დალი თუშიშვილი გასული საუკუნის თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი იყო. მას წარმატებული კინოკარიერა ელოდა წინ, თუმცა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ყველაფერზე უარის თქმამ მოუწია: ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა და პროფესიაც, მშობლების რჩევით, რადიკალურად განსხვავებულ სფეროში აირჩია…
Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი: ნაწილი 2
მისი მამიდა - თამარ თუშიშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი, ერთ-ერთი პირველი ლენინის ორდენოსანი მსახიობი ქალი იყო. გარდა ამისა, მამის ძმის ცოლი გახლდათ ოპერის ცნობილი მომღერალი, სახალხო არტისტი ეკატერინე სოხაძე და ამიტომ, ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ კინოსა და თეატრის იმდროინდელი ლეგენდები, ცნობილი მხატვრები, პოეტები. ამან განაპირობა ქალბატონი დალის ხელოვნებისადმი სიყვარული.
გადასაღებ მოედანზე პირველად 12 წლის ასაკში მოხვდა. ითამაშა ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეულ ფილმებში: “დაისი”, “ცეცხლთან თამაში”, “ღამის ვიზიტი”, “აბესალომ და ეთერი”, “მაცი ხვიტია”, “ღიმილის ბიჭები”, “დიდოსტატის მარჯვენა”.
"პროფესიით მსახიობი არ ვარ. 12 წლის ასაკში გადამიღეს პირველად ფილმში, ლეო ესაკიამ შემნიშნა კინოსტუდიაში, მამიდაჩემს ჰკითხა ეს გოგონა ვინ არისო და მეორე დღეს გადაღებაზე დამიბარა. ჩამაცვეს ძველი სამოსი, ნაწნავები და ჩიხტიკოპი გამიკეთეს, ასე მოვხვდი ფილმში "აბესალომ და ეთერი", სადაც მურმანის დას ვთამაშობდი. ეპიზოდურ როლებში ვარ გადაღებული, გიორგი შენგელაიას "მაცი ხვიტიაში" და რეზო ჩხეიძის "ღიმილის ბიჭებში". სკოლის დამთავრების დროს, სკოლაში მოვიდა ნანა ჭოღოშვილი, გერმანია და საქართველო ერთობლივ ფილმს იღებდნენ, გოიკო მატიჩთან ერთად და ამ ფილმში უნდა მეთამაშა, მაგრამ მამამ გერმანიაში არ გამიშვა. ისე მოვეწონე რეჟისორს, ფილმში მაინც ჩასვეს საქართველოში გადაღებული კადრები, სადაც მე ვთამაშობ. მთავარი როლები ვითამაშე, ფილმებში "დაისი" და "ცეცხლთან თამაში..." - იხსენებდა ქალბატონი დალი. (წყარო: kvirispalitra)
მისი მეუღლე ქირურგი თემურ ბუაჩიძე იყო.
უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მათგან განსხვავებით ჩემს მშობლებთან დაამყარა ახლო ურთიერთობა... 36 წელი ვიცხოვრეთ ერთად, სანამ სიკვდილმა არ დაგვაშორა. ახლაც ვერ ვხვდები რა მოხდა, ეს იყო დაუშრეტელი ენერგიის მქონე ადამიანი, სულ მეგობრებში დადიოდა, ცხოვრების სტიმულს აძლევდა ყველას, საკუთარი საქმის უზადო პროფესიონალი იყო, ის ცნობილი ქირურგი, პროფესორი და ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელი გახლდათ. ახლაც ვერ ვხვდები რა მოხდა... კვირა დღე იყო, იმ დღეს, გამაღვიძა, მითხრა, წამოდი გავისეირნოთო, ჯერ ვიშოპინგეთ, მერე მცხეთაში ვისადილეთ. მომავლის გეგმებს აწყობდა, სიყვარულს მიხსნიდა, მეუბნებოდა მართალია 36 წელი გავიდა, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს, ისევ ის დღეა, როდესაც 18 წლის გოგონა გაგიცანიო.
ჩემს ვაჟს ახალი შექმნილი ჰქონდა ოჯახი და საღამოს მასთან ავედით, სტუმრები გვყავდა, დავსხედით მაგიდასთან, ხელი მომკიდა ჩემმა მეუღლემ და ზუსტად 2 წუთში აღარ იყო. ცხოვრებამ ბევრი ტრაგედია მარგუნა... წლების წინ შვილიც დამეღუპა..." - იხსენებდა დალი თუშიშვილი (kvirispalitra).
მსახიობი 2020 წელს, ლეიკემიით გარდაიცვალა.