9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
"ჩვენ ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება! დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!" - რას წერს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი, ნანა მახარაძე
"ყოველ ღამით ხმელ ფოთლებში დავდივარ, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?" - რა წერია დღიურში, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა გმირის დედამ წლების შემდეგ იპოვა
ნანა მახარაძე

იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ, 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე საქართველოს დროშით ხელში გამოსახული ლამაზი და იდუმალი გოგონას ვინაობა, წლებია განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა. ბევრს ის დაღუპული ეგონა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ის გოგონა ცოცხალია და ისევე როგორც უამრავი ქართველი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, უკვე წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს.
ინა ანდრიუკა

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით იბრძოდა მოლდოველი სტუდენტი ინა ანდრიუკა. ის თანაკურსელებთან ერთად გაცვლითი პროგრამით სწავლობდა თეატრალურ უნივერსიტეტში და საპროტესტო აქციებში ჯერ კიდევ 1987 წლის ნოემბერში ჩაერთო.
"მახსოვს, რომ გამოჩნდნენ ტანკები და ჯარისკაცები, ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, მაქსიმუმ 18 წლის. ყველას ეჭირა ხელში პატარა სამხედრო ნიჩაბი.
ჩვენთან იყვნენ ახალგაზრდა ორსული გოგოები, მოხუცები. სთხოვდნენ სალდათებს დამშვიდებულიყვნენ და შეტევა არ დაეწყოთ. თუმცა ჯარისკაცებს თავიანთი უფროსები ჰყავდათ და ბრძანება მიიღეს. დაიწყო რბევა და სასანგრე ნიჩბები მოქმედებაში მოიყვანეს. ხალხს უმისამართოდ ჩეხავდნენ. შეიქმნა პანიკა. ჩვენ გაზის შაშხანებს გვესროდნენ. საშინელება იყო. არ ვიცი როგორ, მაგრამ გამოქცევა მოვახერხეთ." - იხსენებდა ინა მოგვიანებით.
ლელა ვეფხვაძე

თუ ნანა მახარაძე 9 აპრილის სახეა, ლელა ვეფხვაძეს თამამად შეიძლება ხმა ეწოდოს. არ გაჩერებულა 9 აპრილის ღამეს, როცა საბჭოთა ჯარი მშვიდობიან დემონსტრანტებს ტანკებით მოადგა. ლელა ვეფხვაძის სიმღერა ყველას ახსოვს.