ქართული თეატრი და კინო განებივრებულია საოცარი ტალანტებით, მსოფლიო დონის მსახიობებით. ძნელია, მათ შორის ვინმე გამოარჩიო, თუმცა ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა დროის მსახიობთა წყვილებს და გიყვებით მათ ისტორიებს:
კახი კავსაძისა და ბელა მირიანაშვილის სიყვარულის ისტორია სამუდადმოდ დარჩა სამაგალითოდ. მსახიობების წყვილმა, რომელიც შესრულების საოცარი ოსტატობით გამოირჩეოდა, სახალხო აღიარება და სიყვარული სიცოცხლეშივე მოიპოვა. კახი კავსაძე ერთადერთი და ჭეშმარიტი სიყვარულის ერთგულად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
კახისა და ბელას სიყვარულის ისტორია წიგენბში ბევრჯერ წაკითხულ და ფილმებში ბევრჯერ ნანახ ზღაპარს ჰგავდა. ყველაფერი კი ერთი ნახვით სიყვარულით დაიწყო და არასდროს დასრულებულა.
1969 წელს ირაკლიზე ორსულობა ბელა მირიანაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მას საშინელი ვირუსი შეხვდა, წამლებს არ სვამდა, რათა ნაყოფი არ დაზიანებულიყო. საბოლოოდ, გრიპი გართულდა და ფილტვების ანთებაში გადაუვიდა. მკურნალობამ ანთება კი ჩაუქრო, მაგრამ რთული მშობიარობის შემდეგ ბელას ჯანმრთელობა გაუარესდა. რა აღარ იღონა, სად არ წაიყვანა კახიმ, გერმანიაშიც კი ჰყავდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა.
ბელა მირიანაშვილს ავადმყოფობამ საკუთარ საქმეზე უარი ათქმევინა. ახალგაზრდა, ლამაზ ბელას სცენაზე დგომა აღარ შეეძლო, სპექტაკლებში კი, სადაც ის თამაშობდა, სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორებმა სხვა მსახიობები დააკავეს. გამონაკლისი მედეა კუჭუხიძე აღმოჩნდა: მე მინდა იცოდეს ბელამ, რომ მის გარეშე რაღაცამ არსებობა შეწყვიტაო" - უთქვამს და სპექტაკლი საერთოდ ამოუღია რეპერტუარიდან.
ბელა მირიანაშვილმა დაავადებასთან ბრძოლაში 23 წელი გაატარა. 1992 წლის 26 აგვისტოს მოსკოვში გადაღებებზე მყოფმა კახიმ დაურეკა, უნდოდა ეთქვა, რომ მოსკოვში კიდევ 1-2 სექტემბრამდე იქნებოდა, თუმცა ბელამ თბილისში ჩამოსვლა სთხოვა.
"უცებ მესმის დამარცვლით ნათქვამი ერთი სიტყვა: „ჩა-მო-დი!“ - იხსენებს კახი კავსაძე.
ისინი ერთად შეხვდნენ მარიამობის დღესასწაულს და სწორედ ამ დიდებულ დღესასწაულზე, გამთენიისას, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ულამაზესი მსახიობი ბელა მირიანაშვილი.
კოტე მახარაძის ცხოვრებაში პირველი სიყვარული მედეა ჩახავა იყო. ისინი ერთმანეთს პირველად რუსთაველის თეატრში შეხვდნენ. მედეას პირველი ქორწინებიდან ვაჟი, თემური ჰყავდა. მოგვიანებით, თემურ ჩხეიძე კოტე მახარაძეს ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა:
„ძალიან ჭკვიანი კაცი იყო კოტე მახარაძე. 6 წლის ვიყავი ის რომ შემოვიდა ჩვენს ოჯახში. ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვქონდა. მაშინაც, როცა გავიზარდე და მაგალითად, შემოქმედებითი თვალსაზრისით სხვადასხვა აზრზე ვრჩებოდით, მისი აზრი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის. ძალიან გაიმართლა ცხოვრებაში. მამინაცვალი ჰქვია, თორემ მამინაცვალი არ ყოფილა ჩემთვის. ჩემს და ძმებს ვუთხარი კიდეც, თქვენზე არ აქვს კოტეს ისეთი ამაგი, როგორც ჩემზე - მეთქი. იქნებ იმიტომაც, რომ პირველი ბავშვი მე დავხვდი ოჯახში.“
კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას ოჯახი ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა. იყო პერიოდი, როცა ერთმანეთს ხმას აღარ სცემდნენ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი დალაგდა და სიცოცხლის ბოლომდე კარგი ურთიერთობა შეუნარჩუნდათ.
„ცხოვრებაში, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა რომ ორჯერ მეყვარებოდა…”- ამბობდა სოფიკო ჭიაურელი, რომელმაც კოტე მახარაძესთან ერთად 30 წელი იცხოვრა. კოტეს და სოფიკოს სიყვარულის ისტორია „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებზე დაიწყო. კოტე მახარაძე სოფიკოზე 11 წლით უფროსი იყო, მაგრამ მათ ურთიერთობას ყველაზე მეტად ის ფაქტი უშლიდა ხელს, რომ ორივე დაოჯახებული იყო. უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ, მაგრამ საბოლოოდ, 1980 წელს მაინც იქორწინეს.
კოტეს დონჟუანის სახელი ჰქონდა, მაგრამ სოფიკო არც ამას შეუშინებია. როცააქორწინდნენ, მეგობრებმა კოტეს თუჯის დიდი ღუზა მოუტანეს საჩუქრად, რათა ოჯახურ ცხოვრებაში ბოლოს და ბოლოს ჩაეშვა ღუზა. მათმა სიმბოლურმა საჩუქარმა გაამართლა - კოტე მახარაძეს სხვისკენ აღარ გაუხედავს...
Top 10 სიმპათიური ქართველი მსახიობი: ნაწილი 2
ნიკა თავაძე და ნატა მურვანიძე
ერთმანეთს პირველად თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების დროს შეხვდნენ. იმ დღესვე მოუწიათ პარტნიორობა – ერთად უნდა ეთამაშათ ეტიუდი. ნიკა თავაძე გველი იყო, ნატა მურვანიძე – კურდღელი… ჯერ ჯგუფელები გახდნენ, მერე მეგობრები. მერე კი, ნატას დაბადების დღეზე, ეზოში დარჭობილი თხილამურის ორი ჯოხი დახვდა, ზედ გაჭიმული ზეწარი და ზეწარზე წარწერით “გილოცავ”.
მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე
„დათო“ და „მარიკა“ - ამ ეკრანული სახელებით სერიალიდან „შუა ქალაქში“ გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯგინიძეს ბევრი იცნობს. სერიალში ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილის როლს ასრულებენ, რეალურ ცხოვრებაში კი უკვე მრავალი წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან.
ანი ბებია და ილო ბეროშვილი
მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ. წყვილს ორი ვაჟი: ჯერი და სემი ჰყავს.