ნიკოლოზ რაჭველი, ნამდვილი სახელი - ნიკოლოზ მემანიშვილი, ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტია.
რაჭველმა 1996 წელს დაამთავრა ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი ფორტეპიანოსა და კომპოზიციის სპეციალობებით, ხოლო 2005 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით. 1999–2003 წლებში ეუფლებოდა დირიჟორობის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობებს ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, ეწევა მრავალმხრივსა და აქტიურ შემოქმედებით, საშემსრულებლო და საორგანიზაციო საქმიანობას. 2011 წელს გადაეცა საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2017 წლის 26 მაისს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა.
როგორც ცნობილია, ნიკოლოზ რაჭველს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან, განსაკუთრებით კი, დედასთან. ამბობდა, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ დედას მიუძღოდა.
„მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლიდან ვცხოვრობდი დედასა და ბებიასთან ერთად. მერე ბებია გარდაიცვალა და დავრჩით ჩვენ ორნი. ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანად რჩება ლამარა, დედაჩემი… მის ფენომენს, არა დედის, არამედ უშუალოდ დედაჩემის ფენომენს ვერაფერი შეცვლის. ეს არ იყო მხოლოდ დედაშვილობა. ეს იყო მთელი პროცესი მუსიკასთან ჩემი მიყვანის, დიდი ენერგიის. ჩემთან ერთად მეცადინეობდა. მეტრონომი არ გვქონდა, რაც ეტიუდების სამეცადინოდ ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემი თავად მეტრონომობდა, ტაშს უკრავდა, საათობით მეჯდა… ერთხელ, მახსოვს, იწვა ჰორიზონტალურად და ხელით რიტმს აყოლებდა. მახსოვს, რაღაც მომენტში ოდნავ შენელდა რიტმი… გავიხედე, ჩაძინებული იყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა ტაშის დაკვრას…“ - იხსენებდა ნიკოლოზ რაჭველი.
ამჯერად მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, სადაც დედასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დედასთან დიდ ასაკობრივ სხვაობას თავად პრობლემად არ თვლიდა, მაგრამ დედა ამაზე დარდობდა.
"ერთადერთი მახსოვს, დედაჩემს სულ ჰქონდა განცდა, რომ არ მეფიქრა, რომ მე არ ვარ მისი ბიოლოგიური შვილი, რომ მე, შეიძლება, ნაშვილები ვიყო, რადგან ასეთი ასაკობრივი სხვაობა თვალში საცემი იყო. ბებიას ეძახდნენ სკოლაში. 40 წელს იყო გადაცილებული დედაჩემი, მე რომ გამაჩინა. სულ ჰქონდა ეს, რომ, აი, ვინმემ რამე არ უთხრას მსგავსი და ამის გამო რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა არ შემქმნოდა.
ეს ცოტა მერე გავაანალიზე იმიტომ, რომ მისი მოქმედებების გარკვეული რიგი სულ ყოველთვის იყო პრევენცია და იმის განცდა, რომ ამხელა ასაკობრივი სხვაობა ჩემთვის პრობლემური არ ყოფილიყო.
ზოგადად ამ თემას არ განვიცდიდი, ერთადერთხელ განვიცადე მწარედ, როდესაც მასწავლებელმა რაღაც დავალება მოგვცა, რომელშიც მშობლებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ეტყობა, სწორედ ვერ მივუტანე დედაჩემს ამბავი და ვერ გავაგებინე ზუსტად, როგორ უნდა გაეკეთებინა. ამ დავალების შესრულებისას დავუშვით შეცდომა და რომ მივიტანე სკოლაში, ცუდად მოიხსენია მასწავლებელმა დედაჩემი. მაშინ ძალიან ბევრი ვინერვიულე და სადღაც თვითონაც, რომ ეგებ მისი ასაკია მიზეზი, რომ რაღაცაში ვერ გაერკვა და ახალგაზრდა მშობლები უფრო ადვილად უღებდნენ ალღოს“, - იხსენებდა ნიკოლოზ რაჭველი.
ნიკოლოზ რაჭველი წლების წინ განსხვავებულად გამოიყურებოდა და განსხვავებულ გვარსაც ატარებდა. მოგვიანებით მუსიკოსმა ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და წონაში საგრძნობლად დაიკლო. „არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით“ - წერდა მაესტრო.
ნიკა მემანიშვილი ნიკოლოზ რაჭველი წლების წინ გახდა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელშიც ვრცლად წერდა:
"ძვირფასო მეგობრებო, გატყობინებთ ჩემს გადაწყვეტილებას: ამიერიდან საქართველოს საზღვრებს გარეთ აფიშებზე, აუდიო-ვიდეოალბომებსა და საჯარო გამოსვლებზე, ჩემი სახელი განისაზღვრება შემდეგნაირად: ნიკოლოზ რაჭველი (NIKOLOZ RACHVELLY). ეს არის ჩემი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება ჩემი მშობლიური კუთხის მიმართ. მე მინდა, ყველა ჩემი შემოქმედებითი ნაბიჯი (წარმატების შემთხვევაში) ასოცირდებოდეს საქართველოს ულამაზეს კუთხესთან - რაჭასთან!!!
იმედია, არ დამძრახავთ (განსაკუთრებით, მემანიშვილები), მე ყოველთვის ვრჩები ჩემი საგვარეულოს ერთგულ წარმომადგენლად და ჩემი ღირსეული წინაპრების დიდ პატივისმცემლად", - ამბობდა ის.