"ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში... ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე...
მეძინა... რეზო მოვიდა გვიან... ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა და აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად...
ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არვიცი, რატომ დაინდეს ან ერთი ან მეორე... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ - წერს გვერდი icons_of_georgia სოციალურ ქსელში და მედეა ჯაფარიძის შესახებ ლაშა თაბუკაშვილის ამ საინტერესო ამბავს აქვეყნებს.
მედეა ჯაფარიძის არსებობა რომანტიკული ცხოვრების თვალისმომჭრელი სანახაობა იყო. იგი არ ჰგავდა ჩვეულებრივ მოკვდავს, ის, თითქოს, რაღაც ღვთიური არსება იყო, რომელიც მხოლოდ ქართველ ერს ეკუთვნოდა. მის ირგვლივ თანაცხოვრობდა დიდი ოჯახური და პიროვნული ტრაგედია.
ინგლისელებმა მისი ბიძა, დედის ძმა, ცნობილი რევოლუციონერი ალიოშა ჯაფარიძე დახვრიტეს. ამ უბედურებამ სულიერი წონასწორობა დაურღვია დედამისს, ხშირად იწვა საავადმყოფოში, საიდანაც შვილის სანახავად გამოიპარებოდა ხოლმე... პირველი დიდი თეატრალური შთაბეჭდილება მის ცხოვრებაში ქორეოგრაფიით შემოვიდა (როგორც იქნა, „გედების ტბაში“ მარინა სემიონოვა ნახა!). ვერიკოს მეზობლად ცხოვრობდა. მაშინდელი სუმბათაშვილ-იუჟინის (ახლანდელი ვერიკო ანჯაფარიძის) ქუჩაზე, ფიქრის გორაზე, ამდენ საოცრებას რომ იტევდა! ყველასთვის მოულოდნელად მედეა ჯაფარიძე ცოლად მსახიობ გრიგოლ კოსტავას, მერაბ კოსტავას ბიძას, გაჰყვა. მოგვიანებით ასე იხსენებდა: „ბევრს ახსოვს მერაბი, ვაჟკაცური, ღრმად ქართველი, მტკიცე ხასიათის, შეუპოვარი... სწორედ ასეთი იყო გრიშაც“. ახლობლები იხსენებდნენ: მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროსსო. ეგონათ, პატრონს გაუჩენდნენ ბედისგან დაჩაგრულს, მაგრამ პირიქით მოხდა – გრიშა დააპატიმრეს და იგი მედიკოს საზრუნავი გახდა... დიახ, გრიგოლ კოსტავას პოლიტიკური წარსული გაუხსენეს და, ორ მეგობართან ერთად დაიჭირეს, აწამეს... ამას არ დასჯერდა ტოტალიტარული რეჟიმი და სამივეს დახვრეტა მიუსაჯა. ამ დროს მედეა 20 წლის იყო მისი ერთადერთი მიზანი მეუღლის გადარჩენა გახდა. აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის დამ, მარგარიტა მუსხელიშვილმა, მოსკოვში წერილი გაატანა ადმირალ ივანე ისაკოვთან, რათა ეშუამდგომლა ვასილ ულრიხთან, რომელიც საბჭოეთში პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს განაგებდა და სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი გამოჩენილი შემსრულებელი იყო. ამ პერიოდისთვის ვ.ულრიხი ერთდროულად იყო როგორც სამხედრო კომისიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ისე საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ მედეა ჯაფარიძე კრემლის კაბინეტში შეხვდა ფაქტობრივ ჯალათს, რომელიც თითქმის ყველას უარით ისტუმრებდა. მსახიობის არაამქვეყნიური მშვენიერებით დატყვევებულს უთქვამს: „ანგელოზს თხოვნები არ აქვს, მიბრძანეთ!” გასაოცარი და დაუჯერებელი იყო ის, რომ განაჩენი შეიცვალა და სამივე პატიმარს 10-10 წელი მიესაჯა... მის სიკეთეს არ ჰქონდა საზღვრები. ერთი პერიოდი უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. სხვაზე ზრუნვაში დაავიწყდა ოჯახი, თეატრიც კი – საამისოდ დრო აღარ რჩებოდა, რადგან უნდა ეშოვა საბარგო მანქანები, ხე-ტყე, ცემენტი, კოპტონი (საქონლის საკვები ჩენჩო) კოლმეურნეობისთვის, თუმცა არც იცოდა, რა იყო ეს კოპტონი. წლების განმავლობაში მედეა ჯაფარიძის შუამდგომლობით 126 ადამიანი გადაურჩა ციხესა და დახვრეტას. ვინ დაუდგებოდა წინ მის კეთილ ნებას?!