ნანუკა გულუა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამდნენ კითხვას დაოჯახების შესახებ. 2021 წლის შემოდგომაზე კი მან გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო და დაწერა, რომ დაქორწინდა. "კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ. ჩემი “ოცდაყველა” კი არა, “ასყველა” წელი ღირდა, რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ", - წერდა ის. "ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ - იხსენებდა ნანუკას მეგობარი, მსახიობი სალომე შარვაძე.
ნანუკა პირველი შვილის, უსაყვარლესი ნინას დედა 2022 წლის ზაფხულში გახდა. მეორე შვილი, იკა, ნანუკასა და კახას სულ ცოტა ხნიწ წინ შეეძინათ. დედობის გამოცდილებაზე მან "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა:
"უფრო მშვიდად ვარ და უფრო გამოცდილი ვარ, ვიცი, რის შემდეგ რა მოდის. პირველ შვილზე ისტერიკა მემართებოდა, როდესაც ტიროდა, იკუნაზე უკვე ვიცი, რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს და მეც არ ვტირი მასთან ერთად. რაღაც რომ აწუხებს, შემიძლია, დავამშვიდო და აქეთ არ გავხდე დასაწყნარებელი. როგორც მე შემიძლია გამოვუცვალო პამპერსი, დავიცვა ჰიგიენური ნორმები ბავშვთან დაკავშირებით, გავასეირნო, გავართო, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს კახამაც. ყველაფერშია ჩართული. ბავშვები გიჟდებიან მასზე. ჩვენი შვილები ორივე მშობელზე არიან დამოკიდებულები. ჩვენთან არ არის ის შემთხვევა, როცა დედა ყველაფერს აკეთებს და მამა წამოწოლილია. თუ კახა მთელი დღე სამსახურშია და დაღლილი მოდის, მაინც თავად უნდა, რომ ღამე ჩაერთოს ამ რუტინაში. თავად აქვს სურვილი, შვილებთან კონტაქტი ჰქონდეს… ჩემთვის ეს ახალი არ არის, რადგან მთელი ბავშვობა მამაჩემიც ზუსტად ასევე იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში. ძალიან მინდოდა, ჩემი მეუღლეც ასეთივე ყოფილიყო…
ისეთ ასაკში დავოჯახდი, ვფიქრობდი, ალბათ, ყველას ბედი არ არის შვილების ყოლა-მეთქი. სავარუდოდ, ჩემი ბედნიერება სხვა რამეში უნდა ვიპოვო-მეთქი. თან, არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი ოჯახი და შვილები. ჩემს მეგობრებს ძალიან უკვირთ, ასეთი დედა რომ აღმოვჩნდი. ეგონათ, სხვებს გავაზრდევინებდი და მე აქეთ-იქით ვივლიდი, მაგრამ არ არსებობს სხვა უფრო დიდი სიამოვნება, რასაც ჩემს შვილებთან კომუნიკაცია მაძლევს. ყველაფერი ამოყირავდა. ორი და მყავს, ჩვენ სამნი ვართ და რომელიმე რომ არ მყავდეს, ძალიან უბედური ვიქნებოდი. მინდა, ჩემს შვილებსაც ჰყავდეთ დაც და ძმაც. სამწუხაროდ, ჩემი საკეისრო კვეთები არ მაძლევს საშუალებას, რომ მალე გავაჩინო მესამე. რაღაც დრო უნდა გავიდეს და თუ უფალი ინებებს, აუცილებლად გავაჩენ მესამესაც.
ვფიქრობ, ვარ მაგალითი 30-35+ გოგონებისთვის, ვისაც ჰგონია, რომ აღარაფერია წინ და დააგვიანა… 40 წლის გავხდი და მერე გავაჩინე მეორე შვილი და აუცილებლად გავაჩენ 42 წლის ასაკში მესამეს, თუ ღვთის წყალობა იქნება… უკვე ძალიან გაიზარდა შვილის გაჩენის ასაკი და ამიტომ არაფერი გვიან არ არის. ეძიონ და დაელოდონ თავიანთ ბედნიერებას", ამბობს ნანუკა გულუა "რადიო ფორტუნასთან" საუბრისას.