"შენი შუადღის" ეთერში კადრები ნიაზ დიასამიძის კონცერტიდან აჩვენეს, სადაც მუსიკოსი მუსიკის ფონზე ქართული ენისა და მისთვის ბრძოლის შესახებ ემოციურად საუბრობს. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი კი სწორედ ნიაზის მეუღლე, მსახიობი მაიკო გელოვანია, რომელმაც ნიაზ დიასამიძის სიტყვებს ემოციებისა და ცრემლების გარეშე ვერ მოუსმინა:
„ნიაზი არის ჩემთვის ის ძალა, რომლის გარეშეც ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიარსებო და როგორ ვიყავი მანამდე. საკმაოდ დიდი ხანია, 23 წელია, ერთად ვართ და ჩემთვის ნიაზი ენერგიის, შემართების, სტაბილურობის განცდის და სიმშვიდის გარანტია. სიყვარულისთვის, ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერზე ვარ წამსვლელი…“ - ამბობდა მაია გელოვანი.
ნიაზ დიასამიძე
მაშინ, როდესაც ისეთ ოჯახებზე ვსაუბრობთ, სადაც სიყვარული და ხელოვნება პირდაპირპროპორციული ცნებაა, შეუძლებელია, ყველასთვის კარგად ნაცნობი, დიასამიძეების ოჯახი არ გაგვახსენდეს.
ნიაზ დიასამიძე - ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსია დიდი საგვარეულო ისტორიით. მისი მუსიკასთან ურთიერთობა 15 წლის ასაკში დაიწყო და ძალიან მალევე ერთად ჯგუფიც ჩამოაყალიბა. კარიერაში მას არაერთი ფილმისთვის შეუქმნია საუნდტრეკები და ათობით საავტორო ნაწარმოების ავტორია. გარდა ამისა, ნიაზ დიასამიძე არის ცნობილი ფესტივალის, „არტ გენის“ თანადამაარსებელი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, განსაკუთრებული ურთიერთობა და სიყვარული მეუღლესთან, მსახიობ მაია გელოვანთან აკავშირებს. წყვილი 20 წელზე მეტია ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება. მათ ორი ვაჟი - თემურიკო და ანდრია ჰყავთ. "პირველად საერთო მეგობრის, არაჩვეულებრივი მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის ოჯახში შევხვდით. ერთმანეთი გავიცანით, მაგრამ შემდეგი 2 წელი ურთიერთობა არ გვქონია. შემდეგ ისევ შევხვდით და ჩვენი სიყვარულის ამბავიც ამის შემდეგ დაიწყო, რამდენიმე თვეში დავქორწინდით. ნიაზი ჩემს სპექტაკლებს არასდროს ესწრება. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, მოვიდა და, როცა ჩემი სცენაზე შესვლის დრო დადგა, დარბაზიდან გავიდა. გასვლის დროს თვალი მოვკარი, არც ვიცოდი, მოსული თუ იყო. უზომოდ ემოციურია, საკუთარ თავს ეკრანზე არ უყურებს. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა მარტოა. მისი კარგად მესმის. არსებობს რაღაც სივრცე, რომელიც ჩემია, იქ აღარ იჭრება. მე მის ყველა კონცერტს ვესწრები, თამამად და ამაყად ვიტყვი, მისი შემოქმედების პირველი შემფასებელი და გულშემატკივარი ვარ..." - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი მაია გელოვანი.