ბოლოს დესერტი და ყავა შემოიტანეს. სინანულით ამოვიოხრე, ეს ალბათ იმას ნიშნავდა, რომ საღამო დასასრულს მიუახლოვდა. კიდევ ერთხელ მიმოვიხედე და მოულოდნელად ჯონათანის გაბრაზებული და უკმაყოფილო სახე მომხვდა თვალში. ის გარეთ იყო გასული და ბრუნდებოდა. როგორც ჩანს, მან ჩემი მზერა იგრძნო, თვითონაც შემომხედა და ნაძალადევად გამიღიმა. ღმერთო, რა ყალბი იყო ეს ღიმილი!
ნეტავ, რა ეწყინა? როგორც ჩანს, რიკი დიდად არ მოსდის თვალში. რა ჩაიფიქრა? ამის გაფიქრებაზე შევკრთი და გამაჟრჟოლა. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. შევეცადე, სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება, რადგან ეს სულაც არ იყო ჩემი საქმე. ან კი რა მანაღვლებდა, ეს ერთი ღამე და მერე ვეღარასდროს ვნახავდი ამ სტუმართაგან ვერც ერთს, მათ შორის, რიკსაც. ამიტომაც არ უნდა მენერვიულა მათ უთანხმოებაზე.
თითქოს იგრძნო ჩემი ხასიათის ცვალებადობაო, რიკი ჩემკენ გადმოიხარა და ხელზე ხელი წამავლო.
- კარგად ხარ? ცოტათი მაინც გამხიარულდი? მოგწონს საღამო?
მისი შეხებისას ლამის შევხტი, ისე დამბურძგლა მთელ სხეულზე. მინდოდა, ხელი გამომეწია, მაგრამ ვერ გავბედე. სისულელე იქნება ასე მოქცევა, რას იფიქრებს! არადა, რას განვიცდი? მე ხომ სრულებით არ ვიცნობ მას? დიდი ამბავი, ხელი თუ შემახო!
- გმადლობთ, ყველაფერი რიგზეა, - დავიჩურჩულე.
როგორც კი შევატყვე, რომ ხელის გაშვებას არ აპირებდა, მოხერხებულად გამოვითავისუფლე თითები და ვითომ ძალიან მჭირდებოდა, ხელსაწმენდს გადავწვდი.
ძალიანაც კარგი, თუკი მიხვდა, ეს მანევრი რატომაც გავაკეთე. არ მაღელვებს, რა გაიფიქრა.
- წამოდი, ვიცეკვოთ! - მითხრა და სანამ უარს ვეტყოდი, ხელი მაჯაში ჩამავლო და საცეკვაო მოედნისკენ გამიტაცა, თან სტუმრებს გასძახა:
- ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით!
სულ რამდენიმე წყვილი ცეკვავდა. ირგვლივ ნელი მუსიკის ჰანგები იღვრებოდა, რაც რომანტიკულ განწყობას ქმნიდა. რიკი ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი ლოსიონის სურნელს ვგრძნობდი, გაპარსვის შემდეგ რომ ხმარობენ მამაკაცები.
რაღაც უნდა მეთქვა, რათა ზედმეტად ინტიმური ატმოსფერო განმემუხტა და თავი ავწიე. სიტყვები ყელში გამეჩხირა, როცა მის მზერას წავაწყდი. თითქოს ჩასაფრებული იყო და მხოლოდ ამას ელოდაო, დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში, თან ჩამჩურჩულა:
- ძალიან ლამაზი და სექსუალური ხარ, კეიტ.
გულის ყრუ დარტყმებმა მიმახვედრა, რომ საშიშროების წინაშე ვიდექი.
- ეს მხოლოდ კაბის ბრალია, მე არაფერ შუაში ვარ, - შევეცადე, ხმა არ ამკანკალებოდა და მშვიდი ტონით წარმომეთქვა.
შემფასებლური მზერა მესროლა, რამაც მუხლები ამიცახცახა. ოღონდ ეს არ შეემჩნია! მისი საოცრად მამაკაცური ხიბლი მაგნიტივით მოქმედებდა ჩემზე. არ შემეძლო შევბრძოლებოდი იმ გრძნობას, რომელსაც იგი ჩემში იწვევდა.
- არ გეთანხმები, - მსუბუქად მითხრა, - თუმცა კაბა მართლაც თვალისმომჭრელია.
ძლივს მოვაცილე მზერა მის უცნაურად ლურჯ თვალებს და განზე გავიხედე.
- ეს კაბა მაჩუქეს. არაფერი მქონდა ისეთი, რომ ამ საღამოს ჩამეცვა.
სწორი გადაწყვეტილებაა, ყოჩაღ, კატო! საჭიროა, აგრძნობინო, რამხელა უფსკრულია თქვენ შორის!
- ვინ გაჩუქა, თუ საიდუმლო არ არის? - ისეთი ინტიმური ხმით ჩამჩურჩულა, თავბრუ დამესხა.
- რა? - დაბნეულმა ავხედე.
- ვინ გაჩუქა-მეთქი? - კიდევ უფრო ჩუმად მკითხა. სახის გამომეტყველება შეეცვალა, მაგრამ ვერ მივხვდი, რატომ.
- მამიდა ჯულიმ. - დავაკონკრეტე.
- ჯული? - გაიკვირვა.
- ჯულიამ, - შევასწორე და მამიდაჩემის სახელის ინგლისური ვარიანტი ამოვთქვი.
- მამიდამ… ეს იგი, მამიდამ და არა თაყვანისმცემელმა? - სახე გაუნათდა და კიდევ უფრო მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე.
- თაყვანისმცემელმა? - წარბები შევჭმუხნე, - ეს როგორ იფიქრე ჩემზე? - უფრო და უფრო ვუთამამდებოდით ერთმანეთს.
- რა ვიცი, ყველაფერი ხდება… - მშრალად გამომეპასუხა.
- მსგავს საჩუქრებს არ ვიღებ მამაკაცებისგან! - თვალები დავაბრიალე.
- მიხარია ამის მოსმენა!
როგორ დამცინის! არ ვუყურებდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ირონიულად იღიმოდა.
- სხვათა შორის, აჯობებს, გამიშვა, ნელი ცეკვა უკვე დამთავრდა, - მაშინვე ვუთხარი, როგორც კი მუსიკამ აუჩქარა.
- აჯობებს, მაგრამ არ მინდა გაგიშვა, - ჩემს ზურგზე დაწყობილი თითები მუსიკის რიტმზე აათამაშა.
- ხალხი გვიყურებს…
- დაე, გვიყურონ! - მან თავი დახარა და ოდნავ შემეხო ტუჩებზე, - ახლა მაინც გაუჩნდებათ სალაპარაკო.
ამ შეხებას კოცნა არც ეთქმოდა, მაგრამ მე ისე დამახვია თავბრუ, ლამის წავბარბაცდი. ტუჩები იმდენად გამიხურდა, იძულებული გავხდი, გამელოკა.
- ძალიან გთხოვ, ასე მეტად აღარ გააკეთო, - მტკიცე ხმით ვუთხარი, როცა გონს მოვეგე, - ჩვენ ასეთ რამეებზე არ შევთანხმებულვართ.
- საერთოდ, არც არაფერზე შევთანხმებულვართ, როგორც მახსოვს, - ნიშნის მოგებით დამხედა.
მოვიღუშე და წარბშეკრულმა მივუგე:
- იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ამის საჭიროება არ არსებობს-მეთქი და კიდევ… კიდევ მეგონა, რომ ნამდვილ ინგლისელ ჯენტლმენთან მქონდა საქმე.
რიკმა ჩაიცინა და ყოველგვარი შეცბუნების გარეშე მიპასუხა:
- შენ შეცდი.
მის სიტყვებზე, სავარაუდოდ, უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ ამის მაგივრად, თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა.
- მაშინ გარკვეული "თეზისების" განხილვა მოგვიწევს, - გამოვუცხადე.
- შესანიშნავია! საინტერესო მოსასმენი იქნება, დაიწყე! - დაყენებული თავაზიანობით მიპასუხა.
- მე შენი წინადადება მივიღე იმ პირობით, რომ აქ მოვსულიყავი…
- როგორც ჩემი გოგონა, - დამეხმარა წინადადების დამთავრებაში.
- როგორც შენი თანმხლები პირი, - ხაზგასმით შევუსწორე, - რაც მინიმალურ ფიზიკურ კონტაქტს გულისხმობს.
- და ამაზე რას იტყვი? ამწუთას რას გრძნობ? - მკითხა და თითები ვნებიანად ააყოლა ჩემს ზურგს მანამ, სანამ კაბის ჭრილს არ მიუახლოვდა და თითები შიშველ კანს შეახო. მეგონა, ცეცხლი წამეკიდა.
- ვერავითარ ინტიმურობას, - რაც შეიძლებოდა, ბუნებრივად ვუპასუხე, მაგრამ ნათქვამს მაშინვე ჩუმი ოხვრა მოვაყოლე, რათა შეკავებული სუნთქვისთვის გზა მიმეცა.
თავდაჯერებით გადააქნია თავი.
- ვერაფრით დაგეთანხმები, - მისი თითები უფრო გათამამდნენ, თავად კი ჩემს რეაქციას ყურადღებით აკვირდებოდა, - დღეს შენ ჩემი თანმხლები ხარ, თუკი ასეთი "წოდება" უფრო გსიამოვნებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს რამით შევიზღუდავ.
ღმერთო ჩემო! მთლად ქართველი კაცივით ლაპარაკობს! ნუთუ მართლა ყველა კაცი ერთნაირია? - გული გამალებით მიცემდა.
ამასობაში მუსიკა დამთავრდა და სწორედ ამ დროს ჩვენს სიახლოვეს ჯონათანი შევნიშნე თავის ქერათმიან "ნაშასთან" ერთად. მამაკაცი თვალს არ გვაშორებდა, ისეთი დაჟინებული მზერით მოგვშტერებოდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, თავი ხელში ამეყვანა. რიკის მკლავებს დავუძვერი და განზე გავდექი:
- თუ წინააღმდეგი არ ხარ, მაგიდას დავუბრუნდები.
- რა თქმა უნდა, - როგორც გალანტურმა კავალერმა, ხელი ჩამკიდა და სუფრასთან მიმაცილა.
ნუთუ კომპანიის "ხერხემალს" ჩვენი საუბარი ესმოდა? ვცდილობდი, გონებაში აღმედგინა ჩვენი დიალოგის ყველა დეტალი, რათა მივმხვდარიყავი, რა დასკვნის გამოტანა შეეძლო ჯონათანს აქედან, მაგრამ მუსიკის და სუფრის წევრების ხმაური ფიქრში ხელს მიშლიდა. როცა სხვა გზა არ დამრჩა, ყველას ბოდიში მოვუხადე და ტუალეტისკენ ავიღე გეზი, თან ვცდილობდი, რიკის მხარეს არ გამეხედა.
ძალაგამოცლილი შესასვლელში დივანზე დავეხეთქე და სული მოვითქვი. მერე სარკეში ჩავიხედე და ჩანთიდან პომადა ამოვიღე, რათა ტუჩები შემელამაზებინა.
ვაითუ, ჯონათანმა იფიქრა, რომ რომელიმე სააგენტოს მეშვეობით დამიქირავა რიკმა? ლონდონში ხომ ბევრი სააგენტოა, სადაც გოგონებს ესკორტისთვის ქირაობენ! ამ აზრმა უსიამოვნოდ შემიფრთხიალა გული. მაგრამ არა უშავს. ამ ღამეს როგორმე გადავიტან, ხვალიდან კი ვერასდროს ვნახავ ვერც ერთს და ვერც მეორეს. რა მნიშვნელობა აქვს, რას იფიქრებენ ჩემზე ამწუთას ან თუნდაც ხვალ? რატომღაც, თავიდანვე ანტიპათიურად განვეწყე მაგ კაცის მიმართ. რატომ გვაყურადებდა? რა უნდოდა? რა მისი საქმე იყო, მე და რიკი რაზე ვსაუბრობდით?
თან ვბრაზობდი, თან ვამშვიდებდი ჩემს თავს. არ იღელვო, კატო! შენ შეასრულე ის, რასაც დაჰპირდი. ცოტა ხანში შინ წახვალ და ეს საღამო ცუდი სიზმარივით დამთავრდება. თანაც წახვალ ტაქსით და არა რიკის მანქანით.
მისი ბოლო განცხადებების მერე არ ღირდა გარისკვა. რა გარანტია მქონდა, რომ მანქანაში ხელებს არ დაიგრძელებდა? ამის მცირე შანსიც არ უნდა მიმეცა! ეს კაცი ძალიან საშიში იყო, ისევე, როგორც ჩემი რეაქცია მის ყოველ შეხებაზე.
ასე არ ივარგებს! ამ ეტაპზე არანაირი ცხოვრებისეული გართულება არ მჭირდება! უნდა ვიყო პრინციპული და ამ არეულობას დროზე უნდა დავუსვა წერტილი.
თმა გავისწორე და ტუალეტიდან გამოვედი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ვიღაცამ მკლავში მტაცა ხელი. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, სუსტად შევკივლე. კიდევ კარგი, ზედმეტი არ მომივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შემეშინდა. ჩემ წინ ჯონათან გრიტი იდგა.
- რას აკეთებთ? გამიშვით ხელი, თუ შეიძლება!
- მაპატიეთ, მაპატიეთ! - გრიტმა გაიღიმა, კვლავ ყალბად, - უბრალოდ, თქვენთან გასაუბრება მინდოდა.
- აჯობებს, სუფრასთან ვისაუბროთ, - თავაზიანად მივუგე. სულაც არ მინდოდა მასთან ლაპარაკი, მით უმეტეს - პირისპირ, ერთი-ერთზე.
- უცხოების გარეშე მირჩევნია, კეიტ, - ხმას დაუდაბლა.
- იცით, რა? მე თქვენ არ გიცნობთ, ამიტომ არ მესმის, რა უნდა გვქონდეს უცხოების გარეშე სალაპარაკო, - ავკანკალდი. ეს კაცი ფლიდი და გაიძვერა მეჩვენებოდა.
- ძალიან გთხოვთ. სულ ორიოდე სიტყვა! მესმოდა, რაზეც საუბრობდით თქვენ და რიკი საცეკვაო მოედანზე. სწორად გავიგე, რომ თქვენ მისი გოგონა არ ხართ?
ასეთ რამეს არ ველოდი. როგორც ჩანს, მართლა გვისმენდა და ეს არც დამალა. როგორ აღიარა?!
მას ჩემი პასუხისთვის არ დაუცდია, ისე გააგრძელა:
- საქმე ისაა, რომ რიკმა, იცით ალბათ, ახლახან შეისყიდა ჩვენი კომპანია. ამან ძალიან ბევრი ადამიანი გაანაწყენა, თუმცა ყველამ ჩუმად ყოფნა ამჯობინა. ჩემი აზრით, ისინი მოისყიდეს, რისთვისაც სერიოზული კომპენსაცია გაადაუხადეს, - სევდიანად დასძინა.
- მაგრამ ამას ჩემთან რა კავშირი აქვს? - უკმაყოფილოდ შევეკითხე.
- მე როგორც მოვისმინე, ის აღტაცებულია თქვენით. თქვენ კი, ყველა სხვა ქალისგან განსხვავებით, არ ცდილობთ, შეეტენოთ. ამიტომაც მინდოდა წინადადება შემომეთავაზებინა. გულუხვად გადაგიხდით, ჩემთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას თუ გამირკვევთ.
- რა-ა? - გაოცებული მზერა მივაპყარი.
- გესმით ალბათ, რასაც ვგულისხმობ. საწოლში მეტის გაგებაა შესაძლებელი. მინდა, დაწვრილებით ვიცოდე, როგორ მოახერხა კომპანიის შესყიდვა, როგორ აიძულა ეს ხალხი, ხმა არ ამოეღო და გადაუხადა თუ არა ფული ჩვენს მოადგილეს თანამშრომლობისთვის. გესმით ჩემი? ნაძლევს დავდებ, რომ ჩემ გარდა ყველა მოსყიდული ჰყავს… ეს კი უსამართლობაა.
"როგორი ვიგინდარაა!" - გამიელვა გონებაში. - ამ გაიძვერას სურს, რიკს ფული დასცინცლოს! თუკი მართალია, რასაც ამბობს და ეს ამას გაიგებს, ალბათ შანტაჟს მოუწყობს.
მზად ვიყავი, სილა გამეწნა მისთვის, კიდევ ერთ სიტყვას თუ მეტყოდა. "საწოლში მეტის გაგებაა შესაძლებელი!" ასეთი რამ როგორ გამიბედა!
- თუკი მისტერ ნელსონის საქმეებში ჩახედვა გსურთ, უმჯობესი იქნება, პირდაპირ მას მიმართოთ და ჰკითხოთ! - ცივად მივუგე. - გასაგებია?
თვალები ბოროტად აენთო. როგორც ჩანს, ჩემმა ტონმა დააბნია, მაგრამ მაინც შემპარავი ხმით გააგრძელა:
- მგონი, მაინცდამაინც კარგი იდეა არ უნდა იყოს. მისი სისუსტე ქალებია. თქვენ უფრო ადვილად გამოგივათ ამის გაგება, მეტ ლმობიერებას რომ გამოიჩენდეთ მის მიმართ. შეეცადეთ, უფრო ალერსიანად მოექცეთ. დამიჯერეთ, ვერაფერს მიხვდება, ეჭვს წამითაც არ აიღებს, რადგან მიჩვეულია, ქალები ფეხქვეშ რომ ეგებიან.
- მართლა? - ზიზღით მოვხუჭე თვალები. ამწუთას სადმე სხვაგან რომ ვყოფილიყავით, ისე მწარედ გავარტყამდი ხელს, თვალებიდან ნაპერწკლებს გავაყრევინებდი, მაგრამ აქ არ გამოდიოდა. - თქვენი ბინძური გეგმებისთვის საჭირო ქალი ვერ შეარჩიეთ, მისტერ გრიტ, - ხმას ავუმაღლე, - და როგორც კი სუფრასთან დავბრუნდები, მისტერ ნელსონს სიამოვნებით მოვუყვები, რა ინტრიგებსაც ხლართავთ მის ზურგს უკან.
- ეს აღარ იქნება საჭირო! - საშინლად ცივი ხმა გაისმა უეცრად.
მოულოდნელობისგან ორივენი შევკრთით. ჩემი მაღალი ქუსლების გადამკიდე, გაჭირვებით მოვტრიალდი და რიკი დავინახე. ეს სულაც არ იყო ის რიჩარდ ნელსონი, რომელსაც ვიცნობდი. მამაკაცი, რომელიც ჩემ წინ იდგა, ცივსისხლიან მკვლელს ჰგავდა.
- რიკ! - ჯონათანს მსწრაფლ მლიქვნელური გაუხდა ხმა, - შენ არასწორად გაიგე ჩემი ნათქვამი.
- შეწყვიტე! ამის განსახილველად არც დროა შესაფერისი და არც ადგილი. ჩემს ოფისში გელოდები ორშაბათს, ზუსტად ცხრა საათზე. არც ერთი წამით გვიან!
- მაგრამ მომეცი უფლება, აგიხსნა…
- სამწუხაროდ, ამისთვის დრო აღარ დაგრჩა, ჯონ, რადგან უკვე მიდიხარ, - ოფიციალური ტონით წარმოთქვა რიკმა და ხელი ასწია. იმ წამსვე, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, მის გვერდით ოფიციანტი გაჩნდა. - თუ შეიძლება, მე-12 მაგიდასთან მის მაკარტნის გადაეცით, რომ მისტერ გრიტი გასასვლელთან ელოდება.
როცა მიმტანი წავიდა, ჯონათანი კვლავ შეეცადა თავის მართლებას, მაგრამ რიკმა მსწრაფლ შეაწყვეტინა:
- თუკი უახლოეს ერთ წუთში გაქრები, კიდევ იქნება შესაძლებელი, ნორმალურად დავშორდეთ ერთმანეთს. - რიკს ხმა უფრო და უფრო უმკაცრდებოდა, - სასწორზე ნუ შეაგდებ შენს ბედისწერას, ჯონ, ა?
სწორედ ამ დროს გამოჩნდა გრიტის თანმხლები გოგონა. რიკმა ხელი დაუქნია.
- ჯონათანი თავს შეუძლოდ გრძნობს, რის გამოც იძულებულია, წავიდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, თქვენს სახლამდე მიცილებას შეძლებს. ღამე მშვიდობისა, ბატონებო!
ამის შემდეგ ხელი ჩამკიდა, დარბაზში შემიყვანა და იქ შემაჩერა.
- იქნებ დრო გჭირდება, რომ ცოტა აზრზე მოხვიდე? - რბილად მკითხა აცახცახებულს.
მხოლოდ თავი დავუქნიე, ძალა არ მქონდა, ხმა ამომეღო. მანაც არ დაახანა და კოქტეილ-ბარისკენ წამიყვანა.
ბართან ბევრი თავისუფალი ადგილი იყო, ამიტომ რიკმა პირველსავე თავისუფალ მაგიდასთან დამსვა.
- რას უპირებ? - ხმადაბლა ვკითხე, როცა ცოტათი დავმშვიდდი.
- მასზე არ იღელვო. ისეთებს, როგორიც ჯონია, შეუძლებელია, რამე მოუხერხო. მისნაირები ყოველთვის მშრალად ამოდიან წყლიდან. კიდევ ხომ არ დალევ კოქტეილს?
- ყავა მირჩევნია.
რიკმა ოფიციანტი იხმო და ორი ყავა შეუკვეთა…
მიმტანმა მალევე მოიტანა ორი ყავა. რიკმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა მამაკაცს.
- ქრთამს არავის ვაძლევ. მინდა ეს იცოდე. - მომთხოვნი ტონით გააგრძელა საუბარი და თვალებში შემომხედა, - მართალი ის არის, რომ ყოფილ უფროსს, დიკს, აი, ცოლთან ერთად ჩემ პირდაპირ რომ ზის, თავიდანვე არ უნდოდა მართვის სადავეების დათმობა, მაგრამ შეთანხმებას მივაღწიეთ, ისეთს, როგორიც ორივე მხარისთვის იყო მისაღები. სამწუხაროდ, ის რბილი ხასიათის კაცია და ამიტომაცაა, მის გვერდით ჯონისნაირია ტიპის ადამიანები რომ იყრიან თავს. როგორც კი კომპანია გადმოვიფორმე, მაშინვე მივხვდი, სტაფის შეცვლა რომ მომიწევდა. რა თქმა უნდა, არა მთლიანად, მაგრამ პარაზიტები არ მხიბლავს, ასეთებს ახლოს არ გავაჭაჭანებ. დარწმუნებული ვარ, ჯონათანმა იგრძნო, გათავისუფლებას რომ ვუპირებდი და შეეშინდა. დიკი მასზე ამბობდა, ჩვენი საქმის ხერხემალიაო, მე კი ერთი შევხედე და ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა - ის პროფესიონალია აფერაში. შეუძლია თავი ყოვლისშემძლედ მოგაჩვენოს და ამ დროს ისე გამოგითხაროს ძირი, რომ გაგაკოტროს, თვითონ კი სარგებელი ნახოს.
- ახლა, მგონი, უარესადაა შეშინებული, - მეც შეშინებული ხმით ჩავილაპარაკე.
რიკს გაეცინა, ჩემს ხელს დასწვდა, ოდნავ მომიჭირა თითები და დამტკბარი ხმით გააგრძელა:
- ძალიანაც კარგი, მოუხდება! შენ კი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი მხარე დაიჭირე, - თქვა და ისე დაჟინებით დამაშტერდა, გამაჟრჟოლა. მის გამოხედვას ვერ ვუძლებდი, ჯადოსავით მოქმედებდა ჩემზე.
ჩემდა გასაოცრად, ჯონი მოსცილდა თუ არა იქაურობას, თავი გაცილებით თავისუფლად და კომფორტულად ვიგრძენი. ვხვდებოდი, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი, თითქოს ეს საღამო არა რიკის თანამშრომლების, არამედ ჩემს პატივსაცემად იყო გამართული. არადა, მეგონა, ჯონთან მცირეხნიანი კონფლიქტი საბოლოოდ გამიფუჭებდა ხასიათს. მეშინოდა, თავის ხელში აყვანას ვერ შევძლებ-მეთქი, თუმცა, ფინჯანი ყავა, რიკის ყურადღება და ყველაფერი ერთ წამში დალაგდა. უსიამოვნო მომენტი სრულიად გადამავიწყდა.
ყავა დავლიეთ და ჩვენს მაგიდას დავუბრუნდით. სტუმართაგან არავის უკითხავს, სად იყავით, მარტო რატომ დაგვტოვეთ ან ჯონი სად გაქრაო. ყველამ ჩვეულებრივად მიიღო მათი "ხერხემლის" გაუჩინარებაც და ჩვენი დროებითი განმარტოებაც. არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, მაგრამ წავიდა თუ არა ჯონათანი და მისი თანმხლები გოგონა, სტუმრები უფრო გამხიარულდნენ. წესით, გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო. იმის მიხედვით, როგორც ის რიკმა დაახასიათა, სხვანაირ რეაქციას არც მოველოდი.
საინტერესოა, სხვებს რა ჩააწვეთა ყურში რიკის შესახებ? მოასწრო ვინმესთან მასზე ძვირის თქმა, თუ მხოლოდ მე გამომიჭირა? მისნაირები არასდროს ჩერდებიან და ყოველთვის ცდილობენ, წყალი აამღვრიონ, ოღონდ კი საყრდენი არ გამოეცალოთ ხელიდან. ალბათ კვლავაც ეცდება, თანამშრომლები რიკის წინააღმდეგ განაწყოს.
ყურდაღებით გადავავლე თვალი სუფრის ყველა წევრს, მაინტერესებდა გამეგო, როგორი თვალით უყურებდნენ თავიანთ ახალ უფროსს. სხვათა შორის, კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. არავის უცდია რესტორნის დატოვება და შინ გაქცევა, ყველა გართული იყო საუბრით, ხუმრობდნენ, იცინოდნენ და დესერტს შეექცეოდნენ.
ასე გაგრძელდა შუაღამის სამ საათამდე. საღამო, როგორც იქნა, დამთავრდა და დამშვიდობების დრო დადგა. ყველა ხელს ართმევდა რიკს, მადლობას უხდიდნენ შესანიშნავი საღამოსთვის და ამას ისე გულწრფელად აკეთებდნენ, გული ამიჩუყდა.
რიკმა ყველა სტუმრისთვის სათითაოდ გამოიძახა ტაქსი. გამიკვირდა, ნუთუ ასეთ საღამოებზე მდიდარი ადამიანები საკუთარი ავტომობილებით არ დადიან? ქართველ კაცს, მით უმეტეს, მდიდარს, საჭეს ვერ "გააგდებინებ" ხელიდან, განსაკუთრებით არაფხიზელ მდგომარეობაში, აქ კი ყველაფერი სხვანაირად იყო.
ბოლოს მარტონი დავრჩით და ჩემმა დამქირავებელმა მძღოლს დაურეკა.
ბობი წამსვე რესტორანთან გაჩნდა, თითქოს იქვე იყო მიმალული და ბოსის ზარს ელოდაო. როცა რიკმა "მერსედესის" კარი გამოაღო, ხმადაბლა მკითხა:
- გინდა, ცოტა ხნით ჩემთან ავიდეთ? ვისაუბროთ, თუ შენთვის უხერხული არ იქნება.
- არა, - წამოვიძახე დაზაფრულმა და შეშინებული ტონი რომ გადამეფარა, ღიმილით დავამატე;
- ძალიან დავიღალე, ჩემთვის საოცრად გრძელი დღე გამოდგა.
- ან ღამე, - ეშმაკურად გადამიკრა და მძღოლს მიუბრუნდა, - მივიყვანოთ სახლში მის კეიტი, ბობ!
როგორც კი მანქანა დაიძრა, რიკმა ნელა ჩამოუშვა მინის ტიხარი, რომელიც მძღოლთან გვაკავშირებდა და უკანა სალონში ისეთი ინტიმური ატმოსფერო გამეფდა, დავიძაბე. სასწრაფოდ უნდა მელაპარაკა რაღაც ნეიტრალურ თემაზე, რომ აღელვება არ შემტყობოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი.
მოულოდნელად რიკმა მხარზე ხელი გადამხვია, ჩემკენ გადმოიხარა და მაკოცა. არა ისე, როგორც ცეკვის დროს. ეს კოცნა უსაზღვროდ ვნებიანი, სულის ამშლელი და მათრობელა იყო.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მისტერ ნელსონს მდიდარი გამოცდილება გააჩნდა ამ საქმეში, კარგად ჰქონდა ათვისებული ქალის სისუსტეები და იცოდა, როგორ ესარგებლა ამით. მოსალოდნელ საშიშროებაზე განგაშს ტეხდა შინაგანი ხმა, მაგრამ ამწუთას მისი არ მესმოდა. შეუძლებელი იყო, შეგხებოდა ამ კაცის ტუჩები, რომლებიც საპასუხო კოცნას ითხოვდნენ და თავის დაცვაზე გეფიქრა. მისი მამაკაცური სხეული და გამაბრუებელი სურნელი ბანგივით მოქმედებდა ჩემზე, ძალას მართმევდა და აღმაგზნებდა.
ვიცოდი, ასეთ ზეწოლას ვერ გავუძლებდი. არ ვიცი, რისი ბრალი იყო ეს. იმის, რომ დახამებული ვიყავი მამაკაცის ალერსს, თუ ქვეშეცნეულად ანდროს ვუხდიდი სამაგიეროს? ან იქნებ, უბრალოდ, ქალური ბუნების ბრალი იყო ყველაფერი? რადგან გკოცნიან, ესე იგი, ფავორიტი ხარ და უნდა ენდო? ან იქნებ იმის იმედი მქონდა, რომ ინგლისელ ჯენტლმენთან გატარებული ერთი საღამო, რომელიც კოცნის გარდა, სხვა საშიშროებას არ მიქადდა, თავისუფლად შეიძლებოდა საიდუმლოდ დარჩენილიყო ჩემი ნაცნობებისთვის? არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ მინდოდა, ეს წუთები არასდროს დამთავრებულიყო…
მიიღო თუ არა ჩემგან საპასუხო კოცნა, რიჩარდმა ისეთი კმაყოფილებით ამოიკვნესა, შემაჟრჟოლა.
რა სიგიჟეა! მგონი, ორივემ გავაფრინეთ!
ვიცოდი, რომ ეს შორს შეტოპვას ნიშნავდა, რომ საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი, მაგრამ ისე მსიამოვნებდა მისი კოცნა, წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. არც ის აპირებდა გაჩერებას. მისმა ხელებმა ადვილად მოძებნეს ჩემი კაბის ჭრილში შიშველი ზურგი და საქმეს შეუდგნენ.
ხომ ვგრძნობდი, რომ სისულელეს ჩავდიოდი, რომ ასე მოქცევა დამღუპველი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ისეთ ნირვანაში ვიყავი, ყველა აზრი გამიფრინდა გონებიდან. რიკმა საოცარი კოცნა იცოდა. ასე არასდროს არავის უკოცნია ჩემთვის, ანდროსაც კი. თავდავიწყებით მივეცი ვნებათაღელვას, მაგრამ მაინც დაძაბული ვრჩებოდი, რადგან მეშინოდა, კოცნით დაწყებულ პრელუდიას შტურმი არ მოჰყოლოდა. ჩემდა გასაოცრად, რიკი არ ჩქარობდა. ის თვალებდახუჭული აგრძელებდა ჩემი პირის ღრუს "გამოკვლევას".
არ ვიცი, ასე რამ გამათამამა. ალბათ მინდოდა, მთლად უმეცარი არ გამოვჩენილიყავი ესოდენ ინტიმურ საკითხში. ჩემმა ხელებმა დაუკითხავად გაისეირნეს მის პერანგზე, ორი ღილი ჩაუხსნეს მამამაკაცს და მის ფართო მკერდზე დაიდეს ბინა. ვიგრძენი, როგორ შეაკანკალა და უფრო ძლიერად მომხვია მკლავები. ადვილი მისახვედრი იყო, რაც სურდა. მეც იგივე მსურდა. ამწუთას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას, სად ვიმყოფებოდი და რა მოხდებოდა შემდეგ.
სწორედ ამ მომენტში ანდროს დამცინავი სახე დამიდგა თვალწინ. ჩემი ყოფილი თითქოს ხარხარებდა. ნუთუ ყველაფერი მეორდება? ნუთუ არ არის დრო, შეცდომებზე ვისწავლო? ის არანაკლები მამაკაცი იყო, მასაც საოცარი ხიბლი გააჩნდა და არაჩვეულებრივად ეხერხებოდა ქალების მონუსხვა. მაგნიტივით იზიდავდა საპირისპირო სქესს. ისიც მდიდარი იყო და გავლენიანი…
მოგონებებმა იმდენად ჩამითრია, რიკს კოცნაზე კოცნით აღარ ვპასუხობდი.
- რა მოხდა? - ჩურჩულით მკითხა. მის ხმაში არც გაღიზიანება შეინიშნებოდა და არც უკმაყოფილება.
- მე… მე… პირველ პაემანზე ამას არ ვაკეთებ, - ძლივს ამოვთქვი ჩურჩულით.
ეს კი ვთქვი, მაგრამ განა ჩვენს შეხვედრას ერქვა კი პირველი პაემანი? მგონი, გავართულე სიტუაცია.
- ვერ გავიგე… - მამაკაცმა თავი აწია და გაოცებულმა შემომხედა, - შენ რა, არავისთვის გიკოცნია?
ავნერვიულდი, ნერწყვის გადაყლაპვა მოვინდომე და კინაღამ სასულეში გადამცდა.
- კი, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ შორის ხდება.
- ანუ? - ვერ მიხვდა, რისი თქმა მინდოდა.
- მანქანის უკანა სავარძელზე, - ჩავახველე, ხმისთვის მეტი სითამამე რომ მიმეცა, - გამოსამშვიდობებელი კოცნა სადარბაზოსთან სხვა რამეა, ასეთი კოცნა კი სულ სხვა, უფრო მეტია და უფრო…
- ინტიმური? - ჩემ მაგივრად დაამთავრა.
- ჰო, - თავი დავხარე.
- მაშინ კარგი.
ისეთი თბილი ტონით დამეთანხმა, გამიხარდა. მიხაროდა ისიც, რომ სიბნელეში ჩემი აბრიალებული სახე არ ჩანდა.
- მოვილაპარაკეთ! არავითარი კოცნა, სანამ სადარბაზომდე არ მიგაცილებ, - ამ სიტყვებით კვლავ მომხვია ხელი, თავისკენ მიმიზიდა და ჩურჩულით გააგრძელა, - დაისვენე, მოეშვი. თვალები დახუჭე და რამე სასიამოვნოზე იფიქრე.
მაგრამ განა შემეძლო დასვენება ან მოშვება მაშინ, როცა ჩემი სხეულის ყველა უჯრედი გრძნობდა მის სიახლოვეს?
დრო ისე გაიწელა, მეგონა, მთელი ღამე გაილია, სანამ სახლამდე მივაღწევდით.
- მოვედით, - ჩამჩურჩულა რიკმა და თითები მომიჭირა, - აი, შენი სადარბაზო, კიბის საფეხურები და შესასვლელი კარი.
თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს ჩამთვლიმა და ხელი მივიფარე პირზე, ვითომ მთქნარება შევიკავე.
- უკვე მოვედით? - ყალბი გაკვირვებით ვიკითხე.
მის ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი გაკრთა. მიხვდა, რომ გულწრფელი არ ვიყავი.
მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა.
- მადლობა საოცარი საღამოსთვის! - იმ წუთასვე ვუთხარი და ხელი დავუქნიე, - ნახვამდის, გავიქეცი!
- კარამდე მიგაცილებ, - გაღიზიანება გაერია ხმაში, - ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ, რამე რომ შეგემთხვეს. ვაიდა, მანიაკია შენს ბინასთან ჩასაფრებული.
- მეეჭვება, ასე იყოს, - დავიჯღანე.
- რატომ? გაზეთებს არ კითხულობ? ჩვენ საშინელ და საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. - არ მომეშვა.
როგორც კი სადარბაზოს მივუახლოვდით, ვუჩურჩულე:
- ეცადე, არ იხმაურო. პირველ სართულზე ძალიან ავი ძაღლი ჰყავთ, თუ ყეფა დაიწყო, ყველას გააღვიძებს.
- მართლა? უნდა ვცადო. ძალიან მინდა ბასკერვილების ძაღლის ხმა ერთხელ მაინც გავიგონო, - სარკასტულად მომიგო.
- სერიოზულად გეუბნები.
მოულოდნელად ღრენის ხმა მართლა გაისმა და საუბარი შევწყვიტე. ფეხსაცმელი გავიხადე და ფეხშიშველი შევუყევი საფეხურებს.
- ღმერთო! - რიკის ჩურჩულით ნათქვამი ჩამესმა, - შენ რა პატარა ყოფილხარ, კაფანდარა! მთელი ღამე ამ საშინელებებზე როგორ იდექი? - ფეხსაცმლის ქუსლზე მიმითითა.
სიცილი ვერ შევიკავე.
- ჯერ სადა ხარ… მოიცა, ამოვიღო ჩემი შუშის თვალი, კბილების პროთეზი და პარიკიც მოვიხადო!
- ინტერესით ვკვდები, ისე მინდა ამ ყველაფრის დანახვა, - მანაც გაიხუმრა.
როგორც კი კარს მივუახლოვდი, სიხალისე ეგრევე გამიქრა. ნეტავ, რას ელის ჩემგან? რომ ყავაზე დავპატიჟებ? ჰო, ალბათ… თანაც ორ ფინჯანზე - ახლა და ხვალ დილით. მე მგონი, ნათლად მივახვედრე მანქანაში, რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ისევ რომ დამიპიროს კოცნა, რაღა ვქნა?
- კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლამაზი საღამოსთვის, - ჩავიდუდღუნე.
ახლა, როცა ფეხსაცმელი გავიხადე, იძულებული გახდებოდა, კიდევ უფრო დახრილიყო, კოცნას თუ დამიპირებდა. მართლა რა დაბალი ვარ მასთან შედარებით. არადა, მაღალი გოგო მეთქმის.
- იმეორებ. შენ უკვე მითხარი ეს, - დამკვირვებლის მზერა მესროლა და უეცრად დაამატა;
- ღამე მშვიდობისა, კეიტ!
გაოცებულმა ავწიე თავი და შევხედე. რა, უკვე მემშვიდობება? მერედა, კოცნა? ან ყავა? თუმცა, მალევე მოვეგე გონს. არ იყო საჭირო, შეემჩნია, როგორ არ მინდოდა მასთან განშორება.
- ღამე მშვიდობისა, - ვუპასუხე, - და ასჯერაც რომ მომიხდეს გამეორება, მაინც გეტყვი, რომ ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარე შენ გვერდით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მართლაც დიდებული წვეულება იყო.
რიკმა გაიღიმა.
- მეც ასე ვფიქრობ.
მოულოდნელად ხელი გამოიშვირა და თითები ღაწვზე ჩამომაყოლა. თვალები დავხარე.
იქნებ ჯობია, მართლა შევიპატიჟო? სახლში არაფერი მემუქრება. ჯულია მყავს დარაჯად. მაგრამ არაფრის თქმა არ დამჭირვებია. რიკი უეცრად გატრიალდა და კიბეზე დაეშვა.
ასეც ვიცოდი! მორჩა! ყველაფერი დამთავრდა! ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, მეტად აღარ დამპატიჟებს. ჩვენ შორის არც არაფერი ყოფილა და ვერც ვერაფერი იქნება.
- რას იტყვი, ხვალ ერთად რომ ვისადილოთ? - მოულოდნელად ქვედა სართულიდან მომესმა მისი ხმა.
გული ლამის გამიჩერდა. აი, ის - ჭეშმარიტების მომენტი! ამას ჰქვია დაიჭირე წამი!
- ვისადილოთ? - დაბნეულად ვიკითხე.
- აჰაა… ანუ დავიდოთ თეფშებზე რაღაც მაინც, რაც იჭმება.
როცა ასე მაშაყირებდა, უფრო მიადვილდებოდა გადაწყვეტილების მიღება.
- უღრმესი მადლობა დაპატიჟებისთვის, მაგრამ უარი უნდა ვთქვა. - ჩემი გულის მაგივრად, გონებამ გასცა პასუხი.
ხომ ვარ ახლა ღირსი, როგორც გინდაო, მითხრას და წავიდეს? მაგრამ ის არსად წასულა.
- რატომ? - რიკი სართულებს შორის იდგა და შემომცქეროდა.
- რატომ და იმიტომ, რომ…
პასუხი არ მქონდა. მგონი, გავქვავდი, ქანდაკებად ვიქეცი. ტვინიც კი ქვად მექცა. რა ვუთხრა? მოვატყუო? ვითომ საქმიანი შეხვედრა მაქვს დანიშნული? არა, ეს გამოსავალი არ არის. მეტყვის, მაშინ ვისაუზმოთ ან ვივახშმოთო. უფრო "მძიმეწონიანი" რამე უნდა მოვიფიქრო. - იმიტომ, რომ… ამ ეტაპზე არ მინდა ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა გავაბა.
აი, თავმოყვარე ქალის პასუხი, მაგრამ ის აპირებს კი ჩემთან სერიოზული ურთიერთობის გაბმას? ახლა რომ სიცილი აუტყდეს…
- გასაგებია… - მოისმა დახშული ხმა, - ალბათ სამსახურის გამო, არა? ვფიქრობ, მთლად საუკეთესო მიზეზი არ უნდა იყოს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ შენმა ძაღლმა კინაღამ დამგლიჯა. ჩემთან ვალში რომ ხარ, აღარ გაღელვებს?
- ჯერ ერთი, ჩვენ უკვე გავსწორდით. შენთან ერთად ერთი საღამო გავატარე. მეორეც - პეპი ჩემი ძაღლი სულაც არ არის.
- მაგრამ მასზე პასუხისმგებელი შენ იყავი, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ძაღლია? თუნდაც მეზობლის იყოს. გინდა, გავიხადო და ჩალურჯებული ადგილები გაჩვენო?
- არა, არ მინდა, თორემ ამაღამ არ დამეძინება!
ის კვლავ ცდილობდა ჩემ ცდუნებას, მაგრამ ანდროსგან ისეთი გაკვეთილი მქონდა მიღებული, ასე ადვილად არავის ანკესზე არ წამოვეგებოდი.
- ნახევარ საათში შემიძლია ქალთა მთელი გუნდი შევკრიბო, რომლებიც ჩემს წინადადებაზე უარს არ იტყვიან.
- ეჭვიც არ მეპარება, - სარკაზმი გავურიე ხმაში. აჰა, ამანაც ანდროსავით დაიწყო! ხომ ვამბობდი?
- კარგი. ხვალ შუადღისას შემოგივლი. ერთი პაბი ვიცი, ისეთ პუდინგებს ამზადებენ, ჯადოსნური გეგონება.
- ნუთუ მეხსიერება მღალატობს? - მკვახედ მივუგე, - მგონი, გარკვევით გითხარი, რომ არ ვაპირებ შენთან სადილობას!
- მე კი გარკვევით გიხსნი, რომ პაემანზე არ გეპატიჟები. უბრალოდ, მორალური და ფიზიკური ზარალის მოყენებისთვის კომპენსაციას ვითხოვ! გარდა ამისა, ვერ ვიტან კვირა დღეს მარტო სადილობას. ესე იგი, შევთანხმდით! - ამომძახა, ხელი დამიქნია და გაუჩინარდა.
"არა, არ შევთანხმებულვართ!" ვიყვირე გულში, მაგრამ ამის ხმამაღლა წარმოთქმას აზრი აღარ ჰქონდა. რა ჯიუტია! ამაზეა ნათქვამი, შეაყარე კედელს ცერცვიო, ჯიუტად თავისას გაიძახის!
მაინც ვცადე, გამეგონებინა. კიბის მოაჯირზე მთელი ტანით გადავიზნიქე და ჩავძახე:
- რიკ! არ ვაპირებ შენთან სადილობას!
- ზუსტად თორმეტზე! - გაისმა მისი ხმა. - და უარს არ მივიღებ!
- რიკ!
ის უკვე გასასვლელთან იყო.
- ნუ ყვირი ასე ხმამაღლა! აქ ავი ძაღლია! - მომაძახა და კარის გაჯახუნების ხმაც გაისმა.
გაგრძელება იქნება