ბუკა თოლორდავა ახალგაზრდა ვარსკვლავია, რომელიც ფართო საზოგადოებამ პოპულარული სერიალიდან "ცვალებადი ნიშნები" გაიცნო, თუმცა ის მანამდეც აქტიურად ჩანდა თეატრის სცენაზე და ცნობილი მშობლების კვალს ახლაც წარმატებით აგრძელებს. ბევრისთვის მოულოდნელი იყო ფაქტი, რომ ახალგაზრდა და ნიჭიერი ბუკა მსახიობების, მარიამ ჯოლოგუასა და კოტე თოლორდავას ვაჟია.
ნინია ზვიადაძის რუბრიკაში ბუკა ამბობდა, რომ პროფესიული კუთხით დედისგან ბევრი რამ ისწავლა:
„სერიალშიც ყველასგან დამოუკიდებლად მოვხვდი. ჯერჯერობით, რასაც ვაკეთებ, ჩემით ვაკეთებ. დედისგან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული კუთხით და მაგას, რა თქმა უნდა, ვერასდროს დავუკარგავ, მაგრამ მგონი, ამ პროფესიაში შევძელი, რომ არ ვყოფილიყავი კოტეს და მარიამის შვილი. პირველი ადამიანი, რომლის აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია, არის დედა. გარდა იმისა, რომ დედაა და კარგი მსახიობია, ჩემი პედაგოგიც იყო სტუდიაში რაღაც პერიოდი. ძალიან კი ცდილობს, რომ ობიექტური იყოს, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდის…“, - ამბობდა ბუკა.
„ძალიან პატარა როცა ვიყავი, რომ უკითხავთ, რა გინდა გამოხვიდეო, მსახიობი არა, დანარჩენი ნებისმიერი რამე-მეთქი. გააზრებულ ასაკამდე არასდროს მეგონა, რომ ოდესმე ამ საქმესთან რაიმე საერთო მექნებოდა. ვუყურებდი, როგორც რიგით გატაცებას, ჰობის. ყველაფერი მბეზრდება და ეს არ მომბეზრებია დღემდე. მივხვდი, რომ ეს არის ის, რითაც უნდა ვიცხოვრო და რაც უნდა გავაკეთო. სცენაზე ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია…“ - ამბობს ბუკა თოლორდავა.
მარიამ ჯოლოგუა და კოტე თოლორდავა
მარიამ ჯოლოგუა ანანოს როლით სერიალში "შუა ქალაქში" მთელი ქვეყნისთვის საყვარელ მსახიობად იქცა. მსახიობი ისენებდა, რომ ათ წელზე მეტი გავიდა, ქუჩაში კი დღესაც აჩერებენ და მადლობას ეუბნებიან. მარიამი ახლა საქმიანობას თეატრში აგრძელებს და საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს.
რაც შეეხება კოტე თოლორდავას, ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე, თეატრში ათონელზე. მაყურებელმა განსაკუთრებით "ჩემი ცოლის დაქალებში" ნათამაშები დიტოს როლით შეიყვარა. გამორჩეულია მის მიერ განსახიერებული ილია ჭავჭავაძე დოკუმენტურ ფილმში "ვინ მოკლა ილია".
კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო. ქორწინებიდან წყვილს ვაჟი, ბუკა ჰყავს, რომელიც მშობლების კვალს გაჰყვა და დღეს მსახიობია. კოტემ 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა. მსახიობის გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად.