ძმები არველაძეების შესახებ საუბარს, ალბათ, დიდი შესავალი არ სჭირდება. თავი რომ დავანებოთ მათ კარიერულ წარმატებასა და პროფესიონალიზმს, აჩი, შოთი და რეზი თავიანთი ურთიერთობითა და იუმორით ყველასთვის საყვარელი ძმები არიან.
შოთი და აჩი ტყუპები არიან. ბევრს დღემდე უჭირს მათი ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან ძმები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
"მე და აჩი უფრო ვგავართ ერთმანეთს, მსგავსი დამოკიდებულებები და ხასიათები გვაქვს. რეზი ბევრად დინჯი, ორგანიზებული და ნებისყოფიანი ადამიანია", - ამბობდა შოთი.
ცხოვრების დიდი ნაწილი ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდით აქვთ გატარებული. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ შოთიმ მწვრთნელის ამპლუა მოირგო და საყვარელ პროფესიაში საქმიანობა ამ გზით განაგრძო. კარიერის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე კი, ძმებთან ერთად, მის გვერდით მისი მეუღლე, თამუნა მელაძე იყო.
"ჩემი მეუღლე − თამუნა მელაძე, იურისტია, იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და, რა თქმა უნდა, ერთად ვიყავით წასული საქართველოდან, როცა საზღვარგარეთ ვმუშაობდი. ახლაც ოჯახით და დიასახლისობითაა დაკავებული. უფროსმა შვილმა გიორგიმ ინგლისში დაამთავრა უნივერსიტეტი, ბიზნესის მენეჯმენტის პროფილით; უმცროსი − ელენე, მადრიდში ცხოვრობს", - ამბობდა შოთი არველაძე.
ამჯერად კი "რადიო თავისუფლების" რუბრიკაში "8 ფოტო არქივიდან" შვილებთან და მეუღლესთან ერთად განვლილ გზას ძველი ფოტოებით იხსენებს:
"ეს ამსტერდამია. ეს არის პირველი გასვლითი დღე, როცა ოჯახის წევრებთან ერთად ყველას ერთად გვკრებდნენ. გიორგუნა აქ ძალიან პატარაა, ალბათ, 2-3 წლისაა. ალბათ, უკვე სექტემბერია, შემოდგომაა. "აიაქსის" შეკრებაა და ყველა ერთად რაღაცით ერთობა, ბავშვები ერთად თამაშობენ, ფეხბურთელების ცოლებიც ერთად არიან. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, მახსოვს ეს დრო და ეს მომენტი. ჩვენთან მაშინ ასეთი კულტურა არ იყო, იქ შეიძლება ვინმეს მშობლებიც მოეყვანა, და-ძმებიც. საქართველოში ასე არ ხდებოდა.
აქ მე და თამუნა ამსტერდამში ვართ. სულ თამუნა ყიდულობდა ჩემთვის ტანსაცმელს. ეს პიჯაკი ძალიან მიყვარს. 22-23 წელი გავიდა და კიდევ მაქვს.
ეს უკვე ტაშკენტია, თასის ფინალის შემდეგ, ელენიკოა ჩამოსული და ძალიან გახარებულია. სტადიონზე ჩამოვარდა და მოსალოცად მოირბინა, მეხუტება, მეფერება და მილოცავს. თამუნა უკვე ექსპერტია, შეუძლია, რომ მაღალი დონის თამაშებიც გაარჩიოს, შეცვლები დაგაგვიანდა თუ არა, გითხრას... ერთხელ, ალბათ, 10 წლის წინ, ვიძახდი, თავდამსხმელი არ მყავს-მეთქი და მითხრა, წაიყვანე ვინმე საქართველოდანო. არ გრცხვენია, ერთი თავდამსხმელი იყო საქართველოში და იმანაც დაანება თავი-მეთქი, ხუმრობით ვუთხარი.
ელენიკო მადრიდში ცხოვრობს. "რეალ მადრიდის" თამაშებზე დადიან. "რეალი"-"ნაპოლის" თამაშზეც იყო. ჩემს თამაშებზე ნაკლებად, მე რომ თავი დავანებე, მაშინ ძალიან პატარა იყო. გიორგუნას უფრო კარგად ახსოვს, თუმცა ელენიკომაც იცის, რომ ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი. ხანდახან, როცა პატარა იყო, ამბობდა, მამაჩემი ცნობილიაო", - ამბობს შოთი არველაძე.