"ჩოლკა" საუკეთესო საშუალებაა მობეზრებული ვარცხნილობის გამოსაცოცხლებლად. საერთოდ, ძნელია შესაფერისი "ჩოლკის" შერჩევა. მაგრამ თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, ეს პროცესი ასე რთულად აღარ მოგეჩვენებათ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა დაუკვირდეთ თქვენს პროპორციებს: სახის ოვალს, შუბლის სიმაღლეს, ცხვირის სიგრძეს, თმის სისქეს და წარბების ფორმას.
• გრძელ სახეს უხდება წარბების ხაზის დამფარავი "ჩოლკა". სასურველია, ის იყოს რაც შეიძლება სქელი.
• კვადრატული ფორმის სახეს კი გამოხშირული "ჩოლკა" დაამშვენებს, რაც სახის ნაკვთებს დაარბილებს. ამ დროს თქვენი ერთგვარი კოზირია "მაღალი" ვარცხნილობა - არ დაგავიწყდეთ რამდენიმე კულულის გვერდებზე ჩამოყრა.
• მრგვალი სახის პატრონებმა აუცილებლად ირიბი, ბოლოებჩამოწეწილი "ჩოლკა" ატარეთ; არამც და არამც არ მოგიხდებათ სწორი, სქელი "ჩოლკა".
• მაღალი შუბლის პატრონებისთვის – სქელი, სწორი "ჩოლკაა" ზედგამოჭრილი, რომელიც წარბების დონეზე იქნება შეკრეჭილი. არასოდეს შეიჭრათ უფრო მოკლედ, რადგან ეს მაღალ შუბლს კიდევ უფრო გამოკვეთს.
• ვისაც დაბალი შუბლი აქვს, მისთვის ზედგამოჭრილია ღრმა, თითქმის კეფიდან დაწყებული სწორი "ჩოლკა".
• განიერი ყბების მქონე მანდილოსნებმა უნდა ატარონ განიერი, გრძელი, თითქმის ყბებამდე ჩამოშვებული ჩოლკა და გვერდებზე - გრძელი კულულები. წესები, რომელიც გამოგადგებათ "ჩოლკის" შეჭრისას:
• შეიჭერით "ჩოლკა" აუცილებლად სველ თმაზე, ასე ხაზი უფრო სწორი გამოგივათ.
• სიგრძის გაზომვისას გახსოვდეთ - თმა როცა გაშრება, ერთი-ორი სანტიმეტრით მაღლა აიწევს.
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)