როგორც ცნობილია, ყველა დროის ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცს, ალენ დელონს, ოჯახის ზოგიერთ წევრთან, მათ შორის, შვილებთან, არც ისე დალაგებული ურთიერთობა აქვს. მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ დელონს შვილი ძალადობაში ადანაშაულებდა, ურჩხულს უწოდებდა და მისგან თავს მაქსიმალურად შორს იჭერდა. ანუშკა დელონი კი მამაზე განსაკუთრებით ზრუნავს და ალენის გულშემატკივრებს დროდადრო საკულტო მსახიობის ფოტოებსაც უზიარებს.
"დილით მამაჩემს ეს სურათი გადავუღე. მასთან ერთად ვისაუზმე და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. ეს ყველაზე ტკბილი და უნიკალური მომენტია. ვფიქრობ, ძალიან სიმპათიურია, თავისი მარადიული ლურჯი თვალებითა და მებრძოლი იერით, რომელიც წარმოუდგენელ ძალას მაძლევს. ჩემთვის ის უკვდავია. ფოტო თავადაც ძალიან მოეწონა. ასე რომ, მისი ნებართვით გიზიარებთ. მათ კი, ვინც მასზე ღელავთ, ის გპასუხობთ, – არ ინერვიულოთ“, – წერს ანუშკა დელონი.
ცნობილია, რომ ფრანგ მსახიობს შვილებთან ურთიერთობა არ გამოუვიდა - ვაჟმა ენტონიმ არაერთხელ განუცხადა პრესას, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ დელონი არ ავლენდა ინტერესს მისი ცხოვრების მიმართ და, შესაბამისად, მათ შორის განსაკუთრებული კავშირი არ არსებობდა. იგივე შეიძლება ითქვას მსახიობის უმცროს შვილზეც - დელონისა და როზალი ვან ბრემენის დაშორების შემდეგ, ალენ-ფაბიენი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვდა. მაშინ მსახიობმა გადაწყვიტა შვილზე სრული მეურვეობის მოპოვება, მაგრამ სასამართლო პროცესზე გამარჯვებამ არ გააუმჯობესა ურთიერთობა მამა-შვილს შორის. მოგვიანებით, ფაბიენმა მამა ფიზიკურ ძალადობაშიც დაადანაშაულა. დელონმა შვილის ბრალდებებს გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში უპასუხა:
"ეს სიგიჟეა. ჩემმა შვილმა გონება დაკარგა და ფულის გამო სენსაციურ ინტერვიუებს იძლევა. მე არ ვარ ის, ვინც ოჯახის წევრზე ფიზიკურად იძალადებს.“
კრისტიან აარონ ბულონი ინტერვიუებში დელონს "ურჩხულს" უწოდებს და ასევე ამბობს, რომ მსახიობი არასოდეს ზრუნავდა საკუთარ შვილებზე. შესაძლოა, ერთადერთი შვილი, რომელთანაც დელონმა შეძლო ადამიანური ურთიერთობის შენარჩუნება, მისი ქალიშვილი ანუშკაა. დელონი ამბობს, რომ ყოველთვის ქალიშვილზე ოცნებობდა და ანუშკას სასწაულს უწოდებს.