ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა 1979 წლის 13 მაისს დაიბადა. ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. მაყურებელმა განსაკუთრებით "ჩემი ცოლის დაქალებში" ნათამაშები დიტოს როლით შეიყვარა. გამორჩეულია მის მიერ განსახიერებული ილია ჭავჭავაძე დოკუმენტურ ფილმში "ვინ მოკლა ილია".
ცნობილი მშობლების ცნობილი შვილები - ვინ არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქართველი ახალგაზრდები,
კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო. ქორწინებიდან წყვილს ვაჟი, ბუკა ჰყავს, რომელიც მშობლების კვალს გაჰყვა და დღეს მსახიობია. კოტემ 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა. მსახიობის გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად.
"ვერცხლის წყალმა 38.6 აჩვენა, ამიტომ შემოთავაზებას - აიბოლიტის ფორმაში და ზღაპრების გუდით ჩემს მოსანახულებლად ამოსულიყო უსიტყვოდ დავთანხმდი, გაცნობიდან მეოთხე დღის კვალობაზე წარმოუდგენელი იყო, განსაკუთრებით ჩემი საყვარელი პოლონელი მზარეულისთვის, რომელიც ბიჭებს არ სწყალობდა, მითუმეტეს უცხოებს, თითო ნაკლს მაინც უძებნიდა და კარტოფილის გემრიელ ღვეზელებსაც ამორჩევით მთავაზობდა.
ჩემზე რვა წლით უფროსი, ქალაქს მოდებული, ქარიზმატული და სიმპატიური ბიჭი დაძაბული, დაბნეული და გაკვირვებული, მოკრძალებით ჩამოჯდა ლოგინთან და ვერაფრით გაიგო ქვეტექსტი - როცა სტუმრად პირველად ამოსულს ლოგინში, საღამურით და შუბლზე შარფშემოკრული დავხვდი.
მინიშნება გვერდით მიწოლაზე ნამდვილად ვერ იქნებოდა, ამას ჯერ კიდევ ორი დღით ადრე ტელევიზიის ფოიეში მიხვდა, როცა გახმოვანებიდან შესვენებაზე გამოსულმა გორგოლაჭებიანი სკამით გასწრობანას სათამაშოდ გავიწვიე -, აი. მაშინ, პირდაპირ თვალებში ჩამხედა და ბავშვობაში მაბრუნებო მითხრა ღიმილით. ზუსტად მახსოვს, ჯადოსნური სუნი - მთელს ოთახს რომ მოედო და სითბო - მთელს სხეულში რომ ჩამეღვარა.
... სიცხე უფრო ზემოთ მიდიოდა, ხოდა ჩვეულებისამებრ საბანი თითქმის ცხვირამდე ავიწიე, ბევრ ნაწილად მოვიკეცე და:
- არ იფიქრო მძინავს, ყურადღებით გისმენ-თქო ჩავიბურტყუნე... ფაქტობრივად ჩემს თავთან, იატაკზე გადმოინაცვლა და ყველაზე სანუკვარი ხმით დაიწყო:
- იყო და არა იყო რა,იყო ერთი შორეული პლანეტა, სადაც პატარა უცნაური ბიჭი ცხოვრობდა.
- რატომ იყო უცნაური? - ვკითხე თვალებდახუჭულმა და მექანიკურად მისი ხელის ძებნა დავიწყე.
- რა სულსწრაფი ხარ - ხელი ჩამკიდა და განაგრძო.
- პატარა იყო და დიდი, დიი-დი გული ჰქონდა, სერიოზულად არავინ აღიქვამდა და სახელად ერქვა დანკო. ერთხელაც პლანეტას დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, ბოროტმა ძალებმა სინათლე და სითბო წაართვეს. საშინელმა წყვდიადმა დაისადგურა... ათასგვარი ხერხით სცადეს" - ასე იხსენებდა განო მელითაური დღეს, როცა კოტე თოლორდავა შეუყვარდა.
კოტე თოლორდავა გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში. მსახიობი მაშინ ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა. იგი საქართველოში 17 აპრილს ჩამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები დაესწრნენ. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.