1920-30-იანი წლების ევროპულ-ამერიკული საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ხუთი და-ძმა მდივანი. მათი ხშირად მოიხსენიებდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავთა და ცნობილ პიროვნებათა: პოლა ნეგრის, მეი მიურეის, ლუიზა ასტორის, დევიდ კონან-დოილის, კოკო შანელის, სალვადორ დალისა და სხვათა გვერდით გახმაურებულ ამბებში, ელიტარულ ქრონიკებში, მხატვრულ ლიტერატურაში, ფილმებში.
მათ აქებდნენ, ეპითეტებით ამკობდნენ, ხშირად არასახარბიელო კონტექსტშიც იხსენიებდნენ. ერთი ეპითეტი კი ყველას საერთო ჰქონდა: "მექორწინე მდივნები".
მდივნების მამა იყო ცნობილი ქართველი გენერალი ზაქარია (შაქრო) მდივანი. მათი წინაპარი სოლომონ მდივანი ერეკლე II-ის თანამებრძოლი გახლდათ, მაგრამ დიდად ეწინააღმდეგებოდა მეფეს კავკასიაში რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით. მისი პატრიოტიზმი და ერისადმი თავდადება მემკვიდრეობით გადაეცა შთამომავლობას. გენერალმა ზაქარია მდივანმა პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე საკმაოდ გრძელი საბრძოლო გზა განვლო. მისი კარიერა დივიზიის უფროსობიდან დაიწყო და დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობით დასრულდა. საქართველოს მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე თავის მოგონებებში გენერალ მდივანს ახა-სიათებს, როგორც ძალიან მიმზიდველ და სასიამოვნო ადამიანს.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი მდივანი თავისი ოჯახით, სხვა დევნილებთან ერთად, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და იქ შექმნილ ლტოლვილთა კომისიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც შემდეგ სამთავრობო კომისიას შეუერთდა. 1922 წელს პარიზში გადასახლდა, მრავალ საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ ემიგრანტის გაჭირვებულ ყოფას თავი ვერ დააღწია. შაქროსა და მის ცოლს, ნახევრად ქართველ და ნახევრად პოლონელ ელისაბედს ხუთი ულამაზესი შვილი ჰყავდათ - სერგო, დავითი, ნინო, რუსუდანი და ალექსი, რომელთაც კარგი გა-ნათლება მისცეს ჯერ თბილისში, პეტერბურგსა და ვარშავაში, სადაც ზაქარია ერთხანს ვარშავის კომენდანტი იყო, ოკუპაციის შემდეგ კი - ევროპაში.
ახალგაზრდებმა მალე დაიმკვიდრეს ადგილი ჯერ საფრანგეთის, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებაში. მშვენიერ ნინო მდივანს პარიზშივე ჰყავდა უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი. პოეტმა ნიკოლო მიწიშვილმა მას ლექსიც კი მიუძღვნა ("გამოთხოვება"). 1925 წელს ნინო ჩარლზ ჰუბერიხზე გათხოვდა. 1936 წელს ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს, სახელგანთქმულ მწერალ ართურ კონან-დოილის ვაჟს, დენის კონან-დოილს გაჰყვა ცოლად და მწერლის თხზულებების გამოცემის უფლება მემკვიდრეობით მიიღო, რამაც იგი ელიტარული ქრონიკის ინტერესის საგნად აქცია. დენისის დაღუპვის შემდეგ, 1955 წელს ის მესამედ გათხოვდა ენტონი ჰერვორდზე.
ამერიკაში გადასახლების შემდეგ კალიფორნიაში ძმებს ჰოლივუდის ვარსკვლა-ვებს შორის მოუხდათ ტრიალი. სამივე გამორჩეული იყო სილამაზით, განათლებით, დახვეწილობითა და არისტოკრატიზმით. თავადის წოდება, ფრანგუ-ლი გამოთქმით Prince, მათ სამეფო სახლის შთამომავალთა რიგში აყენებდა. როცა მათ მამას, ზაქარიას, ამ ტიტულით მიმართავდნენ, იცინოდა: "მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ ამქვეყნად, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისგან მიიღოო".
წოდება და "ძმები მდივნების ჯადო" ძალიან იზიდავდა დაბალი წარმოშობის მდიდარ ამერიკელებს.
თუმცა ამჯერად რუსუდან (რუსი) მდივანზე უნდა მოგითხროთ, რომელსაც უცხოურ წყაროებში პრინცესა იზაბელადაც მოიხსენიებენ.
რუსუდანი და-ძმებს შორის მხოლოდ რუსუდან (რუსი) მდივანი დაქორწინდა ერთხელ. ის ნიჭიერი მოქანდაკე იყო და პარიზში ჩასულ ქართველ მხატვრებთან - დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანსა და ქეთევან მაღალაშვილთან მეგობრობდა. ფოტოც კი აქვს მათთან ერთად გადაღებული. მის შემოქ-მედებაზე შეგვიძლია მის მიერ პარიზში შექმნილი ნიკოლო მიწიშვილის ბიუს-ტით ვიმსჯელოთ.