მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი NARGIS MAGAZINE - თან საუბრისას ყველა იმ სურვილზე საუბრობს, რასაც საქართველში შეცვლიდა:
"მე რომ შემეძლოს, საქართველოს გავაწევრიანებდი ევროატლანტიკურ ალიანსში, რომ ჰარმონიული განვითარების საშუალება ჰქონდეს, საკუთარი თავის რწმენა და თვითღირსება შეემატოს...
"აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს" - ჰანაე მორი: იაპონელი დიზაინერის საოცარი ისტორია
განათლებას ავიყვანდი უმაღლეს საფეხურზე, რომ არცერთი გაუნათლებელი ბავშვი, ახალგაზრდა არ იყოს საქართველოში, ყველას ჰქონდეს თვითგამოხატვის, ნიჭის ბოლომდე გამოვლენის საშუალება და საკუთარი თავის რჩენა შეეძლოს.
გამოვრიცხავდი მშიერი ადამიანების არსებობას - ყველა იქნებოდა დაპურებული. ამას მოვახერხებდი ისეთი სისტემის შექმნით, რომლის საშუალებითაც არცერთი მშიერი ბავშვი არ იქნებოდა საქართველოში" - ამბობს რუსუდან ფეტვიაშვილი
რუსუდან ფეტვიაშვილი 1968 წლის 25 იანვარს დაიბადა. მამამისი, ვახტანგ ფეტვიაშვილი, მოქანდაკე იყო, დედამისი, მანანა აბრამიშვილი კი – პოეტი და დრამატურგი. მხატვრობის ნიჭი ბავშვობიდან გამოამჟღავნა და წლინახევრის ასაკში ხატვა დაიწყო. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც გამოცდების გარეშე მიიღეს.
„მამაჩემი ამბობდა, რომ მხატვარი უნდა იყოს თავისუფალი, არავის აზრს არ უნდა ითვალისწინებდეს. როდესაც ტილოზე თავის დამოკიდებულებას, ფანტაზიას და გრძნობას მთლიანად გადმოსცემს, მაშინ ის ნამდვილი მხატვარიაო. აქედან გამომდინარე, ჩემს ნამუშევრებში ყველა თემა გახსნილი და თავისუფალია“ - ამბობდა რუსუდანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
პირველი გამოფენა თბილისში, ფილარმონიაში ჰქონდა. ეს ბავშვთა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა იყო, სადაც თავისი 80 ნამუშევარი წარადგინა. მეორე გამოფენა 12 წლის ასაკში გააკეთა. შემდეგი გამოფენა მოსკოვში გაიმართა, სადაც რუსუდანის ნამუშევრების სანახავად ბევრი ადამიანი მივიდა, მათ შორის, მთავრობის წევრები, ხელოვანები... შემდეგი გამოფენა უკვე პარიზში მოეწყო, რომელსაც სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქის მერმა რუსუდანის ნახატების გასარჩევად სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ხელოვნებათმცოდნეები, ფსიქოლოგები, ჟურნალისტები მიიწვია.
"13 წლის ვიყავი, "ბავშვთა ხელოვნების მუზეუმში" ჩემი პერსონალური გამოფენა რომ მოეწყო. ეს შენობა გალერეისთვის უნდა წაერთმიათ. იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვთა გალერეისთვის არ შეიძლებოდა შენობის ჩამორთმევა, ჩემი გამოფენა 3 თვეს გაგრძელდა. ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა და "ბავშვთა ხელოვნების გალერეა" იმდენად ყურადღების ცენტრში მოექცა, რომ შენობა შეუნარჩუნდათ. მახსოვს, ამ გამოფენაზე პატრიარქიც მობრძანდა და შთაბეჭდილებების წიგნში თბილი სიტყვები ჩამიწერა, მერე მე და დედაჩემი თავისთან დაგვპატიჟა და ჯვარი მაჩუქა, რომელიც 30 წელზე მეტია, არ მომიხსნია, ასევე დავითნი და ნუსხა-ხუცური სახარება. მას შემდეგ ვიცოდი, თუ გამიჭირდებოდა, არსებობდა ადამიანი, ვისთანაც შემეძლო მისვლა.“
1987 წელს, სსრკ-ს მარგარეტ ტეტჩერი ეწვია. საქართველოში ჩამოსული პრემიერ-მინისტრი რუსუდან ფეტვიაშვილს შეხვდა, რომელმაც მას თავისი ნახატი აჩუქა.