპანიელი მოჰყვებოდა.

რაც შეიძლებოდა, ღრმად შევისუნთქე ჰაერი და მთელი ხმით დავუყვირე:

- პეპი! ჩემთან!

ძაღლმა ინტერესით მოაბრუნა თავი ჩემკენ, თითქოს არ ელოდა, ასე ახლოს თუ აღმოჩნდებოდა პატრონთან და ასე უდიერად დაუძახებდა ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში.

- აქეთ! ფეხებთან! - კვლავ ვუბრძანე.

როგორც ჩანს, ჩემმა ბრძანებამ გაჭრა. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ მან თანამგზავრი მიატოვა და მთელი სისწრაფით გამოექანა ჩემკენ. სწორედ ამ დროს შევამჩნიე მაღალი მამაკაცი, რომელმაც იმ წუთას ჩამიარა გვერდით მოზომილი ნაბიჯებით. პეპი ისეთი სისწრაფით მორბოდა, აშკარა იყო, შეჯახება გარდაუვალი ხდებოდა.

შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც შენელებულ კადრშია ხოლმე აღბეჭდილი. ერთ მხარეს ტყავის პორტფელი გაფრინდა, მეორე მხარეს - პიჯაკი, რომელიც უცნობს მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. თავზარდაცემული ადგილზე გავქვავდი. მამაკაცი ზურგით დაეცა და ისეთი ხმა გამოსცა, მეგონა, სული განუტევა. პეპიც კი მიხვდა, რაღაც საშინელება რომ ჩაიდინა, წკმუტუნი ატეხა და მიწაზე გაშოტილ უცნობს რამდენჯერმე ირგვლივ შემოურბინა.

- ო, ღმერთო ჩემო! უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, მაპატიეთ, თუ შეიძლება! კარგად ხართ? -მივვარდი უცნობს და მის წინ მუხლებზე დავეშვი.

პეპი შორიახლოს შედგა, თან თვალს არ გვაცილებდა.

შევხედე თუ არა მამაკაცს, სუნთქვა შემეკრა. ასეთი მომხიბვლელი და სექსუალური გარეგნობის მხოლოდ ინგლისელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მერედა, როგორი დაკუნთული სხეული ჰქონდა, არადა, რა დროს ამაზე ფიქრი იყო, როცა არც ვიცოდი, მკვდარი იყო თუ ცოცხალი.

რამდენიმე წამის შემდეგ უცნობმა დაიკვნესა და შეირხა. ნერვიულად გადავყლაპე ნერწყვი, ხახა გამშრობოდა. მადლობა ღმერთს, ცოცხალი ყოფილა!

- ხომ არაფერი მოიტეხეთ? - შეშინებული ხმით შევეკითხე, მან კი ისეთი განრისხებული მზერით ამომხედა, გამაცივა.

როცა წამოჯდა, შევეცადე, ადგომაში მივხმარებოდი, მაგრამ ჩემი ხელი უხეშად მოიშორა, რითაც მაგრძნობინა, რომ ჩემი დახმარება არაფერში სჭირდებოდა და, საერთოდ, სრულიად ზედმეტი ვიყავი მისთვის.

პეპიმ, როგორც კი დაინახა წამომჯდარი მამაკაცი, იფიქრა, დანაშაულის გამოსყიდვის დროაო და უცნობს ლოყა აულოკა. მეგონა, დაზარალებულს ბობოქარი რეაქცია ექნებოდა ძაღლის ამ საქციელზე, მაგრამ შევცდი. უცნობმა უყურადღებოდ დატოვა პეპის მლიქვნელური ალოკვა და ზეზე წამოდგა.

«რა მაღალია! ძალიან მაღალი და ძალიან ბრაზიანი», - გამიელვა გონებაში.

- თქვენია? - მკაცრად მკითხა.

- მაპატიეთ, გეთაყვა! - კვლავ შევეცადე მობოდიშებას. ინგლისურად, იცოცხლე, ვსხლავდი, ამიტომ სიტყვებს არ დავიშურებდი, ოღონდ ამ სიტუაციიდან მშრალად გამოვმძვრალიყავი.

- ეს თქვენი ძაღლია? - უფრო მკაცრად გაიმეორა მამაკაცმა და საჩვენებელი თითი პეპისკენ გაიშვირა.

თავი უხმოდ დავუქნიე.

- ჯანდაბა! რას აჭმევთ ამისთანას?

ო, არა! ასეთი ზარალის შემდეგ სასჯელად მხოლოდ ეს მივიღეთ მე და პეპიმ? არ მჯერა! ალბათ, ასეც დამთავრდებოდა ეს ინციდენტი, რომ არა პეპი, რომელიც უეცრად გატრიალდა, ბალახებში გადავარდნილი პიჯაკი მოარბენინა და სანამ უცნობის ფეხებთან დააგდებდა, პიჯაკის შიდა მხრიდან რაღაც შავი საგანი გადმოვარდა. შეძრწუნებულმა თვალები დავხუჭე. ეს მობილური ტელეფონი იყო. ეკრანი სხივების ფორმით დაბზარვოდა. უნუგეშოდ გადავაქნიე თავი.

- ძვირად ღირებულია? - დამნაშავის მზერით შევხედე მამაკაცს, თუმცა პასუხი წინასწარ ვიცოდი.

მსგავსი ტელეფონები, ლამის კომპიუტერებს რომ უტოლდება თავისი მონაცემებით, ყველგან ძვირია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

მომაკვდინებლად სიმპათიურმა უცნობმა პასუხის მაგივრად ჯავრიანად ამოიხვნეშა და მიწაზე დაგდებულ პიჯაკსა და პორტფელს დასწვდა, თან უცნაურად დაეღმიჭა სახე. ალბათ, რაღაც იტკინა. ჩემი სიკვდილი! აბა, რა იქნება? სუპერმენიც რომ იყო, ამხელა მხეცი რომ დაგეტაკება, უვნებელი როგორ გადაურჩები?

- ჩემი ბრალია, საბელი არ უნდა ამეხსნა, - მოვყევი თავის მართლებას.

- ნუთუ? - ირონიულად მორკალა წარბები.

რა თქმა უნდა, როგორც მამაკაცს, შეეძლო, უფრო ლმობიერად მომპყრობოდა, მაგრამ ვერაფერში ვადანაშაულებდი. აშკარად ძალიან დაზარალდა. გული გავიმაგრე და მივმართე:

- აუცილებლად ავანაზღაურებ პიჯაკისა და ტელეფონის თანხას, - ვთქვი და დავდუმდი, რადგან ხმა ამიკანკალდა.

- ამისთვის მადლობა უნდა გადაგიხადოთ? - სარკასტული ტონით მომიბრუნდა უცნობი.

«რა უსიამოვნო და ღვარძლიანი ტიპი ყოფილა!» - გავიფიქრე და თითქოს შვებაც ვიგრძენი, რომ მისი მომნუსხველი ლურჯი თვალების ტყვეობას გადავურჩი.

- სულაც არა, - მშრალად მივუგე, თან ვცდილობდი, გაღიზიანება არ შემტყობოდა, - მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას ვიღებ.

ჩვენი საუბრის განმავლობაში პეპი უცნობის მახლობლად, ბალახზე იჯდა და ინტერესით გადაჰქონდა მზერა ერთი მოსაუბრიდან მეორეზე. საკმარისი იყო, რომელიმეს ხმისთვის აგვეწია, ეგრევე ყურებს დაცქვეტდა. გრძნობდა, რომ რაღაც დააშავა და ცნობისმოყვარე თვალებით შემოგვცქეროდა, თუ დამსჯიანო. ახლა საუკეთესო მომენტი იყო, მის ყელსაბამზე საბელი ჩამომეცვა და ის იყო, ორიოდე ნაბიჯი გადავდგი, რომ ამ დროს წინ ძაღლმა გაირბინა და პეპი ელვის უსწრაფესად მოსწყდა ადგილს.

ჩემმა ყვირილმა არ გაჭრა, კარგა ხანს ვეძახე, მაგრამ ვერ მოვაბრუნე, იმ ძაღლს დაუწყო ლოკვა და თამაში.

- პეპი! დაჯექი! - დასჭექა ამ დროს მამაკაცმა და ძაღლი მოულოდნელად სადაც იყო, იქვე ჩაჯდა.

- აქ მოდი, ჩემთან! - უცნობმა ბარძაყზე დაიტყაპუნა ხელი და პეპი, თითქოს ჯადოსნური ჯოხი დაუქნიესო, კუდამოძუებული მოგვიახლოვდა და კვლავ უცნობის ფეხებთან გაიშოტა. ამ უკანასკნელმა საბელი ჩამომართვა და პეპის საყელურს ოსტატურად ჩამოაცვა.

- უღრმესი მადლობა! - აღფრთოვანებულმა შევძახე.

- იმის იმედი არ უნდა იქონიოთ, რომ მას თქვენი სიტყვები ესმის, - ცივად შენიშნა დაზარალებულმა, - ის მხოლოდ ბრძანებებს ემორჩილება, ტონი უნდა შეურჩიოთ.

- თქვენ ძაღლების ექსპერტი ხართ? - ამ შეკითხვის დასმისგან თავი ვერ შევიკავე.

- არა, უბრალოდ, კარგად ვიცი, როგორ ვაიძულო სხვები, დამემორჩილონ.

ო, ამაში ეჭვი წამითაც არ შემპარვია.

- თქვენს ძაღლს აღზრდა აკლია, - იმავე ტონით გააგრძელა უცნობმა.

- ეს ჩემი ძაღლი არ არის, მამიდაჩემისაა. როცა მას არ შეუძლია, მე ვასეირნებ ხოლმე.

- თანაგიგრძნობ, ბებერო, - ჩაიცინა მან და ძაღლს ზურგზე მოუთათუნა ხელი, - თქვენ კი, გოგონი, მთელი აქ მოსეირნე ადამიანების სახელით, გთხოვთ, სეირნობის დროს საბელი არ მოხსნათ ამ არსებას, - ხმა კვლავ გაუცივდა მამაკაცს.

ტუჩი მოვიკვნიტე, რომ უდიერად არ მეპასუხა და თავის შესაკავებლად გულში ცხრაჯერ დავითვალე.

- ამას უკვე მივხვდი, - მოთვინიერებულივით ამოვთქვი ბოლოს.

- ჰოდა, ძალიანაც კარგი.

მომეჩვენა, რომ წასვლას აპირებდა, ამიტომ სწრაფად ავლაპარაკდი:

- თქვენი მობილური… აუცილებლად გადაგიხდით მის საფასურს. ჩაიწერეთ ჩემი ტელეფონის ნომერი და მისამართი.

მამაკაცმა გაკვირვებით შემომხედა:

- თქვენ ყოველთვის ასე ხალისიანად აძლევთ უცნობებს საკუთარ კოორდინატებს?

აშკარად ჩანდა, მიზანმიმართულად დამცინოდა, ამიტომ ამჯერად თავის შეკავება ვეღარ შევძელი.

- იცით რა? სულაც არ ვარ პასუხისმგებელი ამ ძაღლის ქმედებებზე, მიუხედავად ამისა…

მამაკაცმა ხელი მბრძანებლურად ასწია და სიტყვა გამაწყვეტინა, შემდეგ კი, თითქოს თავისთვის ბურტყუნებსო, დამარცვლით მითხრა:

- დაივიწყეთ ჩემი მობილური, მის…

რა სასიამოვნო ენაა ინგლისური. მის… მისის… ქართველი რომ ყოფილიყო, «ქალიშვილო» ან «ქალბატონო» უნდა ეთქვა. ამ სიტყვებს კი მათი «სიგრძე-სიგანის» გამო ვერ ვიტან.

- კეიტ, - მსწრაფლ მივუგე და ღიმილი ვერ შევიკავე, ასე უცებ რომ გადავაინგლისურე ჩემი სახელი. აბა, სხვანაირად კატო ან ეკატერინე როგორ უნდა მეთარგმნა? ჩემი ქართული სახელი მას არაფერს ეტყოდა, გაუკვირდებოდა, მკითხავდა, სადაური სახელიაო. მე კი სულაც არ მინდოდა სცოდნოდა, რომ უცხოელი ვიყავი.

- არავითარ შემთხვევაში არ მოგეშვებით. მოვითხოვ, გადამახდევინოთ ზარალის თანხა! -დავიჟინე, მაგრამ რა მრჯიდა, არ ვიცი.

პასუხად გულიანი სიცილი მივიღე.

- ნუ იცინით, სერიოზულად გეუბნებით. მითხარით, რა ღირს თქვენი მობილური, მისტერ…

- მე მქვია რიკი, რიჩარდი… რიკ ნელსონი და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, დაივიწყეთ ეგ ფული. - ამ სიტყვებით მობილური ხელიდან ამართვა და ჯიბეში ჩაიდო.

«ამასაც ორი სახელი რქმევია», - კინაღამ გამეცინა ამის გაფიქრებაზე.

- არა, მე ვალდებული ვარ, ზარალი აგინაზღაუროთ. ვერაფრით მოვისვენებ, სანამ არ მეტყვით, რაფასიანი თქვენი ტელეფონი.

მამაკაცი შეიშმუშნა.

- ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.

- მე კი ვხედავ.

- ყოველთვის ასეთი ჯინიანი ხართ? - გაღიზიანდა.

- ყოველთვის, - მსწრაფლ მივუგე და მინდოდა, გამეღიმა, მაგრამ თავი შევიკავე. თვითონაც ხომ არ იღიმოდა.

მან ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და მომაჩერდა. ერთხანს თვალებით მზვერავდა, თითქოს ჩემი შესწავლა განუზრახავსო. ვიგრძენი, როგორ ამიფართხალდა გული. აშკარად საშიში კაცია! საუბრის დასაწყისიდანვე ცდილობდა, წონასწორობა დამეკარგა და მოთმინებიდან გამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, საქმე მის სექსუალურობასა და მომნუსხველობაშია! ვიცი ეგეთი ტიპები! ერთმა ასეთმა უკვე მომიღო ბოლო და ახლა კიდევ ეს მეორე! ამის გადაკიდებაღა მაკლია! არადა, უნდა ვაღიარო, რომ კაი ჯიშიანი ინგლისელია, ლურჯთვალება და ხორბლისფერკანიანი. უფ! იმდენად კარგია, მის დასახასიათებლად საჭირო სიტყვების მოძებნაც კი გამიჭირდება.

- როგორც კი ჩემს ოფისში შევალ, ეგრევე ახალ ტელეფონს მომაჩეჩებენ ხელში, - მისმა ხმამ ფიქრის ძაფი გამიწყვიტა, - მაგრამ თუ მართლა ძალიან გინდათ თქვენი დანაშაულის გამოსყიდვა, მაშინ…

- რა თქმა უნდა, მინდა და ამის საშუალება უნდა მომცეთ, - წარჩინებულ მოწაფესავით სხაპასხუპით ჩამოვარაკრაკე.

ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა, თითქოს რაღაც სასაცილო დაინახა ჩემს თანხმობაში.

- მაშინ თქვენთან წინადადება მაქვს. ამ საღამოს ერთ მნიშვნელოვან წვეულებაზე მივდივარ, სადაც თანამგზავრი მჭირდება. ერთი გოგონა მყავდა შეპირებული, მაგრამ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ვერ მოდის. ხომ არ შეცვლიდით მას?

მეგონა, მომესმა. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. ამ რიკ ნელსონმა საგონებელში ჩამაგდო. ასეთ მდგომარეობაში ანდროსაც კი არ ჩავუყენებივარ. იქნებ ეს ხუმრობაა და მცდის?

ალბათ, ყველა საეჭვო მოსაზრება სახეზე მეხატა, რადგან მამაკაცმა უფრო ფართოდ გაიღიმა.

- არ ვხუმრობ, სიმართლეს გეუბნებით, მაგრამ თუკი უკვე დანიშნული გაქვთ შეხვედრა ან თქვენი შეყვარებული გაბრაზდება, მაშინ შეგიძლიათ… - გადაწყვიტა, აზრი არ დაემთავრებინა, ამასთან, უტიფრად გააგრძელა ჩემი შეთვალიერება.

შემეძლო, მომეტყუებინა, თუმცა ნაკლებად დამიჯერებდა. რატომღაც მეგონა, რომ მას ვერაფერს გამოვაპარებდი.

- არა, ახლა არავინ მყავს, - მორცხვად წარმოვთქვი, - და რას წარმოადგენს ეს თქვენი მნიშვნელოვანი წვეულება? რა უნდა ვაკეთოთ?

- რა და კოქტეილი უნდა დავლიოთ, ვივახშმოთ, ვიცეკვოთ და დრო გავატაროთ.

მისი ახსნა-განმარტება ერთობ ზოგადი იყო, ეს ორივეს გვესმოდა. ამიტომ კითხვით სავსე მზერა მივაპყარი, მეგონა, დაწყებულს გააგრძელებდა, მაგრამ მის ნათქვამს გაგრძელება არ მოჰყოლია. რიკმა პაუზა გაწელა.

- დეტალები გაინტერესებთ? - ჩამეკითხა.

თავი დავუქნიე.

- ცოტა ხნის წინ ერთი კომპანიის მფლობელი გავხდი და ამ საღამოს პატარა წვეულება მაქვს ამის აღსანიშნავად.

- თქვენ რა, დაწინაურებას ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე? - გავიოცე.

- არა, ყოველთვის არა. უბრალოდ, უნდა დავემშვიდობო კომპანიის ყოფილ მფლობელებს და ახალი თანამშრომლები გავიცნო. საჭიროა, საქმიანი კონტაქტების დამყარება კოლექტივთან, რომელმაც მუშაობა უნდა გააგრძელოს. წვეულებას რესტორან «სქვაირში» ვიხდი. მინდა, ახლოს გავიცნო მომავალი თანამშრომლები. სულ ესაა.

რესტორნის სახელის გაგონებამ შოკში ჩამაგდო. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული რესტორანია ლონდონში, სადაც ყველაზე მდიდარი და ცნობილი ადამიანები იკრიბებიან? როგორც ამბობენ, იქ ერთი კაცის ვახშამი იმაზე მეტი ჯდება, რამდენსაც ჩვეულებრივი პროფესიის ინგლისელი საშუალოდ გამოიმუშავებს თვეშიო. «სქვაირში» არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ პრიალა ჟურნალებში მინახავს მისი ინტერიერისა და ატმოსფეროს ფოტოები.

მგონი, პირი ღია დამრჩა. ნერწყვი გადავაგორე, დრო იყო, რამე მეთქვა.

- რამდენი ადამიანი იქნება საღამოზე? - ვკითხე, თითქოს ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება.

- დაახლოებით 19-20. ეს ხომ არ გაშინებთ?

- და ის თქვენი… გამყოლი თუ თანამგზავრი…

- ჩემი გამყოლი ვერ მოდის, სასწრაფო გადაღებები დაუნიშნეს და ორი საათის წინ ნიუ-იორკში გადაფრინდა. ხომ გესმით… ჩემ გამო საქმეზე უარს ვერ იტყოდა.

აჰაა… ესე იგი, «მისი გოგო» ფოტომოდელია? არა, სხვას რას ველოდი? აბა, ვინ უნდა ყოფილიყო! ხომ აშკარაა, რომ ეს ვიღაც ნელსონი ძალიან მდიდარი და წარმატებული ბიზნესმენია. როგორი მშვიდი ტონით თქვა, კომპანია შევიძინეო. მისთვის ეს სულაც არ არის განსაკუთრებული მოვლენა და რა გასაკვირია, თუ ქალები კისერზე ეკონწიალებიან? მით უმეტეს, ფოტომოდელები… ამ აზრმა მორიგი წინადადების წარმოთქმა მაიძულა.

- არა მგონია, ცოტა ნაცნობი გყავდეთ, რომელთა წაყვანასაც ისურვებდით ასეთ საღამოზე…

- და მერე რა? - ისე გამიცინა, როგორც პატარა ბავშვს უცინიან, როცა გულუბრყვილო შეკითხვას სვამს.

- რა და… ნუ… რატომ სხვას არ სთხოვთ?

პირდაპირი პასუხი არ გამცა, ეშმაკურად გაიღიმა და მიპასუხა:

- თქვენ თავად გინდოდათ რაღაცით გამოგესყიდათ ჩემთვის მოყენებული უსიამოვნება. მე გთავაზობთ ვარიანტს, რომელიც, ჩემი აზრით, ორივესთვის მისაღებია. თუ არ გაწყობთ, თამამად მითხარით, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.

«არ მაწყობს - ეს ის სიტყვა არ არის!» - გულში ვიყვირე, - «იქ ქალები არმანისა და ვერსაჩეს კაბებში იქნებიან გამოწყობილი, ყველა კიდურზე ბრილიანტის სამკაულები ექნებათ ასხმული, რომელიც მილიონები ღირს. მსგავსი ფუფუნება არასდროს მქონია. და რას ფიქრობს ეს ჯენტლმენი, როგორ უნდა ვიგრძნო თავი ამ ადამიანებს შორის? ან უცებ რაღაც სისულელე რომ წამოვროშო? ამათ ხომ თავიანთი ქცევის ნორმები აქვთ. მე სად ვიცი მაგდენი? რაზე უნდა ველაპარაკო მათ?»

სანამ მამაკაცის ცივ, ლურჯ თვალებს შევხედავდი, პარკს მიმოვატარე მზერა - საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.

- კარგი, თანახმა ვარ, - ვთქვი, თან მესმოდა, რომ საშინელ შეცდომას ვუშვებდი, - თუმცა, ჩემთვის უფრო ადვილი იყო, ტელეფონის ფული გადამეხადა და ეს უსიამოვნო ისტორია დამევიწყებინა.

- ოჰოო, ეს ყველაზე ორიგინალური თანხმობაა, რომელიც ოდესმე მომისმენია, - შენიშნა რიკმა. ჩანდა, რომ შექმნილი სიტუაცია ძალიანაც ახალისებდა.

ამ სიტყვებით თავისი ტყავის პორტფელი გახსნა და იქიდან ერთი ბეწო ოქროსფერი სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა. ასეთი პატარა ბარათი აქამდე არასდროს მენახა. იგი ჯერ თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა, შემდეგ ბარათი გამომიწოდა და დააყოლა:

- აქ წერია ჩემი სახელი, გვარი და ტელეფონის ოთხი ნომერი. პირველი ნომერი თქვენ არ გჭირდებათ. მეორე ჩემი ლონდონის ბინისაა. მესამე ოფისში ჩემი პირადი ხაზია, ხოლო მეოთხე - მობილურის ნომერია, რომელიც… როგორც თავად ხედავთ, დროებით არ მუშაობს.

«გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან,» - დარეკვის შემთხვევაში საქართველოში ასე მიპასუხებდა ავტომოპასუხე.

რიჩარდმა ძაღლს დახედა, რომელიც მის ფეხებთან მოკალათებულიყო და თავი მუქარის გამომხატველად გააქნ-გამოაქნია. პასუხად პეპიმ წამოიყმუვლა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავის დანაშაულს გრძნობდა. რიკმა ჩაიცინა და მაჯის საათზე დაიხედა. იმავ წუთს მოიღუშა და საქმიანად წარმოთქვა:

- ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვაგვიანებ, მის კეიტ. დამირეკეთ მეორე ნომერზე დღის მეორე ნახევარში, ექვსი საათის შემდეგ, რათა თქვენი მისამართი მომცეთ. ან პირველ ნახევარში - ოფისში. მაგიდები ცხრის ნახევრისთვისაა შეკვეთილი. თქვენთვის მოსახერხებელი დროა?

მინდოდა, მხოლოდ თავი დამექნია, რადგან ჩემმა პულსმა ისევ გაუტია, მაგრამ გადავიფიქრე და მივუგე:

- მომისმინეთ! მე უბრალო გოგო ვარ და გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს ვყოფილვარ ისეთ ადგილებში, როგორიცაა «სქვაირი», ამიტომ, თუკი გადაიფიქრებთ და სხვა ვინმეს მოძებნით წვეულებაზე წასაყვანად, ეგრევე მითხარით, როცა დაგირეკავთ, კარგი? არ მეწყინება.

მან უცნაურად შემომხედა, ფეხის ტერფებიდან თმის ძირებამდე შემათვალიერა და მშვიდად მიპასუხა:

- მე მიღებულ გადაწყვეტილებებს არასდროს ვცვლი! საღამომდე, მის კეიტ!

ჩინებულია! ვიგრძენი, როგორ წამოვწითლდი. კარგა ხანს ვიდექი და გავცქეროდი მიმავალს, სანამ პეპიმ არ წამოიღრინა. როცა მზერა მასზე გადავიტანე, დავინახე, როგორ იწევდა იქვე მორბენალი ძაღლისკენ.

- არც კი გაიფიქრო, საძაგელო! ისიც გეყოფა, რაც ჩაიდინე, - გაბრაზებულმა საბელს მოვქაჩე და კვლავ რიჩარდისკენ გავიხედე, მაგრამ იგი უკვე აღარ ჩანდა.

მე მგონი, ჭკუაზე შევიშალე! როგორ დავთანხმდი ასეთ წინადადებაზე? მე არათუ გვერდი უნდა დავუმშვენო ამ მდიდარ და წარმატებულ ბიზნესმენს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში, არამედ საღამოს დიასახლისის როლიც უნდა შევასრულო, წვეულებას ხომ თავად რიჩარდი მართავს? რატომ დავიჟინე? რამ შემიშალა ხელი, უარი მეთქვა? ძალზე სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდები, ვიცი!

შევეცადე, თავიდან ამომეგდო ლურჯთვალა მამაკაცზე ფიქრი. არა, რიკ ნელსონი ჩემთვის სულაც არ არის საინტერესო! არანაირი სურვილი არ მაქვს, სულ მცირედიც კი, მასთან ნაცნობობა გავაბა.

მწარე გამოცდილება უკვე მქონდა მიღებული. არ მინდოდა ზუსტად იმავე შეცდომის გამეორება, მაგრამ გული რომ მეურჩებოდა?

ჩემი სურვილები უფრო და უფრო სახიფათო ხასიათს იღებდა. მოუნდა ქალბატონს ინგლისელი ქმარი! თან ლამაზი, თან მდიდარი! გადაირევა მამიდა, ამ ამბავს რომ გაიგებს. რა ვქნა, რა ჩემი ბრალია? ქალი ვარ, ბოლოს და ბოლოს! ვიცი, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ ცოტა რაღაცით მაინც ხომ ვიჯერებ გულს? ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ჯერ არც ისე ბებერი ვარ, შინაბერასავით შინ გამოვიკეტო. ჩემი ხნის ქვები ჯერ კიდევ დაგორავენ!

არადა, ფსიქიკაშერყეული ადამიანის გარდა, მსგავსი რამ არავის მოუვიდოდა თავში. მით უმეტეს, მას უკვე ჰყოლია ვიღაც, თანაც მოდელი… ალბათ ისიც მასავით წარმატებულია. გარდა ამისა, სულ ახლახან მომიშუშდა ანდროსგან მოყენებული იარები, მინდა კი ახალი კავალერი? თანაც ასეთი? რა განსხვავებაა მათ შორის? ის, რომ ერთი ქართველია და მეორე ინგლისელი? კაცი ყველგან ერთნაირია - საქართველოშიც და ინგლისშიც! მე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ თავს დამნაშავედ ვთვლიდი იმ რთულ სიტუაციაში და მინდოდა, რაღაც მაინც გამეკეთებინა მისთვის, რათა სინდისის ქენჯნას არ შევეწუხებინე. ამ ამბის ერთადერთი გონიერი ახსნა ესაა.

გაბრაზებულმა კბილები გავაკრაჭუნე. სულ პეპის ბრალია ყველაფერი! რატომ ავუშვი? ჯულიმ ხომ გამაფრთხილა, ხელიდან არ გაუშვაო? მე კი არ დავუჯერე. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადამხდენია. საკითხავია, რა უნდა ჩავიცვა ამ ძვირფას ვახშამზე? მაქვს კი იმის საშუალება, მაღაზიები დავიარო და რამე ნორმალური შევარჩიო? თანაც როგორი რესტორნისთვის! ვიცი კი, როგორ აცვიათ ასეთ წვეულებებზე?

გაგრძელება იქნება