- როგორ მოევლება, როცა შენ ცოლ-შვილი გყავს? ჩემ გამო მათ ხომ არ მიატოვებ?
კვლავ პაუზა, მერე კი ორჭოფული პასუხი:
- რატომ გგონია, რომ არ მივატოვებ?
მამაკაცის სიტყვები ბოლომდე დამაჯერებლად არ ჟღერდა და თამუნამ ეს იგრძნო.
- როცა წლების განმავლობაში ერთ ქალთან ცხოვრობ და მისგან შვილი გყავს, ძნელია მასთან დაშორება. ეს კარგად ვიცი, მით უფრო, რომ შენს ცოლს ძალიან აქებენ…
ლექსომ ამოიხვნეშა, მერე მომუშტულ მარჯვენას მარცხენა შემოაჭდო, მუხლებს დაეყრდნო და მტკიცედ წარმოთქვა:
- ყველაფერს გაუდის ყავლი. ჩვენს ოჯახურ თანაცხოვრებასაც გაუვიდა. მე შენ არ მიგატოვებ, იმათ კი… იმათ მივატოვებ, მაგრამ მარტო არ დავტოვებ.
თამუნას ლამის ფრთები გამოესხა ამის გაგონებაზე, მაგრამ სახეზე სიხარული არ დასტყობია. მშვენივრად გამოსდიოდა "დაზარალებული" ქალის როლის თამაში:
- არ მინდა, რომ ჩემ გამო სხვა დაზარალდეს.
- არავინ არ დაზარალდება. მე და ლიზის შორის კარგა ხანია, ურთიერთობა გაცივდა. მე ყველაფერს მოვაგვარებ, თანაც ისე, რომ ჩემს ცოლს გული არ ვატკინო. ოღონდ ცოტა ხანს მაცალე, კარგი?
- და რას უპირებ?
- დროებით ბინას ვუქირავებ, მერე კი ვნახოთ… შენ კი ჩემთან გადმოგიყვან.
აი, სწორედ ამ სიტყვებს ელოდა თამუნა, სწორედ ამ წინადადებას. მოულოდნელად ფეხზე წამოიჭრა და გაცხარებულმა დაიწყო:
- არავითარ შემთხვევაში! იმ ქალს ისედაც საშინელ დღეში აყენებ და სახლიდანაც გინდა გააგდო? შენ როგორ გგონია, მე ისეთი საზიზღარი ვარ, რომ შევალ სახლში, სადაც სულ ახლახან შენი ცოლი დიასახლისობდა? გამორიცხულია! ამას არასდროს არ ვიზამ! მირჩევნია, ჩვენ გადავიდეთ ნაქირავებში!
ქირის პერსპექტივა ლექსოს სულაც არ მოეწონა. ეგღა აკლდა! მერე მის თანამშრომლებს იმაზე უნდა ეჭორავათ, ჩვენი უფროსი ფულში ცურავს და ნაქირავებში ცხოვრობსო?
- აბა, ის უნდა თქვან, ცოლი სახლიდან ნაქირავებ ბინაში გააგდოო?
ლექსო დაიბნა. საქმის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა.
- აბა, რას მთავაზობ?
- ცალკე გავიდეთ. თუ არის საშუალება, ახალი ბინა ვიყიდოთ… - შორი გზიდან კი მოუარა თამუნამ, მაგრამ სათქმელი, როგორც იქნა, ბოლომდე თქვა, კვლავ ტახტზე დაჯდა, ზურგით ლექსოსკენ და მუხლებს ჩაეხუტა.
- მდააა… - ლექსომ ჯერ ჭერს ახედა, მერე იატაკს დახედა და ბოლოს საყვარელს შეხედა.
- ვითომ ეს გამოსავალია?
- რატომაც არა? ჩვენი ბინა გვექნება, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?
მამაკაცი დაფიქრდა. რომ გაიაზრა, მიხვდა, რომ თამუნა კარგ რჩევას აძლევდა.
- მოსულა! ხვალვე დავავალებ ზაზას და რამეს მოგვიძებნის. სამოთახიანი ხომ იქნება საკმარისი?
თამუნამ მხრები აიჩეჩა. ისე იქცეოდა, თითქოს სულაც არ ახარებდა საქმის ასე შემობრუნება.
- არა, მოდი, სახლს ვიყიდი სადმე ლისზე ან ვეძისში, კერძო სახლს. რას იტყვი?
გოგონას ლამის სუნთქვა შეეკრა, ისე აღაფრთოვანა მამაკაცის შემოთავაზებამ, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია სიხარული, თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დააქნია და გვერდი მოინაცვლა. ახლა პირისპირ უყურებდა საყვარელს.
- და შენს სახელზე გავაფორმებ. თუ რამეა, ლიზის ვეტყვი, რომ შენი სახლია და არა ჩემი ნაყიდი, რათა გული არ დასწყდეს. ვითომ მე გადმოვდივარ საცხოვრებლად შენთან. მგონი, ცუდი აზრი არ უნდა იყოს, არა?
ახლა კი ვეღარ დაიოკა მოზღვავებული სიხარული გოგონამ, კისერზე შემოეხვია ლექსოს და სახე დაუკოცნა.
- რა კეთილი ხარ, ჩემო საყვარელო, რა კეთილი… კარგი აზრია, ლიზისაც ნაკლებად დასწყდება გული. ეს რამ მოგაფიქრა? ასი წელი ვერ მოვიაზრებდი ამას, - ყვიროდა გოგონა და სიხარულისგან მთელი სხეული უთრთოდა…
ლექსო მეორე დღესვე შეუდგა საქმეს. ზაზას მოელაპარაკა და სთხოვა, რომელიმე სამაკლერო ფირმაში დაერეკა და სახლის მოძებნას შესდგომოდა. ასი ათასის ფარგლებში კარგ სახლს როგორ ვერ იშოვიდა? თან ისეთი უნდოდა, რომ ეზო-კარი და შენობა სანახევრო არ ყოფილიყო, ანუ მარტო მას და თამუნას ეცხოვრათ. ეზოში სხვა მეზობელს ვერ აიტანდა, მთელი ცხოვრება კორპუსში გატარებულისთვის ეს საშინელი დისკომფორტი იქნებოდა.
ზაზა კარგა ხანს არჩევდა სახლებს. ზოგი თამუნამ დაიწუნა, ზოგი ლექსომ. ხან ეზო გამოდგა პატარა, ხან სახლის ჭერი დაბალი, ხან რა და ხან რა. როგორც იქნა, ექვსი კვირის შემდეგ გამოჩნდა ერთი სახლი, ბელეტაჟზე, სამოთახიანი, რომელსაც სარდაფიც ჰქონდა, სადაც მარნის მსგავსი საქეიფო ადგილი იყო მოწყობილი. ეზო - სამასი კვადრატული, ხეხილით და პატარა აუზით. საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა და ლექსომაც არ დაახანა, ნახვის დღესვე გააფორმა რეალტორთან ხელშეკრულება თამუნას სახელზე და გარიგებაც შედგა.
თამუნა ჭკუაზე აღარ იყო. წამოზრდილ მუცელზე ხელებდაჭდობილი დადიოდა ოთახიდან ოთახში და გეგმას ალაგებდა, სად რა უნდა დაედგა.
როგორც იქნა, ავეჯის ამბავიც მოგვარდა. ლექსომ სამზარეულოც დაამზადებინა და საძინებლის გარნიტურიც შეიძინა. ჯერ ავეჯი მოტანილიც არ იყო, როცა თამუნა იქ საცხოვრებლად გადავიდა. მისი ოცნება ახდა, მას ახლა ულამაზესი სახლი ჰქონდა თბილისში, ლამის ქალაქის ცენტრში. ამიერიდან აღარ ჰქონდა იმის დარდი, ლექსო ცოლად შეირთავდა თუ არა, თუმცა არც ამ მიზნის მისაღწევად შეუწყვეტია ბრძოლა.
ამ დროს ლიზი ბაიბურშიც არ იყო. არ იცოდა, რა შავი ღრუბლები შემოჯარულიყო მის თავზე. თითქოს შეეგუა იმას, რომ აგერ-აგერ ქმარი განქორწინებას უხსენებდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ კარგავდა იმედს, იქნებ საქმე აქამდე არ მივიდესო.
მის შიშს ცეცხლი თიკომ შეუნთო, რომელმაც ლექსოზე შურისძიება გადაწყვიტა. ერთ დღესაც ლიზის შეუარა და მოუყვა, როგორ მოიწყო მისმა ქმარმა საყვარელთან ერთად ბუდე. მან არ იცოდა, სახლი ლექსოს ნაყიდი თუ იყო, რადგან ზაზამ ძმაკაცის საიდუმლო არ გათქვა და ცოლსაც ისე უთხრა, როგორც ლექსომ გააფრთხილა - ლექსოს საყვარელს ვეძისში სახლი აქვს და იქ ხვდებიან ერთმანეთსო.
- როგორც ზაზამ მითხრა, აქ აპირებს თურმე იმ გოგოს მოყვანას, შენ კი ნაქირავებში უნდა გიკრას თავი, წარმოგიდგენია? ეს კიდევ რა, მარტო ეს რომ იყოს, ჯანდაბას, მაგრამ მარიკუნას წართმევასაც რომ გიპირებს, იცი?
- რას მიპირებს? - ლიზი გაფითრდა, - გამორიცხულია! ბავშვს არავის არ დავუთმობ. სახლიც მისი იყოს, კარიც და ქონებაც, ფულიც და ყველაფერიც, მაგრამ მარიკუნას არავის არ მივცემ! ვუჩივლებ.
- ჩივილს რა აზრი აქვს? შენ არ მუშაობ, საკუთარი შემოსავალი არ გაქვს. როგორ გგონია, სასამართლო ვის მხარეს დაიჭერს? ჰოდა, დროზე უნდა გაიქცე ბავშვთან ერთად. მე დაგეხმარები. ვიცი ერთი ადგილი, სადაც ვერ მოგაგნებს. თავშესაფარიც გექნება და სამუშაოც. ამაზე უკვე ვიზრუნე, ლიზი. მთელი კვირაა, შენზე ფიქრი არ მასვენებს. - თქვა თიკომ და დაქალს თავისი გეგმები გადმოულაგა.
ლიზი გაფითრებული უსმენდა თიკოს და ყურებს არ უჯერებდა.
- ეს რამ მოაფიქრა? კარგი, თუ სხვა შეუყვარდა და მისი მოყვანა უნდა, ჩემი შვილი რა შუაშია? - თან მხრებს იჩეჩდა და თითქოს ფიქრობსო, ისე ლაპარაკობდა, თან ფანჯრის მიღმა სივრცეს გასცქეროდა.
- იმ შუაშია, რომ მარიკუნა მისი შვილიცაა.
- მისი? - უცებ თვალები ზიზღით აევსო, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ იმწამსვე დადუმდა, რაღაცის სათქმელად მომზადებული პირი კი ღიად დარჩა.
- ჰო, რა იყო, მისი შვილიცაა და უნდა, თავისთან ჰყავდეს. ზაზასთვის უთქვამს, ცოლს რომ გავატანო, ბავშვს ბევრი რამ დააკლდება, სანამ ის სამსახურს იშოვის და ფეხს მოიკიდებს, წლები გავა, ამიტომ აჯობებს, ჩემთან დარჩესო.
- სისულელეა ეგ, სისულელე! შვილი თუ უნდა, გააჩენინოს თავის ძუკნას! თუ იმას არ ნებავს, ფიგურას უფრთხილდება?
- მე რა ვიცი, ლიზი, თვალით არ მყავს ის გოგო ნანახი. ზაზა იმას მეუბნება, რასაც ლექსოსგან იგებს.
- მდაა… - ლიზი წამოდგა, თმაში წაივლო ორივე ხელი, ფანჯარას მიუახლოვდა და გამოაღო.
ნაშუადღევის მზე მუქარანარევი სიმშვიდით ანათებდა. ოთახში მიმწვარი ცხიმის არასასიამოვნო სუნი შემოვარდა. ფანჯარა კვლავ მიხურა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და ჩაფიქრებულმა თავი ფანჯრის სახელურს მიადო.
- ჭკვიანურად მოიქეცი და ყველაფერი გამოგივა. ნუ დაიბენი, დრო არ ითმენს, - დამოძღვრა დაქალმა.
- მე ისედაც ჭკვიანი ვარ და ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე.
- აბა, რაზე ფიქრობ?
- იმაზე, უფრო ჭკვიანი როგორ გავხდე, - შესძახა ლიზიმ და პერანგის მკლავები აიკაპიწა, -მითხარი, რა თავშესაფარზე მიყვებოდი წეღან?
თიკოს ესიამოვნა, მისმა წინადადებამ ლიზი რომ დააინტერესა და ჩაახველა, სანამ მოყოლას დაიწყებდა:
- თბილისთან ახლოს ერთი დასახლებაა, სადაც სარეაბილიტაციო პანსიონატი მდებარეობს. აი, მძიმე ოპერაციის მერე რომ ფეხზე დადგნენ ადამიანები. ზოგს ფეხის პრობლემა აქვს, განსაკუთრებით, სპორტსმენებს; ზოგს წონაში მომატება უნდა, ვიღაცა ინსულტის გართულებებს ებრძვის, ვიღაცა…
- გასაგებია ეს ყველაფერი, მერე? - მოუთმენლად ჩაერია ლიზი.
- მერედა ის, რომ ერთი ჩემი კლიენტი მუშაობს მანდ, მსესხებელია, ამას წინათ ხუთი ათასი ლარი გავატანე იპოთეკური სესხი. მუშაობს კი არა, დირექტორია, მაგისია ეგ დაწესებულება. ჰოდა, იმან მითხრა, დამხმარე პერსონალი გვჭირდებაო. ხელფასი დიდი არ არის, მაგრამ კვება მაგათია. თანაც, ღამით შეგიძლია იქ დარჩენა. ვინც თბილისიდან დადის, ღამე იქ რჩებიან, ოთახებია მაგათთვის გამოყოფილიო.
- არ არის ცუდი ვარიანტი. - მოწონების ნიშნად თავი დააკანტურა ლიზიმ, - და რა ვაკანსიები აქვთ?
- ავადმყოფებს უნდა მიხედო, ყურადღება მიაქციო, გაასეირნო… რა ვიცი, აბა. შეიძლება ნომრებიც იქნას დასალაგებელი, მაგდენი არ ვიცი. თუ გინდა, საღამოს დავურეკავ და ყველაფერს გაგიგებ.
- მინდა. დაურეკე!
- არაა პრობლემა. წავედი მაშინ და ხვალ დილით დაგირეკავ. ღამით არ მინდა შეხმიანება, ლექსომ არაფერი იეჭვოს.
- კარგი, თიკო, შენს ზარს დაველოდები. იმედია, კარგ ამბავს მახარებ, - სევდიანად გაუღიმა ლიზიმ მეგობარს და კარამდე მიაცილა…
თიკომ მეორე დილით ადრიანად დაურეკა და უთხრა, ამჯერად მხოლოდ მეთვალყურის ადგილია თავისუფალი, მაგრამ ისე ჩქარ-ჩქარა იცვლებიან თანამშრომლები, შეიძლება მოკლე ხანში ადმინისტრატორის ადგილიც გათავისუფლდესო. რვაასი ლარი ხელფასი გექნება და გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა ავადმყოფები ან მათი პატრონები ფულს ჩუქნიან მეთვალყურე მომვლელებს, რათა მეტი ყურადღება გამოიჩინონ პაციენტების მიმართო.
- მე რომ ბავშვით ვიქნები, იცის? - შეეკითხა ლიზი.
- კი, ვუთხარი. მოკლედ, ნანკას ყველაფერი მოვუყევი და თანახმაა, ოღონდ კეთილსინდისიერად იმუშაოს და არა უშავსო. იქაც არიან ბავშვები და იმათთან გაერთობა, ეგ მუშაობაში ხელს არ შეუშლისო.
- ჰოდა, ძალიან კარგი. რამდენიმე დღეში მოვა-თქო, ასე უთხარი. პატარ-პატარა საქმეებს მოვაგვარებ და წავალ, კარგი?
- არ გააჭიანურო ახლა. მე ვიცი შენი პატარ-პატარა საქმეები, ერთი თვე მოუნდები მოგვარებას.
- ჩემი პატარ-პატარა საქმეები მართლა პატარ-პატარა საქმეებია, თიკო. სამ-ოთხ დღეში მოვრჩები, გასაგებია? - ცივად ჩასძახა ყურმილში.
- კარგი, დამირეკე, როცა მზად იქნები. შეიძლება სულაც მე გაგიყვანო.
- არა, შენ არ უნდა გამოჩნდე, შენ ვითომ არაფერი იცი. არ მინდა ლექსომ საერთოდ გაიგოს ჩემი ადგილსამყოფელი, ხომ გესმის… ჩემით წავალ და ეგ იქნება. ზაზასაც არაფერი არ უთხრა, იცოდე!
- გაგიჟდი? მაგას რომ ვუთხრა, ეგრევე ჩაუკაკლავს შენს ქმარს. მაგათ ისე აქვთ ერთმანეთზე კუდები გადაბმული, ვერ დააშორებ, - გადაიკისკისა თიკომ.
ლიზის პანსიონატის ამბავი ჭკუაში დაუჯდა. გარკვეული დროით ღამის გასათევიც ექნებოდა და ბავშვიც გვერდით ეყოლებოდა.
დღეები გადიოდა, მაგრამ ლექსო გადამწყვეტ ნაბიჯს არ დგამდა. ლიზი ყოველ წუთს ელოდა, როდის ეტყოდა ქმარი, უნდა დავშორდეთ ერთმანეთსო. ამავეს ელოდებოდა თამუნაც, თუმცა უშედეგოდ. მამაკაცს ბევრი საფიქრალი დაუგროვდა. უძნელდებოდა ლიზისთვის იმის თქმა, სხვა ქალი მიყვარს და შენთან ცხოვრება აღარ მინდაო. ვერც მარიკუნას ელეოდა. არ იყო გამორიცხული, განქორწინების შემთხვევაში ცოლყოფილს მისთვის ბავშვის ნახვა საერთოდ აეკრძალა. არადა, მისი გაზრდილი იყო მარიკუნა, გიჟდებოდა მასზე. მერე რა, რომ თამუნაც ორსულად იყო და ერთ შვილს ისიც გაუჩენდა. მაინც გაუძნელდებოდა მარიკუნას გარეშე. ამიტომ ისეთ გამოსავალს ეძებდა, რომ ცოლთან დაშორება ნაკლებმტკივნეული ყოფილიყო. ბინას დაუტოვებდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობდა. ყოველთვიურად ლიზისთვის ათასი ლარის მიცემას გეგმავდა. ეს ისე, სახარჯოდ. ამის გარდა, ცალკე, ბავშვის სწავლისა და წრეების ფულის გადახდასაც აპირებდა. ერთი სიტყვით, უნდოდა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ენახა ცოლს განქორწინების შემთხვევაში. ისიც კი იფიქრა, მოდი, მანქანას ვუყიდი და ცოტათი გულს მოვულბობო, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ეს მოსყიდვას უფრო ნიშნავდა, ვიდრე გულით მიძღვნილ საჩუქარს.
რაც მეტს ფიქრობდა ამ საკითხზე, მით უფრო უძნელდებოდა გადაწყვეტილების მიღება. თურმე რა ძნელი ყოფილა ოჯახის დანგრევა. ამაზე ადრე არასდროს უფიქრია. ხუმრობა ხომ არ არის, ცხრა წელი ერთად იცხოვრეს, ერთ ჭერქვეშ. ლიზი არაჩვეულებრივი ცოლი იყო, უკეთესს ვერ ინატრებდა. რაც შეეხება თამუნას, კაცმა არ იცის, მისგან როგორი ცოლი დადგებოდა, აუღებდა თუ არა ცოლქმრულ ცხოვრებას ალღოს. არც იმაში იყო დარწმუნებული, რომ თვითონაც ბოლომდე უერთგულებდა მეორე ცოლს. თავისი ბილწი სულის პატრონს ერთგულება ნამდვილად გაუჭირდებოდა. განა რა, ლიზი არ უყვარდა, როცა ცოლად შეირთო? მაგრამ ორი წლის თანაცხოვრების შემდეგ საცოლე ბიჭივით დაიწყო ქალებში სიარული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახალი ქალი მალევე ყირჭდებოდა, რადგან მხოლოდ ლიზი უყვარდა და მსუბუქ რომანს მსუბუქი რომანივით უყურებდა, სერიოზულ ურთიერთობაში გადაზრდა არასდროს დამუქრებია ამ ბოლო შემთხვევის გარდა. თვითონაც არ იცოდა, როგორ დაემართა ეს. შეიძლება თიკოსთან დაშვებულმა შეცდომამაც იქონია გავლენა. კინაღამ საყვარლად გაიხადა ძმაკაცის მეუღლე. ეს რომ ახსენდებოდა, ცივი ოფლი ასხამდა. სწორედ მაშინ იყო, სასწრაფოდ ახალი საყვარლის ძებნა რომ დაიწყო, ცდუნებამ არ მძლიოს და ზაზას ცოლზე ხელი არ წამიცდესო. თავისი თავის იმედი არ ჰქონდა. ერთი პერიოდი მაგრად ჩაიციკლა თიკოზე, რამდენჯერ დასიზმრებია მასთან სექსი. დროზე უშველა თავს, რასაც ხელი თამუნას გამოჩენამ შეუწყო. ღმერთს მადლობას სწირავდა იმისთვის, რომ უდიდეს ცოდვას ააცილა და იმისთვისაც, რომ ასეთი ლამაზი და თბილი გოგო გამოუგზავნა "მაშველად". ჰოდა, იმდენად მიეჯაჭვა მას, ისე გადაერთო, რომ ოჯახი და ლიზი სულ გადაავიწყდა. შედეგად კი, აი, მოუწია ძველი ბედნიერებისთვის უარის თქმამ ახალი ბედნიერების საკეთილდღეოდ.
არავინ იცის, სანამ გაგრძელდებოდა ასე, თამუნას რომ არ ეყოჩაღა. ერთ საღამოსაც მაგრად დაუდგა საყვარელს, მეტი ლოდინი აღარ შემიძლია, ან ასე გადაწყვიტე, ან ისე, თუ არადა, თვალით აღარ დამენახვოო.
ლექსომ ცერად გახედა საყვარელს. თვალები ყინულის ნატეხებს მიუგავდა. შემდეგ მზერა ფანჯრის დამტვერილ შუშებზე გადაიტანა და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა:
- ახლავე. - და გავიდა.
კიბეზე ისე დაეშვა, ჭუჭყიან მოაჯირს არ შეხებია. უკვირდა, თამუნა რატომ არ აქცევდა სისუფთავეს ყურადღებას. ახალ სახლში არც ფანჯრები იყო გაწმენდილი და არც კიბის მოაჯირები, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. მომავალი ცოლის სიზარმაცე მის ორსულობას მიაწერა და გაიფიქრა, ხვალვე დავუქირავებ დამლაგებელს, რომ თამომ ამაზე თავი არ შეიწუხოსო.
ოც წუთში უკვე კორპუსთან იყო. მანქანა დაკეტა თუ არა, ჩვეულებისამებრ, თავის სართულს ახედა და გაუკვირდა ჩაბნელებული ბინის დანახვა. ნუთუ ლიზი შინ არ არის? ასეთ დროს სად უნდა წასულიყო? ცოტა არ იყოს, ეს ამბავი გაუხარდა კიდევაც. დიდი არაფერი, მაგრამ უსიამოვნო საუბარი რამდენიმე საათით მაინც რომ გადაიდო, საკმარისი შვება იყო მისთვის. უმძიმდა ცოლთან საჭირბოროტო თემაზე ლაპარაკის წამოწყება. ლიზიმ იცოდა ხოლმე ხუმრობით, დაწყებაა მთავარი, თორემ მერე ყველაფერი ლიწინ-ლიწინით წავაო.
ტყუილად დაიმშვიდა გული. გახდა ღამის პირველი საათი, ლიზი კი არ ჩანდა. მოუსვენრობამ შეიპყრო. დარეკვა უკვე მერამდენედ სცადა, მაგრამ ცოლის მობილური გამორთული იყო. აწრიალდა. გარეთ გავიდა და ეთოს ბინის კარს მიაყურადა, იქნებ მარიკუნა და მზიკო ერთად თამაშობენ და ხმაური გავიგონოო, მაგრამ მეზობლის ბინიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ალბათ, უკვე ეძინათ.
სხვა გზა არ იყო, თიკოს უნდა შეხმიანებოდა, მაგრამ ეს ჭკუაში არ დაუჯდა და ისევ ზაზასთან დარეკვა ამჯობინა. როგორც ჩანს, ზაზასაც ეძინა, რადგან უპასუხა თუ არა მეგობარს, მაშინვე შეუკურთხა და ჯანდაბის გზას გაუყენა, ამ შუაღამისას ჭოტი ხომ არ ხარ, რატომ არ გძინავსო.
- თიკო ფეხზეა?
- ჯერ კი, მგონი, რაღაც ფილმს უყურებს.
- ლიზი ხომ არ ყოფილა თქვენთან დღეს?
- ლიზი? არა მგონია… ყოველ შემთხვევაში, მე რომ მოვედი, არ დამხვედრია. მოიცა აბა, თიკოს ვკითხო… - და ცოლს გასძახა.
ლექსოს ტელეფონიდან ესმოდა ცოლ-ქმრის კითხვა-პასუხის ხმები. ლიზი დღეს კი არა, კარგა ხანია, ჩვენთან არ ყოფილა და არც ის ვიცი, სად უნდა იყოსო.
- გაიგონე? - ახლა ლექსოს შეეკითხა ზაზა.
- კი, გავიგონე. წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა იყოს. მობილური გამორთული აქვს. პირველად მოხდა, რომ სახლში არ დამხვდა.
- შეიძლება ვინმესთან შერჩნენ, მოვლენ ალბათ.
- შენც ხომ იცი, არ უყვარს გარე-გარე სიარული. ვერც ვიხსენებ, ბოლოს ვისთან და როდის იყო სტუმრად.
- ალბათ, მოჰბეზრდა შენი გასტროლები და იფიქრა, მეც გავერთობიო. ხომ იცი, ქალები როგორი ჯიბრიანები არიან. შეიძლება ამაღამ ჯინაზე არ მოვიდეს და ერთი კარგად განერვიულოს. დაიძინე, დაიძინე, არსად დაიკარგება შენი ცოლ-შვილი.
ლექსო ამ პასუხმა ვერ ანუგეშა, მაგრამ ამბის გასაგებად რეკვა აღარ გაუგრძელებია. მთელ სანაცნობოს ხომ არ დააწიოკებდა ცოლის ძებნაში? დაწვა და დაიძინა, მაგრამ ისე იყო გაბრაზებული, დაიგინა, ლიზის ამას არასდროს ვაპატიებო.
ეს სწორედ ის დღე იყო, როცა ლიზი ბავშვთან ერთად სახლიდან გაიპარა. ბევრი ტანსაცმელი არ წაუღია, მოერიდა, რას იფიქრებენ, იმ ხალხს ცხრა ჩანთით რომ მივადგეო. ამიტომ მხოლოდ ისეთი რამეები წაიღო, რაც პირველ ხანებში დასჭირდებოდა და რასაც აუცილებლობა მოითხოვდა. არადა, დილიდან ჩალაგებაში იყო. სამი ჩემოდანი გაავსო და ეთოსთან დატოვა, დროებით შენთან იყოს, მერე ნელ-ნელა წავიღებო. თან დააფიცა, ლექსოსთან არ წამოგცდეს, ჩემს ტანსაცმელს შენთან რომ ვტოვებ, თუ რამე გკითხოს, უთხარი, ვითომ საერთოდ არ მოგიკრავს ჩემთვის თვალიო. როცა მეზობლის გაოცებულ მზერას წააწყდა, იძულებული გახდა, ეთქვა, მე და ლექსო ერთმანეთს ვშორდებითო.
მერე ბანკში გავიდა, ანაბარზე შეტანილი თანხა გამოიტანა და ჩანთაში, სარჩულის ქვეშ საგულდაგულოდ დამალა. არ იცოდა, ფული დასჭირდებოდა თუ არა, მაგრამ მთლად უფულოდაც ვერ წავიდოდა. თან შიში იპყრობდა, თან უხაროდა, რომ ასე გადმოხედა ღმერთმა და ისეთი ადგილი გამოუნახა, სადაც თავშესაფარიც და კვებაც უფასო ექნებოდა. ამასთან, ყოველთვიურად ხელფასსაც მისცემდნენ და ცოტა ფულის დაგროვებასაც მოახერხებდა. როცა განქორწინების საკითხს მოაგვარებდა, მერე გამოჩნდებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. ამწუთას საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, დაუტოვებდა ქმარი ბინას თუ გაუყოფდა. არ იყო გამორიცხული, სულაც მშრალზე დაეტოვებინა. სადაც ბავშვის წართმევა დაუპირა, გამორიცხული არაფერი იყო.
აი, ბედის ირონია. გუშინ ყველაფერი ჰქონდა, ქმრის საყვარლების გარდა არაფერზე წუხილი არ უხდებოდა, დღეს კი ცარიელ-ტარიელი გახდა და იმაზე უნდა ეფიქრა, როგორმე შვილი არ წაერთმიათ. სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას, ალბათ, არც კი შეეშინდებოდა ასეთი მუქარის, რადგან მარიკუნა სულაც არ იყო ლექსოს პირმშო. ლიზის გოგონა იონასგან ჰყავდა, რაც ლექსომ არ იცოდა. მაშინ ისე მოულოდნელად შესთავაზა ცოლობა, რომ ვერც უარი უთხრა და ვერც ის, რომ სხვისგან ორსულად იყო და ბავშვს ელოდებოდა. არც ის გაჰკვირვებია ლექსოს, როცა ბავშვი დღენაკლული დაიბადა, რვა თვისაც არ იყო. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება, შვიდი და რვათვიანების დაბადება უცხო არასდროს ყოფილა და ალბათ, იმიტომ.
არა, განა იმის ეშინოდა ლიზის, რომ ქმარს უსიამოვნო ამბავს შეატყობინებდა და განარისხებდა. უბრალოდ, არ უნდოდა, ეს ამბავი საქვეყნოდ გახმაურებულიყო და მთელ სანაცნობოს გაეგო. ამიტომაც იკავებდა თავს, თორემ სულაც არ გამოიქცეოდა სახლიდან. იქვე მიახლიდა ქმარს, რაშიც იყო საქმე და მარიკუნას ამბავიც მოგვარებული იქნებოდა, მაგრამ მაინც იმედოვნებდა, რომ ლექსოსთან მშვიდობიანად მოაგვარებდა განქორწინების ამბავს და ისე დამთავრდებოდა ეს პროცესი, რომ არც ერთი მხარე უკმაყოფილო არ დარჩებოდა. არაფერს არ ითხოვდა, არც ქონებას, არც ფულს, ალიმენტის გადაუხდელობაზეც წავიდოდა, ოღონდ კი მარიკუნას წართმევამდე არ მისულიყო საქმე და მის საიდუმლოს ფარდა არ ახდოდა.
როცა ყველაფერი მოაგვარა, ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და დიდუბეში გავიდა, რათა სამარშრუტო ტაქსით გასდგომოდა გზას. კარგ დროს კი მივიდა ავტოვაგზალზე, ტაქსი თხუთმეტ წუთში გადიოდა. როგორც კი ბილეთი აიღო და თავის ადგილზე დაჯდა, მაშინვე დამშვიდდა. ახლა საფრთხე აღარ ემუქრებოდა. თიკო რომ არ გასცემდა, დანამდვილებით იცოდა. თუკი ლექსო ეთოს რამეს დააცდენინებდა, პრობლემა არ იყო, რადგან მეზობელმა არც კი იცოდა, ლიზი საით აპირებდა გამგზავრებას. "ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი! ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი! ვინ არის მაგარი? მე ვარ მაგარი!" - გულში სამჯერ გაიმეორა თავისი საყვარელი ფრაზა და კმაყოფილმა თვალები მილულა.
გაგრძელება იქნება