„მის საქართველო 2012“, "მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს. დიდ მოწონებას იმსახურებს თამთას სტილი:
"როგორც ყველა მოდელს, მეც ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. სამოდელო ბიზნესში ძალიან ბევრი და საინტერესო სეზონია, ხან „ფეშენ-ვიქებში“ გიწევს მონაწილეობა, ხან კატალოგის გადაღებები გაქვს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მთლიანად ჩავები სამოდელო სფეროს ქარცეცხლში, რადგან ჰონკონგში „ფეშენ-ვიქისთვის“ ჩავედი. გადარბენები მქონდა, რეპეტიციები, შოუები, მუშაობა სხვადასხვა დიზაინერთან. „ფეშენ-ვიქის“ შემდეგ მქონდა გადაღებები სხვადასხვა პოპულარული ჟურნალისთვის. ახლა სინგაპურში ვარ, აქ „ფეშენ-ვიქისთვის“ ჩამოვედი. ძალიან ცხელა და ამინდი მიქმნის დაღლილობის შეგრძნებას, თან, ამას ემატება გადარბენები, შოუები. „ფეშენ-ვიქზე“ რომელი დიზაინერიც იღებდა მონაწილეობას, ყველასთან ვიმუშავე, ბოლოს კი სინგაპურის „ფეშენ-ვიქი“ რობერტო კავალის გრანდიოზული შოუთი დამთავრდა" - ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
თამთას რჩეული ინტერიერის დიზაინერი რატი რატიანია. რატით ყვითელი პრესა პირველად მაშინ დაინტერესდა, როცა თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა. თუმცა სადუნიშვილს დაშორდა და ცოლად თამთა მოიყვანა.
"ცხოვრებაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის, უცხოელსაც და ამიტომ ადამიანების ამოცნობა მშვენივრად მეხერხება. ადამიანების, განსაკუთრებით, მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად" - ამბობდა მოდელი.
"მიასთან ერთად "ახალი თამთა" დაიბადა - ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო: როდესაც დედა ხდები, ცხოვრებას უკვე სხვა ფასეულობებით აგრძელებ. მიას გაჩენის შემდეგ, სწორედ ეს ფასეულობები შევიგრძენი. ალბათ, შვილი ღმერთისგან ბოძებული ყველაზე მაგარი საჩუქარია, რაც შეიძლება, ქალს ერგოს. შვილის გაჩენის შემდეგ, ჩემი ცხოვრება სრულად შეიცვალა - მიას რეჟიმზე "გადაეწყო". დროის უმეტეს ნაწილს მის განვითარებას ვუთმობ. დედაჩემს ჩემი დღიურები შენახული აქვს, რომლებსაც ბავშვობაში ვწერდი. ერთ დღეს ასეთი რამ დამიწერია: "მინდა, პირველი შვილი გოგონა მყავდეს და მას მია დავარქვა". ორსულობისას, როცა ბავშვის სქესი გავიგე, მაშინვე გადავწყვიტე, მისთვის მია დამერქმია, რადგან ეს სახელი ძალიან მომწონდა და ვფიქრობ, მიასაც ძალიან უხდება, ლამაზია..." - აღნიშნავდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.