ქართველი მეკარე თათია გაბუნია 2000 წლის 7 ივლისს დაიბადა. თამაშობდა ლანჩხუთის ქსკ- ში. თათია ჩოხატაურიდანაა და ბავშვობიდან თამაშობს ფეხბურთს. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს იგი გადავიდა თურქეთში და გააფორმა კონტრაქტი დიარბაკურში დაფუძნებულ კლუბ Amed SFK- თან. Amed SFK-ში მხოლოდ ერთი გამოჩენის შემდეგ, ის სახლში დაბრუნდა.
- 14 წლის იყო, როცა სერიოზულად გადაწყვიტა ფეხბურთის თამაში. მანამდე სტადიონზე ბიჭებთან ერთად თამაშობდა. სწორედ სტადიონზე შეამჩნიეს და შემდეგ მოხვდა ლანჩხუთის “ლანჩხუთში“, კლუბიდან კი გადაიყვანეს ეროვნულ ნაკრებში.

"ჩემი შვილის ინტერესები ყოველთვის ჩემთვის პირველ ადგილზე იდგა. ოჯახის წევრებმა კარგად გავუგეთ თათიას და კიდევაც ვეხმარებოდით, რომ წარმატებული ფეხბურთელი გამხდარიყო. საზოგადოებისგან უფრო იყო გზავნილები _ ფეხბურთი გოგოსთვის არ შეიძლებოდა. ხშირად გამიგია, რა ქალის საქმეა ფეხბურთიო, მაგრამ… დროის განმავლობაში ეს სტერეოტიპები დაიმსხვრა და როდესაც ჩემპიონთა ლიგაში გავიდნენ, ყველაზე მეტად ჩოხატაურში და ლანჩხუთში ზეიმობდნენ ამ ამბავს. თათია თემურ ჩხიკვიშვილმა შეამჩნია და მას დიდი წვლილი აქვს, რომ ჩემი შვილი ფეხბურთელია.

იყო მომენტი, როდესაც ჩემზე უფრო მამა დაუდგა გვერდში. თავიდან რომ იყო საუბარი ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე, რა თქმა უნდა დიდი საუბრები და განხილვები გვქონდა ოჯახში. თათიას ისე უნდოდა და ისეთი მონდომებული იყო, ვერანაირი ძალა ვერ შეცვლიდა მის გადაწყვეტილებას. ცოტა “მიუღებელი“ იყო იმ პერიოდში თათიას ფეხბურთელობა, მაგრამ ახლა, არ ვნანობთ, რომ მას გვერდით დავუდექით" - ამბობდა თათიას დედა ერთ-ერთ ინტერვიუში.
"მამაჩემი, რომელიც ყველაზე მეტად მიკრძალავდა ფეხბურთის თამაშს, პირველი იყო ვინ მითხრა - წამოდი ფეხბურთი ვითამაშოთო. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ქალებს შეგვიძლია ფეხბურთის თამაში და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გამართლება არ იყო. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ფეხბურთს ყურება არ მიყვარს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ, მაგრამ "გიჟი" მაყურებელი არ ვარ. უცნაური შეგრძნებაა, როცა ტრიბუნებიდან შენი სახელი და გვარი ისმის. უფრო მეტის გაკეთების სურვილს გიჩენს. გინდა იმაზე მაგარი იყო, ვიდრე დღეს ხარ..." - ამბობდა თათია.