იცოდა, რომ ზაზასგან სიმართლეს ვერ გაიგებდა, მაგრამ მაინც მოუნდა დაერეკა და ეკითხა, მართლა მიდიოდა ლექსო მივლინებაში თუ არა. ამიტომ დილით, როგორც კი ზურგჩანთამოკიდებული ლექსო მანქანაში ჩაჯდა და კორპუსს გასცდა, ტელეფონს ეცა და პირველი ზარი ქმრის მენეჯერთან აფრინა.
- ჰო, რამდენიმე დღით მიდის ბათუმში, - დაუდასტურა ზაზამ, - სასტუმრო მე დავუჯავშნე.
- როგორც ყოველთვის. - დაასრულა მენეჯერის სიტყვები ლიზიმ და ფრჩხილის კვნეტას შეუდგა, რასაც ვერ იტანდა, მაგრამ ახლა ისე იყო განერვიულებული, საკუთარ ქმედებას აღარ უფიქრდებოდა.
- მართლა ტარდება სიმპოზიუმი, ლიზი, გეფიცები, ამჯერად არ გატყუებს. შენ მაგარი ქმარი გყავს, უნდა ამაყობდე მისით.
- უკვე ვამაყობ! - მიახალა ლიზიმ და ტელეფონი გათიშა.
ახლა მთელი ათი დღე მას მოუწევდა მარიკუნას სკოლაში ტარება, მერე ბალეტზე, მერე ცურვაზე… წაიყვანე, დაელოდე, წამოიყვანე… ეს პროცედურა ღლიდა. მანქანა მაინც ჰქონოდა, აღარ დაეზარებოდა აღმა-დაღმა სიარული. ან მეტროთი უნდა ებოდიალა, ან ტაქსებში უნდა ეყარა ფული. ვარჯიშით დაღლილ მარიკუნას ნაბიჯსაც ვერ გადაადგმევინებდა, ფეხით გასეირნება რომ მოენდომებინა.
იმ დღეს, როგორც კი ლიზი ბალეტზე მიიყვანა, გადაწყვიტა, აღმაშენებელზე ჩაევლო და მაღაზიები დაელაშქრა, იქნებ ბავშვისთვის რამე მოსწონებოდა. ნელა მიუყვებოდა გამზირს, ასევე ნელა შედიოდა მაღაზიაში და გამოდიოდა. უგულისყუროდ ათვალიერებდა პლასტმასის საკიდრებით გამომზეურებულ უგემოვნო ტანსაცმელს, რომლის არც ხარისხი მოსწონდა და არც ფასი.
სიარულს განაგრძობდა. ჯერ მთელი საათ-ნახევარი ჰქონდა დრო. ამიტომ თავისუფლად შეეძლო გამზირის ბოლომდე ჩასულიყო და უკანაც ამობრუნებულიყო. აქეთა გზაზე მეორე მხარეს გადავიდოდა და იქით მდებარე ბუტიკებს მოივლიდა.
უეცრად ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი. სიარული შეწყვიტა. ახლა ხმის გამცემი სჭირდებოდა, ნებისმიერს დაელაპარაკებოდა. ვისაც გინდა, გააჩერებდა და ჰკითხავდა, უკაცრავად, აი, იმ მინის მიღმა რომ კაცი მოჩანს, ჩემი ქმარია თუ მეჩვენებაო?
კაფე, რომელთანაც შეჩერდა, ძველი შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა. ახლა ასეთებს აღარ აშენებდნენ, მაგრამ რეკონსტრუქციას უკეთებდნენ. კაფეს ვიტრაჟული მინის ორსაგდულიანი კარი ამშვენებდა, რომელიც წამდაუწუმ იღებოდა და იხურებოდა - ათასი ვიღაც შედიოდა და გამოდიოდა.
კაფეში ლექსო იჯდა უზარმაზარ მაგიდასთან და თავის უზარმაზარ ხელებს მხიარული სახით აქეთ-იქით იქნევდა. მის წინ ქერათმიანი გოგონა იჯდა. ლიზიმ თვალები მოწკურა და უცნობი ყურადღების მთელი დაძაბვით შეათვალიერა. მისი მეტოქე კატას ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ ლიზის კატები მოსწონდა, ეს გოგო კი არა. გულმა ბაგაბუგს უმატა, სუნთქვამ - სიხშირეს. ცხვირის ნესტოები დაებერა.
ლექსო ოდნავ მეგობრული, ოდნავ მამობრივი და, იმავდროულად, ოდნავ ვნებიანი ღიმილით მისჩერებოდა საყვარელს, თან ხელების ვირტუოზული მოძრაობით რაღაც მხიარულ ამბავს ჰყვებოდა. მის ქმარს დამყოლი, მბზინავი, გამოცდილი და ცოდვებით დამძიმებული ქალიშვილები მოსწონდა. ამიტომაც მოეწონა თავის დროზე ლიზიც. ეს გოგოც ზუსტად ასეთი ჩანდა. მაგრამ რითი სჯობდა ლიზის? რა განსაკუთრებულობით სჯაბნიდა? ახალგაზრდობით? უფრო ქორფა სხეულით? ინტელექტის ნატამალი არ ეცხო, არც სანდომიანობით გამოირჩეოდა. მიმზიდველობა ხომ აკლდა და აკლდა, თუმცა ლამაზი იყო, გერმანულ რეზინის თოჯინასავით გამოირჩეოდა სხვა თოჯინებისგან. რა სიამოვნებით შევარდებოდა ლიზი ახლა ამ ვიტრაჟებიან კარში და ჩააზელდა წიხლს ამ კატას სიფათში, მაგრამ… არ სურდა ძველ ლიზის დამსგავსებოდა, უფრო სწორად, ძველი ლიზი გაეღვიძებინა თავის თავში. თანაც, კატების ჩხავილს ვერ იტანდა.
კარგა ხანს რეტდასხმული იდგა, მზერა გაშეშებოდა. მხოლოდ მაშინ შეირხა, როცა წყვილი წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. ლიზი გონს მოეგო, შენობის კედელს ამოეფარა და თვალთვალი განაგრძო. ქალმა და კაცმა რამდენიმე მეტრი გაიარეს და მანქანის ჭყვიტინის ხმაზე ლიზი მიხვდა, რომ ისინი ლექსოს "მერსედესთან" იდგნენ. მისმა ლოველასმა ქმარმა წინა კარი გამოაღო და საყვარელს ჩაჯდომაში მიეხმარა.
ლიზი წამითაც არ დაბნეულა, როგორც კი "მერსედესი" დაიძრა, მაშინვე ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთხრა, რომელ მანქანასაც უნდა გაჰყოლოდა უკან.
ახალგაზრდა მძღოლმა წინა სარკეში შეათვალიერა უკან მოკალათებული სახეალეწილი მგზავრი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ცოლი ქმარს უთვალთვალებდა.
გრძელი გზის გავლა არ დასჭირვებიათ, მანქანამ მარჯანიშვილის ქუჩაზე აიარა და ერთ-ერთ კერძო სასტუმროსთან შეჩერდა. ბედნიერი წყვილი ბედნიერი ღიმილით გადმოვიდა მანქანიდან. ლიზიც ჩამოვიდა ტაქსიდან, მაგრამ აღარ გაჩერებულა, უკან გამობრუნდა და გზას თავქვე დაუყვა. რუსულ ეკლესიას რომ ჩაუარა, ზარების რეკვის ხმამ გამოაფხიზლა. საღამოს წირვის დრო დამდგარიყო…
დაუმთავრდა თუ არა მარიკუნას მეცადინეობა, კვლავ ტაქსი გააჩერა და ბავშვი სახლში მიიყვანა. პარასკევი იყო, მარიკუნას გაკვეთილების სასწრაფოდ მომზადება არ იყო საჭირო, ამიტომ კარის მეზობელ ეთოს მიუკაკუნა, ცოტა ხნით ბავშვს შენთან დავტოვებ, მზიკოსთან ერთად წაითამაშებს, აუცილებლად უნდა გავიდე ერთ ადგილას და მიგვიანდებაო. ეთომაც სიამოვნებით ჩაიბარა მარიკუნა და ლიზიც თავქვე დაეშვა კიბეზე.
ამასობაში შეღამდა. ტაქსი სადარბაზოსთან ელოდებოდა. მძღოლს სასტუმროს მისამართი უკარნახა და უკანა სავარძელზე მიესვენა.
ვესტიბიულში შესულმა რესეპშენს მიაშურა. უნიფორმიანმა ახალგაზრდა გოგონამ ცნობისმოყვარე მზერა შეანათა.
- გამარჯობათ, რით დაგეხმაროთ? - დაყენებული მანერით შეეკითხა ადმინისტრატორი.
- უკაცრავად, მაინტერესებს, ბატონი ალექსანდრე ასკურავა რამდენი დღით ჩერდება თქვენთან?
გოგონას სახე შეეცვალა, დაბნეულმა თვალები ააფახულა.
- ამის თქმის უფლება არ მაქვს, ქალბატონო.
- არა, თქვენ ვერ გამიგეთ… მე ხომ არ გეკითხებით, რომელ ნომერშია. უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენ ხანს რჩება თბილისში. ხომ იცით, ის ცნობილი ქირურგია. მე ჟურნალისტი ვარ, ინტერვიუ უნდა ჩამოვართვა. ახლა გვიანაა, მაგისთვის ვერ შევაწუხებ, ამიტომ მინდოდა გამეგო, თუ ხვალაც აქ იქნება, დამერეკა და შემეთანხმებინა.
საწყალი ადმინისტრატორი, რა დღეში ჩავარდა! მაგრამ ლიზიმ შეთქმულივით გაუღიმა და ჩურჩულით თქვა:
- ეს ჩვენ შორის დარჩება, მხოლოდ ჩვენ შორის.
ამ სიტყვებმა გოგონა ოდნავ დაამშვიდა, როგორც ჩანს, საქმის გასაიდუმლოების მომენტმა დააინტრიგა და თვალებდახრილმა ისე, თითქოს თავისთვის ლაპარაკობსო, საჭიროზე ხმადაბლა წარმოთქვა:
- ნომერი კვირას გათავისუფლდება, შუადღის სამ საათზე.
ლიზის თითქოს ფრთები შეესხა, ერთი კი შესძახა ჩუმად, "იეს" და გარეთ გავარდა ისე, რომ მადლობის თქმაც დაავიწყდა.
ქუჩაში გამოსულმა სიმწრისგან კბილი კბილს დააჭირა. ცივმა, ნესტიანმა, უმთვარო ღამემ ჩაიხუტა. კიდევ კარგი, თვალებს ჟღალი წინამო უფარავდა, თორემ მბრწყინავ ცრემლს ადვილად შეამჩნევდა ნებისმიერი, ვინც გვერდით ჩაუვლიდა. წინამოსავით ჟღალი თმაც, სახის მსგავსად, შეშლილს მიუგავდა, თითქოს ყალყზე დაუდგაო.
ბინის კარი გააღო, შევიდა და ჰაერი შეიყნოსა. ჩამრთველს თითი მიაჭირა. შუქმა სასტუმრო ოთახის გაღებული ვენეციური კარიდან შემოანათა.
შინაურული სუნი, მტვრის, თამბაქოსა და იმ სამყაროს სუნი იგრძნო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.
მაშინვე ტელეფონს მიუჯდა და თიკოსთან დარეკა. ყველაფერი ჩაუკაკლა, რაც ნახა და მოიმოქმედა. მერე ზაზას მისდგა და ტყუილის თქმისთვის ლანძღა და ლანძღა. თიკოს ხმის ამოღება არ აცალა, ისე დაუკიდა ყურმილი. ბერკეტზე ყურმილის დანარცხების ხმა სახლის კედლებს ექოსავით მოედო.
ერთხანს გაქვავებული იჯდა, მერე დამამშვიდებელი სუნთქვითი ვარჯიშები ჩაიტარა, ფეხები ჩუსტებში გაყო და ეთოს მიაშურა მარიკუნას წამოსაყვანად.
ლექსო კვირა საღამოს "ჩამოვიდა". სამგზავრო ჩანთა შემოსასვლელში იატაკზე მიაგდო და ლიზის გასძახა. პასუხი არავინ გასცა. სახლის სიღრმიდან გაუთოებული თეთრეულის სუნი გამოდიოდა, რაც იმას მოწმობდა, რომ აქაურობა ცარიელი არ უნდა ყოფილიყო.
ჯერ სასტუმრო ოთახში შეიხედა, მერე სამზარეულოში, შემდეგ სააბაზანოშიც შეიჭვრიტა, მაგრამ ვერც ერთი ოჯახის წევრი ვერ იპოვა. ბოლოს ბავშვის ოთახს მიადგა. ლიზი თავის მაგიდას უჯდა და დედასთან ერთად რაღაც წინადადებას იმეორებდა. დედა-შვილი გაკვეთილს სწავლობდა.
- აქ ხართ? ვიფიქრე, სახლში არ არიან-მეთქი, - თითქოს შვება იგრძნოო, მამაკაცმა ფილტვებიდან ჰაერის ძლიერი ნაკადი ამოუშვა და ხელგაშლილი შეეგება მისკენ სირბილით წამოსულ გოგონას.
- მამიკოოო!
მარიკუნა მამას ჩაეხუტა, ხელები კისერზე შემოხვია და სახე დაუკოცნა.
- მა, რა მომიტანე?
- ყველაფერი, მა. წამო, გაჩვენო… - ლექსომ გოგონას ხელი ჩასჭიდა და ჰოლისკენ გაუძღვა, სადაც ჩანთა დატოვა, - ლიზი, როგორ ხარ? - მერეღა გამოსძახა ცოლს, გამჭოლი მზერით რომ მისჩერებოდა.
შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. ამ უპასუხობას მხოლოდ მარიკუნას ტიტინი ავსებდა…
წამითაც არ უგრძნობინებია ქმრისთვის, რომ ყველაფერი იცოდა. ხელსაყრელ მომენტს უცდიდა, რათა იერიში მიეტანა, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარიყო. თუმცა, ზუსტად იცოდა, რომ სულ მალე დადგებოდა…
შუადღე იქნებოდა, თიკომ კლინიკაში რომ შეაბიჯა. ყველა მოწიწებით ესალმებოდა. ისიც ღიმილით უქნევდა ქმრის თანამშრომლებს თავს. გეზი პირდაპირ ლექსოს კაბინეტისკენ აიღო, რადგან იცოდა, რომ ზაზა ჯერ არ იქნებოდა - იგი შეფის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში იყო წასული.
რადგან ლექსოს მდივანი არ ჰყავდა, არავისთვის უკითხავს, მიმიღებს თუ არაო, კარი თამამად გააღო და შევიდა. მაღალი ქუსლების კაკუნს მაცდური ღიმილი დაურთო და მამაკაცს მიეჭრა:
- ლექსუს, როგორ ხარ? რა მომანატრე თავი, ბიჭო! - ხელებგაშლილმა შესძახა და ქმრის მეგობარს ლამის ზედ შეახტა.
ლექსომ ცივად მოიშორა მისი ხელები და მბრუნავი სავარძელი უკან გააგორა.
თიკოს მისი სიცივე არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია. "მარკ ჯეკობსის" ძვირად ღირებული ჩანთა მაგიდაზე იაფფასიანივით მიაგდო და სკამზე წამოსკუპდა.
- რატომ ასე? - ფეხი ფეხზე გადაიდო, მუხლზე თითები დაილაგა და აათამაშა.
- როგორ ასე? - აგდებულად შეუბრუნა კითხვა ლექსომ.
- ასე ცივად რატომ მხვდები?
- გეჩვენება.
- მეჩვენება? არა, არ მეჩვენება. შენ ბოლო დროს ძალიან შეიცვალე. მე სულ სხვანაირი მახსოვხარ.
- როდის ვიყავი სხვანაირი?
- მაშინ, როცა სიყვარულს მეფიცებოდი.
მამაკაცს შუბლი ოფლით დაეცვარა, ყბის კუნთი დაეჭიმა და ავის მომასწავებლად აუთამაშდა.
- თიკო, მოდი, დავივიწყოთ ის ღამე, კარგი?
- რა-ა? - ქალმა ფეხი ფეხიდან ჩამოიღო, წინ გადაიხარა და მკლავებით გრძელ მაგიდას ჩამოეყრდნო, - დავივიწყო? ახლა ისეთი სასურველი აღარ ვარ ვითომ? თუ იმ გოგომ ჭკუა გადაგიკეტა?
- ვინ გოგომ, რას ბოდავ! - დაიღრინა ლექსომ.
თავბედს იწყევლიდა იმ ღამის გამო, მთვრალმა რომ გადაამეტა და საუკეთესო მეგობრის ცოლი ლოგინში ჩაიწვინა. უფრო სწორად, თიკომ ჩაიწვინა და არა თვითონ. ის ხომ მაინც იყო ფხიზელი, ეს როგორ დაუშვა? მას შემდეგ მოსვენება დაკარგა, თავის თავს აღარ ჰგავდა. ერთხელ კინაღამ უთხრა ზაზას, ასე დამემართაო, ძლივს შეიკავა თავი. იცოდა, მის აღიარებას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. ეს ქალი კი გადაეკიდა და მას მერე მოსვენებას არ აძლევდა.
- გგონია, არ ვიცი? მე ყველაფერი ვიცი, ლექსო. მაგ შენს თამუნას, რომ მოვინდომო, გავანადგურებ და შენც ზედ მიგაყოლებ. ერთ წამში დაგინგრევ ცხოვრებას, ნუ გამამწარებ, იცოდე.
- მორჩი! - იღრიალა ლექსომ და მაგიდას მუშტი მთელი ძალით დაჰკრა, - მორჩი ამ ისტერიკებს! ჩემი ცოლისგან ვერ ამიტანია ეს "სტერვული" შემოტევები, შენღა მაკლიხარ ახლა! - მერე ხმას დაუწია და კბილებში გამოსცრა, - მე უკვე გითხარი და კიდევ ერთხელ გიმეორებ: ჩვენ შორის არ შეიძლება რამე იყოს, გესმის? შენ ზაზას ცოლი ხარ, ზაზა კიდევ ჩემი ძმაკაცია. დავიდა შენამდე?
- მერე რა? ძმაკაცებს კი არა, ძმებს ართმევენ ცოლებს. დიდი ამბავი, თუ ერთმანეთი შეგვიყვარდა. დღეს ეს ვის უკვირს, შენი ჭირიმე?! მე ხომ ვიცი, რომ ლიზისთან გაყრას აპირებ. მეც გავშორდები ჩემს ქმარს და მორჩა, ვინ შეგვიშლის ხელს?
ლექსომ ამოიგმინა, შუბლი ხელს დააყრდნო და კბილები გააკრაჭუნა.
- გადი აქედან, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს! - გაბზარული ხმით ამოიხრიალა და წამოდგა, სახე ისე არეოდა, ჭკუა არ მოეკითხებოდა.
შეშინებულმა თიკომ ხმა ვეღარ ამოიღო, იმწუთასვე წამოდგა, ძვირად ღირებული ჩანთა იაფფასიანი ბოზივით მხარზე მოიგდო და კაბინეტიდან ხმის ამოუღებლად გავიდა…
თამუნა დაქალთან ერთად ქირით ცხოვრობდა ვაგზლის მოედანზე. თბილისში ჩამოსული პროვინციელი გოგონას მიზანი ერთობ ბანალური იყო - თბილისელზე გათხოვილიყო და თანაც, მდიდარზე. ლექსო მშვენიერ კანდიდატურად მოიაზრებოდა, ცოლიანი რომ არ ყოფილიყო. რა უნდა გაეკეთებინა მის საბოლოოდ დასასაკუთრებლად? როგორ დაენგრია მისი ოჯახი? ამაზე უნდა ეფიქრა. ისე უნდა შეეყვარებინა თავი მამაკაცისთვის, რომ გონი დაეკარგა და მის გარდა სხვა ქალი ვერ შეემჩნია. ამას მუშაობა სჭირდებოდა, სერიოზული მუშაობა. ეყოფოდა კი ჭკუა საამისოდ? ნონა, თავისი დაქალი, გამჭრიახი გონებით დიდად ვერ გამოირჩეოდა, ამიტომ მისი რჩევები არც არაფერში ადგებოდა. ისევ თვითონ უნდა მოეძებნა გამოსავალი. ლექსო მოსწონდა. მოსწონდა კი არა, უყვარდა კიდევაც. ჰო, სწორედ ასეთ მამაკაცზე ოცნებობდა - სიმპათიურზე, ფულიანზე, გავლენიანზე… მის ცოლობას თუ ხელს გამოჰკრავდა, თამუნას ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ეგრევე თბილისის ელიტაში ამოჰყოფდა თავს.
ბოლო დროს უგუნებობა დასჩემდა. ამას გულისრევები დაერთო. დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ბავშვი აჰყვა. რა ექნა? ეთქვა ლექსოსთვის თუ უკითხავად გაეჩინა? კარგი, დავუშვათ და, ჩაეყენებინა საყვარელი საქმის კურსში. მერედა, აბორტის გაკეთება რომ მოეთხოვა? მას ხომ უკვე ჰყავდა შვილი? იქნებ ცოლთან გაყრა არც ჰქონდა გეგმაში?
ნონას მისი უხასიათობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. თამუნაც ადგა და დაქალს გული გადაუშალა.
- ახლა რას აპირებ?
- საქმეც ეგაა, რომ არ ვიცი.
- რომ უთხრა?
- ხეირი? გგონია, ჩემ გამო ცოლს გაშორდება?
- რა იცი, იქნებ გაშორდეს კიდეც.
- რომ არ გაშორდეს?
- აბორტი და მისი ჯანი.
- გაგიჟდი? ამას არ ვიზამ. ბავშვს ყველა ვარიანტში გავაჩენ. პირველი აბორტის მერე შეიძლება საერთოდ არასდროს არ დავფეხმძიმდე. ბევრი გამიგია ასეთი შემთხვევა.
- კაი რა, შენ სხვებს რას უსმენ. სისულელეა ეგ. ასე რომ იყოს, ამდენი ბავშვი კი არ დაიბადებოდა.
- არა, ბავშვს არ მოვიშორებ, მაგრამ იცი, რას ვიზამ? - შეფიქრიანებულ გოგონას მოულოდნელად თვალებში ხალისიანი ნაპერწკლები გაუკრთა, - ცოტა ხნით დავემალები, არ გამოვჩნდები და ვნახავ, როგორ იმოქმედებს ჩემი გაუჩინარება მასზე.
- შენი აზრით, რას იზამს?
- რა ვიცი, აბა. გამოჩნდება. რომ ჰკითხო, გიჟდება ჩემზე, ასე არც ერთი ქალი არ მომწონებიაო. თუ ვუყვარვარ, ძებნას დამიწყებს, თუ არადა, დამივიწყებს. მე კიდევ…
- დარწმუნებული ხარ, რომ ეს სწორი ნაბიჯია? რომ დაგიკიდოს, მერე ბავშვს მარტო როგორ გაზრდი?
- მარტო არ გავზრდი. როცა გაჩნდება, ვეტყვი, ვაიძულებ, გვარჩინოს.
- გინეკოლოგთან იყავი?
- არა, ხვალ დილით ვაპირებ. ძაან ცუდად ვარ, სულ გული მერევა, განსაკუთრებით, სუნებზე.
- ეს ტოქსიკოზია, - გამოცდილი ქალის ტონით ჩაილაპარაკა ნონამ.
- ახალი ამბავი! - ჩაიცინა თამუნამ, - მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ის ვერ მიმატოვებს, - დახშული ხმით გააგრძელა და ფანჯარას იმედიანი მზერა მიაპყრო…
ლექსო ადგილს ვერ პოულობდა. თამუნა სამი დღეა, არ გამოჩენილა, სადღაც გაუჩინარდა და ვერსად მიაგნო. ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. ნონამ, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი და არც სამოდელო სააგენტოში გამოჩენილა ეს დღეები. სად უნდა გამქრალიყო? საყვარელი ქალის გაუჩინარება აღიზიანებდა, თან შიში იპყრობდა, ვაითუ, რამე ხიფათს გადაეყარაო. ვინ იცის, ლამაზი გოგოა, ათასი რაღაც ხდება და რა შარი აიკიდა?
მამაკაცი გულს ვერაფერს უდებდა. გუშინ კინაღამ შემოაკვდა პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე. როგორმე თავი ხელში უნდა აეყვანა. ეს რა უქნა ამ სოფლელმა ბავშვმა, ასე როგორ მონუსხა? მის გარდა ვეღარაფერზე ფიქრობდა.
კაბინეტში ზაზა შემოვიდა.
- ლექსო, კარგი ამბავი მაქვს.
ლექსომ გულგრილი მზერა მიაპყრო.
- სადაზღვევო კომპანიიდან დამირეკეს ახლახან.
- რა გვინდაო? - უხალისოდ იკითხა.
- პროვაიდერობა შემოგვთავაზეს.
ამ ამბავმა ოდნავ გამოაცოცხლა.
- რომელი სადაზღვევოა?
- "მილენიუმი".
- ვა, მაგარია! როგორც იქნა, გვაღიარეს.
- ჰო. სამ საათზე მოვლენ მოსალაპარაკებლად.
- მაგრად დადექი, იცოდე, არ აფიქრებინო, ოღონდ ხელშეკრულება გაგვიფორმონ და ყველაფერზე თანახმა არიანო.
- როგორ ფიქრობ, მაგას ვიზამ? - გაიცინა ზაზამ, მაგრამ როცა ძმაკაცი არ აჰყვა, გამომცდელად შეაჩერდა.
- შენ რა გჭირს?
- თამუნას ვერ ვპოულობ სამი დღეა, ჭკუაზე არ ვარ კაცი.
- მე კიდევ ვიფიქრე, რაღაც სასწაული დაემართა-მეთქი. სად წავა, გამოჩნდება, რას ნერვიულობ?
- ასე არასდროს მოქცეულა, არა მგონია, ეს უბრალო ამბავი იყოს.
- ნუ ახურებ, რა! ვინ იცის, იქნებ სპეციალურად იქცევა ასე, რომ შენ აგაგდოს?
- არა, ეგეთი გოგო არაა. მაგარი ტიპშაა, შენ არ იცნობ მას.
- ბოლო დროს ვერ გცნობ. ასე როგორ გაგაბა, ა?
- დედა მიტირა, რასაც ჰქვია, მაგრამ მიღირს, ძმაო. ცოლი კი არა, ყოველდღე ხაჭაპურიც კი მოჰბეზრება ადამიანს, - ჩაიცინა ლექსომ.
- და სანამ აპირებ ამის გაგრძელებას? - დაინტერესდა ზაზა.
- არ ვიცი, არ ვიცი, ზაზა, არაფერი არ ვი-ციიი! - ხმის აწევით წარმოთქვა ლექსომ და ხელები თავზე შემოიწყო.
- არ მითხრა, რომ ლიზისთან განქორწინებას აპირებ.
- არც ეგაა გამორიცხული. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ ცოლთან დაშორება არ ამცდება. მიყვარს ის გოგო, გესმის? წლებია, არავინ მყვარებია.
ზაზას სიცილი აუტყდა.
- ცოლიან კაცს სხვა რატომ უნდა შეგყვარებოდა, ერთი ამიხსენი!
- რა ვიცი… - მხრები აიჩეჩა ლექსომ, - ეს ხომ თავისთავად ხდება. დაგეგმილი კი არ მქონია.
- მაინც არ მესმის… მე პირადად, არ მომწონს ეგ სიტუაცია და შენი არ ვიცი.
- მეც არ მომწონს, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ვხედავ, აი, ეგაა, რა.
- შენ არ დაელაპარაკები დღეს იმათ, რომ მოვლენ?
- მე-ე? არაა, აბა, რისთვის მყავხარ, დაელაპარაკე და მოაყომარე. მე - პას. არაფრის თავი არა მაქვს, ზაზა, გამიგე, რა.
- ოკეი, ყველაფერი გასაგებია, - ზაზამ ორივე ხელი ასწია დანებების ნიშნად და კაბინეტიდან თავის ქნევით გავიდა.
თამუნამ ექვსი დღის მეტი ვეღარ მოითმინა და გამოჩნდა. კი არ გამოჩნდა, დაურეკა ლექსოს. კაცი სიხარულისგან გადაირია.
- თამო, სად ხარ, სად გადაიკარგე, რომ ვერ გპოულობ? - მთელი ხმით ყვიროდა ტელეფონში.
- რომ შეგხვდები, მერე გეტყვი, ტელეფონში სალაპარაკო არაა, - მოწყენილი ტონით უპასუხა გოგონამ.
- სად გნახო? ახლავე გამოვალ.
- არა, ახლა არა, საღამოს მოდი, ჩვენს ნომერში ვიქნები.
- საღამომდე ვერ მოვითმენ, ახლავე უნდა გნახო, გესმის? - ლამის იყვირა ლექსომ.
თამუნა ერთხანს შეყოყმანდა, მერე კი ხმადაბლა წარმოთქვა:
- კარგი, ერთ საათში სასტუმროში ვიქნები.
ლექსო იმწუთასვე გავარდა კლინიკიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, თამუნასთვის თაიგული რომ არ უყიდია, იმდენად იყო ანერვიულებული, არც გახსენებია. რომც გახსენებოდა, ალბათ არ იყიდდა, რადგან არ იცოდა, რა ამბავი დახვდებოდა იქ მისულს.
თამუნას ებანავა და პირსახოცშემოხვეული ტახტზე წამოსკუპებულიყო. ლექსოს ცალი თვალით გახედა, მერე კი თვალებდახრილი იატაკს ჩააჩერდა, სულაც არ გამოუხატავს სიხარული მამაკაცის დანახვაზე.
- რა მოხდა, თამო, სად იყავი?
- არსად, ნათესავთან, - ყრუდ ჩაიდუდუნა გოგონამ.
- მერე? ტელეფონი რატომ გამორთე? რატომ არ მეხმიანებოდი?
- ვიფიქრე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. ეს დღეები სულ ვფიქრობდი, როგორ ჯობდა.
- რას ნიშნავს, როგორ ჯობდა? რა როგორ ჯობდა? - მამაკაცი გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი გადახვია.
როგორც კი ოდნავ შეეხო, იგრძნო, როგორ აღეგზნო მთელი სხეული, მონატრებოდა თავისი "პატარა".
თამუნამ არ უპასუხა.
- რა გჭირს, ენა გადაყლაპე? - მოთმინება დაკარგა ლექსომ.
გოგონამ თავი ასწია და ცრემლიანი მზერა შეანათა.
- დამერხა, ლექსო, - ჩურჩულით ამოთქვა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.
ლექსოს გული გადაუქანდა. მხრებში ჩააფრინდა საყვარელს და შეანჯღრია:
- რა გჭირს, მითხარი, თქვი, რას მიმალავ!
- ორსულად ვარ, უკვე ექვსი კვირის, - თამუნამ თავი დახარა და ისე წარმოთქვა.
მამაკაცს შვების მომგვრელი ოხვრა აღმოხდა.
- სულ ეს არის?
თამუნამ პასუხად თავი დაუქნია.
- ამის გამო იმალებოდი?
კვლავ თავის ქნევა დასტურის ნიშნად.
- სულელო, მერე მაგას რა ჯობია?
გოგონა ასეთ პასუხს არ ელოდა და გაოცებულმა გამომცდელად გახედა მამაკაცს, ხომ არ მომესმაო.
- რა იყო, რას მომჩერებიხარ გაოგნებული? ვერ გაიგე, რა გითხარი? ორსულად თუ ხარ, მაგაზე უკეთესი რა უნდა იყოს?
თამუნამ შიშველი ფეხები ტახტზე აკეცა და ზედ ხელები შემოაჭდო.
- მაგრამ შენ ხომ უკვე გყავს შვილი, - ჩურჩულით თქვა.
- მყავს… მარიკუნა… მერედა, რა? მეორეც მინდა მყავდეს, მესამეც, მეოთხეც და… რა ვიცი, ასე…
- ვიფიქრე…
- ცუდად იფიქრე. მე რომ შენთან ურთიერთობა არ მსიამოვნებდეს, როგორმე ვიზრუნებდი თავის დაცვაზე, გასაგებია? იქნებ მეც მინდოდა, დაორსულებულიყავი, ამაზე გიფიქრია?
- ჰო, მაგრამ… - წინადადება არ დაასრულა, ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია და გაიტრუნა.
- რა მაგრამ, რა მაგრამ? მითხარი, რა გაწუხებს, რას მიმალავ? - ისევ მხარზე გადახვია ხელი და თავისკენ მოიზიდა.
- მე და შენ ცოლ-ქმარი არ ვართ. როგორ ვუთხრა ჩემებს, ორსულად ვარ და ბავშვს ვაჩენ-მეთქი?
ამ შეკითხვას ლექსო მოუმზადებელი შეხვდა. გონების მოსაკრებად რამდენიმე წამით პაუზა მოიშველია. ბოლოს გამოსავალი იპოვა:
- მაგას მოევლება.
"ჰმ, მოევლება. შენთვის ადვილია, ახლა მე მკითხე?" - გულში გაეპასუხა გოგონა და მამაკაცის მკლავისგან თავი გაითავისუფლა.
გაგრძელება იქნება