- მამაჩემი არ მახსოვს. - დაიწყო ლიზიმ, როცა ორივენი მოხერხებულად მიწვნენ საწოლზე, - ან კი საიდან მემახსოვრება, როცა დედა გათხოვილი არც ყოფილა. მდივნად მუშაობდა თურმე მასთან და რომანი ჰქონიათ, მაგრამ როგორც კი დაორსულდა და უთხრა მამაჩემს, ბავშვის გაჩენა მინდაო, იმან სამსახურიდან დაითხოვა. დედა უმუშევარი დარჩა, ამიტომ ხშირად ურეკავდა, დახმარებას სთხოვდა. თავიდან ის მართლა დახმარებია, ცოტაოდენი ფული მიუცია, მერე კი საერთოდ აუკრძალა თურმე დარეკვაც და მის სიახლოვეს გამოჩენაც. მამაჩემი თანამდებობის პირი ყოფილა, საკმაოდ მდიდარი, ამიტომ უტყდებოდა, ვიღაც მდივანი მისგან შვილის გაჩენას რომ აპირებდა. ამის აფიშირება არ სურდა. არც დედას მოუდვია მთელი ქვეყნისთვის, შვილს ვისგან ელოდებოდა. ამიტომ, როცა იმშობიარა, თავისი გვარი მომცა. იცოდა, რომ შალვა, ასე ერქვა მამაჩემს, შვილად მაინც არ მაღიარებდა.
ისე გავიზარდე, ეს ამბავი არ ვიცოდი. დედა მეუბნებოდა, მამაშენი რომ გარდაიცვალა, შენ ძალიან პატარა იყავი და არ გახსოვსო. მეც დავიჯერე ეს ტყუილი.
მაგრამ გავიდა დრო, წამოვიზარდე, დედამ სკოლაში მიმიყვანა. კარგად ვსწავლობდი, ცუდი ნიშნები არ მქონია, სანამ ყველაფერი აირეოდა. მეათე კლასში ვიყავი, ერთ გოგოსთან რომ ვიჩხუბე და იმან წამომაძახა, შე ნაბიჭვაროო. ამან დამშოკა. სახლში მოსული დედაჩემს ვეცი, ახლავე მითხარი, მამაჩემი ვინ არის-მეთქი და სიმართლე მხოლოდ მაშინ გავიგე.
ავირიე. როგორ მინდოდა, მამაჩემს მივვარდნოდი და დამეწიოკებინა, მაგრამ რას გავხდებოდი? ბოღმა გულში ჩავიხვიე. იმ დღიდან სწავლაზე ხელი ავიღე, განვმარტოვდი და ყველას გავერიდე. თანაკლასელ გოგოებთან საერთოდ გავწყვიტე ურთიერთობა და ბიჭებს მივეკედლე. თანაც, ცუდი წლები იყო, 90-იანი. თანდათან ბიჭური მანერები შევიძინე, ჯერ იყო და, სიგარეტის მოწევა დავიწყე, მერე მარიხუანასაც შევეჩვიე.
სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, რომ იდეა დამებადა - მამაჩემი გამეძარცვა და მისთვის ფული წამერთმია. ეს იდეა ბიჭებს მივაწოდე. ვიცოდი, ისინი ასეთ საქმეებში კარგად იყვნენ გაწაფული.
იმისთვის, რომ განზრახვა სისრულეში მომეყვანა, ერთ მშვენიერ დღეს გამოვიპრანჭე, თავზე პარიკი დავიხურე, ნომრიანი სათვალე გავიკეთე და მამაჩემს მივადექი, ვითომ უსაფრთხოების დაცვის კერძო სამსახურიდან ვიყავი და სიგნალიზაციის დაყენება შევთავაზე. მაშინ ასეთი რამეები ჯერაც ახალი ხილი იყო. ვუყურებდი მამაჩემს და მიკვირდა, ასეთი უგულო რამ გახადა - სიმდიდრემ? ნუთუ გული არ ეთანაღრებოდა, რომ სადღაც ახლოს, მის ქალაქში მისი ღვიძლი შვილი დადიოდა და მასზე არაფერი იცოდა? მას ცოლ-შვილი უკვე ჰყავდა და ამან ალბათ საბოლოოდ გადაავიწყა დედაჩემის არსებობა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, შალვა დავითანხმე. მან ოთახები შემომატარა, ყველაფერი დამათვალიერებინა და სიგნალიზაციის დაყენება თავის კაბინეტში მომთხოვა, სადაც სეიფი ედგა. იმ პერიოდში ფულს ყველა სახლში ინახავდა, ბანკებს არავინ ენდობოდა.
საგულდაგულოდ დავათვალიერე ეს ადგილი. სრულიად მარტივად შეიძლებოდა ბინაში შემოპარვა და სეიფის გახსნა. როცა ვთხოვე, სეიფი გაეხსნა, არც შეოყმანებულა, ოთხნიშნა კოდი აკრიფა და გააღო. კინაღამ გული გამიჩერდა, იქ იმდენი ფული იყო, სულ დოლარები, დასტებად…
მოკლედ, შევპირდი, ორ დღეში შემოვივლი, ჩემს ბუღალტერს მოვიყვან და ხელშეკრულებას გავაფორმებთ-მეთქი.
დიდი ამბით გამომისტუმრა, მასზე საოცრად კარგი შთაბეჭდილება დავტოვე და მისი ნდობაც დავიმსახურე…
დანარჩენი საქმე ბიჭებმა გააკეთეს - იმავე ღამეს შეიპარნენ მის სახლში და მთელი სეიფი გაასუფთავეს.
ეს იყო ჩემი პირველი საქმე - საკუთარი მამის გაძარცვა. მერე ხომ იცი, როგორც ხდება, მადა ჭამაში მოდისო… ისე გამიტკბა მდიდარი ადამიანების მოტყუება და მათი სახლების გაძარცვა, რომ აზარტში შევედი. თვითონ არ ვმონაწილეობდი ძარცვაში, მაგრამ მთავარი მაინც მე ვიყავი. კოდი მე ვიცოდი და სეიფის განლაგების ადგილიც.
მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი. არც ისე დიდი ქალაქია, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. მალე უკვე ყველამ იცოდა, რომ ქალაქში თაღლითებისა და მძარცველთა ბანდა მოქმედებდა. პოლიციას ეჭვი მხოლოდ გოგონაზე ჰქონდა, ამ საქმეზე სხვა არაფერი იცოდნენ, მაგრამ ჩემი გამოჭერა არც ისე ადვილი იყო - პარიკს ყოველ ახალ საქმეზე ვიცვლიდი, მაკიაჟსაც, ამიტომ ჩემი ზუსტი პორტრეტის აღწერა არავის შეეძლო. ჩემი ფოტორობოტი ყველგან იყო გაკრული - იძებნება საშიში ბოროტმოქმედიო.
განსაკუთრებით ერთი პოლიციელი გადამეკიდა, იონა ერქვა სახელად. მაგარი ტიპი იყო, სიმპათიური და თანაც, საოცრად ჭკვიანი. რამდენჯერმე გამოვიდა ჩემს კვალზე, მაგრამ ყოველ ჯერზე ხელიდან დავუსხლტი. ბოლოს მივხვდი, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა. უკვე აღარავინ მენდობოდა და ასე თამამად ვერ მივადგებოდი ვერავის სახლში წინადადებით, სიგნალიზაციას დაგიყენებეთ-მეთქი. ამასთან, ბიჭებსაც საფრთხეში ვაგდებდი. ექვსი ბინა უკვე გავქურდეთ და უნდა გავჩერებულიყავით. ბიჭები არ დამთანხმდნენ. ამაზე შევლაპარაკდით და მივხვდი, რომ მათთან ურთიერთობა უნდა გამეწყვიტა. ვიცოდი, რომ თუ საქმიანობას გავაგრძელებდი, აუცილებლად ჩავვარდებოდით. ბიჭებმა უჩემოდ გააგრძელეს თავიანთი საქმე. ახლა უკვე ჩემ გარეშე, მაგრამ მალევე ყველანი გასკვანჩეს. სიმართლე გითხრა, შემეშინდა. ყოველ წუთს ველოდებოდი, როდის მომაკითხავდა პოლიცია, მაგრამ გადავრჩი. ბოლო ძარცვებში მე არსად ვფიგურირებდი, არც ბიჭებმა გამცეს და გადავრჩი. ვერც ერთს ვერ ათქმევინეს, ვინ იყო ის იდუმალი გოგო, ვინც ასე ადვილად მოიპოვებდა ფულიანი ადამიანების ნდობას და მერე სახლებს აძარცვინებდა. პოლიციამ იფიქრა, რომ მე სულ სხვა ბანდის წევრი ვიყავი და ჩემი ძებნა გააგრძელა, ჩემს ბიჭებს კი განაჩენი უჩემოდ გამოუტანეს.
ამასობაში სტუდენტი გავხდი. ეკონომიურზე ჩავაბარე და სწავლას შევუდექი, თან ახალ მაქინაციებზე ვფიქრობდი. ავდექი და ტაქტიკა შევცვალე. ამჯერად ბინებზე დავიწყე ჩალიჩი, ოღონდ უკვე მარტო ვმოქმედებდი, თანამონაწილის გარეშე. ვიქირავებდი ერთ ბინას, საბუთებს ვაყალბებდი და მას რამდენიმე ადამიანზე ერთდროულად ვყიდდი ან ვაგირავებდი. განა რამდენჯერ უნდა შემეცვალა გარეგნობა? როგორც უნდა მეცადა, მრავალმხრივად გარდასახვას მაინც ვერ მოვახერხებდი, ამიტომ იონა მიხვდა, რომ ქუთაისში გამოჩენილი ბინების თაღლითი მე ვიყავი. მე, რომელიც ადრე ბინების გაქურდვაში ვუწყობდი ხელს მძარცველთა უცნობ ბანდას.
არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, უცნაური ამბავი რომ არ მომხდარიყო. ერთ მდიდარ კაცს, რომელსაც ბინის ყიდვა უნდოდა და სახლის დასათვალიერებლად მივიყვანე, კონკურენტი ჰყოლია ბიზნესში და უთვალთვალებდნენ. ეს მე საიდან უნდა მცოდნოდა? ვაჩვენე ამ კაცს სახლი, ყველაფერი დავათვალიერებინე, ფასზეც შევთანხმდით და ის იყო, იქაურობის დატოვებას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად გარედან ხმაური მომესმა. ვიფიქრე, ჩემს კვალს დაადგნენ და მომაკითხეს-მეთქი, ამიტომ ოთახიდან გავვარდი და პატარა საკუჭნაოში შევიმალე, რომელსაც ვიწრო სარკმელი ჰქონდა, მაგრამ იმხელა, რომ ადვილად გავეტეოდი. ამ დროს ხმამაღალი საუბრის, მერე კი გასროლის ხმა შემომესმა. ვიღაცამ ორჯერ გაისროლა. შიშისგან ლამის გული გამისკდა. კარი ოდნავ გამოვაღე და ოთახში შევიჭვრიტე. ჩემი კლიენტი იატაკზე ეგდო და სისხლის გუბეში ცურავდა, თავზე კი ოთხი კაცი ადგა, ერთი - პისტოლეტით ხელში.
დამინახეს. ერთმა დაიყვირა, არ გაუშვათ, მოწმე არ გვჭირდებაო, მაგრამ ვიმარჯვე, სანამ ისინი გონს მოეგებოდნენ, სარკმელი გამოვაღე, სწრაფად გადავხოხდი და ეზოში ჩავხტი. ბინა მეორე სართულზე მდებარეობდა და ძირს უვნებლად დავეშვი, თან გამხდარი ვიყავი, მსუბუქი და მოქნილი.
იმათ კი დავუძვერი, მაგრამ ქუჩას რომ ვკვეთდი, ცხვირწინ სირენებით მომავალმა პოლიციის მანქანამ დაამუხრუჭა და… ამიყვანეს.
იონა მაშინ გავიცანი. როცა დაკითხვაზე შემოვიდა, წინ საკმაოდ სქელი საქაღალდე დამიგდო - ეს შენი უნიჭო მაქინაციების კრებულიაო. გამეცინა, თუ უნიჭოა, აქამდე რატომ ვერ დამიჭირეთ-მეთქი. თვითონაც გაეცინა. კარგი, ვაღიარებ, რომ უნიჭო სულაც არ ხარო. მოკლედ, ხან აქედან მომიდგა, ხან იქიდან, მაგრამ ვერ გამტეხა. ბოლოს გარიგება შემომთავაზა. თუ არ გინდა, ეს მკვლელობა შენ დაგაბრალო, უნდა თქვა, ვინ მოკლა შენი კლიენტი და შენს ყველა დანაშაულს დავივიწყებ, არ დაგიჭერ, მხოლოდ მოწმედ გამოგიყვან სასამართლოზეო.
მე არ ვიცოდი, ვინ იყო მკვლელი, მაგრამ ფოტოები რომ მიჩვენა, ოთხივე ამოვიცანი. აღმოჩნდა, რომ მკვლელი ქუთაისელი ბიზნესმენი იყო, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, რომელსაც არაერთი კონკურენტი ჩამოუცილებია გზიდან. საშიში კაცი იყო. მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი, სხვა შემთხვევაში ციხეში ამოვყოფდი თავს. არადა, არანაკლებ საშიში იყო მოწმედ გამოსვლაც, ის კაცი ცოცხალს არ დამტოვებდა. იონა მპირდებოდა, ოღონდ შენ არ გადათქვა და მე მოწმეთა პროგრამაში ჩაგსვამ, პირადად მე დაგიცავ სასამართლომდეო.
ერთი სიტყვით, დამიყოლია, ჩვენებაც მივეცი და კონსპირაციულ ბინაში გადამიყვანეს. სადღაც ქალაქგარეთ ვიყავით, კორპუსის ბინაში. ჩემი დაცვა მართლაც იონამ აიღო თავის თავზე. არასდროს დამავიწყდება, როცა იქ მივედით. მე ეგრევე სააბაზანოში შევვარდი, რამდენიმე დღის დაუბანელი ვიყავი და ჭუჭყი მახრჩობდა. როცა დაბანილ-გასუფთავებული ოთახში გამოვედი, იონა საწოლზე იჯდა და იარაღს წმენდდა. მე ხალათმოსხმული წინ დავუდექი, თავზე პირსახოცშემოხვეული. კაცი გაოგნებული მომაშტერდა. აშკარა იყო, მოვეწონე. ან კი რა მქონდა დასაწუნი, მაშინ ასეთი კი არ ვიყავი. კარგა ხანს მათვალიერა, მერე თვალი ამარიდა და მითხრა, ჩემს არყოფნაში კარი არავის გაუღო, პასუხიც კი არ გასცე, თუ ვინმემ დააკაკუნა და მაშინვე მე დამირეკეო. ამ სიტყვებით მობილური ტელეფონი მომაწოდა, რომელშიც მხოლოდ მისი ნომერი იყო ჩაწერილი.
მთელი ორი კვირა დავყავით იმ ბინაში. შევეჩვიეთ ერთმანეთს და გრძნობაც მალე გაჩნდა. ერთმანეთი შეგვიყვარდა. ჩემზე ბედნიერი ადამიანი ამქვეყნად მეორე არ მეგულებოდა. ღამე ჩემთან რჩებოდა, მოჰქონდა საჭმელ-სასმელი, ვუყურებდით ტელევიზორს, ვხუმრობდით.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სასამართლომდე სულ რაღაც ექვი დღე იყო დარჩენილი, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. პატარიძის დამქაშებმა მაინც მოგვაგნეს. უფრო სწორად, მე მომაგნეს. იმწუთას იონა ჩემ გვერდით არ იყო. არც კარი გამიღია და არც ხმა ამომიღია, როცა მომიკაკუნეს, მაგრამ მათთვის ამას ხელი არ შეუშლია. სულ რომ არ ველოდი, ისე, ფანჯრიდან გადმოვიდნენ და გამომიჭირეს.
სადღაც მიმიყვანეს, ვიღაცის სახლში, თვალები ამიხვიეს და ისე. ჩემთვის სახვევი არ მოუხსნიათ, ისე მელაპარაკებოდნენ. დღესაც არ ვიცი, ვინ მელაპარაკა. თვითონ პატარიძე დაპატიმრებული იყო.
ლიზის თვალები ცრემლით აევსო. სულის მოსათქმელად წყალი დალია, მერე ტუჩებმოკუმულმა მწარედ დაიკვნესა და თხრობა განაგრძო:
- ჩვენ შენი მოკვლა არ გვინდა, ეს არაფერში გვაწყობს, მაგრამ თუ არ გააკეთებ იმას, რასაც გეტყვით, არც შენ დაგტოვებთ ცოცხალს და არც შენს იონას, ჩვენ ყველაფერი ვიცითო, მითხრეს. შიშისგან გული გამისკდა. ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ იონას რომ რამე მოსვლოდა, თავს არ ვიცოცხლებდი.
რა უნდა გავაკეთო-მეთქი. რაო და, ხვალვე მიხვალ პოლიციაში და ჩვენებას შეცვლი, რომ სასამართლოზე მოწმედ არ გამოხვიდეო. გავჯიუტდი. ეს რომ გავაკეთო, მერე მაინც მომკლავთ და რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი.
არაო, სიტყვას გაძლევთო, ოღონდ, როგორც კი ჩვენებას შეცვლი, იმწუთასვე უნდა დატოვო აქაურობა და ქალაქიდან წახვიდე, თან ისე, რომ ვერავინ მოგაგნოსო.
ვიცოდი, ფიქრის დრო არ მქონდა, ამიტომ დავთანხმდი.
ისევ წამომიყვანეს, ჩემს სახლთან მომიყვანეს და სადარბაზოსთან ჩამომსვეს. თან გამაფრთხილეს, მთელი ღამე გითვალთვალებთ და გაპარვა არ გაბედოო. ათი თავი სად მაქვს-მეთქი, ჩავიცინე და სახლში ავედი. მთელი სხეული მიკანკალებდა. შიშისგან ჩემს კბილებს კაწკაწი გასდიოდა.
დედაჩემი გაგიჟებული დამხვდა, სად დაიკარგე, ვიღაცები რამდენი დღეა, გაკითხავენ, მითხარი, რა შარში გაეხვიეო. ძლივს დავამშვიდე.
დრო არ ითმენდა. მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ მეშველა ჩემი თავისთვის და მომაფიქრდა კიდევაც, ამიტომ დედაჩემმა დაიძინა თუ არა, პატარა სამგზავრო ჩანთა გადმოვიღე, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავაგდე, რაც ფული მქონდა, სხვათა შორის, ცოტა არ იყო, დაახლოებით ხუთი ათას დოლარამდე იქნებოდა, სამალავიდან გამოვიტანე და ჩანთის სარჩულში დავმალე. ხუთას დოლარამდე დედაჩემს დავუტოვე კარადაში, თეთრეულში შევჩურთე, ოდესღაც მაინც იპოვიდა. მერე ავიღე სარეცხის თოკი, ჩუმად გამოვედი სახლიდან და მეორე სართულამდე ფრთხილად ჩავედი. ჩვენს კორპუსს ერთი სადარბაზო ჰქონდა, ამიტომ იქიდან რომ გავსულიყავი, აუცილებლად შემამჩევდნენ. მათი მანქანა პირდაპირ სადარბაზოს შესასვლელთან იყო მოყენებული. ამიტომ მეორე სართულზე ჩასულმა საშრობს მივაშურე. ჩვეულებრივი ჩეხური პროექტის ბინაში ვცხოვრობდით, თითო სართულზე ოთხი ბინა იყო განლაგებული. მე კიბის მარცხენა მხარეს ვცხოვრობდი, ფანჯარა ქუჩას გადაჰყურებდა, ხოლო მეორე მხარის ბინებიდან ფერდობი მოჩანდა, რომელიც ნაძვნარით იყო დაფარული. სწორედ ამ მხარის იმედი მქონდა. საშრობიდან გაპარვა ადვილად შეიძლებოდა, ვერავინ შემამჩნევდა. რა თქმა უნდა, შემეძლო, რომელიმე მეზობელთან შევსულიყავი და მათი აივნიდან ჩავსრიალებულიყავი, მაგრამ ეს ცუდი გამოსავალი იქნებოდა. შეიძლებოდა მეზობლისთვის პრობლემა შემექმნა, თან მაინცდამაინც არავის ვენდობოდი. საკუთარ დედასაც კი არ ვუთხარი, გაპარვას რომ ვაპირებდი.
მოკლედ, შევედი საშრობში და თოკი აივნის რიკულს კიდეში, კედლის სიახლოვეს გამოვაბი, რათა ძირს ჩავცოცებულიყავი და ფეხით კედელს მივყრდნობოდი. ასე ჩასვლა ბევრად გამიადვილდებოდა.
უპრობლემოდ ჩავცოცდი და ეგრევე ნაძვნარში შევვარდი. არტიშოკის ეკლები სულ ფეხებში მედებოდა, ერთიანად დავიჩხვლიტე, მიუხედავად იმისა, რომ ჯინსის შარვალი მეცვა, მაგრამ ოღონდ თავი დამეღწია და ტკივილს არ დავეძებდი. როგორც კი ნაძვების საფარში აღმოვჩნდი, ეგრევე მიწაზე გავიშოტე, რათა სული მომეთქვა. ისე ვიყავი დაძაბული და შეშინებული, ოფლი ღვარად მდიოდა. წარმომედგინა, რა დაგვემართებოდა მე და დედაჩემს, მათ რომ შევემჩნიე.
კარგა ხანს ვიწექი. მანამ არ ავდექი, სანამ არ დავმშვიდდი და ოფლი არ შემაშრა. მერე დავეშვი ფერდობზე, ნაძვნარი გადავირბინე და კორპუსებს შუა გავძვერი. ბოლოს, როგორც იქნა, ქუჩის დასაწყისში აღმოვჩნდი. ირგვლივ ყველაფერი სიბნელეში ჩაძირულიყო. ლამპიონებიც კი აქა-იქ ანათებდა. უგუნურ გარემოს უგუნური მზერით გავცქეროდი. მაინც თავი დავიზღვიე და ცენტრალურ ქუჩაზე არ გავედი, კორპუსებს შორის გავიკვლიე გზა.
ასე გავიარე ალბათ სადღაც 4-5 კილომეტრი. შუაღამე იყო, ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა. ხანდახან თუ ჩაიქროლებდა ერთი ან ორი მანქანა.
გამთენიისას მთავარ ტრასაზე გავედი. გამიმართლა. თბილისისკენ მიმავალი ღამის ავტობუსი გამოჩნდა, რომელიც ზუგდიდიდან მოდიოდა. გამიჩერა. როგორც კი ავტობუსში აღმოვჩნდი, შვებით ამოვისუნთქე. ახლა საშიშროება აღარ მემუქრებოდა. მხოლოდ მაშინ დავფიქრდი დედაჩემზე, მაგრამ აბა, მისთვის რა უნდა დაეშავებინათ? არც იცოდა, სახლიდან რომ გამოვიქეცი. მობილური აღარ მქონდა, როგორც კი თავი სამშვიდობოს დავიგულე, სიმბარათი ამოვიღე და აპარატიც და ბარათიც ცალ-ცალკე გადავაგდე, რომ მისი სიგნალით არ გაადვილებოდათ ჩემი მოგნება.
დილის ცხრა საათი იქნებოდა, თბილისში რომ ჩამოვედი. მაშინვე განცხადებების გაზეთი ვიყიდე, როგორმე ბინა უნდა მექირავებინა, თან იაფად.
ერთი განცხადება ჭკუაში დამიჯდა. ხანში შესული დიასახლისი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, ოთახს აქირავებდა. იტალიური ეზო არ მინდოდა, ადამიანების თვალისგან მოფარებულად მსურდა ყოფნა, ამიტომ კორპუსის ბინა უფრო მაწყობდა, თუნდაც ცენტრიდან შორს ყოფილიყო. გამიმართლა. განცხადება, რომელიც მომეწონა, იაფიც იყო და მეტროსთან ახლოსაც.
ამასობაში მაღაზიებიც ამუშავდა და მობილური შევიძინე. დავრეკე მითითებულ ნომერზე და ბინის პატრონს შეხვედრაზე შევუთანხმდი.
დეიდა მარიამი ძალიან სასიამოვნო მოხუცი აღმოჩნდა. მთლად მოხუციც არ ეთქმოდა. მართალია, 69 წლის იყო, მაგრამ საოცრად ყოჩაღად გამოიყურებოდა, ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა. ერთი სიტყვით, მოგვეწონა ერთმანეთი. რაც მთავარია, სუფთა ქალი იყო, იქაურობა დაწკრიალებული დამხვდა.
ადვილად შევეწყვეთ ერთმანეთს. ბევრ რამეში ვეხმარებოდი. სამსახურის ძებნა არ დამიწყია, შემეშინდა. ვიფიქრე, ცოტა დრო გავიდეს და მაგ საქმეს მერე მივხედავ-მეთქი. ფული საკმარისად მქონდა, ამიტომ შემეძლო რამდენიმე თვე მომეთმინა და მუშაობა არ დამეწყო.
სადილების მომზადება საერთოდ არ მეხერხებოდა, ამიტომ ჩემს დიასახლისს კვების თანხაც დავუმატე და კერძებს ის მიმზადებდა. უფრო სწორად, ერთად ვსადილობდით და ვვახშმობდით. სამაგიეროდ, სახლის დალაგებაში ვეხმარებოდი, დარეცხვა-დაუთოებაში. თანდათან მეც ვისწავლე რამდენიმე კერძის მომზადება. იმ ქალს ისე შევუყვარდი, ჩემი სინათლე ხარო, მეძახდა. ერთხელ ავად გახდა და ნემსები დაუნიშნეს. ნემსის გაკეთებაში ბადალი არ მყავდა, ამიტომ არც მეზობლის შეწუხება დასჭირვებია და არც ექთანის დაქირავება. ვენაში შესვლაც ვიცოდი და სისტემის დაყენებაც.
ერთხელაც, დეიდა მარიამს ნემსს რომ ვუკეთებდი, მკითხა, შენისთანა კარგი ექთანი უმუშევარი რატომ ხარო. გამეცინა - სად მე და სად სამედიცინო განათლება, მაგრამ რადგან მან ასე ჩათვალა, არ მითქვამს, ექთანი არ ვარ და სულ სხვა პროფესიის გახლავართ-მეთქი. გაცნობისთანავე ჩემს თავს ისეთი თავგასავალი მოვუგონე, საწყალ ქალს გული ავუჩუყე და ვატირე. ვუთხარი, ვითომ კახეთიდან ვიყავი, ვითომ სახლ-კარი დამეწვა, დედა გარდამეცვალა, ახლო ნათესავი თბილისში არავინ მყავდა, ამიტომ ცხოვრებამ იძულებული გამხადა, დამოუკიდებლად მერჩინა თავი. დედაქალაქში ამიტომაც ჩამოვედი-მეთქი.
როცა ჩათვალა, რომ ექთანი ვიყავი, მკითხა, დიპლომი თუ გაქვსო. არა-მეთქი, სახლი რომ დაიწვა, სხვა საბუთებთან ერთად ეგეც განადგურდა-მეთქი. მითხრა, ჩემი დისშვილი ქირურგია, კლინიკაში მუშაობს და იქნებ რამე მოგიხერხოს თავისთან, იქნებ ჰქონდეთ მედდის ადგილიო. მართლაც, დაურეკა. იმან უთხრა, ხვალ მოვიდეს ჩემთან, რაღაცას მოვახერხებო.
მართლაც, მეორე დღესვე წავედი. მიხვდი ალბათ, ვინ იქნებოდა ის ექიმი…
თიკომ წამწამები დააფახულა და ცნობისმოყვარეობაგამძაფრებული ლიზისკენ გადაიხარა:
- ლექსო?
- ჰო, ლექსო. დამინახა თუ არა, ჯერ თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა, მზერით დამვარცხნა, გამასუფთავა, მერე ფეხზე წამოდგა, შემომეგება, ხელი ჩამომართვა და რაღაცები გამომკითხა. როცა ვუთხარი, საბუთი არანაირი არ მაქვს-მეთქი, პრობლემა არ არის, მაგ საკითხს ადვილად მოვაგვარებო და იმ დღესვე მედდად გამაფორმა. მორიგეობა ღამღამობით მიწევდა, ყოველ მესამე ღამეს. თავდაპირველად კი შემეშინდა, მაგრამ საქმეს მალევე ავუღე ალღო. თანაც ისეთ ყურადღებას ვიჩენდი ავადმყოფების მიმართ, რომ ყველა პაციენტს თავი შევაყვარე. გადამეტებული თავაზიანობით ვექცეოდი თითოეულ მათგანს, არაფერს ვიზარებდი. თანდათან დავამხეცე ჭრილობების გადახვევაც და სისტემაში წამლების შერევაც. ნემსის გაკეთება ხომ ისედაც ვიცოდი. ლექსო განსაკუთრებული ყურადღებით მექცეოდა. იქიდან დეიდამისი უბურღავდა ტვინს, ასეთი და ასეთი გოგოაო, აქედან პაციენტები მაქებდნენ. არ ვიცი, ალბათ ამანაც იქონია გავლენა, გარდა იმისა, რომ ჩემი გარეგნობით მოიხიბლა. ჰოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო და ორი თვის დაწყებულიც არ მქონდა მუშაობა, რომ დავქორწინდით. ვგიჟდებოდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის ლექსოს გამოჩენა ტუზის დაცემასავით იყო - ჭერიც მექნებოდა თავზე, მოსიყვარულე ქმარიც მეყოლებოდა და სამსახურსაც შევინარჩუნებდი.
საოცრად კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. თანდათან მეც შემიყვარდა. ეს შენც კარგად იცი. მის გარდა სხვა კაცზე არასდროს მიფიქრია, სხვა თვალით არავისთვის შემიხედავს. ჩემს ერთგულებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მალე სხვა ქალებთან ძრომიალი დაიწყო და ეჭვიანობის საბაბი მომცა. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ მუშაობა მიმატოვებინა, რადგან სულ თვალში ვეჩხირებოდი, როცა ვინმე მოეწონებოდა და მის შებმას დააპირებდა. ერთად ვმუშაობდით და მისი ყოველი ნაბიჯი ზეპირად ვიცოდი.
ასე და ამგვარად, შინ გამომკეტა. თან ორსულად ვიყავი, ამიტომ არ გამიპროტესტებია. არაფერი არ მაკლდა, უარი რატომ უნდა მეთქვა? მიუხედავად იმისა, რომ დროსტარებას არ იშლიდა, მე არაფერს მაკლებდა, თავზე მევლებოდა, ზედ დამფოფინებდა. წლების განმავლობაში მისთვის შეუცვლელი ქალი ვიყავი. მარიკუნა რომ გაჩნდა, მას შემდეგ კიდევ უფრო ყურადღებიანი გახდა. შვილმა ერთი პერიოდი თითქოს კალაპოტში დააბრუნა, მზრუნველობას არ გვაკლებდა. ზაფხულობით ერთად დავდიოდით დასასვენებლად. მერე, მთავრობა რომ შეიცვალა, თავის კლასელებს, კურსელებს დაუახლოვდა, რომლებიც თანამდებობაზე მოსხდნენ და მათი დახმარებით საკუთარი კლინიკაც გახსნა.
დანარჩენი შენც იცი. იონაზე არაფერი მსმენია მას შემდეგ, რაც ქუთაისი დავტოვე. ვერც გავბედე დარეკვა, რომ მისი ამბავი გამეგო. დედაჩემსაც კი არ შევხმიანებივარ დიდი ხნის განმავლობაში. მეშინოდა, პატარიძის ხალხმა არ მომაგნოს და სიცოცხლეს არ გამომასალმოს-მეთქი. დაახლოებით რვა თუ ცხრა თვე იქნებოდა გასული, შემთხვევით ჩემი კორპუსის მეზობელი რომ შემხვდა თბილისში, ბაზრობაზე და მისგან გავიგე, რომ დედა გარდაცვლილიყო და იგი მამაჩემს დაესაფლავებინა. უფრო სწორად, მეზობლებისთვის ფული მიეცა, დაასაფლავეთო. რაც შეეხება იონას, სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ და მერე რა ბედი ეწია, იმ ქალმა არ იცოდა. არ ვიცი, პოლიციიდან ჩემ გამო გაუშვეს თუ სხვა რამე იყო მიზეზი, მაგრამ რას დავეძებდი? მთავარია, ცოცხალი გადარჩენილა-მეთქი, ვფიქრობდი.
რაც შეეხება პატარიძეს, რა თქმა უნდა, გაუთავისუფლებიათ, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაინც დაუჭერიათ - ალბათ თავისი ბიზნესის მთავრობისთვის განაწილება არ ისურვა. ხომ გახსოვს, იმ წლებში რა ამბავი იყო, პანტაპუნტით ართმევდნენ ბიზნესმენებს ქონებას, წილებს იყოფდნენ და იყო ერთი ამბავი.
აი, ესაა ჩემი თავგადასავალი. მართალია, ლექსომ დღემდე არ იცის ჩემი წარსულის შესახებ, მაგრამ ჩემთვის უკვე სულერთია. თუ გინდა, მოუყევი, მე აღარაფერს ვკარგავ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, უკვე დავკარგე - მოსიყვარულე ქმარი. მე იგი ასეთი არასდროს მინახავს, ცხრა წელია ერთად ვცხოვრობთ და ასე ანთებული თვალები მხოლოდ ახლა შევამჩნიე. როგორც ჩანს, ყურებამდეა შეყვარებული. ალბათ ამასაც მოვითმენ, თუ თვითონ არ ისურვა ჩემთან დაშორება. წასასვლელი არსად არ მაქვს. როგორც ვიცი, ჩემი ქუთაისის ბინა დღემდე დალუქულია. იქ რომ ჩავიდე, აუცილებლად პოლიციაში უნდა გამოვცხადდე, რომ ლუქი მოვახსნევინო. იქ კი მომიწევს ახსნა-განმარტების მიცემა, სად გავქრი, რატომ გავიქეცი. რა ვიცი, რა კუდებს გამოაბამენ ჩემ გაუჩინარებას. შეიძლება ციხეშიც კი ამომაყოფინონ თავი. ამიტომ ისღა დამრჩენია, ბოლომდე მომთმენი ვიყო და ლექსოს გვერდით ვიცხოვრო. თუ არადა, რაღაც გზა გამოჩნდება, იმედია. ვნახოთ. მე შეიძლება ზურგი მაქციოს, მაგრამ თავის შვილს როგორ გაწირავს? ბოლოს და ბოლოს, მიყიდოს ერთოთახიანი სადმე და გადავალთ მე და მარიკუნა, თუ მაინცდამაინც იმ მოდელთან სურს ცხოვრების გაგრძელება.
ლიზი ასლუკუნდა. თიკომ მხარზე ხელი გადახვია და დაქალის დამშვიდებას შეეცადა.
მერე ყავა დალიეს, ნამცხვარი მიაყოლეს და კვლავ ლაპარაკში გაერთნენ.
- ლიზი, ნარკომანი იყავი? - შემპარავად თბილი ტონით შეეკითხა თიკო.
- ვიყავი. იყო დრო, როცა დალილავებული ადგილების ჩინებული კოლექცია მქონდა, მარცხენა ხელზე კი უამრავი ნანემსარი მეტყობოდა, მაგრამ ბიჭებს რომ ჩამოვშორდი, მერე შევეშვი. მე თვითონ ვუმკურნალე ჩემს თავს, მთელი კვირა ჩავიკეტე ოთახში, ვიტანჯე, ვიწვალე, მაგრამ მაინც გადავლახე, რაშიც დედა ძალიან დამეხმარა. მას შემდეგ ნარკოტიკს არ გავკარებივარ, მოსაწევსაც კი. ასე რომ, იონა რომ გავიცანი, უკვე განკურნებული ვიყავი.
- მდაა… ბევრი რამ გადაგიტანია, შე საწყალო, - თიკომ ლოყაზე აკოცა, მერე რატომღაც ჩურჩულზე გადავიდა და იკითხა:
- იცი, რა არის საინტერესო? ის შენი იონა სად არის. არ გინდა, მოვძებნოთ? მე დაგეხმარები.
ლიზი სწრაფი რეაქციით გაერიდა მეგობარს და საყვედურით სავსე მზერა შეანათა.
- გაგიჟდი? რაში მაინტერესებს, იონა რას აკეთებს? ასი წელი არ მჭირდება! მაპატიე, მაგრამ მეორედ ეგეთი რამე არ მითხრა, გთხოვ! არც გაიფიქრო მის მოსაძებნად ხელის განძრევა, გესმის? ძალიან მაწყენინებ, იცოდე!
- კარგი, კარგი, რა გაკომპლექსებს? არ გინდა და ნუ გინდა. მე ისე შემოგთავაზე, მეგონა, გაგიხარდებოდა. მორჩა, მეტჯერ ნუღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე. ვსიო, ვსიო! - დანებების ნიშნად ორივე ხელი ასწია თიკომ და ნაძალადევი ღიმილი გადაეკრა შეცბუნებულ სახეზე.
ამის მერე აღარც გაუგრძელებიათ საუბარი. თიკო დაემშვიდობა დაქალს და წავიდა, ტირილისგან დაოსებული ლიზი კი სამზარეულომდე მილასლასდა და ჭიქა და შოტლანდიური ვისკის ბოთლი გამოიღო, რომელიც ლექსოს ელიტური ძმაკაცების შესაცდენად ჰქონდა გადანახული. ამ ვისკით ბევრი საქმე მოუკვარახჭინებია თავის სასარგებლოდ. როცა კლინიკისთვის ფულადი სახსრები, აღჭურვილობა თუ თანამედროვე ლაბორატორიული დანადგარები დასჭირდებოდა, სახლში მოიწვევდა ხოლმე მსუქან მუცლებს, ფულის ტომრებზე რომ ეძინათ ისეთებს, დაალევინებდა ამ ვისკის და ერთ საათში საქმე მოგვარებული ჰქონდა.
ერთი ჭიქა დალია. სხეული შეუხურდა. კიდევ დაისხა და კიდევ დალია… მეორე ჭიქამ გააბრუა. მესამეც მიაყოლა და იგრძნო, რომ დათვრა. სანამ მარიკუნას გამოყვანის დრო მოვიდოდა, შეეძლო წამოწოლილიყო და გამოეძინა.
ასეც მოიქცა. საძინებელში ნახევრად ბარბაცით შევიდა და საწოლზე მიეგდო. ახლა შეეძლო, სანამ ჩაეძინებოდა, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილიყო.
მიუხედავად ამდენი წინააღმეგობისა, წარსულის არც ერთ ნაბიჯს არ ნანობდა. არც იმას, მამა რომ გაძარცვა, არც იმას, თაღლითობას რომ ეწეოდა. იონას გაცნობაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი, ის კაცი დღემდე სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ მხოლოდ ვირტუალურად. ახლა რომ იონა გამოჩენილიყო, არავითარ შემთხვევაში არ განაახლებდა მასთან შეხვედრებს, ქმარს არ უღალატებდა.
სივრცეს გაუღიმა. გაახსენდა, როგორ იცოდა ხოლმე, როცა მორიგ საქმეს წარმატებით დააგვირგვინებდა. სახლში მოვიდოდა თუ არა, ფულს სამალავში შეინახავდა, კმაყოფილი სახით სარკის წინ დადგებოდა და თავის თავს ხმამაღლა შეაქებდა: "ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი! ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი! ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი!" - სამჯერ გაიმეორებდა ასე და თავის თავს საჰაერო კოცნას გაუგზავნიდა.
ასე გაღიმებული უცებ წამოდგა და კვლავ სარკეს მიაშურა, მაგრამ ჩაიხედა თუ არა მასში, ღიმილი სახეზე შეაცივდა. მისი სილამაზე თითქოს უკვალოდ გამქრალიყო. ახლა იმ ქალს ჰგავდა, რომელიც ოცი წლის წინათ საშიში იყო, ათი წლის წინათ - კადნიერი, ახლა კი - მეორეხარისხოვან მსახიობს დამსგავსებოდა, უნიჭობისა და როლების ნაკლებობის გამო რომ გალოთებულიყო.
სარკის წინ მოკალათდა დ სამკაულების პატარა თეთრ ზარდახშას თავი ისევ ახადა. ისევ ამოიღო იოს ნაჩუქარი ბეჭედი და ისევ არათითზე წამოიცვა. მორჩა, დღეიდან ამ ბეჭედს სულ ატარებს, სულ, სანამ ცოცხალია, ამაზე სასიამოვნო მოსაგონარი მას აღარაფერი დარჩენია. მოულოდნელად თვალი ქმრის დილანდელ საჩუქარზე მოუხვდა. საყურის ყუთი თეთრი ზარდახშის გვერდით იდო. ლიზიმ ცალი საყურე ამოიღო და გაიკეთა. მერე ბეჭდიანი ხელი ყურის ბიბილოს შეავლო და სარკეში ბეჭედი და საყურე წყვილში შეათვალიერა. უეცრად ისტერიკული ხარხარი აუტყდა. ორი მამაკაცის ნაჩუქარი სამკაული! ორი საყვარელი მამაკაცის!
- მამაკაცები პირუტყვები არიან, საძაგელი პირუტყვები, - მტკიცება დაუწყო თავის თავს სარკეში, - და მე თუ მკითხავ, ჩემო ლიზი, ეს სამყაროც საძაგელია. მე და შენც საძაგლები ვართ, თიკოც, ზაზაც და ყველანი ჩვენ გარშემო. ყველანი ბინძურები ვართ და ერთ დიდ ლაფში ამოსვრილნი. ერთადერთი, ვინც გაუსვრელი და გაურყვნელია, მარიკუნაა. მხოლოდ მას შეუძლია სამყარო სხვა თვალით დამანახვოს. მას და კიდევ… ფულს… - ამის წარმოთქმაზე გამომეტყველება შეეცვალა, თითქოს დიდი აღმოჩენა გააკეთაო, - ფულს, დიახაც ფულს… ესე იგი, მუშაობა უნდა დავიწყო და საკუთარი ფული ვიშოვო. სხვანაირად დამოუკიდებლად ვეღარ ვიცხოვრებ, რადგან ამის პატრონმა, - საყურე მოქაჩა, - სხვაზე დამოკიდებულად ცხოვრებას შემაჩვია. ცუდ გზას აღარ დავადგები, შვილს არ შევარცხვენ… - მერე საჩქაროდ მოიხსნა საყურე და ყუთში ჩააბრუნა, თავი ასწია და კვლავ თავის თავს შეუძახა, - ჩემო ლიზი, რომ იცოდე, კეთილსინდისერი გზითაც შეიძლება ფულის შოვნა. იმდენის, რომ შვილი გაზარდო და გზაზე დააყენო. ამიტომ მზად იყავი. პირველ რიგში, განქორწინებისთვის, რადგან ფაქტია, ეს არ აგცდება. იფიქრე ამაზე, აქედანვე იფიქრე! დაშორების შემთხვევაში კანონით რაღაც მაინც ხომ გეკუთვნის მისგან! ჰოდა, მიიღე, რაც შენია! მიიღე და შენს გზას გაუდექი!
თვალები შუბლზე აუვიდა, ასე ადრე დაბრუნებულ ქმარს რომ შეხედა. ლექსოს თვალები ამღვრეოდა, ნასვამს ჰგავდა. ქმარმა ცოლის მზერაში ამოიკითხა შეკითხვა და დაღლილი ღიმილით მსწრაფლ მიაგება:
- წვეთი არ დამილევია, უბრალოდ, დავიღალე, დღეს რთული ოპერაცია მქონდა.
"მართლა?" - პასუხი ლიზის წამით აწკეპილ წარბებში გამოიხატა. ქალი უსიტყვოდ გატრიალდა, თეთრი პირსახოცი წაიძრო და სველთმიანი თავი გზადაგზა რამდენჯერმე შეარხია.
- გშია? - გულგრილად შეეკითხა სამზარეულოს კართან მისულმა.
- არა, მეძინება.
არც ამჯერად უთქვამს ლიზის არაფერი, სამზარეულოს კარს გასცდა, სააბაზანოში შევიდა და თაროდან ფენი გადმოიღო.
ფენის უსიამოვნო ზუზუნმა ლექსო გააღიზიანა. უკვირდა, რატომ მოუნდებოდა ცოლს ყოველთვის ფენის მაშინ ჩართვა, როცა ლექსო შინ იყო? საგანგებოდ იქცეოდა ასე? ელოდებოდა მის დაბრუნებას?
მამაკაცმა მარჯვენა ხელი კარის ძგიდეს მიადო, მარჯვენით დოინჯი შემოირტყა და ხმამაღლა თქვა:
- ხვალ ათი დღით მივლინებაში მივდივარ.
ლიზიმ მხოლოდ სიტყვა "მივლინებას" მოჰკრა ყური და ფენის ღილაკს წამსვე ჩამოჰკრა ცერი.
- ვერ გავიგე?
- ხვალ ათი დღით მივლინებაში მივდივარ, - გაიმეორა ლექსომ და მცირე პაუზის შემდეგ განავრცო, - ბათუმში, საერთაშორისო სიმპოზიუმზე სპეციალური მიწვევით.
- სპეციალური… - ხაზგასმით წარმოთქვა ლიზიმ, ფენი როზეტიდან გამოაძრო, შნური დაახვია და კვლავ თაროზე შემოდო, - რატომ მაინცდამაინც შენ? იმიტომ, რომ ყველაზე კარგი ქირურგი შენ ხარ მთელ თბილისში?
- არა, იმიტომ, რომ ყველაზე კარგი კავშირები მაქვს მთელ თბილისში. ეს სიმპოზიუმი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ორი ოპერაცია მექნება ჩასატარებელი თურქ სპეციალისტებთან ერთად. გასაგებია?
- ჭკვიანი მისტერ ლექსო, - ამრეზით ჩაიდუდუნა ლიზიმ და სააბაზანოდან გამოვიდა, ქმრის ხიდივით გადებული მარცხენა ხელის ქვეშ გაიარა და სასტუმრო ოთახი გადაჭრა.
- შენს ირონიას, როგორც ყოველთვის, საზღვარი არ აქვს.
- რას იზამ, ირონია, როგორც ასეთი, უსაზღვროა ხოლმე, - დამცინავი ტონით მიუგო ცოლმა და დივანზე ფეხიფეხშემოდებული ჩამოჯდა.
- ნუ მებრძვი, ლიზი, - ქმრის სიტყვები მუქარას უფრო ჰგავდა, ვიდრე გაფრთხილებას.
- შენ კი ნუ მატყუებ!
- არ გატყუებ, არა! ყოველთვის ტყუილი რატომ გელანდება? ჩემი თუ არ გჯერა, ზაზას დაურეკე და ჰკითხე. იმისი ხომ გჯერა?
- უკვე აღარ. ხართან დაბმული ხარი იმავე ზნის ხდება.
- ლიზი! - ლექსო მოთმინებას კარგავდა. ელექტროჩაიდანი ჩართო და ყავის მომზადებას შეუდგა.
- მარტო მიდიხარ?
- ჰო. აბა, მთელ კლინიკას ხომ არ გავიყოლებ!
- რა ვიცი… შენსას რას გაიგებს ადამიანი, - ლიზიმ მარცხენაზე გადადებული მარჯვენა ფეხი შეათამაშა, თან ხელის თითები გაფარჩხა და შეითვალიერა, მანიკიური სჭირდებოდა, ნუნები უშნოდ ამოზრდოდა.
- რითი მიდიხარ?
- ჩემი მანქანით, რა იყო?
- არაფერი… მეც მინდა ზღვაზე.
ამის გაგონებაზე ლექსოს სახე გაუნათდა, ცოლს გვერდით მიუჯდა, მოქანავე მარჯვენა ფეხის მუხლს ხელი დაადო და დაყვავებით თქვა:
- წელს შენ და მარიკუნას უსიკვდილოდ გაგიშვებთ ზღვაზე, გპირდები.
- ჰო, ასე აჯობებს, რადგან იმ შენს დამპალ სოფელში არ წავალ. ყოველ ზაფხულს შენი ნათესავების გადამეტებული ყურადღების ატანა აღარ შემიძლია, ფინიასავით რომ მირბენენ გარშემო.
- ჩემს ნათესავებს შეეშვი, ისინი შენ პატივს გცემენ, თუ შეგიძლია ამის დანახვა.
- ცუდი რა ვთქვი? სწორედ მაგას ვამბობ, რომ ზედმეტ პატივს მცემენ და არ მინდა. ჩემს გემოზე დახველებაც კი მეკრძალება, უი, ლიზი, შვილო, ქარმა ხომ არ დაგიბერა? რატომ გახველებს? - გამოაჯავრა ლიზიმ ქმრის ნათესავს.
- ჩემს ჩანთას ჩამილაგებ?
- არა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ ვიცი, თქვენი უდიდებულესობა რის წაღებას ინებებს. ამიტომ თვითონ ჩაალაგე, ყველაფერი დარეცხილ-დაუოთებული გარდერობშია.
ლექსომ ბრაზიანად ამოიხვნეშა, წამოდგა და გზადაგზა პერანგის ღილების გახსნა დაიწყო, სააბაზანოში შესვლამდე კი ჩაიბურტყუნა, - ნეტავ ვიცოდე, ცოლი რაში მარგია.
- ჰა-ჰა-ჰა! - თეატრალური ხელოვნურობით გაიცინა ლიზიმ, - როგორი ქმარიც ხარ, ცოლიც ისეთი გყავს. ასე რომ, ფერი ფერსა…
მამაკაცმა კარი შეიჯახუნა, ამიტომ ანდაზის გაგრძელება არ მოუსმენია, მაგრამ ლიზიმ მაინც დაამთავრა იგი: - მადლი ღმერთსაო, - რასაც წყლის ჩხრიალის ხმა მოჰყვა…
გაგრძელება იქნება