ქართველი ძიუდოისტი, ევროპის 3-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლისა და ბრინჯაოსპრიზიორი, ასევე, მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოსპრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი ნოე სულაბერიძის გადაცემას ,,ნოესთან” სტუმრობდა, სადაც ოჯახისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა.
ვარლამ ლიპარტელიანი
"ჩემი მეუღლე მეხუთე კლასიდან მიყვარდა და ათი წლის მანძილზე კატეგორიულ უარს ვიღებდი მისგან. პირველად 2011 წელს დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. წლების განმავლობაში ბრძოლა არ შემიწყვეტია. მაგ წელს უბედნიერესი ვიყავი და არც ერთი შეხვედრა არ წამიგია. 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი.
როდესაც მამამისს მისი ხელი ვთხოვე, გამატანეს იმ პირობით, რომ ჩემპიონი გავხდებოდი. პირობა შევასრულე და ორი ოქროს მედალი ჩამოვიტანე. ლამაზი თასი გვაჩუქეს და დღემდე ჩვენს ოჯახში სიყვარულის სადღეგრძელო მაგ თასით ისმევა. ჩვენი ქორწილი კონცერტივით იყო. 350-400 კაცი იყო და ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჩემს ცხოვრებაში სწორედ ეგ არის", - თქვა ვარლამ ლიპარტელიანმა.
სპორტსმენის მეუღლე გიული ჭკუასელია. მათ 2013 წელს იქორწინეს და სამი შვილი, დათა, დემეტრე და ერეკლე ჰყავთ. გადაცემაში ვარლამმა გაამხილა, რომ ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან და ამის შესახებ აქამდე არავინ იცოდა. მომავალი შვილის სქესი წყვილმა უკვე გაიგო - ისინი მეოთხე ბიჭის მშობლები გახდებიან.
გიული ჭკუასელი ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის შვილიშვილია. "ვარლამი არაჩვეულებრივი მამაა, თოთო ბავშვს ვუტოვებდი და ვიცოდი, რომ ისე მიხედავდა, როგორც საჭირო იყო", - ამბობდა სპორტსმენის მეუღლე.

"ყველაფრით მანებივრებდა – ვარდებით, სუნამოებით, საჩუქრებით, ფოიერვერკით... მე კიდევ სულ ვეჩხუბებოდი და ვებუზღუნებოდი. სახლში ყველა მეუბნებოდა, ძალიან კარგი ბიჭიაო. მარტო ბაბუაჩემი ჯემალი მიჭერდა მხარს: თავი დაანებეთ ამ ბავშვს, არ უნდა და ძალააო? არ იცნობდა მაშინ ვარლამს. რომ შეხვდა და გაიცნო, სახლში დაბრუნდა და მითხრა: სულელი ხარ შენ, ბაბუო. შენც, ბაბუ-მეთქი, – ვუპასუხე სიცილით. ერთადერთი მხარდამჭერი მყავდა და ეგეც დავკარგე...
ძალიან რთულია, მაგრამ რა უფლება მაქვს, რომ ყველანაირად მხარში არ ამოვუდგე, მით უმეტეს, რომ ასეთი წარმატებულია. კი მიჭირს, ხშირად ვწუწუნებ კიდეც...", - ამბობდა გიული ჭკუასელი.