ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სპორტსმენი, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე, "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე თიკა ალავიძე შვილებთან ერთად ამერიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობენ და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს ხშირად უზიარებენ. ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს 4 შვილი: დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავთ.
ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონი “გოლდენ სტეიტის” რიგებში ორჯერ, 2017 და 2018 წლებში გახდა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 17 წლის განმავლობაში იცავდა და კაპიტნობდა.
ზაზა ფაჩულიას მეუღლე "სუხიშვილების" მოცეკვავე თიკა ალავიძეა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. ზაზას და თიკას პირველ შეხვედრას თიკას დედა, მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი იხსენებდა:
"საქმე ის არის, რომ ზაზას მე-7 კლასიდან ვიცნობდი. ჩემი მეგობრის შვილი და ზაზა ერთად დადიოდნენ კალათბურთზე. ერთ დღეს ეს მეგობარი მირეკავს (მეგრელების რძალი ვარ), ძალიან გთხოვ, ზეიკო, მოდი, კალათბურთის წრის მშობლები ვიკრიბებით და იქნებ ღომი გაგვიკეთოო. როცა მივედი, მაღალი, წარმოსადეგი ქალი უკვე ქურასთან იდგა და ღომს აკეთებდა. ვაიმე, დამაგვიანდა-მეთქი, შევიცხადე. ზეიკო, მარინაც მეგრელია და ის მოამზადებსო, მითხრა მასპინძელმა. სასიამოვნოა, მაშინ მე ფქვილს ჩაგიყრით-მეთქი, გავუღიმე. ბავშვები ამ დროს ეზოში თამაშობდნენ. როდესაც სუფრა გაიშალა და ისინი ამოვიდნენ, ჩემმა მეგობარმა მიმანიშნა ყველაზე მაღალ, სერიოზულ, ცოტა დაკოპილ ყმაწვილზე, ზეიკო, ნახე, ეს მარინას ბიჭია, ზაზა ფაჩულიაო. ასე გავიცანი ზაზას დედა. გავიდა წლები და ისევ ის მეგობარი მირეკავს, ზეიკო, ტელევიზორს ვუყურებ, გახსოვს, მარინა რომ გაგაცანი, მისი ვაჟი NBA-ს რეკლამაშიაო.
ჩემი ქალიშვილი თიკა კონცერტზე მიიწვიეს. შესვენებაზე ზაზა შესულა კულისებში, უთქვამს, ვგიჟდები "სუხიშვილებზე" და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ვცდილობ, დავესწროო. თიკას აუხედავს და სიმაღლის გამო ეს ახედვა დროში ცოტა რომ გაგრძელდა, ცხადია, და ამაზე თიკას მეგობარს თურმე სიცილი დაუწყია. კარგი, მაშინ დავჯდებიო, ზაზასაც ჩაუცინია. თიკა შინ რომ მოვიდა, მიამბო, დედა, იცი, რა უხერხულად გამომივიდა, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო. ასე გაიცნეს ერთმანეთი. მერე ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო მათმა ურთიერთობამ და დაქორწინდნენ.
მახსოვს ზაზას პირველად მოსვლა ჩვენთან. მე თმის რკალურას ვატარებ. რომ შემოვიდა და ავიხედე, იმხელაზე გადავწიე თავი უკან, რომ გადამძვრა. ასე დაიწყო ჩვენი სიძესიდედრობა. მახსოვს, რამდენიმე დღის ჩასული ვარ ამერიკაში, ზაზას სტუმრები ჰყავდა მოწვეული. გრძელ მაგიდასთან უზარმაზარი სკამები შემოეწყოთ და ზაზა ითვლიდა სტუმრების რაოდენობას. მე ვუთხარი, ამდენი ხალხი რომ ვერ დავატიოთ, ცოტა პატარა სკამები არა გაქვთ-მეთქი? ქალბატონო ზეინაბ, ამ სახლში პატარას ვერაფერს იპოვით, სიდედრის გარდაო, მიპასუხა სხარტად" - იხსენებდა ზეინებ დვალიშვილი.
თიკა ალავიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ოჯახურ კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ის ახალ ფოტოს აზიარებს: