"იყო დედა, არის ნამდვილი სასწაული. მართლა სუპერგმირად ვიგრძენი თავი, როცა ბავშვი გავაჩინე. ჩემი ცხოვრება შვილების ხაზით მიდის, განსაკუთრებით, ახლა, როცა ჩემს მთლიან დროს მათ ვუთმობ. ჩვენი ურთიერთობის მთავარი პრინციპებია ნდობა, გულწრფელობა და პიროვნების პატივისცემა, რამდენი წლისაც უნდა იყოს ის - ბავშვებსაც ზუსტად ისევე აქვთ საკუთარი აზრი, გადაწყვეტილებები, გეგმები, ემოციები, როგორც ჩვენ, უფროსებს. ვცდილობ მეგობრული მიდგომა მქონდეს და დავეხმარო, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ძლიერი პიროვნება და აღმოაჩინონ, რისი კეთება გააბედნიერებთ ყველაზე მეტად", - ამბობს გვანცა დარასელია ჟურნალ OK!-თან საუბრისას და უფროს შვილთან, ერეკლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
გვანცა დარასელია 1989 წელს დაიბადა. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყაროზე". 2008 წლიდანვე მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ცოტა ხნის წინ კი, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს არხი დატოვა და განაცხადა, რომ დასვენება და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეკრანიდან გაუჩინარების ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გვანცა ,,პირველ არხზე” გამოჩნდა მუსიკალური შოუ “ვოისის” წამყვანად. ამ ნაბიჯებით წერტილი დაუსვა კარიერულ სტაბილურობას და პერიოდული ცვლილებების რეჟიმში გადავიდა. როგორც “სარკესთან” თავად ამბობს, მუდმივად სიახლეების მოლოდინში იქნება და ეს ძალიან მოსწონს.
"ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა.
გვანცა დარასელიამ რჩეულზე, ვახო მჭედლიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავთ. გვანცა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების ყოვედღიურობას და, როგორც თავადაც განმარტავს, მათ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული:
"მე ისედაც დიდი დოზით ვიყავი ჩართული შვილების ცხოვრებაში. არ მქონდა ისეთი სამუშაო გრაფიკი, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტს გამოიწვევდა. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო.ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში დავინახე, ეს იყო ჩემი ოჯახიდან სრული მხარდაჭერა. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპია, ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში ოჯახის დგომა. ჩემი მეუღლისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი.
ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მეტი ყურადღება და მეგობრობა სჭირდებათ მშობლებისგან. არის რაღაცები, როცა უპირობოდ მათ გვერდით ვარ, ყველაფერს ვუსრულებ. უფროსი ბიჭი 11 წლის არის და განსაკუთრებით მას სჭირდება ჩემი და მამის თანადგომა. ძალიან დამოუკიდებლად ვზრდი, გარკვეულ თავისუფლებასაც ვაძლევ. ვცდილობ, ვიყო მისი კარგი მეგობარი, რომ ვიცოდე ყველა მისი ფიქრი და ემოცია. გოგონა 5 წლის არის. მას ჯერ კიდევ დიდი მიჯაჭვულობა აქვს ჩემზე.
– გარეგნულად ბიჭი უფრო მგავს, მაგრამ ამბობენ, რომ გოგო ძალიან მგავს მიზანდასახულობით, სპორტულობითა და ნიჭით. ორივე ძალიან გონიერია. კარგი ადამიანები არიან, რაც ძალიან მახარებს. ორივეს აქვს ზრუნვის საოცარი უნარი. როდესაც ემპათიური ხარ ბავშვობიდან, ესე იგი, კარგი ადამიანი ხარ. როგორც ამბობენ, მეც 4 წლის ასაკში ვისწავლე წერა-კითხვა, როგორც ლილემ. ერეკლეს მათემატიკური ტვინი აქვს. ჭადრაკს და ფეხბურთს თამაშობს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო საკუთარი ინტერესების გამოვლინებაში" - ამბობდა გვანცა დარასელია.
„ეს სიყვარული, რასაც მე ვგრძნობ მეუღლის მიმართ, არის ყველაფერზე მაღლა მდგომი, რომელმაც ბევრი რამ გადაგვატანინა და ასე მოგვიყვანა აქამდე...მე ცოტა უკარება ადამიანი ვიყავი, ახლაც დისტანციური ადამიანი ვარ, მიჭირს შევიდე ადამიანთან ნდობაში... მაქსიმალურად ვირიდებდი თავიდან, თუმცა თავბრუ დამახვია თავისი სიყვარულით... მაშინ 20 წლის ვიყავი
მე მაქვს ცოტა დამთმობი ხასიათი... მას კი ყველაფერი ჩვენთვის უნდა, ყველაფერი ჩვენთვის ხდება. ეს ძალიან გაძლიერებს ქალს... ზრუნვა და ჩემი პიროვნების აღიარება ხდება, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია", – ამბობს გვანცა.
გვანცამ რადიკალური გადაწყვეტილებისა და მშობლიური არხის დატოვებაზეც ისაუბრა:
"პაუზა ჩემი გადაწყვეტილება იყო, ამ სივრცეში დასაბრუნებლად კარგ შანსს მინდა დაველოდო. ძალიან რთული იყო, ალბათ ისეთი, როგორი სტრესიც არის ოჯახის დანგრევა, წლების შემდეგ განშორება საყვარელ ადამიანთან. 15 წელი ვიმუშავე "რუსთავი 2"-ზე, რომელიც ჩემი სახლი იყო და ის გარემო ჩემთვის შესისხლხორცებული გახლდათ. თუმცა ის რაღაცებიც რთული იყო, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
სრულიად შეგნებულად მივიღე ეს გადაწყვეტილება. უკვე ერთ ადგილზე ვტრიალებდი. ჩვენს სფეროში თუ ენთუზიაზმი და დიდი სიყვარული არ გამოძრავებს იმ ყოველდღიური საქმის, ძალიან გეტყობა. ეს ემოცია შენში უნდა იყოს, რომ ძალიან მოგწონს და გიხარია. როდესაც ვიგრძენი, რომ არ მინდა ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ ჩემი შესაძლებლობების მინიმუმზე ვიდექი და ამან დამთრგუნა და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ამ გარემოდან წამოსვლა არ მინანია, მაგრამ დანაკლისი ჩემი ყოველდღიური საქმიანობის მაქვს", - თქვა მან.