- როგორ ხარ? - ჰკითხეს ილია თოფურიას სამშობლოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში.
- ბაბუასთან ერთად ვარ და როგორი ვიქნები? - იყო პასუხი.
ჩემპიონის ბაბუა, იუზა კერესელიძე, ემოციებს "ბედნიერების იალბუზიდან" გვიზიარებს.
- ბატონო იუზა, როცა შვილიშვილისგან ეს პასუხი მოისმინეთ, იმ წუთში თქვენს გულში რა ხდებოდა?
- ბედნიერების მწვერვალზე ვიყავი, ჩემი ილიას ჩამოსვლით და მისი ასეთი დახვედრით ძალიან გახარებული. როგორი იქნებოდა ჩემი ემოცია, იალბუზზე ვიყავი, ბედნიერების იალბუზზე.
- ილიას ბავშვობა გავიხსენოთ, რა თვისებებით იყო გამორჩეული?
- ილია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში დაიბადა. 4 თვის იყო, პირველად რომ ვნახე, მე და ჩემი მეუღლე გერმანიაში ჩავედით. შვილიშვილი ხელში რომ ავიყვანე, იმ წუთიდან ეს ბიჭი სულ ბედნიერებას მჩუქნის. როცა ცოტა დრო გავიდა და წამოიზარდა, სადაც მივდიოდით, ილია ყველგან თან დაგვყავდა. იმ ადამიანებთან, რომლებთანაც გერმანიაში ყოფნისას ჰქონდათ ურთიერთობა, ჩემი ქალიშვილი და მისი ოჯახი დღემდე მეგობრობენ. მართალია, ჩემები ესპანეთში ცხოვრობენ, ისინი გერმანიაში დარჩნენ, მაგრამ ჭირსა და ლხინში სულ ერთად არიან, რაც ძალიან მახარებს.
ილია საქართველოში რომ ჩამოვიდა, 7 წლის იყო, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდი გახლდათ. მაშინ ილიას მშობლები გერმანიაში იყვნენ. მე რუსთავში კერძო სახლი მქონდა, ილია და მისი უფროსი ძმა სანდრო ჩემთან ცხოვრობდნენ. ეზოში ყველანაირი ხილი მქონდა და სულ ვცდილობდი, ჩემი ბიჭებისთვის შრომა შემეყვარებინა. ზაფხულობით დილაადრიან ვაღვიძებდი, ეზოში გამყავდა და ორივეს მსუბუქ საქმეს ვავალებდი, ჩემთან ერთად შრომობდნენ.
- არ ზარმაცობდნენ?
- არა, შეიძლება ეზარებოდათ, მაგრამ მაინც შრომობდნენ. ილია ჩვეულებრივად იკვებებოდა, სანდროს თავისი სიცოცხლის განმავლობაში შაქრიანი არაფერი გაუსინჯავს. მეზობელი მყავდა, რომელიც ფალსიფიცირებულ ლიმონათს უშვებდა. ერთ დღეს ჩემს სიძეს ეუბნება, სანდრო გადმოხტება ჩემთან და ლიმონათი მიაქვსო. მამამისი გაგიჟდა, ცხოვრებაში ტკბილი არ გაუსინჯავს და ლიმონათი რად უნდაო? მერე გაირკვა, სხვა ბავშვები ღობეზე ვერ გადადიოდნენ და ალექსანდრე ლიმონათს მათთან ეზიდებოდა. ჩვენთან მშობლების გარეშე 5-6 წელი იყვნენ.
- ილია ბავშვობიდანვე მიზანდასახული იყო?
- რასაც ჩაიფიქრებდა, აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. ღამე არ დაიძინებდა, რასაც იტყოდა, იმას თუ არ შეასრულებდა. გარკვეული პერიოდი მეც გერმანიაში ვცხოვრობდი. მოგეხსენებათ, იქ ბევრი ველობილიკია. დღის განმავლობაში მე და ილიას 35-კილომეტრიანი მანძილი დაგვიფარავს, მაშინ ის 5 წლის იყო. ახლა 74 წლის ვარ. ჩემი ასაკის იყო მისი მწვრთნელი, ილიამ ვარჯიში რომ დაიწყო. დარბაზიდან ხშირად მე გამომყავდა. სხვათა შორის, პირველმა მწვრთნელმა გვითხრა, - იცოდეთ, ილიას და ალექსანდრეს დიდი მომავალი ექნებათ, ყურადღება მიაქციეთ, ხელშეწყობა სჭირდებათო. 2014 წელს ბარსელონაში, არნოლდ შვარცენეგერის ხელმძღვანელობით, ტურნირი ჩატარდა. ილია და სანდრო ოქტაგონზე იმ მხარეს მდგარან, სადაც შვარცენეგერის მეუღლე. შვარცენეგერს შეუმჩნევია, სანდრო და ილია როგორ მოძრაობებს ასრულებდნენ. იმ დღეს ბიჭებთან ერთად ფოტოებიც გადაუღია.
- ბატონო იუზა, თქვენი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია, არა?
- დიახ, ჭუბერის უღელტეხილი გვაქვს გადმოვლილი. მაშინ ილიას უფროსი და, მარიამი, 2 წლის და 6 თვის იყო, ანა - 7 თვის. სოხუმელები ვართ, ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდით, ჩვენი მისამართი მშვიდობის ქუჩის 131 იყო. რუსებმა აფხაზეთი რომ აიღეს, მაშინ სოფელ დრანდაში ვიმყოფებოდით, დაბომბვას ძლივს გადავურჩით. მარიამი მხრებზე მყავდა შესმული და ჭუბერის უღელტეხილზე ასე გადმოვიყვანე. ჩემმა მეუღლემ, ნათესავებმა, ყველამ ეს გზა გამოიარა. სოფელი მაჭარკა რომ დაიბომბა, ჩვენ დაბომბვას 10-12 წუთით გავასწარით, თორემ რუსი ჯალათები ისეთი გავეშებულები იყვნენ, შესაძლოა, ვერც გადავრჩენილიყავით, მე და ჩემი ოჯახი იქ ამოვწყვეტილიყავით. დიდი სიმწარე გამოვიარეთ. ერთი სული მაქვს, ამ ჯალათებთან უკრაინა გამარჯვებას როდის იზეიმებს. მახსოვს, როგორ იბრძოდნენ აფხაზეთში უკრაინელი ბიჭები, ჭუბერში თვითმფრინავიც გამოგვიგზავნეს.
ჩემი მეუღლე ნათელა დგებუაძე გახლავთ, სოხუმელია. ილიას ბიძა რუსებს ხშირად არ აძლევს ინტერვიუს, მისი დედის ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა. ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით არის დაჯილდოებული. ჩემი მეუღლე ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. ახლა ილიას სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი რომ გადასცა, ვთქვი, ეს ორდენი ჩვენი ოჯახისთვის უკვე მეორეა-მეთქი.
აფხაზებს ჩვენზე მეტი ტკივილი აქვთ. ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით. საქართველო გაერთიანდება, აფხაზეთი სამშობლოს დაუბრუნდება - მინდა ამას მოვესწრო.
- ბატონო იუზა, აფხაზეთი ყველა ქართველისთვის დიდი ტკივილია, რომელზეც ლაპარაკი არასდროს უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ ამჯერად ილიას წარმატებაზე ვილაპარაკოთ. ინტერნეტში თქვენი ემოციური ვიდეო გავრცელდა, როგორ შეხვდით ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებისა და შემდეგ - გამარჯვების ამბავს...
- ამ ბრძოლაში ილიას იმედი 99%-ით მქონდა, იმ 1%-ს მაინც სადღაც ვტოვებდი, ასეთი სიზუსტით თქმა შეუძლებელია. ამ ბოლო ბრძოლის დროს ჩვენი ოჯახის დიდი ნაწილი ამერიკაში ახლდა ილიას. მე ჩემი ქალიშვილის სახლში, მძახლებთან ერთად ვიყავი. ჩემი ემოცია ბავშვებმა გადაიღეს და ინტერნეტში ასე გავრცელდა. მერე რუსთავში, ჩემს სახლთან სუფრა გავშალე. ქუჩაში ვინც გაივლიდა, ყველას ვეპატიჟებოდი, ჩემი ილია მიდღეგრძელეთ-მეთქი. აქამდე ღვინოს სულ თავად ვაყენებდი, მაგრამ ბოლო დროს ილიას იმდენ ღვინოს ჩუქნიან, ყველაფერი ჩემთან მოდის.
- პომპეზური დახვედრის შემდეგ, როდესაც შვილიშვილთან ოჯახურ გარემოში განმარტოვდით, რას გეუბნებოდათ?
- ძალიან ნასიამოვნები იყო. 2 დღის წინ, სასტუმროში მე და ილიამ ერთი ბოთლი საფერავი დავლიეთ.