ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში რუსული კანონი უკვე დაარეგისტრირა. კანონის პროექტი და განმარტებითი ბარათი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია. როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.“
ისევე, როგორც ერთი წლის წინ, წელსაც კანონის ინიცირებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარი პოზიცია ქუჩაში, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოხატა. მათ შორის იყო მსახიობი ნინო გაჩეჩილაძეც: "ჩვენ გავიმარჯვებთ", - წერს ის აქციაზე გადაღებულ ფოტოზე.
საკუთარი პოზიცია გამოხატა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმაც. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ციტატა გააზიარა, სადაც ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს:
საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერა გამოხატა მოდელმა მატილდა გვარლიანმაც. მან სოციალურ ქსელში შარშანდელი აქციის ფოტო გააზიარა, სადაც ქალი ევროკავშირის დროშით ჩანს.
ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს უჭერს მხარს ახალგაზრდა ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც:
"არა რუსეთს! საქართველოს გზა ევროპაშია! მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - წერს სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძე, საფეხბურთო კლუბ „კარლსრუესა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.
ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ახალგაზრდა მსახიობი ნატალია ყიფშიძეც: " ეს კანონი რომ მიიღონ, რაც დარწმუნებული ვარ, არ მოხდება ჩვენი შემართებით, იგივე ვიქნებით, რაც რუსეთია ზუსტად, რადგან ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ადამიანების თავისუფლება საგრძნობლად შემცირდა, ყველას შეეხო და ყველას შეგვეხება" - ამბობს მსახიობი.
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის პასუხად გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მინდა, ნათლად განვაცხადო, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას. ეს საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს“, – წერს თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ.