„არ წარმომედგინა, თუ მე მომიწევდა იმის კეთება, რასაც ახლა ვაკეთებ. დედების და ბებიების გაზრდილი ვარ და ახლა ზუსტად იმავეს ვაკეთებ მე ჩემი შვილებისთვის. აბსოლუტურად ქალის საქმეებზე გელაპარაკებით: გარეცხე, ჩაბანე, დააძინე, ბაღში წაიყვანე, მოიყვანე - ყველაფერს მარტო. აქეთ ლუნა, აქეთ კოსმო მყავს. სულ ერთად ვართ. ვერავინ ვერ მეხმარება. დედაჩემი ავადმყოფი, მამაჩემი რაში უნდა დამეხმაროს. დღეში ვრეცხავ სამ პარტია სარეცხს, ვფენ და ეს არასოდეს არ მთავრდება.
ჩუმად ვიჯექი ხოლმე და ვტიროდი, რომ მეთქი, რა დავაშავე, იმიტომ, რომ აღმოვჩნდი ჩემთვის გაურკვეველ გარემოში. ორი ბავშვი გიყურებს, ერთი ტირის, ერთი იცინის - გავგიჟდი. შენ შენი საქმე გაქვს თან გაფუჭებული, შეურაცხყოფილი ხარ, ქალმა დაგტოვა და კინაღამ გადავირიე. ამ დროს "ცე" აღმომაჩნდა, ვსვამდი მედიკამენტებს, სამჯერ კინაღამ აივნიდან გადავხტი. უცებ იმდენად ამომივიდა ეს რაღაცები, რომ სისულელე კინაღამ ჩავიდინე”, - ამბობდა გიორგი ყიფშიძე „იმედის დღის” ეთერში.
გიორგი ყიფშიძე და ენი გასოევა
გიორგი ყიფშიძე 1977 წელს დაიბადა. არის თეატრისა და კინოს მსახიობი. პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. არის ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილი. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი.
გიორგი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მან უმშვენიერეს მოდელ კრისტი ყიფშიძეზე ოქორწინა. მათ ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინათ. მეორე მეუღლესთან ბიჭი, ალექსანდრე ჰყავს. ხოლო ენი გასეიავასთან მას ორი შვილი, კოსმო და ლუნა ჰყავს. ალექსანდრე დედასთან ერთად ცხოვრობს და კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიურია ნატალია, რომელიც სხვა ძირითად პროფესიასთან ერთად მსახიობობასაც ითავსებს. პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.
ცოტა ხნის წინ გიორგი ყიფშიძე მესამე მეუღლეს ხმაურიანად დაშორდა. წყვილმა არაერთ გადაცემაში საჯაროდ ისაუბრა ურთიერთობაში გაჩენილი ბზარებისა და პრობლემების შესახებ. გიორგი ახლა მცირეწლოვან შვილებს დამოუკიდებლად ზრდის და ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ამას შეძლებდა.