„ჩემს ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, არ მომწონს. ბევრი მეუბნება, რომ ასაკი მომიხდა. სილამაზე დროებითი და წარმავალია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში - მომავალი, რადგან ადრე უფრო უშნო ვიყავი…" - ამბობდა ნინო ჩხეიძე, თუმცა მისი მეგობრები და გულშემატკივრები ასე არ ფიქრობენ და ხშირად აღნიშნავენ, რომ ნინო ყველა ასაკში განსაკუთრებული გარეგნობით, შარმითა და სტილით გამოირჩეოდა. მოწონებას იმსახურებს მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოებიც დუბაიდან. მომღერალი უმშვენიერეს ოქროსფერ კაბაში ბრწყინავს და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს:
მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია.
ნინო ჩხეიძე დაიბადა 1981 წლის 6 ივნისს ქალაქ თბილისში, პროფესიით ეკონომისტის — გია ჩხეიძისა და მათემატიკოსის — ქეთინო ქოჩიაშვილის ოჯახში. ბავშვობიდან დადიოდა პიონერთა სასახლეში. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. 1999-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
ქალაქური სიმღერების ჩაწერა 2005 წელს დაიწყო - განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სიმღერებმა „ჩემი გმირი გიწოდე“ და „წაღვერი და თბილისი“.
მომღერალი 21 წლის ასაკში გათხოვდა. მისი მეუღლე გიორგი კორახაშვილია.
"ძალიან რთულია გოგოსთვის, როცა თხოვდება და მის გარშემო ყველაფერი იცვლება: სამეგობრო წრე, ოჯახი, ადგილსამყოფელი და როცა ამას თან სდევს მოგზაურობა, მერე უკვე ნერვიულობის პიკში ხარ. ყველაზე რთული ის იყო, რომ კუშადასში ჩასვლის პირველი წუთებიდან, მთელი ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობდი, უკან როგორ დავბრუნდე-მეთქი. ერთი სული მქონდა, წამოვსულიყავი, თან ჩემს ქმარზე ვფიქრობდი: ჩავალ და ამას რას ვუზამ, დედაჩემს მოვუყვები ყველაფერს-მეთქი. ბოლოს ყველაფერმა ამოხეთქა. არ მიყვარს ზღვაზე დასვენება და საბოლოოდ ყველაფერს აეხადა ფარდა. გიორგი მშვიდად ეკიდებოდა ყველაფერს და თვითონაც მიხვდა, რომ ეს არ იყო ნორმალური.
საერთოდ არ ვიყავი მზად გათხოვებისთვის. 30 წლის მერე რომ ქმნი ოჯახს, უფრო გაცნობიერებული გაქვს, უფრო დაღვინებული ხარ, ვიდრე მანამდე. შესაბამისად, მაშინ იმხელა პასუხისმგებლობები მოდიოდა ჩემზე, თუნდაც დედობა, რომ ვერ ვაცნობიერებდი. სასურველია, ქალმა ოჯახი 30 წლის მერე შექმნას. მე გამიმართლა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ოჯახები ინგრევა ხოლმე.
ჩანდა, რომ კარგი პიროვნება იყო. ალბათ, ბედიც იყო. მე ვერ გადავწყვეტდი, გიორგის რომ არ „მოვეტაცე“. ნაბადი არ გადაუფარებია, მაგრამ ყველაფერი გააკეთა. ჩემს ოჯახში იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რომ ამ ნაბიჯს დიდხანს არ გადავდგამდი. არასდროს ავხტებოდი, არ გავთხოვდებოდი, რომ არა გიორგის თამამი ნაბიჯი. რადგან ეს ვარიანტი იყო, მეც უკან აღარ დავიხიე. ყველას გაუკვირდა, მაგრამ ჩემს მშობლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. გიორგი რომ ნახეს, გამიშვი-გამატარე აღარ ყოფილა" - ამბობდა ნინო ჩხეიძე.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნინოს მეუღლე საქართველოდან წავიდა და ახლა უკრაინაში ცხოვრობს. როგორც ნინო ამბობს ინტერვიუში, ქმართან ვირტუალური ურთიერთობა აქვს და ისინი ერთმანეთს ძირითადად ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხვდებიან.
"ამ ბოლო დროს ბევრი მირეკავს და მეუბნება, მართალია, რომ ქმარს გაშორდიო. ათი წელია, აქტიურად ვჩანვარ და აგორებული ჭორი ჩემს თავზე არ გამიგია. ამ ბოლო დროს კი გავიგე და რომ გითხრათ, განვიცდი იმას, რომ თითქოს ქმარს გავშორდი და გიორგიც დარდობს ამ ჭორზე, ნამდვილად მოგატყუებთ. ნამდვილად არ გავშორებივარ ქმარს. გიორგი დროებით ცხოვრობს კიევში, თავისი საქმეები აქვს და ამიტომაც ვერ ჩნდება ჩემ გვერდით. სადაც ჩავდივარ, ყველგან ჩემ გვერდითაა და თვეში ორჯერ ვხვდებით. სოციალური ქსელით და ტელეფონით კი სულ ვეკონტაქტებით ერთმანეთს. თუ რამე მინდა, ვეკითხები და ისიც რჩევებს მაძლევს."
წყვილს ერთი საერთო შვილი, მარიამ კორახაშვილი ჰყავს. როგორც ნინო აღნიშნავს, მარიამი ძალიან ჰგავს მამას:
"22 წლის ვიყავი, როდესაც მარიკო დაიბადა. მაშინ ვფიქრობდი, რომ დედობისთვის მზად ვიყავი და სულ არ ვიყავი პატარა. იმ დროს ჩემზე უმცროსი გოგონები თხოვდებოდნენ და შვილებსაც აჩენდნენ.
ახლა 39 წლის ვარ და ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ საერთოდ არ ვყოფილვარ მზად. ახლა რომ მყავდეს შვილი, უფრო სხვანაირი დედა ვიქნებოდი და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია" - ამბობდა მომღერალი.