ტინა კუნაკი დაიბადა 1997 წლის 5 აპრილს ტულუზაში. მისი მამა, რობინ კუნაკი, წარმოშობით ტოგოელია. დედა, ნადია, სიცილიელია. ჰყავს უმცროსი ძმა, ზაქარი და უფროსი და - კასი. მისი მამა ტოგოდან საფრანგეთში ახალგაზრდობაშივე გადავიდა, სადაც გაიცნო კიდეც მომავალი მეუღლე. წყვილმა საცხოვრებლად სამხრეთ-დასავლეთი საფრანგეთი, ზღვისპირა ბიარიცი აირჩია და სწორედ აქ გაატარა ტინამ ბავშვობის წლები.
ტინა სწავლობდა სენტ-თომას კოლეჯში სენ-ჟან-დე-ლუზში, შემდეგ - ვიქტორ-ლუის საშუალო სკოლაში ტალანსში, ასევე - ანდრე-მალროს საშუალო სკოლაში ბიარიცში, შემდეგ - ფრანგულ საშუალო სკოლაში მადრიდში.
თინა კუნაკი მადრიდში გადავიდა და სამოდელო სააგენტო Mad Models Management-თან კონტრაქტი გააფორმა. თანამშრომლობდა SUPA Model Management სააგენტოსთანაც, შემდეგ კი იგი შეუერთდა ნიუ-იორკის სააგენტოს IMG Models4. ის 2016 წლიდან აქტიურად ჩანდა პოდიუმზე, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პოპულარული მუსიკოსის მუსიკალურ კლიპებშიც.
პირადი ცხოვრება
ტინა მსოფლიოსთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მედიამ მისი და ფრანგი მსახიობის, ვენსან კასელის რომანის შესახებ დაწერა. ტინა და ვენსანი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებოდნენ, ხოლო 2018 წელს ოფიციალურად იქორწინეს. მათ ერთი ქალიშვილი, სახელად ამაზონი შეეძინათ, რომელიც 2019 წლის 19 აპრილს დაიბადა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ტინასა და ვენსანის დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მსახიობმაც დაადასტურა და მათი წყვილი დაიშალა.
ვენსანს ყურადღება არასდროს აკლდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალზე, მონიკა ბელუჩიზე იყო დაქორწინებული, თუმცა კასელი ახლაც ახერხებს მუდმივად იყოს მედიის ინტერესის ობიექტი. ტინასთან დაშორებიდან მალე ის ახალ მეგობარ გოგოსთან, 27 წლის ნარა ბაპტისტასთან ერთად საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა.
ჰყავს თუ არა ამჟამად შეყვარებული თინას, უცნობია, თუმცა ის ტკბება ცხოვრებით, მოგზაურობს, მუშაობს და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს. ტინა ცოტა ხნის წინ 27 წლის გახდა. „ჩემი ცხოვრება ნეგატივიდან პოზიტივისკენ მიმყავს“ - წერდა მოდელი და წვეულების შთამბეჭდავ კადრებს აქვეყნებდა.