როგორც ჩანს, ყველაფერი კანონზომიერია ქვეყანაზე. მაინცდამაინც ანდროსთან დაშორების შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი ლონდონში, მაინცდამაინც მაშინ უნდა ჰქონოდა მამიდას ფეხი მოტეხილი, მე გამესეირნებინა პეპი, მაინცდამაინც ის უნდა დაჯახებოდა რიკს და გამეცნო იგი. აუცილებლად მომნუსხველი მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომ მომწონებოდა და მასთან შეხვედრები გამეგრძელებინა. ბოლოს კი, მაინცდამაინც მაშინ უნდა გადაეწყვიტა ჯულის დაქალთან საცხოვრებლად გადასვლა, როცა რიკთან დაშორებას ვაპირებდი. ამას ბედის ირონია არ ჰქვია? მამიდამ მითხრა, დროებით სტელასთან გადავდივარო. მისი ქალიშვილი ბრუკლინში გაუმწესებიათ სამუშაოდ და მარტო ყოფნის შეშინებია. ამიტომ მამიდას უთხოვია, დროებით მასთან ეცხოვრა, სანამ მარტო ყოფნას მიეჩვეოდა.
თან გამიხარდა, თან შემეშინდა. ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრე, სპეციალურად ხომ არ მოაწყო-მეთქი ასე, რომ რიკთან განმარტოების საშუალება მომცემოდა. ვინ იცის…
დღე უჩვეულოდ დაიწყო. რაღაც სხვანაირი შეგრძნება იყო, დილას ჯულის გარეშე, მარტო რომ ვხვდებოდი. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. გავიზმორე, რაც შეიძლებოდა დავჭიმე სხეული და ავდექი. გარეთ სასიამოვნო ამინდი იდგა. რიკზე ფიქრი წამითაც არ მშორდებოდა გონებიდან.
სასტუმრო ოთახში გამოვედი თუ არა, ტელეფონმა დარეკა.
- მის კეიტ, რით შემიძლია გემსახუროთ? - მოისმა მისი ბუბუნა ხმა. - პირადად მე, რატომღაც, ამწუთას თავში მხოლოდ სახიფათო სურვილები მომდის.
გამეღიმა. ამასაც ჰქონია სახიფათო სურვილები. ეს უკვე საინტერესოა.
- რიკ! - ცოტა არ იყოს, გამაოცა ჩემი ხმის სითბომ, - რატომ მირეკავ ამ დილაუთენია?
- მაინტერესებს, როგორ არის ჩემი სიყვარული, - მხიარულად მომიგო.
თვალები დავხუჭე. ადვილი წარმოსადგენი იყო, რა პოზაში იჯდა იგი ახლა თავის სამუშაო მაგიდასთან. საგულდაგულოდ გადავარცხნილი შავი თმა, სუფთად გაპარსული წვერი, პრიალა სახის კანი და უცნაურად ლურჯი თვალები. ალბათ, კაბინეტში შევიდა თუ არა, პიჯაკი გაიხადა და ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა…
- არა მიშავს რა, - ამოოხვრით ვუპასუხე, - ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობ თავს. იმედია, კიდევ ერთი ასეთი გამოძინება საბოლოოდ გამხდის კარგად.
საინტერესოა, მიხვდა ჩემს გადაკრულს თუ ვერა? გუშინდელი გამომშვიდობების შემდეგ, რომელიც ხანგრძლივი კოცნით დასრულდა, აუცილებლად მივიჩნიე, ჩვენ შორის დისტანცია გამეზარდა.
- კარგი აზრია, - მოულოდნელად დამეთანხმა.
მისმა რეაქციამ სევდა მომგვარა, მეწყინა, ასე უცებ რომ დაიხია უკან და შეხვედრა არ მთხოვა.
ესე იგი, დღეს ვერ ვნახავ? შეჩერდი, კატო! მაგიჟებს შენი სისუსტე! - გულში დავტუქსე ჩემი თავი.
- მაშინ ცოტა ადრე დავწვები დასაძინებლად, - უხალისოდ მივუგე.
- მეორე მიზეზი, რატომაც გირეკავ, ისაა, რომ ორ საათში რამდენიმე დღით მივემგზავრები. ბოლო დროს რამდენჯერმე გადავდე გერმანიაში გაფრენა, მეტს ვეღარ გავწელავ.
- ა! გასაგებია! - ხმა ჩამიწყდა, - მე… ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.
- გმადლობ! - ხმაზე სულ არ ეტყობოდა, რომ ჩემთან მოსალოდნელ განშორებას ოდნავ მაინც განიცდიდა.
ამან გამაბრაზა, თუმცა ვხვდებოდი, რომ ჩემი გაბრაზება სრული უაზრობა იყო.
- კეიტ, მისმენ?
- ჰო, რა თქმა უნდა, მაპატიე, ქარმა დაუბერა და ფანჯარა მივხურე.
- აბა, შენ იცი, თავს მიხედე, ძალიან არ გადაიტვირთო, კარგი? მოგვიანებით დაგირეკავ.
- კარგი, ნახვამდის!
- ნახვამდის, საყვარელო!
ყურმილში წყვეტილი ზუმერი გაისმა. საყვარელოო? ადრე ასეთი რამ არ უთქვამს. არც ერთხელ. გული ამიჩქროლდა. ამით რისი თქმა უნდოდა?
დღე უჩვეულოდ დაიწყო და ასევე გაგრძელდა. საღამომდე ვტიროდი… უცრემლოდ. შიგ სხეულში იღვრებოდა ჩემი ცრემლები, ვერ გავბედე თვალებამდე მომეშვა. ყელში მობჯენილს უკანვე ვაბრუნებდი.
უაზროდ მიილია ის დღე. დაღამდა. არც წამალი დამილევია და არც მიჭამია, ყავა დავლიე მხოლოდ. მერე კი გაუხდელად მივეგდე ლოგინზე. ჯულიმაც არ დამირეკა, არ მომიკითხა. ალბათ ჰგონია, რიკთან ერთად ვარ. რომ იცოდეს, რა უმწეოდ ვგრძნობ თავს და რა დღეშიც ვარ, დარწმუნებული ვარ, წამში აქ გაჩნდებოდა.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კვლავ აწკრიალდა ტელეფონი.
- კეიტ, რიკი ვარ. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მაქვს. თავს როგორ გრძნობ? გაგიარა ტკივილმა?
მის ზარს არ ველოდი.
- ყველაფერი რიგზეა, - ამოვღერღე და როცა ყურმილს იქით სიცილის ხმა გავიგონე, დავამატე, - სად ხარ?
- ვახშამზე. მაპატიე, აქ ცოტა ხმაურია. ძლივს მომეცა საშუალება, დამერეკა.
- შეწუხებად არ ღირდა, - ზედმეტად უხეშად გამომივიდა, - ისედაც არ გაკლია პრობლემები, ჩემიც რომ არ დაიმატო.
- მე მსიამოვნებს შენზე ზრუნვა, - ალერსიანი გაუხდა ხმა, - ხვალ არა მგონია, დარეკვა შევძლო, სამაგიეროდ, უიკენდზე გაგიტაცებ. მოემზადე პარასკევ საღამოს, კარგი? თბილი სამოსი წამოიღე.
- გამიტაცებ? - იმდენად დამზაფრა მისმა ნათქვამმა, ვერც გავიაზრე მეთქვა, შაბათ-კვირას დაკავებული ვარ-მეთქი.
- ერთ შესანიშნავ ადგილას უნდა წაგიყვანო.
- ერთ შესანიშნავ ადგილას?
- ჰო… ვგრძნობ, რომ არ ხარ ფორმაში. ვერ გამოჯანმრთელდი, როგორც ჩანს. რასაც ვიტყვი, იმას იმეორებ მოლაპარაკე თუთიყუშივით, - გაიხუმრა, - ახლა უნდა გავიქცე, პარასკევს შევხვდებით.
- რიკ…
- იფიქრე ჩემზე! და მხოლოდ ჩემზე! - გამაწყვეტინა.
- რიკ…
- იმიტომ, რომ მე სულ შენზე ვფიქრობ. განსაკუთრებით, მას მერე, რაც წუხელ სააბაზანოში ვნახე.
თვალები დავაჭყიტე. წარმოვიდგინე, ამწუთას როგორ იღიმებოდა.
- ამას უწესობა ჰქვია!
- რატომ? ის, რაც ვიხილე, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო. მსგავსი სილამაზისთვის ჯერ არ მომიკრავს თვალი.
- რიკ, რაც შეეხება გამოსასვლელ დღეებს…
- ნახვამდის, საყვარელო! - ყურმილი დამიკიდა.
უკვე მეორედ მიწოდა საყვარელო. ამას დამატებული გამოსასვლელი დღეების ერთად გატარება… უკვე ემზადება ჩემ საცდუნებლად. იქნებ იმისთვის გაემგზავრა გერმანიაში, რომ თავი მომანატროს? არა, ის ანდროს არ ჰგავს! ის არ მეთამაშება!
მიუხედავად ამისა, მასთან ერთად არსად არ უნდა წავიდე! უნდა დაველაპარაკო და ავუხსნა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. ამის გაფიქრება და… ცრემლები დამცვივდა. ამჯერად ვეღარ შევძელი მათი შეკავება… დამბალმა გულმა ვეღარ დაიტია ისინი…
პარასკევ საღამოს ნერვები ლამის დაწყვეტაზე მქონდა. მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, თუ მოვიდოდა, მასთან ერთად გასეირნებაზე უარი მეთქვა. მიუხედავად ამისა, ნივთების ჩალაგებას მაინც შევუდექი… ისე, ყოველი შემთხვევისთვის, თან გული მეთანაღრებოდა. ვაითუ, საერთოდ არ მოსულიყო. ისიც კი არ ვიცოდი, ჩამოვიდა თუ არა.
ამასობაში ექვის საათი გახდა. შეიძლებოდა ნებისმიერ წუთს გამოჩენილიყო. ფეხებში ისეთი სისუსტე ვიგრძენი, საწოლზე ჩამოვჯექი.
სულ რამდენიმე წამი და კარზე ზარი დაირეკა. ვერ გეტყვით, როგორი სისწრაფით წამოვხტი ფეხზე. ჩურჩულით დავიმშვიდე თავი და ჰოლში გავედი.
- ვინ არის? - ლოყა კარს მივადე და რაც შეიძლებოდა, მშვიდად ვიკითხე.
- ეს მე ვარ!
მეტის თქმა საჭირო აღარ იყო, გული უკვე ამომივარდა ბუდიდან და აფართხალდა. მოუთმენლად გადავატრიალე გასაღები და კარი ფართოდ გავაღე.
- გამარჯობა, შემოდი! - მგონი, ვიყვირე.
არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მის მკლავებში. ის წამები გონებიდან ამომიფრინდა. რიკი მთელ სახეს კოცნით მიფარავდა. მყისიერად დამავიწყდა ყველა ჩემი გეგმა და მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა - ვყოფილიყავი მის გვერდით, მყვარებოდა და დავმტკბარიყავი.
- როგორ მომენატრე, - მიჩურჩულა და თვალებში ჩამხედა, - ვერც კი წარმოიდგენ!… მითხარი, რომ შენც მოგენატრე.
- მეც მომენატრე, ძალიან ძლიერად, - ისე ამოვთქვი, სულაც არ გამჭირვებია ამის აღიარება და მივხვდი, მასთან ერთად მოუსავლეთშიც კი წავიდოდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა იქნებოდა შემდეგ, მთავარი ის იყო, რაც ახლა ხდებოდა.
- სად მივდივართ? - ვკითხე, როცა ქალაქიდან გავედით.
- აბა, თუ მიხვდები! - მსუბუქად გამიღიმა, - შენთან ბევრჯერ მიხსენებია ეს სახელი, მაგრამ იქ ნამყოფი არ ხარ.
რიკს უბრალოდ ეცვა - შავი ჯინსი და ლურჯი პერანგი, რომელიც, როგორც ყოველთვის, ორ ღილზე ჰქონდა ჩახსნილი. მისი გაღეღილ მკერდს ხარბ მზერას არ ვაშორებდი.
- გამიჭირდება გამოცნობა. იშვიათად მიწევს მოგზაურობა, - ნაღვლიანად გავხედე, მაგრამ სწორედ ამ დროს გონება გამინათდა, - შენთან მივდივართ, ხომ? ენფილდში, შენს სახლში?
- მართალია. - რიკმა ჩემი ხელი აიღო და მაკოცა. - ვიფიქრე, დროა, იცოდეს, სად ვცხოვრობ-მეთქი. გარდა ამისა, არ გაწყენდა ჩემების გაცნობა. მგონი, ამის დროც დადგა.
- შენების?
- ჰო, რა იყო? გერიდება? იმედს ვიტოვებ, მოგეწონება ისინი.
ამაზე რა უნდა მეპასუხა, არ ვიცოდი. მხოლოდ ერთი რამ მინდოდა მეკითხა, ყველა ქალს ასე აცნობდა თავისიანებს?
- თან კარგი საბაბიც გამომიჩნდა. დედას კვირას დაბადების დღე აქვს, - დაამატა.
- და არაფერი მითხარი? რატომ არ გამაფრთხილე? საჩუქარი რომ არ მაქვს? - ძალიან შევწუხდი.
- ეგ არაფერი. ის შენგან არაფერს ელის, - თავი გადააქნია.
აი, ნამდვილი მამაკაცის პასუხი! აღვშფოთდი.
- არ ვიცი, ინგლისში როგორ იციან, მაგრამ ჩვენთან, საქართველოში, უსაჩუქროდ მისვლა ცუდ ტონად მიიჩნევა. არ ვარ ჩვეული ასეთ რამეს!
- არა უშავს-მეთქი, ხომ გითხარი. ჩვენ ახლა ინგლისში ვართ და არა საქართველოში.
დავიბოღმე.
- თვითონ თუ უყიდე მაინც რამე?
- ხვალ ვუყიდი. ჯერ უნდა ვკითხო, რა სჭირდება.
გამაოცა მისმა ნათქვამმა.
- საერთოდ ოდესმე მიგირთმევია რამე დედაშენისთვის? შოკოლადი, ყვავილები, წიგნი, ტანსაცმელი? - ვერ მოვითმინე.
აშკარა იყო, ჩემი დაკითხვა აღიზიანებდა.
- ტანსაცმელი არა, ყვავილები და ტკბილეულობა კი.
ესე იგი, არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც მომეჩვენა. ამოვიოხრე და მტკიცედ განვუცხადე:
- ხვალ ორივე ერთად წავალთ საჩუქრის საყიდლად. მომიყევი, როგორი ქალია, რა უყვარს…
- დედაჩემი? დედა ძლიერი ქალია, - ხმა დაუთბა, - დედას და მამას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მამა ბევრად სამართლიანი იყო, როგორც ჭეშმარიტ ადვოკატს შეეფერებოდა.
- ადვოკატი მამა გყავდა? - გამიკვირდა. რატომღაც, სულ მეგონა, რომ მამამისიც ბიზნესმენი იყო და რიკი მის კვალს გაჰყვა.
- თანაც საუკეთესო! დედა კი… დედა ორიგინალური მყავს, არავის რომ არ ჰგავს, ისეთი, ენერგიული და მტკიცე ხასიათის. მამა ხუმრობდა ხოლმე, მისი თავი ღმერთმა გამომიგზავნა, რომ დალაგებული ცხოვრება მქონოდაო.
გავიღიმე. ცოტა არ იყოს, შემშურდა მისი.
- მუშაობს?
- სანამ მამა ცოცხალი იყო, შინ იჯდა და დიასახლისობდა. მერე ფერწერას მიჰყო ხელი. სხვათა შორის, წარმატებული მხატვარია. მთელ ქვეყანაში იყიდება მისი ნახატები. ქველმოქმედებასაც ეწევა, უპატრონო ცხოველებს უვლის.
- შენი დები?
- როუზი ოცდაათი წლისაა. გათხოვილია, ორი შვილი ჰყავს. ძალიან ჰგავს მამას, ჭკვიანი და სამართლიანი გოგოა. უმცროსი ელენი ახლახან ოცდარვის გახდა. მოგზაურობა უყვარს, მსოფლიო აქვს მოვლილი. მომავალი ქმარიც მოგზაურობისას გაიცნო. ექიმი ქმარი ჰყავს და ტყუპი გოგონა. გული მტკივა, მამა რომ ვერ მოესწრო შვილიშვილებს. - ღრმად ამოიოხრა.
ისეთი სითბოთი საუბრობდა თავის ოჯახზე, გული ამიჩუყდა.
ძალიან სწრაფად მივდიოდით, მაგრამ სანამ ენფილდში ჩავაღწიეთ, დაღამდა. ვგრძნობდი, რაც უფრო ვუახლოვდებოდით რიკის სახლს, მით უფრო ვიძაბებოდი, მაგრამ რატომ, ვერაფრით ვხვდებოდი.
გაგრძელება იქნება