ნინო ყიფიანი
ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი. დაიბადა 1877 წელს ქუთაისში, ცნობილი პუბლიცისტის, გამომცემლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ყიფიანის ოჯახში. ნინო ყიფიანი 1904 წლის აპრილის ჟენევის ინტერპარტიული კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო.
1907 წელს მეფის მთავრობამ ნინო ყიფიანს რუსეთის იმპერიაში ყოფნა აუკრძალა და თბილისის გენერალ–გუბერნატორის საგანგებო განკარგულებით, საზღვარგარეთ წასვლა აიძულა. ნინო ჯერ ბელგიაში ჩავიდა მამასთან, შემდეგ კი იტალიაში (რომში) გაემგზავრა, სადაც მუშაობდა რეფერანტად ბელგიის საელჩოს წარმომადგენლობაში.
1920-იანი წლების დასაწყისში ნინო ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა. ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებულმა სიცოცხლის ბოლო დღეების გატარება პაპისეულ სახლში მოისურვა და ქვიშხეთში გაემგზავრა. მალე გარდაიცვალა კიდეც.
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე
1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს „გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ. იყო ნატანების რაიონულ კოოპერატივთა კავშირის თავმჯდომარე. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.
ლიზა ბოლქვაძე შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ 1936 წლის 4 აპრილს დააპატიმრა.1937 წლის 13 თებერვალს კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში.
ინა ჟორდანია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, ცოლი, სოციალ-დემოკრატი. როგორც მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ოლივერ უორდროპის ცნობით, ის ხელმძღვანელობდა „ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისათვის“. ნოე რამიშვილის და აკაკი ჩხენკელის ცოლებთან — მარო რამიშვილთან და მაკრინე ჩხენკელთან — ერთად აწყობდა კულტურულ საღამოებს გაჭირვებულთა და ავადმყოფ ბავშვთა დასახმარებლად. ხელს უწყობდა ქალთა განათლების წახალისებასა და სამკითხველოების გახსნას.
მინადორა ორჯონიკიძე
1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მინადორა წითელ ჯვარში და „არა-ში“ (ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია) მუშაობდა. პარალელურად, ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახებს ეხმარებოდა.
ანა სოლოღაშვილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით.
1937 წლის 27 ნოემბერს შინსახკომმა დააპატიმრა ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, შოვინისტური განწყობების, ასევე, ნოე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით. ანა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი აღასრულეს 1937 წლის 28 ნოემბრის ღამეს.