ამასობაში ორი თვე გავიდა. უკან რომ ვიხედებოდი, მიკვირდა, რადგან ჩემი და რიკის შეხვედრები მართლაც გაგრძელდა. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. რაც უფრო ხშირი იყო ჩვენი შეხვედრა, მით უფრო ვებმებოდი სიყვარულის მახეში. წამი არ იყო ჩემს ცხოვრებაში, მასზე არ მეფიქრა. მისი ლურჯი თვალები მოსვენებას არ მაძლევდა. უფრო და უფრო მიჭირდა თავის შეკავება, რიკს არაფერი შეემჩნია, რადგან მას სიყვარულს ვერ ვატყობდი. ზედმეტი არც ერთხელ არ უკადრებია, პატივისცემით მეპყრობოდა, როგორც ნამდვილ ინგლისელ ჯენტლმენს შეეფერებოდა. ჩვენს ურთიერთობას ჯერ სახელიც კი არ ჰქონდა. რიკი ამაზე კრინტს არ ძრავდა. ისე მექცეოდა, როგორც ახლო მეგობარს, ეს იყო და ეს. მე კი ვიტანჯებოდი. მართალია, თავს არაფრის დიდებით არ ვუტყდებოდი, რომ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ რეალობას სად გავექცეოდი? ამაზე ფიქრიც არ მინდოდა.
როგორც იქნა, მამიდას სურვილი შევუსრულე. ერთობლივი ძალებით გემრიელი ვახშამი მოვამზადეთ და რიკი ჩვენთან დავპატიჟე.
საღამო ხანს იგი ყვავილების უზარმაზარი თაიგულით მოგვადგა. ისეთი ბუთქუნა ყვითელი ვარდები იყო, თვალები დავაჭყიტე. ყვავილები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ყვითელი ვარდები. უნდა გენახათ, პეპი რა დღეში ჩავარდა მის დანახვაზე. ისე შეხვდა, როგორც დიდი ხნის მეგობარს. ზედ ახტებოდა, გარს უვლიდა, წკმუტუნებდა, ხელებს ულოკავდა… მერე კი, მთელი საღამოს განმავლობაში, მის ფეხებთან იყო გაწოლილი და არ განძრეულა.
მამიდას კმაყოფილი ღიმილი არ მოშორებია ტუჩებიდან. ამით გამოხატა თავისი მოწონება.
ვახშმის შემდეგ ბაღში ჩავედით და სავარძლებში გავმწკრივდით. ჩვენს სახლს ლამაზი ბაღი აკრავს გარს, რომელიც სამ ნაწილადაა გაყოფილი. თითო სართულის მობინადრეს თითო ნაწილი ეკუთვნის და თავისი გემოვნებით აქვს მოწყობილი. ჩემი აზრით, მამიდას ბაღი ყველაზე გემოვნებიანი და ლამაზი იყო.
მამიდა გაუთავებლად ელაპარაკებოდა რიკს. ხან ერთ თემაზე ჩამოაგდებდა საუბარს, ხან მეორეზე. რიკი ზრდილობიანად უსმენდა და შიგადაშიგ თავის აზრსაც გამოთქვამდა. მე ხმის ამოუღებლად ვიჯექი და, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ბოლოს ჩამთვლიმა. ძალიან ვიყავი დაღლილი, რთული დღე მქონდა. ნერვიულობამ ბოლო მომიღო. არ ვიცოდი, როგორ ჩაივლიდა რიკის სტუმრობა.
უეცრად ვიღაც ფრთხილად შემეხო ტუჩებზე და გამომეღვიძა. თვალები გავახილე და რიკი დავინახე. მამიდა არსად ჩანდა. მაშინვე მეზობლების ფანჯრებს შევავლე თვალი, ვინმემ ხომ არ დამინახა-მეთქი.
- ჯულია სადაა? - ნამძინარევი ხმით ვიკითხე.
- პეპი გაიყვანა პარკში სასეირნოდ. დროა, გარეთ გასვლა დავიწყოო. მე მგონი, ისე აღარ აწუხებს ფეხი.
- ჰო, აღარ აწუხებს. ცოტას კი კოჭლობს, მაგრამ, იმედია, ეგეც გაუვლის…
- შენ მოგწყინდა, არა? - დამნაშავის ღიმილი გამოესახა სახეზე.
- მომწყინდა? - ვათვალიერებდი მის სახეს და ვფიქრობდი, ნეტავ თუ იცის, როგორი დიდებული ვინმეა-მეთქი. «დიდებული» - ეს სიტყვა მამიდისგან «გადმომედო», - რას ამბობ, წამითაც არ მომიწყენია. განსაკუთრებით თქვენი საუბრის ის ნაწილი მომეწონა, სუნელებს რომ შეეხებოდა - რომელ კერძს უხდება პიტნა და რომელს - რეჰანი. მთელი მარადისობა შემეძლო მესმინა, - გავიხუმრე.
რიკი შეჩვეული იყო ჩემს ხუმრობებს, ამიტომ არ სწყენია. მასთან დაახლოებისთანავე გადავწყვიტე, საქმეში იუმორი «ჩამერთო», რათა მისი მომნუსხველობის ტყვე არ გავმხდარიყავი. იუმორი კი, იცოცხლე, კარგი მაქვს. ალბათ, ესეც ქართული გენის დამსახურებაა.
- სამაგიეროდ, ჩემმა «საომარმა ტაქტიკამ» გაამართლა, - კმაყოფილმა განაცხადა, -მამიდაშენის მოხიბვლა ბოლომდე შევძელი.
«არა მარტო მისი, ჩემიც, მაგრამ შენთვის ამის გაგება არ შეიძლება!» - გავიფიქრე.
- ტყუილად გიხარია, - ეშმაკურად მოვჭუტე თვალები, - ჯულიას გავაფრთხილებ, რომ თავი შორს დაიჭიროს შენგან. ვეტყვი, რა საშიში ტიპიც ხარ. - ღიმილით ვუთხარი და თითი დავუქნიე.
- მოდი ჩემთან, - ჩახრინწული ხმით ამოთქვა რიკმა და როცა მივუახლოვდი, მომეხვია, -მთელი საღამო მსურდა ამის გაკეთება. სამწუხაროა, რომ მამიდაშენი შეიძლება წუთი-წუთზე დაბრუნდეს, თორემ ძალიან დიდხანს არ გაგიშვებდი ხელს.
გამომცდელად შევხედე. თვალები სურვილისგან ჩამუქებოდა. სასიამოვნო იყო იმის გაფიქრება, რომ ქალი ვიყავი, ვიღაცისთვის სასურველი ქალი. რა მაგარი განცდაა, როდესაც საყვარელი მამაკაცის ვნებით აღელვება შეგიძლია.
- შენთან მინდა, კეიტ! - თითი ყელზე გამისვა, - და ვიცი, რომ შენც გინდა ჩემთან. არ მყოფნის ასეთი მოპარული მოკლე-მოკლე კოცნები. აი, მაგალითად, ახლა რომ გაკოცე, ისეთი.
აი, თურმე რაშია საქმე! გული შემეკუმშა. ფართოდ გახელილი თვალებით ავხედე და ოდნავ უკან დავიხიე.
- რიკ…
- მე შენ მიყვარხარ, - თქვა უეცრად, - შენ? შენ გიყვარვარ?
ღმერთო ჩემო, ის სიყვარულზე ალაპარაკდა. ასე უცებ, ასე მოულოდნელად, მაგრამ იქამდე თავისი სურვილი გათქვა - მას ჩემთან დაწოლა სურს. აბა, რას ვამბობდი? ისიც ისეთია, ანდროსნაირი. ვიცოდი, რომ მოვწონდი, ამაში ეჭვი წამითაც არ შემპარვია, ვიცოდი, რომ ჩემთან სიახლოვე სიამოვნებდა, მაგრამ… მართლა და მართლა, სანამ უნდა გაგრძელებულიყო ასეთი უსახელო ურთიერთობა? ჰოდა, აი, სახელიც შეურჩია… სურდა, მისი საყვარელი გავმხდარიყავი.
ამოვიოხრე. რა მეპასუხა? გულახდილი უნდა ვიყო, ალბათ. ეს ერთადერთი გზაა, თუნდაც სამუდამოდ დავკარგო იგი. მოხდეს, რაც მოსახდენია.
- იცი? დიდად არ ვარ დარწმუნებული, ვიცი თუ არა, რა არის სიყვარული, - დავიწყე, - ჩემს მშობლებს თითქოს უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა პირადად მე მათ ურთიერთობას ერთმანეთის პატივისცემას უფრო დავარქმევდი. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ დედა ძალიან ჩაკეტილი ქალი იყო, თავის გრძნობებზე არასდროს მიყვებოდა. მე განვიცდიდი, მაგრამ თვითონ ამას ვერ ხვდებოდა.
- არ გქონდა ახლო ურთიერთობა?
თავი ნელა გავაქნიე. ვგრძნობდი, როგორ დავიძაბე დედას ხსენებაზე.
- ერთხელ ერთმა მეზობელმა მომაძახა, მთელი ცხოვრება მიგდებული იყავი და ყოველთვის ასეთი მარტოსული იქნებიო. ის ქალი ფსიქოლოგი იყო და უყვარდა სხვების სულში ჩახედვა. ამის გამო ვერ ვიტანდი. ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, ვფიქრობ, იქნებ ის ქალი მართალიც იყო.
ამის გაგონებაზე რიკმა ისე შეიგინა, გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.
- ამოიგდე თავიდან ეს სისულელე! - ლამის იყვირა, - მომისმინე, კეიტ! ადამიანის ცხოვრება მისსავე ხელშია. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული სიტუაციები, რომელთა შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ ბევრი რამის გამკლავება ჩვენზეა დამოკიდებული. ხან გაგიმართლებს, ხან არა. არ არის საჭირო, შეეცადო ამას და გარისკო. არ მეთანხმები?
- ანდროც მეუბნებოდა, მიყვარხარო… - ხმადაბლა წარმოვთქვი.
- ნაძირალაა ეგ შენი ანდრო!
- ნუ ამბობ ასე, შენ ხომ არ იცნობ მას…
- იმედია, არც არასდროს გავიცნობ, თორემ მისთვის ცუდად დამთავრდება ჩვენი შეხვედრა. - მოღუშულმა მიპასუხა, - ის ყმაწვილი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა და წარამარა გატყუებდა. სამწუხაროდ, მისნაირი ადამიანები არსებობენ, მაგრამ ყველა კაცი როდია ერთნაირი. მე შენ არასდროს მომიტყუებიხარ და არც მომავალში ვაპირებ!
მჯეროდა მისი, მაგრამ ეს ყველაფერი შვებას ვერ მომგვრიდა, როცა მიმატოვებდა. რიკს ნებისმიერი ქალის შებმა შეუძლია. რატომ უნდა დარჩეს ბოლომდე ჩემთან? მე რა, რამით განსაკუთრებული ვარ თუ რა?
- გგონია, თუკი შენს თავს ჩემი შეყვარების უფლებას მისცემ, მეც ისევე მიგატოვებ, როგორც იმ ტიპმა? ასეა? ჰო-ო? - ვხედავდი, როგორ ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, თითებს ერთმანეთზე უსვამდა, რომ მდგომარეობიდან არ გამოსულიყო.
- ხომ გითხარი, ანდროს არ გადარებ-მეთქი. შეიძლება თავიდან ასე იყო, სანამ ახლოს გაგიცნობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.
- აბა, რა გინდა? რისი გეშინია? უფრო დაახლოების? იცი მაინც, აქამდე რატომ არაფერი მითქვამს შენთვის ჩვენს ურთიერთობაზე? იმიტომ, რომ მინდოდა, შემყვარებოდი. სხვანაირად არ მსურდა შენთან სექსი. სიყვარულის გარეშე სექსი არ არის გემრიელი. სიყვარული სექსის გარეშე არ აკმაყოფილებს ადამიანს. სექსი სიყვარულით კი - ეს გურმანის ოცნებაა. მე გურმანი ვარ, მეოცნებე გურმანი! კარგ გემოს კი ჯერ არავინ დაუზარალებია. ნუ ხარ ჩაკეტილი, გაუხსენი შენს გულს კარი, შეიცოდე ისიც და მეც.
ხმა არ გამიცია.
- მითხარი, რა გაშინებს, სათქმელი ყოველთვის ბოლომდე უნდა თქვა, რაც უნდა მწარე იყოს იგი, - მხრებში ჩამაფრინდა და შემაჯანჯღარა.
თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე. ნიკაპი ამიკანკალდა.
- გულის კი არა, სულის კარებიც ჩავკეტე, - ჩურჩულით წარმოვთქვი, - ბევრს, უბრალოდ, არ ესმის ჩემი, იცი? ხშირად მეუბნებიან, ლამაზი ხარო, ჩემზე კი ამას შთაბეჭდილება არასდროს მოუხდენია. სულ არ მიხარია, რომ ლამაზი ვარ. სიამოვნებით გავცვლიდი ამ სილამაზეს ბედნიერებაზე. მინდა, ბედნიერი უფრო ვიყო, ვიდრე ლამაზი.
- და რა კომპონენტებისგან შედგება ეს შენი ბედნიერება? მითხარი, რა გინდა და იქნებ შევწვდე ჩემი «მონაცემებით»? - გაღიმება სცადა.
- რა მინდა? მინდა, რომ ყველა ჩემი «მინდა» ამისრულდეს!
- მომისმინე, კეიტ! ათას ნაბიჯს გადმოვდგამ შენთან შესახვედრად, ათი ათასს, მაგრამ არც ერთი ნაბიჯით არ გაგეკიდები. ხვეწნა არ მიყვარს, არ მეხერხება და იმიტომ! უნდა მენდო… უნდა მენდო, რომ ყველა შენი «მინდა» დავაკმაყოფილო, გასაგებია?
სწორედ ამ დროს პეპი შემოვარდა ბაღში და რიკს ფეხებში გაედო. ჯულიც გამოჩნდა შეწუხებული სახით, როგორც ჩანს, ძალიან გააწვალა ძაღლმა. ამან ჩვენს საუბარს წერტილი დაუსვა. რიკმა ხელი შემიშვა და დაიხარა, რათა პეპის მოფერებოდა.
- ამისთანა არაფერი მინახავს, - ხელები გაასავსავა მამიდამ, - ყველას მივარდა, ვინც კი ჩაუარა. ეს ძაღლები კიდევ… უნდა გენახათ, რა დღეში იყვნენ, არ შორდებოდნენ. ძალიან პოპულარულია ოთხფეხებში, - გაიცინა მამიდამ, - ბავშვებო, ყავას არ დალევთ? რიკ, ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი უნდა დააგემოვნო, აქედან ისე არ გაგიშვებ. ყავისფერი შაქრით გამოვაცხვე, ამიტომ ძალიან ტკბილი არ არის. რა ვქნა, თეთრი შაქარი არ მიყვარს სიტკბოს გამო. შენ?
მის პასუხს არ დაველოდე. გამოვტრიალდი და სახლში ავედი. ეგრევე სააბაზანოში შევვარდი, კარი ჩავკეტე და აბაზანის კიდეზე ჩამოვჯექი. ხელები მიკანკალებდა, ვერაფრით ვახერხებდი დაწყნარებას. მითხრა, მიყვარხარო. ალბათ სხვა ქალებისთვისაც ბევრჯერ აქვს ეს ნათქვამი. ხომ მითხრა ერთხელ, ხანგრძლივი ურთიერთობებიც მქონიაო. სიყვარული ხომ არ ნიშნავს სიკვდილამდე ერთგულებას, სიკვდილამდე გატანას და სიკვდილამდე ერთმანეთის გვერდით ყოფნას? ერთხელ სიყვარულიც მთავრდება, ასე არ არის?
თავში წავივლე ხელები და ამოვიოხრე. რა მინდა მისგან? რას მოველი? ყველა ქალს როდი სჯერა მის გვერდით მყოფი მამაკაცის და მისი დაპირებების, თუმცა მაინც თანხმდებიან ურთიერთობაზე. როცა ურთიერთობა მთავრდება, ისინი უკვე მზად არიან ამისთვის, ამიტომაც ყველა ცდილობს, შედარებით ადვილად გადაიტანოს ტკივილი და გააგრძელოს ცხოვრება. ბევრი მინახავს ასეთი ქალი. ისინი ძლიერები, გაუტეხლები და დამოუკიდებელნი არიან. მე კი ერთი სასოწარკვეთილი, სუსტი და უღონო ქალი ვარ, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად განშორებით გამოწვეული ტკივილის ეშინია.
წყალი მოვუშვი, სახეზე შევისხი და ოდნავ მომეშვა. სულაც არ ვარ უსუსური! განა გავნადგურდი, როცა ანდროს დავშორდი? სულაც არა. მამიდას გარდა, არავის უგრძნია, რომ ცუდად ვიყავი. ალბათ ძალიან არ მყვარებია, ამიტომაც არ გამიგრძელდა ტკივილი დიდხანს, ამიტომაც არ გამიჭირდა ასე ძალიან. მე სხვა რამეს უფრო განვიცდიდი - მან ჩემი თავმოყვარეობა შელახა. აი, რიკი სულ სხვაა. რიკთან რომ იგივე გამოვცადო, მართლა ვერ გადავიტან…
სარკეში შევხედე ჩემს თავს, იმის დასამტკიცებლად, რომ რასაც ვამბობდი, სრული სიმართლე იყო, რომ სულაც არ ვიყავი უსუსური და უღონო. იქიდან კი შეყვარებული ქალი მიყურებდა, ზრდასრული, ძლიერი, მაგრამ შეყვარებული, რომელსაც ამ სიყვარულის დაკარგვის ეშინოდა. მიყვარს! როგორ მოვატყუე, როცა ვუთხარი, არ ვიცი, სიყვარული რა არის-მეთქი. ვიცი, როგორ არ ვიცი! იმ წუთიდან ვიცი, როცა ის გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ანდროსთან რა გრძნობაც მქონდა, არც კი შევადარებ ამასთან. ანდრომ ჩემი სიამაყე ფეხქვეშ გათელა, მაგრამ გული ვერ გამიტეხა, მხოლოდ გაბზარვა შეძლო მისი.
ახლა რა ვქნა? გამოვუტყდე რიკს სიყვარულში? ვუთხრა, რომ მიყვარს? იქნებ ერთადაც გავაგრძელოთ ცხოვრება? იქნებ ამას გულისხმობდა, როცა მითხრა, შენთან მინდა ყოფნაო? მაგრამ მერე რა იქნება? ვაითუ, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი დამთავრდეს? მერე რაღა ვქნა?
კვლავ ამოვიოხრე. ბოლო დროს ძალიან შემეჩვია ოხვრა, ჩემი განცდების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა რთულ სიტუაციაში ვარ და გამოსავალს ვერ ვპოულობ, არადა, დროა, დავბრუნდე. ისედაც კარგა ხანი გაგრძელდა, რაც აქ ვზივარ.
სააბაზანოდან გამოვედი თუ არა, რიკის და ჯულის ხმები შემომესმა. ისინი ამოსულიყვნენ და სამზარეულოში ისხდნენ. ალბათ უკვე მიირთმევდნენ ყავასა და ნამცხვარს…
- მაპატიე, ჩემო საყვარელო, - მამიდამ ხელები გაშალა ჩემ დანახვაზე, - მაპატიე, რომ არ დაგელოდეთ. - და მოულოდნელად შეშფოთება დაეტყო, - ხომ კარგად ხარ? ფერი არ გადევს სახეზე.
- რატომღაც, თავი ამტკივდა, - ჩავიდუდუნე, მაგრამ ეს სიმართლე იყო. გასკდომაზე მქონდა თავი.
- რა დაგემართა? გინდა, ასპირინი მოგიტანო? - ჯული ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან კოჭლობით გავიდა. რიკი მომიახლოვდა და ხელზე ხელი წამავლო.
- როგორ გაგციებია თითები, - ჩუმად თქვა, - მგონი, ავად ხდები. გინდა, ექიმი გამოვიძახო?
თავის ტკივილი მიძლიერდებოდა. ლაპარაკის თავი არ მქონდა.
მამიდამ ასპირინი მოიტანა. დავლიე.
- ექიმი ხომ არ მოგვეყვანა? - ჯულის მიუბრუნდა რიკი.
- არა მგონია, საჭირო იყოს. ადრეც სტკივებია თავი, გაუვლის, - იუარა მამიდამ.
- ხშირად აქვს შეტევები?
- არა, მაგრამ ხანდახან ასტკივდება ხოლმე. წამალი მალე იმოქმედებს. ჯობია, დაწვე და დაიძინო, საყვარელო, წადი, რიკი მიგაცილებს ოთახამდე.
რიკმა რის ვაივაგლახით წამომაყენა ფეხზე, მხარში შემიდგა და ხელი წელზე მომხვია. საძინელებში რომ შევედით, ფრთხილად მიმაწვინა საწოლზე.
- შენ წადი, - ჩურჩულით ვუთხარი, - მე შევეცდები, დავიძინო. იმედია, მალე გამივლის.
- კარგი, გავალ და იქ დაგელოდები. როცა დაიძინებ, წავალ.
ლაპარაკის თავი მართლა არ მქონდა, ამიტომ თანხმობა თვალების დახუჭვით გამოვხატე. რიკი გავიდა და კარი გაიხურა…
როგორც კი მარტო დავრჩი, მოვეშვი. ცოტა ხნის შემდეგ წამთვლიმა კიდევაც. ღებინების შეგრძნებამ მაიძულა, ავმდგარიყავი და სასწრაფოდ სააბაზანოში შემესწრო. ძლივს წამოვდექი საწოლიდან…
მაღებინა… უკეთ ვიგრძენი თავი. ნიჟარას დავეყრდენი სულის მოსათქმელად.
- რა გჭირს?
ღმერთო! ეს ხომ რიკია! ის აქ არის! არადა, თითქმის შიშველი ვარ!
- აქ რას აკეთებ? - გაონებულმა სარკიდან შევხედე, - შენ ხომ წახვედი? - ამ სიტყვებით იქვე ჩამოკიდებულ პირსახოცს დავტაცე ხელი და შემოვიხვიე.
- მამიდაშენი დაქალებმა წაიყვანეს ვიღაცის დაბადების დღეზე, მე კი დავრჩი, რომ შენთვის მიმეხედა. აფთიაქშიც ჩავედი, წამლები ამოგიტანე.
- მთელი ეს დრო აქ იყავი? - გაოცებას ვერ ვმალავდი.
ღმერთო ჩემო, შიშველი მნახა, თანაც სრულიად არარომანტიკულ გარემოში. მხოლოდ ბიკინი მაცვია, სხვა არაფერი! რა სირცხვილია! თვალები დავხუჭე.
- ჯული ვინ წაიყვანა?
- არ ვიცი, ვიღაც ქალებმა. ამას აქვს მნიშვნელობა?
- არა, მაგრამ… შენ… შენ…
- მე სავარძელში ჩამძინებია. მოდი, გავიდეთ, ჩაწექი, თავბრუ არ დაგეხვეს. მერე წყალს მოგიტან და წამალი დალიე.
პირსახოცი ცალი ხელით უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე, რომ მკერდი დამემალა, მეორე ხელით კი რიკს დავეყრდენი და საწოლამდე გაჭირვებით მივაღწიე. ამის გაკეთება უფრო ადვილი იყო ამწუთას ჩემთვის, ვიდრე მასთან კამათი.
კარგა ხანს მესმოდა სამზარეულოდან ჭიქების წკარუნის ხმა, რაც ნერვებს მიშლიდა, რადგან ჩემს თავს კვლავ გუგუნი გაუდიოდა.
ცოტა ხნის შემდეგ რიკი რძით სავსე ჭიქით გამოჩნდა. წამოვჯექი და ბალიშს მივეყრდენი, თან ყურადღებით ვიყავი, საბანი არ ჩამომცურებოდა მკერდიდან.
- აჰა, დალიე ესენი! - მითხრა მან და ჭიქა და აბები ერთად გამომიწოდა.
დამჯერი ბავშვივით დავმორჩილდი. ახლა რას აპირებს? დილამდე აქ უნდა იჯდეს? როგორ დამეძინება, როცა გვერდით მიზის?
- რიკ, შეგიძლია სახლში წახვიდე. მე დავიძინებ.
მან არაფერი მიპასუხა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორი სიფრთხილითაც გაიხურა საძინებლის კარი, გასაგები იყო, რომ არსადაც არ აპირებდა წასვლას.
თუმცა, ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ ღრმად ჩამძინებოდა. როგორც ჩანს, აბებმა იმოქმედა.
სახეზე მოლიცლიცე მზის სხივებმა გამომაღვიძა. შვებით ამოვისუნთქე, როცა მივხვდი, რომ თავი აღარ მისკდებოდა და თვალების გახელა თამამად შემეძლო. კი ვგრძნობდი ტკივილს, მაგრამ არა ისე, როგორც წუხელ. ისე მტეხავდა მთელ სხეულში, როგორც მაღალი ტემპერატურის დროს იცის ხოლმე.
კედლის საათს ავხედე. ცხრა გამხდარიყო. თურმე რამდენ ხანს მძინებია. სამაგიეროდ, აშკარად უკეთ ვიყავი.
საინტერესოა, რიკი წავიდა თუ არა? შევეცადე, მკვეთრი მოძრაობების გარეშე ავმდგარიყავი. პირველ რიგში, რაც გავაკეთე, კარადიდან ღამის პერანგის გამოღება იყო, რომლის ჩაცმის თავიც წუხელ არ მქონდა. ამიტომაც დავრჩი თითქმის შიშველი. შეშინებული ვიყურებოდი კარისკენ, უცებ არ გაიღოს და რიკი არ შემოვიდეს-მეთქი. სწრაფად ჩავიცვი პერანგი და კვლავ სააბაზანოს მივაშურე. არა მგონია, დარჩენილიყო. წავიდოდა, აბა, რას იზამდა. ჯული მაგას აქ გააჩერებდა?
წყალი გადავივლე და თმის დავარცხნას შევუდექი, თან სარკეში ვიყურებოდი.
არა, მაინც საშინლად გამოვიყურები! წუხელ ალბათ უარესი სიფათი მქონდა. და რიკმა ასეთ მდგომარეობაში დამინახა! რა ცუდია! ისე, როგორ განიცდიდა ჩემს ავადობას? და როგორ ცდილობდა დახმარებას? რატომღაც, მისგან ასეთ მზრუნველობას არ მოველოდი.
ცოტა ხნით საწოლზე ჩამოვჯექი, რათა ძალები მომეკრიბა. შემდეგ სამზარეულოს მივაშურე. იქ რიკი დამხვდა, რომელიც ღორის ხორცს წვავდა. დამინახა თუ არა, შემომღიმა.
- მინდოდა, საუზმე საწოლში მომერთმია, მაგრამ რადგან მოხვედი, ბარემ აქ ვისაუზმოთ. როგორ ხარ?
- უკეთ. მამიდა სადაა?
- არ მოსულა. წასვლისას მითხრა, არ დამელოდოთო. იქ დარჩა, მეგობრებთან.
- რა სისულელეა!
- დაურეკე და ჰკითხე, მე რატომ მიჯავრდები? გგონია, პირი შევკარით?
- არა, არ მგონია, - უხერხულად ავიჩეჩე მხრები და ავხედე.
- დილა მშვიდობისა, ცუდად მყოფო, - თითები შეათამაშა, - მიხარია, რომ გხედავ. - მითხრა და ყურადღებით დამაკვირდა, მართლა უკეთ ვგრძნობდი თავს თუ ვიტყუებოდი.
- ბევრად უკეთესად ვარ. შენი წყალობით, ტკივილმაც გამიარა და კარგადაც მეძინა. მადლობა ამისთვის.
- რიჩარდ ნელსონი მუდამ თქვენს სამსახურშია! - ზურგშექცეულმა ომახიანად მომაძახა და კვერცხების გატეხვას შეუდგა, შემდეგ კი მათ ათქვეფას, - თუ ძალა მთლად არ გამოგლევია, წვენი დამისხი, კარგი? ხომ ხედავ, არ მცალია.
აი, ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა. ის უკვე ისე გრძნობს თავს აქ, როგორც საკუთარ სახლში. ეს საშიშია! ამის დაშვება არ შეიძლება, მაგრამ რომ ვერც გავაგდებ? ჩემ გამო დარჩა, მთელი ღამე სავარძელში გაატარა და ალბათ ძალიან ცუდადაც ეძინა, რაზეც მისი დასიებული თვალები მეტყველებს.
რიკმა მაგიდაზე თეფშები დაალაგა და უცებ ისე სწრაფად მაკოცა, გააზრებაც ვერ მოვასწარი.
- პიტნა, - შეფიქრიანებულმა თქვა.
- რა პიტნა?
- შენს ტუჩებს დღეს პიტნის გემო დაჰკრავს.
- კბილები გავიხეხე და იმიტომ… რიკ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და… და ისა… დავამთავროთ წუხანდელი საუბარი, - ვთქვი და შევყოვნდი, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო.
შევნიშნე, როგორ დაეძაბა ნაკვთები, მაგრამ მაინც მშვიდი ხმით ალაპარაკდა:
- ახლა არა, კეიტ! შიმშილით ვკვდები. ჯერ ვისაუზმოთ. ჭამის მერე წამალი უნდა დალიო. ამისთვის კი ცოტა უნდა შეჭამო.
- არაფერი მინდა, არ მშია.
რიკმა შემწვარი ხორცი ორ თეფშზე გადაანაწილა, თვითონაც მიუჯდა სუფრას და ჭამას შეუდგა.
- გასინჯე, კეიტ! - ლუკმით პირგამოტენილმა ძლივს წარმოთქვა, - აუცილებლად ვილაპარაკებთ, ოღონდ მერე. არ ინერვიულო!
სხვა რა გზა მქონდა, მინდოდა, თუ არა, ორიოდე ლუკმა მაინც უნდა გამესინჯა.
მალულად გავხედე. რა ბედნიერება, რომ წუხელ არ მომიწია მასთან დამშვიდობებამ. ამისთვის დიდი მადლობა შაკიკს!
ჩვენი საუბარი საუზმის შემდეგაც არ შედგა, რადგან მამიდა დაბრუნდა და რიკი იძულებული გახდა, დაგვმშვიდობებოდა.
გაგრძელება იქნება