- კარგად ხარ, საყვარელო? რა ფერი გადევს? - გაოცდა მამიდა, კარი რომ გაგვიღო, - შეწუხებული ჩანხარ, მოხდა რამე?
- საშინელი სისულელე ჩავიდინე, ჯული, - ატირებული ხმით წამოვიძახე.
- მართლა?
თავი დავუქნიე.
- რა შესანიშნავია! - გაიცინა მამიდამ, - მე თვითონაც ხშირად ჩავდივარ სისულელეებს. სასიამოვნო მოსასმენია, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასეთი. ყავას ვადუღებ, წამოდი, დამეწვიე და ყველაფერი მომიყევი.
როცა მყუდროდ მოვკალათდი სამზარეულოში, ბევრად უკეთ ვიგრძენი თავი. სასიამოვნო პროცესია, როცა დილით, შენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად, ფინჯან ყავას მიირთმევ და მასლაათობ. ყველაზე შინაურული სიტუაციაა.
მამიდას ყველაფერი მოვუყევი. მეგონა, საყვედურს მეტყოდა, შენიშვნებით ამავსებდა, მან კი სიცილი ატეხა და წამოიძახა:
- რა დიდებულია! - ჯული მიჩვეულია ინგლისელი ელიტის მეტყველებას. ჩვენ «დიდებულის» ნაცვლად, ალბათ «ჩინებულს» ვიტყოდით, უარეს შემთხვევაში, «მაგარს». იქ კი ყველაფერი სხვაგვარადაა, სიტყვებსაც კი არჩევენ საუბრის დროს. - ერთი წუთით წარმოიდგინე - მიდიხარ საოცარ ადგილას, მიირთმევ საოცარ კერძებს, დამატებით კი ეს შენი იდუმალი უცნობი… თანაც ისეთი…
- არ მითხრა ახლა, დიდებულიო, თორემ გავაფრენ! - ლამის წამოვხტი სკამიდან.
- არა, სინამდვილეში მინდოდა მეთქვა, გამჭრიახი გონების-მეთქი. მას შეეძლო, ეყვირა, სასამართლოში ეჩივლა, ზარალის საფასური გადაეხდევინებინა. აქაც ბლომად არიან ეგეთები. თაობა წამოვიდა ასეთი, რას იზამ. პატარა რაღაც და მაშინვე სასამართლოში გარბიან განცხადების დასაწერად. ოღონდ კი საბაბი მიეცეთ და ყველაფერს ითხოვენ, ბოდიშის მოხდასაც კი სასამართლოთი აღწევენ, - ამოიოხრა და თავი დააკანტურა, - ამ კაცმა კი პირიქით გააკეთა - შესანიშნავ რესტორანში დაგპატიჟა. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
ალბათ, დავეთანხმებოდი მამიდას, რიკი თავად რომ არ მენახა და სწორედ ეს მაძლევდა იმის თქმის საბაბს, რომ ვხედავდი პრობლემას.
- მაგრამ არაფერი მაქვს, რომ ჩავიცვა, - წავიწუწუნე და თავდაჯერებულობისთვის დავამატე, - რაღაც მაინც, სულ ცოტა, ათასდოლარიანი კაბაც რომ იყოს…
- და ამის გამო ხარ ცხვირჩამოშვებული? - 17 წლის გოგოსავით გაიღიმა ჯულიმ, - შარლოტას დავურეკავ, აუცილებლად მოგიხერხებს რამეს.
შარლოტა მისი მაღაზიის მმართველს ჰქვია. ახალგაზრდა ქალია, ჩემზე უფროსი და ჯულიზე უმცროსი. ის აგვარებს მამიდას კომერციულ საქმეებს. მის დას მოდური ბუტიკი აქვს შუაგულ ლონდონში, დიზაინერია, კერავს და ყიდის თავის შეკერილ სამოსს. მამიდა ამბობს, კარგი შემოსავალი აქვსო.
- ახლავე დავურეკავ, - გაიმეორა ჯულიმ და ჩემს პასუხს არც დაელოდა, ისე გავიდა სასტუმრო ოთახში, სადაც ტელეფონს მიუჯდა.
- დილა მშვიდობისა! თუ შეიძლება მისის ლეგრანს სთხოვეთ. ლინდა, შენ ხარ, ძვირფასო? ჯული ვარ, - მესმოდა სასტუმრო ოთახიდან მამიდას ხმა, - ჰო, შარლოტა დამალაპარაკე!.. შარლოტა, როგორ ხარ, საყვარელო? - გააგრძელა ცოტაოდენი პაუზის შემდეგ, - აბა რა, აუცილებლად უნდა შევხვდეთ, მაგრამ ჩემი ამბავი ხომ იცი, სახლიდან ვერ გავდივარ ამ ფეხის გამო. შენ ხომ არ გამოხვიდოდი ჩემთან?.. როცა მოისურვებ, ოღონდ წინასწარ დამირეკე, რომ ვიცოდე, როდის გელოდო. ერთად ვისადილოთ… ახლა კი სულ სხვა საქმეზე გაწუხებ. ხომ ვერ დამეხმარები? კატოს გამოვგზავნი შენთან. კატო გახსოვს? ჩემი ძმისშვილი… ჰო, ჩამოვიდა, ჩემთანაა და მივლის. დღეს საქმიან ვახშამზეა დაპატიჟებული «სქვაირში»… გეთანხმები, ეს ნამდვილი მოვლენაა. საქმე ისაა, რომ შესაფერისი კაბა გვინდა საღამოსთვის. შენ გარდა, უკეთესს ვის უნდა ვთხოვო? იქნებ დიანასთან გადაიყვანო და რამე შეურჩიო? მე არ შემიძლია და სხვა გზა კი არ მაქვს. თანხაზე მე და შენ მოვრიგდებით, არ არის პრობლემა… რას ამბობ, ეგ მეორედ არ გამაგონო! საქმე ისაა, რომ თვითონ არ იცის, რა ჩაიცვას, ამიტომ მჭირდება შენი დახმარება. დიდებულია! რომელზე? ორზე? ძალიან კარგი, ორზე შენთან გაჩნდება. უღრმესი მადლობა, საყვარელო. შეხვედრამდე! - მამიდამ ყურმილი დაკიდა და ჩემკენ გამოიხედა, - ესეც ასე, ყველაფერი გამოვიდა! საუკეთესო საღამო გექნება, ჩემო ლამაზო, დაუვიწყარი! თვალს ვერ მოგაშორებენ სტუმრები, აგერ, ნახავ! შენნაირი მზეთუნახავი შვილი განა ბევრს ჰყავს!
გავიღიმე, მაგრამ არაფერი მითქვამს. დღევანდელ დღეს რატომღაც, არაფერი ხდებოდა ისე, როგორც მე მინდოდა…
რვის თხუთმეტი წუთი იყო და მივხვდი, როგორ შემიპყრო პანიკამ. სარკეში ვიყურებოდი და ჩემს თავს ვერ ვცნობდი. გონებაში შარლოტას სიტყვები მიტრიალებდა, გამომშვიდობებისას რომ მითხრა:
- საყვარელო, განუმეორებლად ლამაზი ხარ. ყველას აღაფრთოვანებ ამ საღამოს. ამისთვის მზად იყავი, ეს მთავარია! ერთხელ ჯანი ვერსაჩემ თქვა: «როცა საზოგადოებაში არავინ გიყურებს, სასწრაფოდ უკანა კარიდან გადი და შენთვის ახალი კაბა იშოვე». ჩემო ძვირფასო, შენ ახალი კაბის შოვნა არ მოგიწევს. ამ კაბის გარეშეც თვალისმომჭრელი ხარ.
კაბა მართლაც საოცრება იყო. თითქოს ზუსტად ჩემს სხეულზე შეკერესო, ისე ნათლად აჩენდა თითოეულ ნაკვთს. არადა, ცუდი აღნაგობა ნამდვილად არ მაქვს. ჩემი ტან-ფეხი ნებისმიერ მოდელს შეშურდება. არ მიყვარს საკუთარ გარეგნობაზე საუბარი, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და გვერდს ვერ ავუვლი. ერთადერთი, რაც ამ სხეულს აკლია, მამაკაცის შეხებაა, რათა უფრო სექსუალური გახადოს, ვნებით აივსოს და დაიცალოს. სხვა მხრივ, ბედს სწორედ რომ არ ვემდური.
როცა შარლოტამ კაბა გამომიტანა, იმდენად ძვირფასი მეჩვენა, ჩაცმაზე უარი ვთქვი, იქნებ სხვა გვენახა-მეთქი. ძალზე გამომწვევი ჩანდა, მარჯვენა გვერდზე გრძელი ჭრილით, მაგრამ ქალმა დაიჟინა, გინდა თუ არა, ეს უნდა მოიზომოო. არ შემცდარა. სამოსი ზედ მაკვდებოდა. მერე სხვებიც მოვსინჯე, მაგრამ ასე არც ერთი არ მომიხდა.
- ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება! - აღტაცებულმა წამოიძახა შარლოტამ, - ქალღმერთს ჰგავხარ.
კაბა კი შევარჩიეთ, მაგრამ მაინც არ გამომიშვა. დამსვა და ჯერ ვარცხნილობა გააკეთებინა მის დასთან მომუშავე სტილისტ გოგონას, მერე მაკიაჟი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს საპატარძლოდ ვემზადებოდი.
მამიდას დაქალმა, მე მგონი, ცოტა გადააჭარბა, მაგამ თავადაც სასიამოვნოდ ვიყავი გაოცებული. თუმცა ყველაზე მეტად მაინც კაბის საფასური მაღელვებდა. ყველა ლამაზ კაბას ხომ მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს - ძალიან ძვირია. ამიტომაც არ მიყვარს ბუტიკებში სიარული, თვალს წყალს კი დავალევინებ, მაგრამ გულსაც ვიტკენ, ამ უკანასკნელს კი მოფრთხილება სჭირდება.
როცა შარლოტას კაბის ფასი ვკითხე, კოპები შემიკრა, ეს მამიდაშენმა გაჩუქა და ფასს ვერ გავამხელ, შენი მოვალეობაა, წახვიდე და კარგად გაერთოო.
კიდევ ერთ პრობლემას ფეხსაცმელი წარმოადგენდა, რომლის გადაჭრაშიც მამიდა დამეხმარა. ჯულის და მე ერთი ზომის ფეხი გვაქვს, მას კი ამქვეყნად ყველაზე მეტად ფეხსაცმლის ყიდვა უყვარს. ნამდვილი მანიაკია. ალბათ 50 წყვილი მაინც ექნება, თან ყველა კარგი და ყველა სახელობით ბუტიკში ნაყიდი. ასე რომ, მისი არჩევა არ გამჭირვებია.
სარკეში კიდევ ერთხელ შევაფასე ჩემი გარეგნობა და ამოვიოხრე - რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. მხოლოდ ერთი საკითხი მრჩებოდა როგორ უნდა დამეჭირა თავი წვეულებაზე?
- მორჩი წუწუნს, რა! - შევუძახე ჩემს თავს. - ბოლოს და ბოლოს, რესტორანში მიდიხარ! იქ ისეთივე ადამიანები იქნებიან, როგორიც შენ ხარ და როგორიც ის არის. ისიც ხომ ადამიანია, მერე რა, რომ მდიდარია?
გაბმულმა ზარმა მონოლოგი გამაწყვეტინა. სანამ კარს მივუახლოვდებოდი, ვცდილობდი, დავწყნარებულიყავი და აღელვება არ შემტყობოდა.
- ვინ არის? - ხმაც კი შემცვლოდა, მიკროფონში რომ დავილაპარაკე.
- რიკ ნელსონი ვარ.
- ახლავე გამოვალ, მისტერ რიჩარდ! შეგიძლიათ ჰოლში მოიცადოთ? - ჩქარ-ჩქარა ვუპასუხე, კარის ავტომატურად გასაღებად ღილაკს დავაწექი და სირბილით უკანვე შევვარდი სააბაზანოში. თუ მინდა, რომ ამ საღამოს ცოცხალი დავრჩე, უნდა დავმშვიდდე, არავითარი პანიკა!
სულ რამდენიმე წამს ვიდექი სარკესთან და ღრმად ვსუნთქავდი. როგორც იქნა, თავი ხელში ავიყვანე და ჩანთას დავავლე ხელი, რომელშიც პომადა, ორი ოცფუნტიანი (ყოველი შემთხვევისთვის, თუკი რიკი არ მოისურვებდა ჩემ გამოცილებას), პატარა სარკე და ქაღალდის ხელსახოცის შეკვრა მედო. მერე მამიდას ოთახში შევიხედე, თვალი ჩავუკარი და ვანიშნე, გავდივარ-მეთქი. ჯულიმ თითებით ჰაერში პირჯვარი გადამსახა და კეთილი გზა მისურვა.
როგორც იქნა, ჰოლისკენ ჩამავალ კიბეს ჩავუყევი.
მამიდა ჯული ვიქტორიანული სტილის სამსართულიან სახლში ცხოვრობს. თითო სართული თითო მობინადრეს უჭირავს. ჩვენ მეორე სართულზე ვართ.
დაბლა ჩასვლას იმაზე მეტხანს მოვუნდი, ვიდრე სხვა დროს. ისეთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და იმდენად ვიყავი მიუჩვეველი, ძლივს დავაბიჯებდი. იქამდე ვდგამდი საფეხურიდან საფეხურამდე ნაბიჯს თავდახრილი, სანამ კიბე არ ჩავათავე.
აღტაცების გამომხატველი სტვენა ოდესმე გაგიგონიათ? სწორედ ასეთმა სტვენამ მაიძულა, თავი ამეწია. რიკ ნელსონს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და კედელს მიყრდნობოდა ჩემ მოლოდინში. ალბათ, ნებისმიერი ქალი მოისურვებდა, ასეთი მამაკაცი თავის საძინებელში აღმოეჩინა. ღმერთო ჩემო, ისევ ის მზერა, ისევ ის ლურჯი თვალები, რომლებშიც შეიძლება ჩაიძირო. რა მაგარი პიჯაკი აცვია! განუმეორებელ ფორმაშია. მან იცის, როგორ ჩაიცვას, როგორ მოიქცეს და მოექცეს სხვას; იცის, როგორ მიაწოდოს თავისი თავი ქალს. წუნს ვერ დაუდებ. მშვენივრად იცის, როგორ შთაბეჭდილებასაც ახდენს ქალებზე.
როცა კმაყოფილი ღიმილით ჩემკენ გამოემართა, სუნთქვა შემიჩერდა, მხოლოდ ბოლო წუთს შევძელი ამომეღერღა:
- საღამო მშვიდობისა!
- თავზარდამცემად ლამაზი ხართ, კეიტ! - დაუფარავი აღფრთოვანებით მითხრა და როცა შევხედე, მის თვალებში სიხარულით აცეკვებული ნაპერწკლები გაკრთა.
- მართლა? - წმინდა ქართული ჟესტი გამომივიდა! რა სულელი ვარ, ინგლისელს ასე როგორ უნდა უპასუხო? მთლად გადამავიწყდა აქაური ეტიკეტი. უნდა მეთქვა, თქვენ აჭარბებთ ან გმადლობთ კომპლიმენტისთვის ან რამე ამდაგვარი. სად გაქრა ჩემი თავმოყვარეობა, ჩემი სიამაყე? მიდი, კატო, დაუმტკიცე ამ ჯენტლმენს, რომ თავის დაჭერა შეგიძლია და ნებისმიერი ქათიანურის მოსმენისას არ წითლდები გადამწიფებული პამიდორივით.
- დიდი მადლობა, თავადაც ძალიან კარგად გამოიყურებით.
ასე არ ჯობია? ყოჩაღ, კატერინა! - მოვეფერე ჩემს თავს და ჩემს სახელს.
ესეც ასე, საკმაოდ გულგრილად გამომივიდა. მშვენიერი დასაწყისია!
რიკის მზერა მოუთმენლად დასრიალებდა ჩემს მბზინავ ყავისფერ თმაზე, აკურატურად შეღებილ წითელ ტუჩებზე და ბოლოს მთელ სხეულზე. მის ყოველ ნათქვამში გაოცება იკითხებოდა.
- მდააა… თქვენ დღეს ფურორს მოახდენთ. დარწმუნებული ვარ, ყველას მოესურვება გაიგოს, სად გიპოვეთ. არ დავიწყებ მოყოლას, როგორ აღმოგაჩინეთ პარკში, სადაც თქვენი ძაღლი მეცა და წამაქცია. ამ ყველაფერს გამოცანად დავტოვებ მეტი ინტრიგისთვის. რას იტყვით?
ეს ყველაფერი ისე გაისმა, თითქოს ძვირად ღირებული შენაძენი ვიყავი და ფიქრობდა, ეთქვა თუ არა მეგობრებისთვის იმ მაღაზიის მისამართი, სადაც მე «დამითრია». თავმოყვარეობა შემელახა, მაგრამ გაღიმება მაინც შევძელი.
- მე კი მეგონა, ყველაფერი პირიქით იყო.
- ანუ თქვენ აღმომაჩინეთ? - დამასწრო.
უარესად გავწითლდი.
- არა, მე კი არა, ჩემმა ძაღლმა, - არ დავიბენი და მეტი დამაჯერებლობისთვის დავამატე, - ალბათ, მართლაც არ ღირს იმის მოყოლა, როგორ გორაობდით მიწაზე ჩემს ფეხებთან გაშოტილი.
ესეც შენ! გაჯობე თუ არა? - გულში გავმხიარულდი.
ჩემმა შენიშვნამ აშკარად შეუცვალა ხასიათი. წამით შეცბა, მაგრამ მალევე გაიღიმა, ამჯერად სასტიკად.
- თანახმა ვარ, - მითხრა და ხელი გამომიწოდა, - წავიდეთ, მანქანა გველოდება.
როგორც ჩანს, მოვახერხე მიმეხვედრებინა, რომ ჩემთან ურთიერთობისას ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. და მიუხედავად იმისა, რომ წვეულებაზე თან ხლებას დავთანხმდი, ყველაფერზე ვერ დამითანხმებდა.
როცა ქუჩაში გამოვედი, ველოდებოდი, რომ ტროტუართან ტაქსი დამხვდებოდა, მაგრამ მის ნაცვლად «მერსედესი» დავინახე, რომლის უკანა კარი უკვე გამოეღო მძღოლს და გველოდებოდა. რიკის დახმარებით უკანა სალონში მოვთავსდი, მერე თვითონაც გვერდით მომიჯდა და მძღოლს მიუბრუნდა:
- «სქვაირში», ბობ!
რიკი ისე ახლოს აღმოჩნდა ჩემთან, რომ მისი ფეხები ჩემსას ეხებოდა. მიუხედავად ამისა, გვერდზე გაწევა არ მიცდია. მეტი საქმე არა მაქვს, ახლა ამას ვაფიქრებინო, რომ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას ვაქცევ და რომ ეს წვრილმანები დისკომფორტს მიქმნის. არავითარ შემთხვევაში!
ჯანდაბას! რატომ დავთანხმდი ამ კაბის ჩაცმაზე? ეს გრძივი ჭრილი, თანაც ზუსტად იმ მხარეს, საითაც რიჩარდი ზის, ფეხს ზედმეტად აჩენს. სამარცხვინო ფეხები რომ არ მაქვს, ვიცი, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი, რომ რიკი თავის შემფასებლურ მზერას ჩემი შიშველი ფეხისკენ გააპარებს, საშინლად მაფორიაქებს. ამწუთას სხვა რამეზე ფიქრი არ გამომდიოდა.
უცებ მივხვდი, რომ რაღაც მკითხა და პასუხს ელოდა.
- მაპატიეთ, რა მითხარით? - თავაზიანად ვკითხე, თან გულში ჩემს თავს ვუჯავრდებოდი უყურადღებობისთვის.
- შეგეკითხეთ, «სქვაირში» ადრე თუ ხართ ნამყოფი-მეთქი? - გამიმეორა.
მის ტონში უცნაური ნოტები იკითხებოდა - თითქოს რაღაცით უკმაყოფილო, უფრო მეტიც, ნაწყენი იყო. იქნებ სხვა დროს არასდროს დასჭირვებია ქალისთვის შეკითხვის გამეორება? ალბათ, ისინი უფრო ყურადღებიანები იყვნენ, ვიდრე მე.
- არა, არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამიგია. იქ იმისთვის დადიან, რომ თავიანთი თავი გამოაჩინონ და სხვებსაც შეხედონ, - ვიფილოსოფოსე.
- სრულიად შესაძლებელია, ზოგიერთი მართლა იქცეოდეს ასე, მაგრამ ჩემთვის «სქვაირი», პირველ რიგში, ხარისხიან კერძებთან ასოცირდება. მათი შეფ-მზარეული თავისი საქმის დიდოსტატია, - ის პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მზერას წამითაც არ მაცილებდა, - და ბარმენებიც შესანიშნავად მუშაობენ. იქაური კოქტეილები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია, თუმცა მათი დალევისას სიფრთხილეა საჭირო. სასმელებს ერთმანეთში ურევენ და თუ ზედმეტი მოგივიდა, მეორე დილით შეიძლება თავი გაგისკდეს.
- გმადლობთ, რომ გამაფრთხილეთ, - ჩუმად წარმოვთქვი.
როგორც უკვე ვთქვი, რიკი ძალიან ახლოს იჯდა ჩემთან. გარდა ამისა, მანქანაში საოცრად ინტიმური ატმოსფერო სუფევდა, ჩემი კაბა კი ზედმეტად «გულმოღებული» და «გვერდმოშიშვლებული» იყო. აფორიაქებულმა გვერდზე გავიხედე, ვითომ ფანჯარაში ვიყურებოდი.
ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა, რომელიც რიკმა დაარღვია:
- კეიტ, მოეშვით!
ამ წინადადებამ უარესად დამძაბა.
- მოვეშვა? არ მესმის, რაზე საუბრობთ? ძალიან მშვიდად ვარ.
- ჰო-ო? - ირონიულად შემეკითხა და ჩემს ერთმანეთში გადახლართულ თითებს მრავალმნიშვნელოვანი მზერა დაასო. მეც მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ ჩემი თითები თავგანწირვით «ჩახუტებოდნენ» ერთმანეთს, - მომისმინეთ. დღეს არაფრის გაკეთება არ გიწევთ. უბრალოდ, დატკბით ვახშმით, შევთანხმდით? არავითარი ვალდებულება არ გაკისრიათ და არც დაგეკისრებათ, თუ ეს ასე გაწუხებთ.
სინამდვილეში არც ვიცოდი, ამ მომენტში რა მაწუხებდა. რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოების წინაშე მასპინძელი დიასახლისის როლის თამაში ადვილი არ იყო, მაგრამ სანერვიულოდ სხვა მიზეზებიც მქონდა, თანაც - ერთობ «წონიანი».
ოდნავ შესამჩნევად დავაქნიე თავი, რითაც ვაგრძნობინე, რომ ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო. ნახევარი წუთის შემდეგ კი ჩემს ტუჩებს უნებური შეკითხვა მოსწყდა:
- და თქვენი მეგობარი გოგონა… უკმაყოფილო არ დარჩება, საღამოზე მე რომ დამპატიჟეთ? არ იეჭვიანებს?
- გოგონა? - რიკი მოიღუშა, შემდეგ კი მთელი ხიბლი ჩააქსოვა ღიმილში, - ა! მერილინზე მეკითხებით? ფოტომოდელზე? ის გამიგებს. ეს მან მიმატოვა დღეს და არ მე ის. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.
ვერ გავარჩიე, რა გრძნობები გამიჩინა მისმა ნათქვამმა - ამაფორიაქა თუ დამამშვიდა. აშკარად - ერთიც და მეორეც. მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა ამ ყველაფრიდან - არცთუ მსუბუქი საღამო მელოდა.
- და კიდევ… რადგან დღეს ჩემი თანმხლები ხართ, ცოტა რამ მაინც უნდა ვიცოდე თქვენზე, - ჩემს შეშინებულ მზერაზე გულუბრყვილოდ გაეღიმა, - ხომ უნდა წარგადგინოთ ჩემს სტუმრებთან. ყველაზე ჩვეულებრივი რამეები, მაგალითად, სად მუშაობთ, რა გიყვართ, რითი ხართ გატაცებული…
ჭკვიანური სურვილია! არა, მის გვერდით რომ სხვა მამაკაცი ყოფილიყო, მაგალითად, ანდრო, არაფერი საშინელება ამაში არ იქნებოდა, მაგრამ ის ინგლისელი ჯენტლმენია, მდიდარი, ელიტის წარმომადგენელი, მე კი… ამასთან, არ გამოდის სამართლიანი მისი სურვილი. მეც ხომ არაფერი ვიცი მასზე, გარდა იმისა, რომ ახალ შენაძენს აღნიშნავს. რას ვიცინებ, ამ ქედმაღალი მომხიბვლელი ბიზნესმენის ნიღბის უკან ერთი უბრალო, კეთილი და მხიარული კაცი რომ იმალებოდეს? გამორიცხული არაფერია. კაცებს უყვართ ტრაბახი და ბაქიობა, ოღონდ კი ქალი დაითრიონ. ეს მხოლოდ საქართველოში არ სჩვევიათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე სცენარს იყენებენ. რომელი იღბლიანი მე ვარ, რომ რიკის სახით გამონაკლისს გადავყროდი?
- სოციალურ სამსახურში ვმუშაობ, გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარები. მაგრამ გარკვეული დროით ინგლისში არ ვიმყოფებოდი, ახლახან დავბრუნდი… - შევყოყმანდი, არ მინდოდა მეთქვა, ქართველი რომ ვიყავი, ვაითუ, საერთოდ არც იცოდა საქართველოს არსებობა, - ასე რომ, თავისუფალ დროს ჩვეულებრივი მოკვდავივით ვატარებ - ან ვჭამ, ან მძინავს, ან პეპის ვასეირნებ. საკმარისია?
მან არაფერი მითხრა, უხმოდ გააგრძელა ჩემი ნაკვთების შესწავლა. იმდენად მაღიზიანებდა მისი მზერა, თავი კვლავ მივაბრუნე. რატომღაც, სულაც არ მინდოდა მისთვის ჩემზე სიმართლე მომეყოლა.
რიკის მომდევნო შეკითხვა რამდენიმე წუთის შემდეგ გაისმა:
- ესე იგი, გართობისთვის დრო არ გრჩებათ?
- მრჩება, მაგრამ… - კვლავ შევყოყმანდი, საჭირო მიზეზებს ვეძებდი, - ძალიან ცოტა. მამიდამ ფეხი მოიტეხა და ახლა მისი მოვლით ვარ დაკავებული, - მაინც ვაღიარე მცირე სიმართლე.
- სამწუხაროა.
- სულაც არ ვფიქრობ ასე, - ახლა უკვე მისი ტონიც მაღიზიანებდა, როგორ შემიცოდა! ერთი ამას დამიხედეთ! - მე მომწონს ჩემი სამსახური, მიყვარს ჩემი პროფესია.
- მეც მომწონს ჩემი, მაგრამ დასვენებისთვის მაინც გამოვნახავ ხოლმე დროს.
- როგორც დღეს საღამოს? - სარკასტულად გამომივიდა.
- არა, დღეს საჭიროს და სასარგებლოს ერთმანეთში «ვაზავებ», - ნიშნის მოგებით გამიღიმა.
შემრცხვა იმის გამო, რომ მის ყოველ სიტყვას ხიშტებივით ვიღებდი, თითქოს თავს მესხმოდა. დაბნეულმა ლამის ტუჩი მოვიკვნიტე.
მოულოდნელად რიკმა ხელი ხელზე დამადო და ხმადაბლა წარმოთქვა:
- ყოველთვის ასეთი გულგრილი ხართ თუ მხოლოდ ჩემთან იქცევით ასე? იქნებ რამე გაწყენინეთ? მიპასუხეთ, კეიტ!
სიამოვნებით ვუპასუხებდი, მაგრამ პირი ისე გამიშრა, ენა ვერ მოვატრიალე. რამდენჯერაც ჩემს სახელს წარმოთქვამდა (საოცარი ვნებიანობით), იმდენჯერ ძალუმად ამიძგერდებოდა გული.
ჩავახველე და ენა ტუჩებზე მოვსვი, რაც იმწამსვე ვინანე, რადგან მისი მზერა ახლა სწორედ ჩემი ტუჩებისკენ იყო მომართული.
- უბრალოდ, ცოტას ვნერვიულობ, - ჩავიბუტბუტე, - ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა… მე ხომ არ ვიცნობ თქვენს სტუმრებს, - უმისამართოდ გავიქნიე ხელი.
კიდევ კარგი, არ იცის, რომ ჩემი მთავარი პრობლემა ის და მისი ლურჯი თვალებია.
- ადვილად შეეწყობით მათ, ასე ნუ განიცდით. იცით, რა? თქვენ ძალიან გახსნილი სახე გაქვთ, ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება მასზე და კიდევ უფრო მეტის გაგება. ეს, ალბათ, მუშაობაში ძალიან გეხმარებათ.
- როცა საჭიროა, შემიძლია გაუხსნელიც ვიყო, - ამაყად გამოვუცხადე.
ეს კი ვთქვი, მაგრამ აი, მასთან არაფრით გამომდიოდა ჩემი აზრების და გრძნობების დამალვა, თუმცა ამ სისუსტეში გამოტყდომას სულაც არ ვაპირებდი.
რიკი სავარძლის საზურგეზე გადაწვა და შვებით ამოვისუნთქე - ჩვენ შორის ასე საჭირო დისტანცია გაჩნდა.
- ის ფაქტი, რომ მეგობარი მამაკაცი არ გყავთ, თქვენს სამუშაოს უკავშირდება? - მოულოდნელად მკითხა.
- ცდებით! სამსახურისადმი ავადმყოფური მიდრეკილება არ მაქვს! - პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო შეკითხვაზე.
- აბა, როგორ ამიხსნით იმას, რომ ასეთი ლამაზი, მიმზიდველი გოგონა მხოლოდ მუშაობს, ჭამს, სძინავს და ძაღლს ასეირნებს? მეგობრებიც კი არ ჰყავს…
- მყავს მეგობრები, - გავაპროტესტე.
- და არც პაემანზე დადის, - ისე გააგრძელა რიკმა, თითქოს ჩემი ნათქვამი არც გაუგონია.
- მომისმინეთ, მისტერ ნელსონ! - პირველად მივმართე გვარით, რადგან ინგლისში ახალგაცნობილთან ასე უფროა მიღებული, ვიდრე სახელით მიმართვა.
- რიკ… მე რიკი მქვია და რიკი დამიძახეთ, თუ შეიძლება, თორემ ჩემი სტუმრები იფიქრებენ, რომ მხოლოდ წვეულებისთვის დაგიქირავეთ, - შემაწყვეტინა, - და საერთოდ, მოდი, ცოტა გავუშინაურდეთ ერთმანეთს, ვითომ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. რა თქმა უნდა, კონსპირაციის მიზნით.
არა, ავდგები და ახლავე პირში მივახლი ყველაფერს, რასაც მასზე ვფიქრობ!
- მაპატიეთ, მაგრამ არ მესმის, რატომ გაღელვებთ ასე ჩემი ცხოვრების წესი. ეს თქვენ არ გეხებათ, არ არის თქვენი საქმე! ის, რომ ამ წინადადებაზე დაგთანხმდით, არ გაძლევთ უფლებას…
- ის ჩემი მეგობარი გოგონა არ არის. მეგონა, რომ ეს საკითხი უკვე გავარკვიეთ, - კვლავ შემაწყვეტინა ფრაზა.
- თუნდაც ასე იყოს, - უფრო გავწიწმატდი, - თქვენ მთხოვეთ, თან გხლებოდით ამ საღამოს და მეც დაგთანხმდით. მიუხედავად ამისა, ეს არ გაძლევთ უფლებას, ჩემს პირად ცხოვრებაში იქექოთ.
მან თვალებში შემომხედა და… გაიცინა.
- მე მხოლოდ თქვენი უფრო ახლოს გაცნობა მინდოდა. განა ეს დანაშაულია? სულ უფრო მაოცებთ, მის კეიტ. უნდა ვაღიარო, ძნელად წარმომედგინა, ასეთ ნაზ და სუსტ არსებას როგორ უნდა გეზრუნათ შეჭირვებული ოჯახების უფლებების მოსაპოვებლად. ახლა კი ვხედავ, რომ ამის უდიდესი ნიჭი გქონიათ.
ხასიათი გამიფუჭდა.
- როგორი უცნაური სტერეოტიპები გაქვთ! გაჭირვებული ადამიანების დახმარება ყველაზე სასიამოვნო საქმეა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. მათთან ურთიერთობაში პრობლემები არასდროს შემქმნია. ყველა თქვენსავით უზრუნველყოფილი ვერ იქნება! - თვითონაც არ ვიცოდი, რატომ ვცრუობდი, არადა, სულ რამდენიმე თვე ვიმუშავე სოციალურ განყოფილებაში და ისიც - სტაჟიორად. რაში მჭირდებოდა ეს ტყუილები?
«აჯობებს, აღარ გავაგრძელო,» - ვურჩიე ჩემს თავს და, მართლაც, დავდუმდი.
არ მინდოდა საღამოს ჩაშხამება. არადა, რომ მეთქვა რიკისთვის, რასაც ვფიქრობდი მასსა და მის მეგობრებზე, მართლაც ჩამშხამდებოდა წვეულება. უფრო მეტიც, შეიძლებოდა საერთოდ ვეღარ აღმოვჩენილიყავი იქ. არა, ასე არ ივარგებს! რადგან მამიდამ კაბა მაჩუქა, ხოლო მთელი დღე გამოპრანჭვაში გავატარე, აუცილებლად უნდა მოვხვდე «სქვაირში».
მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. ბოლოს რიკი ალაპარაკდა:
- ჩანს, არ მოგწონვართ, - ეს შეკითხვაზე მეტად, მტკიცება იყო. ვარჩიე, კომენტარისგან თავი შემეკავებინა, მაგრამ მან ჩემი სიჩუმე თანხმობად ჩათვალა, - და რატომ? მინდოდა, გამეგო, - შეფიქრიანებულმა წარმოთქვა.
- საიდან მოიტანეთ, რომ არ მომწონხართ? უფრო სწორად, მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ, ამიტომ არც მოწონების უფლება მაქვს და არც არმოწონების, - მივხვდი, რომ საკუთარ აზრებში გავიხლართე.
- არ შეგეძლოთ ცოტა სითბო დაგემატებინათ თქვენი ნათქვამისთვის? იქნებ მაშინ მაინც დამეჯერებინა, რომ ანტიპათიურად არ ხართ განწყობილი ჩემ მიმართ, - ცივად მომიგო, - ეს თქვენი ქცევის სტილია? თუ ამ საღამოსთვის სპეციალურად შეარჩიეთ? ვშიშობ, თუ ასეა, ჩემს სტუმრებს ბევრი შეკითხვა გაუჩნდებათ საღამოს დასასრულს.
- შიშის საფუძველი არ გაქვთ, - მივახალე, - ვაპირებ, თავაზიანი და ყურადღებიანი ვიყო თქვენს სტუმრებთან, - შეურაცხყოფილი დავრჩი მისი უნდობლობით.
- რას მელაპარაკებით! ამაში ეჭვიც არ მეპარება! იმედია, ვერასდროს გაიგებენ, როგორ მოახერხეთ ამწუთას მათი ახალი უფროსის «შეჯორვა». და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, გთხოვთ, ვახშმის განმავლობაში შინაურულად მომექცეთ.
მსუბუქმა ირონიამ, რომელიც მის ხმაში გამოსჭვიოდა, სურვილი აღმიძრა, ერთი გემრიელი სილა გამეწნა მისთვის, მაგრამ ცხრამდე დავითვალე და «გავგრილდი».
- არ იღელვოთ! არაფერს გავაკეთებ და ვიტყვი ისეთს, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ ან მათ გააოგნებს.
- მათ ისეთი შთაბეჭდილება უნდა შეექმნათ, თითქოს მე და თქვენ იდეალური წყვილი ვართ. შემიძლია თქვენი იმედი ვიქონიო?
- სრულიად, - საშინელი სარკაზმით მივუგე.
- და გიჟური სიყვარულის გამოხატვის იმედი?
მომაკვდინებელი მზერა ვესროლე და მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ გაიხუმრა, რათა ჩემი რეაქცია დაენახა. «აუტანელი კაცი!» - გავიფიქრე, მაგრამ ღიმილი მაინც ვერ შევიკავე.
- აი, ასე უკეთესია. - ჩაიცინა, - ახლა კი ცოტა რამ ჩემს სტუმრებზე. ისინი კარგი ხალხია, მაგრამ ზოგიერთები უკმაყოფილონი არიან, კომპანია რომ შევისყიდე. ამიტომაც ვაწყობ ვახშამს. მინდა, შემხვედრი ნაბიჯი გადავდგა და ისინი შემოვირიგო.
მისმა საქმიანმა ტონმა სიტუაცია განმუხტა, რამაც ხასიათი გამომიკეთა…
იმ დროისთვის, «სქვაირის» შესასვლელს რომ მივადექით, რიკისგან უკვე მქონდა გარკვეული ინფორმაცია - სტუმართა დაახლოებითი მონაცემები და აღწერილობა, ვინ როგორ გამოიყურებოდა და ვის რა თანამდებობა ეკავა. ჰოდა, ვიჯექი მანქანაში და გონებაში ვხარშავდი მიღებულ ინფორმაციას: ხუთი ოჯახური წყვილი, მათ შორის, კომპანიის მთავარი ხერხემალი ჯონათან გრიტი მეუღლით, რომელთაც ახლახან შვილიშვილი შეეძინათ.
- აი, ამოუწურავი თემა მათთან სასაუბროდ, - საქმიანად აღნიშნა რიკმა.
მძღოლმა კარი გამიღო, რიკი კი გადმოსვლაში მომეხმარა.
- როგორც შევთანხმდით, ბობ! სამ საათს არ გადააცილო. თუ უფრო ადრე დამჭირდი, დაგიკავშირდები! - უთხრა მძღოლს, ხელში ხელი ჩამკიდა და რესტორანში შემიძღვა.
სამი საათიო! როგორც ჩანს, გრძელი ღამე მელის! - ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, მაგრამ შიგნით შევედი თუ არა, ისე გამიტაცა იქაურმა ატმოსფერომ და დარბაზის თვალიერებამ, ყველაფერი გადამავიწყდა. თვალს ვერ ვაშორებდი ინტერიერს, შემდეგ ხალხს დავუწყე «დაზვერვა». ამასთან, ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა, ბუნებრივად დამეჭირა თავი, აცაბაცა არ დამეწყო ყურება ტყიდან გამომხტარი ველურივით. რიკი წინ მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი. ის ერთ-ერთ მაგიდასთან შეჩერდა. აქედან რესტორნის მთელი ხედი იშლებოდა, ყველა მხარე ჩანდა, თავისი სცენითა და საცეკვაო მოედნით. რიკმა სკამი გამოსწია და დამსვა. დამჯდარი არ ვიყავი, რომ ჩემ გვერდით ოფიციანტი გაჩნდა, რომელმაც კოქტეილ-ბარის მენიუ მომაჩეჩა ხელში. ფრთხილად გადავშალე მენიუ და ყველაზე უწყინარი კოქტეილის ძებნას შევუდექი. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ დავთვრე, ისედაც რთული ღამე მელოდება წინ.
- თუკი განსაკუთრებული რამე არ გაქვს ჩაფიქრებული, მატონიზებელს გირჩევ, - ჩუმად გადმომილაპარაკა რიკმა.
- დიდებულია, - მამიდაჩემის საყვარელი სიტყვა გამოვიყენე და გავუღიმე. როგორც კი რიკი ბარისკენ წავიდა შეკვეთის მისაცემად, კვლავ ჩავრგე თავი მენიუში, რათა მენახა, რა ინგრედიენტებისგან მზადდებოდა კოქტეილი, რომელიც მან მირჩია. ლიმონის წვენი, შაქარი, შამპანური და ლიმონის ნაჭერი. «მე როგორ ვერ შევამჩნიე აქამდე ეს? გამოშტერებულო!» - დავტუქსე ჩემი თავი.
სხვებთან შედარებით, საბავშვო სასმელია და მეტი არაფერი, თუ შამპანურს არ ჩავთვლით.
რიკი კოქტეილის ფუჟერებით დაბრუნდა და ერთი ცალი გამომიწოდა. მადლობის გამომხატველი ღიმილით ჩამოვართვი.
- იღბლიანი ღამისა იყოს! - გავიხუმრე.
- იღბლიანი ღამისა და ჩემი თანმხლებისა! - დაამატა მან.
სანამ პირველ ყლუპს მოვსვამდი, კიდევ ერთხელ გავუღიმე ჩემს «დამქირავებელს». ოოო, მშვენიერი რამ ყოფილა ეს სასმელი, იმედი არ გამიცრუა. აი, თურმე რატომ ილტვიან აქეთკენ მდიდარი და ცნობილი ადამიანები. უმაღლესი ბარმენები ჰყოლიათ, ნამდვილი პროფესიონალები!
- რა კარგად თქვი წეღან, ლამაზი სადღეგრძელო იყო, - აღნიშნა რიკმა.
მისი ნათქვამი სრულიად ჩვეულებრივი წინადადება იქნებოდა, მის თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები რომ არ გამკრთალიყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას მოეწონა დასაწყისი. როგორც ჩანს, კმაყოფილია იმით, როგორ ვიქცევი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა. რაც უნდა, ის თქვას. გადავწყვიტე, გამეტარებინა მისი ირონიული ტონი და ისეთი სახე მიმეღო, თითქოს ვერ მივუხვდი.
- მადლობა! - თავი ოდნავ დავხარე, - ბრწყინვალე ადგილია! ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გადასაღებ მოედანზე ვიმყოფებოდეთ.
რიკმა ისეთი სისწრაფით გადაჰკრა სასმელი, თვალი ვერ მივადევნე.
- გავიმეოროთ? - და ცარიელი ფუჟერი მაღლა ასწია.
- არა, ჩემთვის ჯერჯერობით საკმარისია, - მივუგე და თვალი ჩემი ფუჟერისკენ გავაპარე, რომელიც თითქმის სავსე იყო.
ნელსონმა საჩვენებელი თითი ჰაერში აიშვირა და მიმტანი უცებ გაჩნდა ჩვენ გვერდით. რიკმა კიდევ ერთი შეუკვეთა. ამასობაში მისმა სტუმრებმა იწყეს მოსვლა. ცოტათი დავიძაბე. უცხოდ ვგრძნობდი თავს და მეხამუშებოდა, სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთ მაგიდასთან რომ მიწევდა ჯდომა, მაგრამ დაძაბულობამ თანდათან გამიარა, რადგან ყველა მათგანი ძალიან უბრალო და გახსნილი აღმოჩნდა. ძალიან საყვარლები იყვნენ, არანაირი საბაბი არ მქონდა, უხერხულად მეგრძნო თავი. ერთადერთი ადამიანი, ვინც არ მომეწონა, ჯონათან გრიტი იყო, რომელიც ცოლის მაგივრად, ქერათმიან ახალგაზრდა გოგონასთან ერთად მოვიდა. ეს უკანასკნელი მხოლოდ იღიმოდა, ხმას კი არ იღებდა. ალბათ ისიც, როგორც მე, თანმხლებად იყო დაქირავებული.
როცა ყველამ გასინჯა საფირმო კოქტეილი, სხვა მაგიდასთან მოგვიწია გადასვლამ, რომელიც სცენასთან უფრო ახლოს იდგა და პურმარილით იყო სავსე. ეჰ, საქართველოს არაფერი ჯობია. რა საჭიროა ორი მაგიდის გამოცვლა, როცა ერთზეც მშვენივრად შეიძლება მოლხენა? ყველა ქვეყანას თავისი წესები აქვს.
ცოტა წავიკიკნე, რადგან მეშინოდა, არაფერი შემშლოდა. აქ ყველა კერძს თავისი «იარაღი» ჰქონდა, მე კი ყველას სათანადოდ გამოყენება არ ვიცოდი. დიდად არც მშიოდა. თან ისეთი კარგი შოუ გამართეს მუსიკოსებმა, რომ მათ მაყურებელს ნაკლებად მოუნდებოდა მუცლის ამოყორვა.
ერთი სიტყვით, სანახაობით დავტკბი. მაგიდა მრგვალი ფორმის იყო, რაც საშუალებას იძლეოდა, ყველას მიეღო საუბარში მონაწილეობა. თემები სწრაფად იცვლებოდა, სტუმრები ერთმანეთს უღიმოდნენ. ძალიან მალე იმასაც მივხვდი, რომ რიკმა სუფრის წევრების მოხიბვლა წამში შეძლო. მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, იცინოდნენ მის ხუმრობებზე. გაოცებული ვიყავი მისი ნიჭიერებით. როგორ ოსტატურად ახერხებდა მისთვის ჯერ კიდევ უცხო ადამიანების ყურადღების მიქცევას. ვატყობდი, ყველა დადებითად განეწყო მის მიმართ.
გაგრძელება იქნება