- ამ ბოლო დროს რაღაც მოუხშირე დაგვიანებას! - მშრალად წარმოთქვა ლიზიმ და ქმარს გამომცდელად შეხედა.
- კარგი რა, ლიზი, ნუ შემჭამე! უკვე მოლანდებები დაგეწყო. არ იცი, რამდენი საქმე მაქვს სამსახურში? გაოცდები, რომ გაიგო. - ლექსომ, როგორც სჩვეოდა, თმაზე წრიული მოძრაობით გადაისვა ხელი.
- უკვე გავოცდი! - მყისვე მიუგო ცოლმა და ირონიულად ჩაიცინა.
- ოხ, ეს ქალური კაპრიზები! - ლექსომ მარჯვენა მომუშტა და მოკუმულ ტუჩებზე მიიდო, მოთმინების ფიალა ავსებოდა, - მითხარი, რამე გაკლია? რა გინდა, ბოლოს და ბოლოს, არ იტყვი?
ლიზიმ ოდნავ ჩაახველა, მერე კი ღრმად ამოისუნთქა, რაც იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ადამიანი გაზეთის ერთი სვეტის წაკითხვას მოასწრებდა, შემდეგ თვალები მოჭუტა და ქმარს უნდობლობით სავსე მზერა მიაპყრო:
- რა მინდა და ის მინდა, რომ ოჯახს მიხედო და შენს შვილს ცოტა მეტი ყურადღება დაუთმო. რამდენი ხანია, ბავშვი გეხვეწება, მთაწმინდის პარკში ამიყვანეო, შენ კი მისთვის არასდროს არ გცალია, არასდროს! - ლიზიმ ორჯერ გამეორებული "არასდროს" მაგიდაზე გაშლილი ხელის დარტყმით გაამყარა.
ხმაურზე საძინებლის კარი გაიღო, საიდანაც შეშინებულმა მაკუნამ გამოყო თავი და ნამძინარევი თვალებით ჯერ დედას გახედა, მერე მამას.
- მა, რა მოხდა? - იკითხა გოგონამ.
- არაფერი, მამიკო, მიდი, ხელ-პირი დაიბანე და ჩაიცვი, სკოლაში არ დაგაგვიანდეს! - ლექსომ შვილი ხელში აიყვანა და სააბაზანოს კართან ჩამოსვა. - მიდი, მიდი.
- აღარ შემიძლია ასე, რა, - ლიზი ნერვიული მოძრაობით შეუდგა შვილისთვის ბუტერბროდის მომზადებას, დანის წვერით ისე სწრაფად გადაუსვ-გადმოუსვა კარაქი პურს, თითქოს ლესავსო.
- რა არ შეგიძლია, ერთი მითხარი! - მიეჭრა ლექსო და სკამზე ჩამოჯდა, თან ცოლს დანიანი ხელი დაუჭირა, - რა არ შეგიძლია, რა, რა! - უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდა.
- შენი საყვარლების თვლა! - მიახალა ცოლმა, ხელი გამოსტაცა და დანა მაგიდაზე დააგდო.
მამაკაცი ერთხანს ჩუმად იჯდა, ცოლს თვალს არ აშორებდა, მერე კი წამოდგა და კარისკენ ისე გაემართა, კრინტი არ დაუძრავს. მხოლოდ ჰოლში გასულმა გამოსძახა ცოლს, მაკუნას მანქანაში დაველოდები და არ დააგვიანოსო.
ლიზიმ თვალები დახუჭა, ამოიგმინა და ტუჩებიდან ჰაერი გამოუშვა, თითქოს უსტვენსო.
ცოტა ხანში მაკუნაც გამოვიდა და მაგიდას მიუჯდა. დედამ ჩაი დაუსხა და ბუტერბროდი თეფშზე დაუდო.
- დროზე, თორემ დაგაგვიანდება, - მზრუნველი ტონით უთხრა შვილს და სევდიანად გაუღიმა.
- მამას რატომ ეჩხუბე, დე? - ჩურჩულით შეეკითხა გოგონა.
- არ ვეჩხუბე, უბრალოდ, ვიკამათეთ.
- რატომ იკამათეთ?
- იმიტომ.
- მე რომ არ წამიყვანა მთაწმინდაზე იმიტომ, ხომ?
- ჰო. - ლიზის ფიქრები უკვე სხვაგან ქროდა…
ლექსომ ბავშვი სკოლასთან ჩამოსვა, დაელოდა, სანამ მაკუნა შენობაში შევიდოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა გზა.
როგორც ჩანს, რაღაც ვერ გათვალა. არ ეგონა, ლიზი მის გარდასახვას თუ შეამჩნევდა. იქნებ არც შეუმჩნევია და მხოლოდ მისი დაგვიანებების გამო შეუჩნდა ეჭვის ჭია? ყველა ცოლი როგორაა ერთნაირი, ა? რა მოხდა მერე, თუ დააგვიანა? განა სხვა ქმრები არ აგვიანებენ? არა, მხოლოდ გვიან მოსვლა არ არის მიზეზი. ბოლო ორი თვის განმავლობაში ოთხჯერ იყო უკვე "მივლინებაში", ოთხჯერ. კაცმა რომ თქვას, ლიზი მთლად მტყუანი არ არის. მართლა აიღო ხელი ოჯახზე. ისე გაიტაცა თამუნამ, რომ ქვეყანაზე აღარაფერი ახსოვს მისი ლამაზი თვალებისა და გრძელი წამწამების გარდა.
წუხანდელი ღამე გაახსენდა - მშვენიერი რბილი საწოლი, მშვენიერი შიშველი სხეული, მშვენიერი ერთმანეთზე მიკრული წამწამები და სუნთქვის, სიბნელისა და სიამოვნების ხმა ფუმფულა თეთრეულში…
ოოო, ამაზე უარს ვერ იტყვის. მართლაცდა, რამდენი ქალი ჰყოლია, ვისთან არ ჰქონია სექსი, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, სულ სხვა. პირველად მხოლოდ ლიზისთან განიცადა მსგავსი სიამოვნება და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, თამუნასთან გამეორდა იგივე. ახლა თამუნა სურდა ისე, როგორც ცხრა წლის წინ ლიზი სურდა. ახლა თამუნასკენ ილტვოდა მისი სხეული ისეთი ვნებით, როგორითაც ცხრა წინ ლიზისკენ ილტვოდა. ახლა თამუნას დანახვაზე ეკვროდა სუნთქვა და მისი ყოველი შეხება ერთიანად უძაბავდა სხეულს. უნდოდა, სულ უნდოდა ეს გოგო! ყოველ წუთს, ყოველ წამს! თვითონაც ვერ ხვდებოდა, ასე ბრმად როგორ გაება მახეში. უცნაური ის იყო, რომ ზუსტად ისე გაიცნო, როგორც თავის დროზე ცოლი, - კლინიკაში, სადაც ახლა მთავარ ექიმად მუშაობს, მაშინ კი მხოლოდ ქირურგი იყო.
არა უშავს, მან ეს ყველაფერი გაიარა და არა ერთხელ და ორჯერ… ბევრჯერ. ამასაც გაივლის, სანერვიულო არაფერი აქვს. ლიზი მის მორიგ გატაცებასაც შეეგუება და მერე ისევ შეურიგდება. ტყუილად ხტუნავს ხოლმე. შეეძლოს მაინც დიდხანს გაბრაზება. აი, ახლაც, საკმარისია, ერთი კარგი საჩუქარი უყიდოს და ცოლის გულს ისე მოალბობს, ვითომ არც უჩხუბიათ.
ამასობაში კლინიკას მიადგა და მანქანა პარკირების ადგილას დააყენა. შუადღეს გავა და ლიზის რამეს უყიდის - სამაჯურს ან ყელსაბამს. ამით მის გულს მოიგებს. შაბათს კი მაკუნას მთაწმინდაზე აიყვანს. მართლა რამდენი ხანია, შვილი ეხვეწება და მისთვის ვერ მოიცალა. სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს…
ქმარ-შვილი გაისტუმრა თუ არა, ლიზიმ თიკოსთან დარეკა და სთხოვა, მასთან გამოსულიყო. დაქალი მაშინვე მოვიდა. ლიზის სუფრა გაეწყო და კარის ღიობთან გაჩერებული თიკო ხელით მოიხმო.
- დავლიოთ, არ გინდა? - ცივად გამოუვიდა ნათქვამი, თან მარტინის ჩამოსხმა დაიწყო.
- რა გეტაკა ამ დილაუთენია? - გაუკვირდა თიკოს, ჩანთა დივანზე მიაგდო და მაგიდას მიუჯდა, - რა მოხდა, იჩხუბეთ?
- ჰო.
- მიზეზი? - დაქალმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ლიზის თითებს მიადევნა თვალი, მარტინის ბოთლს ნაზად რომ ეფერებოდა.
- მგონი, ახალი საყვარელი ჰყავს, იცი?
მოულოდნელად თიკოს სახეზე სიწითლე მოედო, რომელმაც რამდენიმე წამში გადაუარა. ერთხანს გაოგნებული მისჩერებოდა დაქალს, მერე კი ჩვეულებრივზე დაბალი ხმით იკითხა:
- საიდან იცი?
- არ ვიცი, მაგრამ ვხვდები. ორ თვეზე მეტია, დროზე არ მოსულა სახლში. მერე კიდევ ეს მივლინებები… ერთი, ორი, სამი, ოთხი… შეიძლება ადამინი სულ მივლინებებში დადიოდეს? მთავარი ექიმია თავის კლინიკაში, რა მივლინებები აუტყდა?
- კი მაგრამ, რატომ გიკვირს? ზაზაც ხომ დაჰყვება ხოლმე მივლინებებში?
- ზაზა როცა მიჰყვება, გასაგებია, მაგრამ ყოველთვის? ჰა-ჰა, ერთხელ ან ორჯერ, მაგრამ ოთხჯერ? არ ვიცი, როგორ ხდება, თიკო, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ, როცა რაღაც ისე ვერაა… მოდი, დავლიოთ… ჩვენ გაგვიმარჯოს! - ლიზიმ ჭიქა ასწია, თიკოს მიუჭახუნა და გადაჰკრა.
- ვერ დავლევ, მანქანით ვარ, ხომ იცი.
- ერთი ჭიქა რას გიზამს, შენ კიდევ. დალიე, რა!
- არა, დღეს ბევრგან ვარ გასასვლელი. პატრულმა რომ გამაჩეროს, დამერხევა.
- აუ, თიკო, არ შეგიძლია ზაზას გამოჰკითხო ისე, დელიკატურად, იქნებ რამე გითხრას? შენმა ქმარმა რომ არ იცოდეს ლექსოს ვოიაჟების ამბავი, გამორიცხულია, მთელი დღე ერთად არიან, ბოლოს და ბოლოს.
- რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა თიკომ და დაბნეულმა ააფახულა წამწამები, - კი ვკითხავ, თუ მითხრა რამე…
- გეტყვის. ეგ შენ არაფერს არ გიმალავს.
დაქალმა პასუხად თავი გააქნია და წამოდგა.
- წავედი მე, შენ კი გირჩევ, არ ინერვიულო. არ ღირს ეგ ამბავი სანერვიულოდ. ლექსო შენ რომ არ მიგატოვებს, ხომ იცი, არა? მოჰბეზრდება ის ვიღაცაა და მორჩა. პირველი შემთხვევაა თუ? ადრეც ჰყოლია ვიღაცები, მაგრამ ოჯახი არ დაუნგრევია.
- ოჯახის დანგრევა ხომ არ არის ყველაფერი, თიკო? ისე ცხოვრობს, თითქოს მდგმური იყოს. ელემენტარული ყურადღების ღირსი არ ვარ? მოვა შუაღამეს, დაწვება და დაიძინებს. დილით ადგება, იბანავებს, ისაუზმებს და წავა. ფულს რომ მიტოვებს, განა ფული წყვეტს ყველაფერს? არ შემიძლია ასე გაგრძელება, მორჩა.
- რას აპირებ? - თიკო დაიძაბა.
- მუშაობა უნდა დავიწყო. შინ ჯდომით სულ გამოვშტერდი, გულს მაინც გადავაყოლებ.
- მერე ბავშვი? მაკუნას ვინ მოუვლის?
- მაკუნა დიდი გოგოა უკვე, ცხრა წლისაა, რა მიხედვა უნდა? ბოლოს და ბოლოს ავიყვან ვინმეს, ფულს გადავუხდი და სკოლიდან გამოიყვანს.
- ჰო… რა ვიცი, შენი საქმისა შენ იცი, - თიკომ ცალყბად გაიღიმა, დივანზე მიგდებულ ჩანთას დასწვდა, მხარზე გადაიკიდა და კარისკენ დაიძრა.
- საღამოს შეგეხმიანები. თუ რამე გავიგე, გეტყვი, - უკანმოუხედავად ხმამაღლა გამოსძახა ლიზის და კარი გაიჯახუნა.
ზაზა და ლექსო ერთად მუშაობენ. ისინი ბავშვობის მეგობრები არიან და სკოლის პერიოდიდან ერთად მოდიან. ახლა ზაზა ლექსოს კლინიკაში გენერალური მენეჯერია, საავადმყოფოს კომერციულ მხარეს ის აგვარებს. ლექსო ზაზას ყველაფერში ენდობა, ენდობა თვალდახუჭული. იცის, რომ ძმაკაცი არასდროს დააღალატებს. ამასთან, პირადი ცხოვრების დეტალებსაც არ უმალავენ ერთმანეთს. მართალია, ზაზას დიდი თავგადასავლები არც არასდროს ჰქონია, მაგრამ სამაგიეროდ, ლექსოა სწრაფწარმავალი რომანებით მდიდარი. როცა საქმე მორიგ ერთი ღამის ქალს ეხება, ზაზამ უნდა მოაგვაროს სასტუმროს ხარჯები. თუ ქალაქგარეთ ან სხვა ქალაქში მიჰყავს ლექსოს ახალი "ნაშოჩკა", იქაც ზაზამ უნდა ითავოს ყველაფერი. ამიტომ ეს უკანასკნელი ყოველთვის საქმის კურსშია. ასე ვთქვათ, მოვლენების ეპიცენტრში ხვდება. ეს იცოდა თიკომ, ამიტომ დიდი იმედი ჰქონდა, რომ ქმრისგან ახალ ამბავს საღამოსვე შეიტყობდა.
ლიზი სახლის დალაგებას შეუდგა. გული ბრაზისგან გახეთქვაზე ჰქონდა, არაფრის ხალისი აღარ შერჩენოდა, მაგრამ სახლს დაულაგებელს ვერ დატოვებდა.
როცა თავისი აქსესუარების უჯრებს მიადგა, მოულოდნელად რაღაც გაახსენდა. ერთი ყველაზე პატარა თეთრი ზარდახშა გამოიღო და მასში ჩაყრილი ბიჟუტერია საწოლზე გადმოაპირქვავა. სათითაოდ გადადო ყველა სამკაული, სანამ არ მიაგნო იმას, რასაც ეძებდა. ეს იყო ვერცხლის ბეჭედი, ჩვეულებრივი ფორმის რგოლი, რომლის ზედაპირზე ორი გული იყო ამოტვიფრული და ხელნაწერი შრიფტით ლათინური ასოებით ეწერა: "ყველაფერი არ გაივლის".
დღევანდელ დღესავით ახსოვდა ის დღე, როცა იონამ ეს ბეჭედი აჩუქა. იონა… იო… მისი საოცარი იო… როგორ მოენატრება ხანდახან. ნეტავ ახლა სადაა? რას აკეთებს? პოლიციაში რომ აღარ მუშაობს, ეგ უკვე გაიგო. მეტი არაფერი არ იცის მის შესახებ. ნუთუ ვერასდროს შეხვდება ცხოვრებაში? ისე როგორ უნდა მოკვდეს, ერთხელ მაინც არ ნახოს თავისი იო? თუმცა შეიძლება მან არც მოისურვოს ლიზის ნახვა. განა თვითონ არ მიატოვა? ისე გაიქცა, არც უთხრა მიზეზი, რატომ მიდიოდა მისგან. თან უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მამაკაცმა მის კვალს ვეღარ მიაგნო. ნეტავ ისევ იქ ცხოვრობს თუ თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად?
ბეჭედი არათითზე წამოიცვა და ზემოდან დააცქერდა. ისევ ისეთი ლამაზი თითები აქვს, როგორიც ადრე. როგორც ჩანს, თითები გვიან ბერდება. თუმცა ჯერ ხომ ადრეა სიბერემდე.
კოსმეტიკის მაგიდას მიუჯდა და სარკეში ჩაიხედა. უყვარდა ამ სარკეში საკუთარი თავის თვალიერება. არც ახალგაზრდა იყო, არც ხანში შესული, არც გამხდარი, არც მსუქანი. ზომიერად ფერხორციანი ქალი იყო, სულ რაღაც ოცდათექვსმეტი წლის. რომ მოენდომებინა, ერთ შვილს კიდევ გააჩენდა. ერთს კი არა, სამსაც მოასწრებდა, მაგრამ… ასეთი ქმრის ხელში არ ღირდა შვილების პანტაპუნტით გაჩენა. იქნებ თავისთვის მიეხედა? რამდენი ხანია, არ გაპრანჭულა, საქეიფოდ არ წასულა, არც შოპინგებით მოუკლავს თავი, თუ რამის საყიდლად გავა, მხოლოდ და მხოლოდ მაკუნას ტანსაცმლის შესაძენად. ადრე ლექსოსაც თვითონ ურჩევდა პერანგებს, პიჯაკებს, შარვალსაც კი. ახლა აღარ. ახლა ძველებურად აღარ ადარდებს, რას ჩაიცვამს მისი სანაქებო ქმარი. მიხედოს იმან, ვისთვისაც იცლის და ვისაც ხელისგულზე ატარებს.
იცოდა ლიზიმ, თუ ასეთი გულგრილი დარჩებოდა ქმრის მიმართ, უფრო დაშორდებოდა მას, უფრო გაცივდებოდა ურთიერთობა და შეიძლება ყველაფერი განქორწინებით დამთავრებულიყო, მაგრამ ახლა ესეც არ ადარდებდა. მისთვის მთავარი იყო, რომ მაკუნა ჰყავდა - ყველაზე ძვირფასი არსება დედამიწის ზურგზე.
მოულოდნელად ოთახში ჩამობნელდა. ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი და გაოცდა. მოღრუბლულიყო. მოღრუბლულიყო კი არადა, წვიმაც აწკაპუნებულიყო ფანჯრის რაფებზე. უცნაური სეზონია ეს გაზაფხული. კალაპოტიდან ამოვარდნილივითაა - როცა უნდა, წვიმს, როცა უნდა, ან მზე გამოვა, ან ქარი ამოვარდება, ან გრიგალი და ასე.
ფანჯარასთან დადგა. ელოდებოდა, როდის გადაიღებდა გაზაფხულის მოულოდნელი წვიმა, სიგარეტს ეწეოდა და განვლილ დღეებს აანალიზებდა.
როცა წვიმამ გადაიღო, ფეხსაცმელი გაიხადა, წინდების ამარამ გაიარა და იატაკის სიგრილე ესიამოვნა. ფეხის თითები ოდნავ დაბუჟებოდა, ალბათ დიდხანს რომ იდგა უძრავ მდგომარეობაში, იმიტომ.
- ქესტ ლა ვი! - ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა "ასეთია ცხოვრება"-ს ესპანური ინტერპრეტაცია და ბავშვის ოთახს მიაშურა…
ლექსომ შუადღისას ვერ მოახერხა კლინიკიდან გასვლა, ამიტომ საღამოს გადაწყვიტა ოქროს ბირჟის დალაშქვრა. ძვირფას სამკაულებს ყოველთვის აქ ყიდულობდა, ნაცნობ ოქრომჭედელთან. იცოდა, რომ ნაცნობი არ მოატყუებდა და არც იმაზე ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე ელიტურ მაღაზიებში.
კარგა ხანს ათვალიერა სამკაულები. თითქოს ყველა მოსწონდა, ამავდროულად, არაფერი არ მოსწონდა, რატომღაც, ყველა ერთმანეთს ჰგავდა. ბოლოს, როგორც იქნა, არჩევანი ლამაზ ძეკვზე შეაჩერა, რომელსაც კიდევ უფრო ლამაზი კულონი მოჰყვებოდა. იყიდა. კი იყიდა, მაგრამ მოულოდნელად მიხვდა, რომ ამ სამკაულს ლიზისთვის ვერ გაიმეტებდა. ან კი როგორ გაემეტებინა, როცა თამუნა ჰყავდა? განა ის უფრო არ იმსახურებდა ასეთ სილამაზეს? არა, ლიზისთვის სხვა რამე უნდა შეერჩია. თავიდან შეუდგა ოქროულობის თვალიერებას. თან სინდისი ქენჯნიდა, რომ ცოლზე მეტად სხვა ქალის საჩუქარი აწუხებდა, რომლისთვისაც უფრო ძვირფასი არ ენანებოდა. ამიტომ, სინდისი ცოტათი მაინც რომ დაემშვიდებინა, ბრილიანტისთვლიანი საყურე შეარჩია, ძალზე ნაზი, კოხტა და დახვეწილი ნამუშევარი. ეს ლიზის აუცილებლად მოეწონებოდა.
ბირჟიდან კმაყოფილი გამოვიდა. ნაწვიმარზე ასფალტს ორთქლი ასდიოდა, ჰაერში კი დამწვარი ცხიმის სუნი ტრიალებდა.
ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ამოაგდო და პირში ხელის დაუხმარებლად ჩაიდო. მერე სანთებელას გაჰკრა. ცოტა ხნით სიგარეტის მძაფრმა სუნმა დამწვარი ცხიმისა გადაფარა.
ლაბადის საყელო აიწია, მანქანაში ჩაჯდა და თამუნასკენ გაჩქარდა.
ქალიშვილი, მომხიბვლელი ქალიშვილი… თვალები, მომხიბვლელი ქალიშვილის თვალები. აბრეშუმივით ნაზი კანი, ოდნავ მოწითალო, ოღონდ არა მზენაკრავი. ლიზიზე ბევრად ახალგაზრდა, ბევრად მაღალი, მაგრამ არა მისნაირი მკვირცხლი. ისეთი დინჯია თამუნა, რომ ასაკით გაცილებით დიდი ჩანს, ოცდაორი წლისას სულაც არ ჰგავს. არც ლიზისნაირი მანერები აქვს - დახვეწილი და ელიტური, მაგრამ ცდილობს. ცდილობს, რადგან დედაქალაქში ახალი ჩამოსულია და ჯერ კიდევ პროვინციელად ითვლება. იგი იმ გოგონათა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც დიდ ქალაქში თავის დამკვიდრება, წარმატებით გათხოვება და სახელის მოხვეჭა ოცნებად გადაჰქცევია. აღნაგობა კი უწყობს ხელს, რომ სამოდელო კარიერა შეიქმნას, თუმცა ამ საქმეშიც სჭირდება ხელის წაკვრა.
და აი, გაიცნო ლექსო და იმედი უფრო მეტად მოეცა. იცის, რომ ლექსოს ბევრი რამ შეუძლია, ბევრზე ბევრი რამ. მას გავლენიანი სანაცნობო წრე ჰყავს. თამუნა კი უყვარს, ამიტომ მას არაფერს გაუჭირვებს. ახლა აღარ გააწვალებს ისე, ერთი თვის წინ რომ აწვალებდა. თუმცა თამოს მეტი უნდა, ბევრად მეტი, ვიდრე ლექსოს წარმოუდგენია. განა რა მოხდება, ლექსო რომ ცოლს გასცილდეს და თამუნა შეირთოს? რითია ვინმეზე ნაკლები? შვილის გაჩენაც შეუძლია და ოჯახის მოვლაც. მართალია, სუნიანი წინდების რეცხვა არასდროს იქნება მისთვის სასიამოვნო პროცესი, მაგრამ სარეცხი მანქანა და მისი ჯანი. თან მოსამსახურეც ეყოლება. ამაზე ქმარი ალბათ უარს არ ეტყვის. ალბათ კი არა, არ ეტყვის. არ ეტყვის კი არა, ვერ ეტყვის. გამოხედვაზე ეტყობა, ყურებამდე რომაა მასზე შეყვარებული.
თამუნა ჰოლშივე შეეგება ლექსოს და კისერზე ჩამოეკიდა. კარგა ხანს კოცნიდნენ ერთმანეთს. მამაკაცი ვერ ძღებოდა მისი ალერსით.
- მოიცა, მოიცა, ჯერ ვჭამოთ, თორემ შენს მოლოდინში სული გამძვრა, - ჩურჩულით წარმოთქვა თამუნამ და მამაკაცს ხელიდან თევზივით გაუსხლტა, ასევე თევზივით გასხმარტალდა სამზარეულოში და ჯამ-ჭურჭლის რახარუხი ატეხა.
- მე შენ საჩუქარი მოგიტანე, - შესძახა ლექსომ და უკვე მომზადებული ძეწკვი თვალწინ აუქანავა.
თამუნას თვალები გაფაციცებით მოძრაობდა აქეთ-იქით, მოქანავე ძეწკვის მიმართულების მიხედვით - მარჯვნივ-მარცხნივ, მარჯვნივ-მარცხნივ. რაღაც მომენტებში ცალი თვალი გაურბოდა და ეს ისე მოსწონდა ლექსოს, რომ სიცილით კვდებოდა.
- დღეს ცოტა ადრე უნდა წავიდე, თამო, - სიცილი შეწყვიტა მამაკაცმა და გოგონას ძეწკვი ყელზე დაჰკიდა.
- რატომ? - მკვეთრდა შემოტრიალდა თამუნა და ლექსოს მკლავები კისერზე შემოხვია, - არ გაგიშვებ!
- დღეს უნდა გამიშვა, ჩემი ცოლი უკვე რაღაცას ეჭვობს და არ მინდა ზედმეტი სკანდალები, ხომ გესმის.
გოგონამ თვალები მოწკურა და წამით გაისუსა. მერე კი ეშმაკური ტონით წარმოთქვა:
- სკანდალის მოწყობა მეც შემიძლია, ისე.
ლექსო შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია… წაუყრუა, რადგან დილის ჩხუბი უკვე საკმარისი იყო. საღამოც რომ ჩხუბით დაემთავრებინა, მაშინ უნდა დამთვრალიყო, დალევა კი არ უნდოდა.
იმავე საღამოს თიკო შინ დაბრუნებულ ზაზას განსაკუთრებულად აღგზნებული შეეგება. გეგონებოდათ, ცოლი დიდი ხნის უნახავ ქმარს ხვდებაო. როგორც კი ზაზამ ჰოლი გამოიარა და სასტუმრო ოთახში შემოაბიჯა, თიკომ ხალათი გადაიღეღა, ფუმფულა მკერდი მოიშიშვლა და რამდენჯერმე დატრიალდა ქმრის წინ.
- ვა, რა იყო, რა ხასიათზე ხარ? ასიანი რაღაც იყიდე, ხო? - ზაზამ გასაღებების ასხმა ბარის სადგამზე დააგდო და პიჯაკი გაიხადა.
- შენ კი ვერც ამჩნეეევ, - წაიმღერა თიკომ, ხალათი გაიხადა და ცეკვა პერანგისამარამ გააგრძელა.
- აჰა… გასაგებია, ახალი ნიფხავ-პერანგი, - სიცილით წარმოთქვა ზაზამ და სააბაზანოში შევიდა.
სანამ ქმარი ხელს იბანდა, ცოლმა ხალათი კვლავ ჩაიცვა და ზაზას სამზარეულოში გაშლილ სუფრასთან დახვდა.
- რამდენი მიეცი?.. ვააა, სოკო ჩაშუშე? საღოლ, თიკუნა! - მამაკაცმა ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა და კმაყოფილი სახით მიუჯდა მაგიდას.
- ძვირად არ მიყიდია, ფასდაკლება იყო დღეს, ნუცამ დამირეკა და მაშინვე გავვარდი. ისე მინდოდა ასეთი შავი პერანგის ყიდვა, ვერ წარმოიდგენ.
- ხომ გქონდა ეგეთი?
- კაი რა, ზაზა, ის ისე გახუნდა, მრცხვენოდა უკვე.
- იმის არ გრცხვენია, პერანგით გარეთ რომ გადიხარ და ხალხში ტრიალებ?
- რატომ უნდა მრცხვენოდეს? ახლა ეგაა მოდაში, რა ჩემი ბრალია? იმ დღეს კლუბში რომ ვიყავი, ხომ გახსოვს, შენ რომ გამომიარე, ნიას ისეთი პერანგი ეცვა, ისეთი, ისეთი, რომ ყველა დაშოკა.
- გემრიელი სოკოა, ყოჩაღ! დიდი ხანია, არაფერი მოგიმზადებია, მესიამოვნა. და მოდი, შენს პერანგებსა და ნიფხვებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, კარგი?
- კარგი. მაშინ მომიყევი, რა ხდება შენთან სამსახურში.
- ისეთი არაფერი, მშვიდობაა… ჯერჯერობით მაინც.
- ლექსო როგორაა? დღეს ლიზისთან ვიყავი და ვერ არის ხასიათზე.
- კიდევ კარგ ჭკუაზეა ეგ გოგო, - ზაზა გემრიელად ილუკმებოდა.
- მართლა ახალი საყვარელი ჰყავს? - იდუმალი ტონით შეეკითხა ცოლი.
მამაკაცმა ჭამა შეწყვიტა და ჩანგლიანი ხელი მაგიდის კიდეზე ჩამოდო.
- შენ საიდან იცი?
- მივხვდი. ლიზის ვერაფერს გამოაპარებ, ხომ იცი, ყოველთვის ხვდება ეგეთ რამეებს… ვინ არის?
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ნანახი არ მყავს. სტუდენტია, პირველკურსელი, სამხატვრო აკადემიაში სწავლობს მგონი. როგორც ყოველთვის, ახლაც ისე დაემართა - სიგიჟემდე მიყვარსო, გაიძახის.
- ჰო… ეგ ყველაზე ეგრე იძახის, - შეფიქრიანებული ხმით წარმოთქვა თიკომ, - ლიზი მეცოდება, როგორ იტანჯება…
- შენ კიდევ, აი, როგორი ქმარი გყავს და არ აფასებ! - ხუმრობით წამოიძახა ზაზამ და ჭამა განაგრძო.
- როგორ არ გაფასებ, ჩემო სიხარულო, გაფასებ, აბა, რას ვშვრები! - ცოლი ზურგს უკან დაუდგა ქმარს და ჩაეხუტა, თუმცა სახის გამომეტყველებით აშკარად მიხვდებოდით, რომ ამწუთას ქმარზე სულაც არ ფიქრობდა…
დიდი მცდელობის მიუხედავად, ლექსომ სახლში მაინც დააგვიანა. ლიზი არ შეჰგებებია. ეს იმას ნიშნავდა, რომ ცოლი შერიგებას არ აპირებდა. არაფერი შეიმჩნია. თამუნასგან მოდიოდა და თავს ისე კარგად გრძნობდა, ამწუთას მისთვის უკეთესიც იყო, თუ ვინმე არ გამოელაპარაკებოდა. არც მაშინ შესტოკებია ნერვი, როცა საძინებელში ცოლი ვერ აღმოაჩინა. ესეც გაუხარდა. მარტო წოლა ბოლო დროს ყველაფერს ერჩივნა. ამ საწოლში სხვა ქალის სურნელი ტრიალებდა, იქ - სხვა და ის სურნელი მასზე ბანგივით მოქმედებდა, ეს კი…
თვითონაც არ იცოდა, ასე რამ შეცვალა. ვერც იმას ხვდებოდა, ლიზის სიახლოვე ამ დონეზე რატომ აღიზიანებდა. ვეღარ ეკარებოდა ცოლს, მოფერების სურვილიც კი გაჰქრობოდა.
სამსახურში მთელი დღე ადგილს ვერ პოულობდა. ერთი სული ჰქონდა, როდის შებინდდებოდა, რომ თამუნასთან გაქცეულიყო. ვინ იცის, დღეში რამდენჯერ ურეკავდა. სადამდე მიიყვანდა ახალი გატაცება, ამაზე ფიქრს გაურბოდა, რადგან გული კარგს არაფერს უგრძნობდა.
მაკუნას ოთახის კარი შეაღო, მძინარე ცოლ-შვილს გადახედა და კარი ფრთხილად გამოხურა. გადაწყვიტა, საჩუქარი ლიზისთვის დილით, საუზმეზე მიერთმია. შემდეგ თავის ოთახს მიაშურა, აუჩქარებლად გაიხადა ტანსაცმელი და ლოგინში შეწვა.
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ელოდა. ლიზი მოიხიბლა საჩუქრით. თავდაპირველად კოპებშეკრული შეხვდა სიურპრიზს, მაგრამ როცა ქმარმა მობოდიშება დაიწყო ბოლო დროს გამოჩენილი უყურადღებობისთვის და პირობა მისცა, გამოვსწორდებიო, ესიამოვნა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რამდენ ხანსაც გასტანდა ლექსოს "გამოსწორება".
როცა ქმარ-შვილი გაისტუმრა, ლიზი საოცარ ხასიათზე დადგა, რატომღაც გარეთ გასვლა და განტვირთვა მოუნდა. გადაწყვიტა, თიკოსთვის დაერეკა და ერთად მოეფიქრებინათ რამე.
დაქალმა პირველსავე ზარზე უპასუხა, უკვე შენს სადარბაზოში ვარ და კარი გამიღეო.
- მოკლედ, ბევრი ვერაფერი გავარკვიე, მაგრამ რაღაც-რაღაცები მაინც გავიგე, - შემოსვლისთანავე აქაქანდა თიკო, დივანზე დაჯდა და ფეხი ფეხზე შემოიდო.
ლიზი მაშინვე ვერ მიხვდა, რა ჰქონდა თიკოს მხედველობაში, ჯერაც საჩუქრით გამოწვეულ ეიფორიაში იმყოფებოდა, მაგრამ როგორც კი მეგობარმა ზაზა და ლექსო ახსენა, უკვე იცოდა, რა ამბავსაც გაიგებდა.
- აკადემიის სტუდენტი ყოფილა, დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს. მოდელობა უნდაო. ზაზამ მე არ მინახავს, მაგრამ ლექსო გაგიჟებულია, ამბობს, ისეთი ტანი აქვს, ცხოვრებაში მსგავსი არავინ შემხვედრიაო.
ლიზის ამის გაგონებაზე სისხლი გაეყინა ძარღვებში. ნეტავ საერთოდ არ მოსულიყო თიკო, როგორ მოუშხამა გუნება. ძლივს ხასიათზე მოვიდა, რაღაცები დაგეგმა, ამან კი წამში გაუცამტვერა ყველაფერი.
კარგა ხანს უხმოდ იჯდა თიკოს გვერდით, მერე ნელი მოძრაობით მიაბრუნა თავი დაქალისკენ და ჩურჩულით თქვა:
- ისე, არ ვამტყუნებ… თავის დროზე არ უნდა გავყოლოდი ცოლად. სად ის და სად მე… ლექსო ყოველთვის ათი თავით ჩემზე მაღლა იდგა.
- კაი, რა, ნუ ამბობ მასე, ლიზი, - თიკომ ხელი გადახვია მეგობარს და ჩაეხუტა, - შენზე უკეთესი არაფრით არაა ლექსო, გესმის?
- შენ არ იცი, მე როგორი ცხოვრება გამოვიარე და ასე იმიტომ ამბობ. რომ იცოდე, საიდან მოვდივარ და ვინ ვიყავი, მიხვდები, რომ მართალს ვამბობ. - სინანულით აღსავსე ტონით წარმოთქვა ლიზიმ და მცირეოდენი პაუზის შემდეგ გააგრძელა, - არასდროს არავისთვის ჩემი თავგადასავალი არ მომიყოლია, რადგან მინდოდა, როგორმე დამევიწყებინა ის ყველაფერი და აღარასდროს გამხსენებოდა… მაგრამ ახლა შენ მოგიყვები, თუ გაქვს ჩემი მოსმენის სურვილი.
თიკოს ცნობისმოყვარეობა გაუმძაფრდა, ისეთი რა უნდა ყოფილიყო, რაც ლიზიზე არ იცოდა? ლექსოს ცოლი რომ გახდა, მას მერე სულ ერთად არიან, დამეგობრდნენ, ერთმანეთს თავიანთ ქალურ საიდუმლოებებს უზიარებენ და ისეთი რა წარსული აქვს, ასე საგულდაგულოდ რომ მალავს?
- მომიყევი, ლიზი, ხომ იცი, რომ მოგისმენ. მესმის შენი, ვიცი, რომ დაგტანჯა ამ კაცმა, მაგრამ აბა, რით გიშველო? მე შენს ადგილზე უკვე კარგა ხნის გაცილებული ვიქნებოდი.
- ჰო… მეც ეგრე მოვიქცევი ალბათ. უბრალოდ, არ მინდა ამაში ინიციატივა მე გამოვიჩინო. მერე წამომაძახებს, შენ გინდოდა გაყრა და არა მეო.
- არა მგონია, თვითონ ასეთი გადაწყვეტილება ოდესმე მიიღოს. ოჯახი მაინც ოჯახია, ხომ იცი. თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს. შენ კი მითხარი, ერთი, აქამდე რას არ მეუბნებოდი და მიმალავდი.
- ჰოო… წამო, საძინებელში გავიდეთ, საწოლზე წამოვწვეთ და ისე ვილაპარაკოთ…
გაგრძელება იქნება