ქართველი ფრენბურთელების სახელი ნელ-ნელა მსოფლიო ასპარეზზეც გაისმის და ამაში დიდი წვლილი საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას მიუძღვის. ბოლო დროს მასშტაბურ წარმატებას მიაღწია ფრენბურთის ქალთა ასაკობრივმა ნაკრებმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა. სერბეთსა და უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდე ფრენბურთელებმა ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ტურნირი სენსაციურად დაიწყეს. პირველივე მატჩზე მათ მასპინძელი სერბეთის ნაკრების დამარცხება ანგარიშით 3:2 შეძლეს. მართალია, ჩემპიონობის ტიტული იტალიის ნაკრებმა მოიპოვა, თუმცა ქართველი ფრენბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა უდიდესი გამოცდილება იყო.
საქართველოს ფრენბურთის ნაკრების ზოგიერთი წევრი ახლა უცხოეთში იმყოფება, სადაც სხვადასხვა კლუბში თამაშობენ. ამით მათ საშუალება ეძლევათ, განავითარონ თავიანთი სპორტული უნარები და მიაღწიონ უფრო დიდ წარმატებას. დღეს სწორედ ასეთ სპორტსმენებს გაგაცნობთ:
მაგდა კობაიძე 15 წლისაა, რომელიც კარიერულ თავგადასავალს უნგრეთში, ბალათონფურდის szent benedek röplabda akadémia- ში აგრძელებს.
ფრენბურთელი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს:
"როგორც იცით, საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა 17- წლამდელთა ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც 7 თამაშის ჩატარება მოგვიწია. ამ თამაშების დასრულების შემდეგ მალევე დაგვიკავშირდა აგენტი, რომელმაც შემოგვთავაზა უნგრეთის ერთ-ერთ გუნდში კონტრაქტის გაფორმება. კერძოდ, ბალათონფურდის szent benedek röplabda akadémia- ში.
კლუბი თამაშობს ექსტრა ლიგას. ჩემთან ერთად ბევრი უცხოელი მოთამაშე შემოუერთდა გუნდს და ამიტომ იმედები დიდია იმისა, რომ უნგრეთის ჩემპიონატში საპრიზო ადგილს მოვიპოვებთ.
უნგრეთში დამხვდა საკმაოდ კარგი სავარჯიშო პირობები, რაც ხელს შეუწყობს ჩემს ფიზიკურ განვითარებას. ასევე, კლუბი ორგანიზებას უწევს ყოველკვირეული ამხანაგური თამაშების ჩატარებას სხვადასხვა ქვეყანაში, რაც თამაშის პრაქტიკულ გამოცდილებას მაძლევს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემი კარიერული წინსვლისთვის.
საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ შეექმნა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კარგი სავარჯიშო პირობები. უნგრეთთან კონტრაქტის გაფორმებაში ასევე იყვნენ ჩართულები და ხელი შემიწყვეს, რომ კარგ პირობებში აღმოვჩენილიყავი."
მარიამ მუშკუდიანი 16 წლისაა, რომელიც ახლა საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს. სწორედ მარიამია ნაკრების ის გამორჩეული მოთამაშე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, გადამწყვეტ მატჩში გუნდს ყველაზე მეტი ქულა მოუტანა.
მარიამი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს:
"მიხარია, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. კლუბს Mulhouse Alsace, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოთამაშეა, არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მიღებული. ისეთი, როგორიც საფრანგეთის ჩემპიონობაა. მათ ძალიან დიდი ფრენბურთის ტრადიციები გააჩნიათ. ახლაც სეზონის ლიდერები სწორედ ჩვენ ვართ.