"ლევან აბაშიძეს შვილებისგან ვერ ვარჩევდი, ისე მიყვარდა.ჩემი სანდროს საუკეთესო მეგობარი იყო. მას კი ისეთი ინტუიცია აქვს, სამეგობროდ მხოლოდ სუფთა ადამიანებს ირჩევს. მისი ყოველი შემოსვლა ჩვენთან ოჯახში, იცით, მზე რომ კაშკაშს იწყებს ხოლმე, ისეთი იყო. თითქოს ნათელ სხივს დაატარებდა – სითბოს, სიკეთეს…
რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას მასთან, როგორც პარტნიორთან, განაპირობებდა მისი დიდი მსახიობური ტალანტი. ამიტომაც მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ ლევანის ბრწყინვალე ეკრანული სახეები მხოლოდ პრელუდია იყო იმ დიდი შემოქმედებითი გზისა, რაც მას აუცილებლად უნდა გაევლო. ვაგლახ, რომ ძალიან დამაკლდა, ძალიან… განა მარტო მე?” - ამბობდა გენიალური სოფიკო ჭიაურელი ყველასთვის საყვარელ მსახიობზე, ლევან აბაშიძეზე.
ლევანისა და სოფიკოს გზები ლანა ღოღობერიძის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” გადაიკვეთა, სადაც ისინი დედა-შვილს განასახიერებდნენ. ლევანი მაშინ 15 წლის იყო, სოფიკო - 41-ის.
მარადიულ პრინცად დარჩენილი მსახიობი ლევან აბაშიძეა, მისი და მიკაელა სტრიმბეანის განთქმული სასიყვარულო ისტორია დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, გამორჩეული ნიჭისა თუ სილამაზის წყალობით, არ გასჭირვებია გულშემატკივრების არმიის გაჩენა. მისი გულის მონადირებას არაერთი გოგონა ცდილობდა, ბევრი სასიყვარულო ისტორიის მიუხედავად კი, ცხოვრების მეგზურად მოლდოველი მსახიობი მიკაელა სტრიმბეანუ აირჩია. 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდოსაც კი შეადარა.
მიკაელას შემოქმედებას მოლდოვაში კარგად იცნობენ, არაერთი როლი აქვს ნათამაშები სხვადასხვა სპექტაკლსა თუ ფილმში, ის მოლდოვის სახალხო არტისტია. საქართველოში კი ის სულ სხვა ისტორიით გაიცნეს - ის ხომ ლეგენდარულ ქართველ მსახიობს, ლევან აბაშიძეს უყვარდა. წყვილმა ერთმანეთი საქართველოში, „ქართულ ფილმთან“ გაიცნეს. მიკა გადაღებიდან გამოვიდა და ტაქსი უნდა გაეჩერებინა. ამ დროს მსახიობმა თემო გვალიამ მანქანა გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა. მანქანაში ღამის გადაღებიდან მომავალი მეთევზის ფორმაში გამოწყობილი ლევანი იჯდა. „არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მე მაშინ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ვიყავი, სულ რაღაც 18 წლის; ლევანი კი – 25 წლის, ცნობილი მსახიობი ბიჭი. პირველივე შეხედვისას ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც მჭირდებოდა, ვინც ძალიან ჩემი იყო და ვისთვისაც მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. მართლა უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ვერ წამომედგინა, მის გარეშე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი.“
რომანტიკული შეყვარებული რჩეულ ქალს ყვავილებით, ტკბილეულით და, რაც მთავარია, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა. ერთად 4 წელი გაატარეს.
„ლევანის გარდაცვალების შემდეგ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც მას ჰგავს. ერთი დარბაზი უნდა გაავსო ადამიანებით, რომ ყველა მათგანისგან შექმნა ისეთი სული, გონება, ტალანტი და სილამაზე, რომელიც ლევანს ჰქონდა.”