ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა აფხაზეთიდან დევნილია. მძიმე გზა, რომელიც მისმა ოჯახმა გამოიარა, მას არ ახსოვს, რადგან მაშინ სულ ერთი წლის იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან მძიმედ ახსოვს ის ტკივილი, რომელიც მას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, საზოგადოებამ დევნილობის გამო მიაყენა.
სალომე ლემონჯავა: სამწუხაროდ, აფხაზეთთან დაკავშირებით პირადი მოგონებები არ მაქვს, რადგან როცა ეს ამბები მოხდა, მე, ფაქტობრივად, ახალშობილი ვიყავი, თუმცა დედა და მამა ძალიან ხშირად გვიყვებოდნენ იქაური ქუჩების, ჩვენი სახლის, ეზოსა და აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ. ამიტომ ყველაფერი იმდენად დეტალურად მაქვს წარმოდგენილი, ზოგჯერ თავსაც კი ვირწმუნებდი ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ჩემი მოგონებები იყო და არა მათი მონათხრობი.
– მშობლები როგორ იხსენებენ აფხაზეთიდან წამოსვლის ამბავს?
– ჩვენ, დედა და შვილები, გემით წამოვედით. მამა არ წამოსულა. ის ომის ვეტერანი იყო და საომრად დარჩა. ჩემი და-ძმა მაშინ უკვე ისეთ ასაკში იყვნენ, 8-9 წლისები, რომ გზა, რომელიც ფოთამდე გაიარეს, კარგად დაამახსოვრდათ. მათაც და დედასაც არაერთხელ გაუხსენებიათ გემზე გამოვლილი სირთულეები. ცოტა ხნის წინ ჩემი ძმა იხსენებდა, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, საერთო საცხოვრებელში რომ მიგვიყვანეს, იქ საჭირო ნივთები და რაც ყველაზე მეტად გაგვიხარდა, პროდუქტები დაგვხვდა და არასოდეს დამავიწყდება, რომ შევედით თუ არა, იმწამსვე პურისა და ჯემის ჭამა დავიწყეთ, რადგან ძალიან გვშიოდაო.
– მამას რა ბედი ეწია?
– მამა სოხუმის დაცემამდე იქ იყო და იბრძოდა. შემდეგ, ისევე, როგორც სხვა გადარჩენილები, იძულებული გახდა, იქაურობა დაეტოვებინა. მამა ახლა გარდაცვლილია, რამდენიმე წლის წინ დაიღუპა და სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა ის, რაც იქ გამოიარა. გეტყვით, როგორი იყო მისი ღამეები და კარგად მიხვდებით, თუ რამდენად ტრაგიკული და მოუშუშებელი ტკივილი იყო მამასთვის ეს ომი. ღამღამობით მთელ ოჯახს საშინელი ხმა გვაღვიძებდა ხოლმე. ეს მამას მუშტების ხმა იყო, რომელსაც ძილში კედლებს ურტყამდა, მუშტებს ან ფეხებს. დილით რომ იღვიძებდა, ან მუხლი ჰქონდა დასისხლიანებული, ან მუშტი. რომ ვეკითხებოდით, რა მოხდა, ასეთი რა დაგესიზმრაო, გვპასუხობდა, ომში ვიყავიო. მამაჩემი მთელი დარჩენილი ცხოვრება, 30 წელი, ფაქტობრივად, ყოველღამე ომში იყო და იბრძოდა.
ომში იბრძვი, ეს ბუნებრივია. თუ შენ არ მოკლავ, მტერი მოგკლავს. მამასაც მოუწია ადამიანის მოკვლა, აფხაზის, რომელსაც მანამდეც იცნობდა. თურმე, მას რომ არ მოეკლა, ის კლავდა. მამამ დაასწრო და ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ომში მოკლა. ეს ცხოვრების ბოლომდე ტანჯავდა. ვერა და ვერ მოინელა, მოუშუშებელ იარად დარჩა.
– როგორ შეძელით ცხოვრების დაწყება ნულიდან, მატერიალური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?
– როგორც ვთქვი, მე მაშინ ძალიან პატარა, ერთი წლის ვიყავი, ამიტომ ისევ ჩემი ოჯახის წევრების მოგონებების წყალობით ვიცი, რომ ძალიან რთული იყო. განსაკუთრებით, პირველი ერთი წელი საერთოდ გაუჭირდათ იმის გააზრება, რაც ჩვენს თავს მოხდა. მაშინ ბათუმში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და როგორც იხსენებენ, ბათუმმა (შემდეგში თბილისისგან განსხვავებით) ძალიან კარგად მიგვიღო. ამიტომ ამ მხრივ, არ უჭირდათ. აფხაზეთში ძალიან შეძლებული ოჯახი გვქონია, მაგრამ როგორც ყველამ, ჩვენც ყველაფერი დავკარგეთ. იქ ცხოვრების ამსახველი ფოტოებიც კი სულ რამდენიმე შემოგვრჩა და ისიც ახლობლებთან მოძიებული. აქედან გამომდინარე, ასეთი ტრაგედიის შემდეგ ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ. პირველი პერიოდი, მამა ერთი შეკვრა „ლუნა“ შოკოლადის გასაყიდად ფოთში გადადიოდა, რადგან იქ უფრო მეტად იყიდებოდა და ამას აკეთებდა ყოველდღე. მერე ბათუმის ცენტრიდან მწვანე კონცხამდე, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ფეხით ამოდიოდა ხოლმე. ერთხელ მამა ჩემს ძმასთან ერთად ხოფას ბაზარში ყოფილა პროდუქტების საყიდლად. ჩემი ძმა იხსენებს: ჩვენ, ძირითადად, სულ კარტოფილს ვყიდულობდით და იმ დღესაც ასე იყო. ამ დროს გვერდზე ვიღაც კაცი დავინახე, ძალიან ბევრ პროდუქტს ყიდულობდა, მათ შორის, სხვადასხვა ხილს. მეც ძალიან მინდოდა ხილი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამის საშუალება არ იყო და მამას ვერ ვეუბნებოდი, მაგრამ დაჟინებით ვუცქერდი კაცს, რომელიც ამდენ რამეს ყიდულობდა. ამ დროს, ნაცრისფერ, წვიმიან და მოწყენილ გარემოში, უცებ ერთი მაღალი, თეთრებში გამოწყობილი კაცი გამოჩნდა და მისმა ვიზუალმა გარშემო ყველას ყურადღება მიიქცია. მამამაც შეხედა და იცნო – ეს მამაკაცი მისი სტუდენტობის მეგობარი ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ის, ანუ ლევანი, ამ ბაზრობის დირექტორი იყო. იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. დედა მაშინვე ამ ბაზარში დაასაქმეს თავისი პროფესიით, ბუღალტრად. ჩვენ კვირაში ერთხელ პროდუქტებით დატვირთული მანქანა გვაკითხავდა და იმდენი პროდუქტი მოჰქონდათ, რომ მეზობლებს ვურიგებდით. ეს ადამიანი ძალიან დაგვეხმარა. დღემდე ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელია. ის და მისი ცოლი მუსლიმანები იყვნენ და ჩემმა დამ მონათლა ქრისტიანებად. შემდეგ დავნათესავდით კიდეც.