მთელი დღე დაბნეული იყო. გონება ხომ აერია და სხეულსაც ვერ იმორჩილებდა. ჯერ თეფში გაუვარდა ხელიდან, მერე კინაღამ კიბეზე დაგორდა წაბორძიკებისას, ხან ხმამაღლა ილაპარაკა თავის თავთან, ხან უაზროდ გაუღიმა ვიღაცას… ერთი სიტყვით, იონას გამოჩენამ მისი ძლივს დამშვიდებული ცხოვრება ყირამალა დააყენა.
ის ღამეც თეთრად გაათენა. ნანობდა, მამაკაცს გამოჩენა რომ აუკრძალა. ახლა იმის ეშინოდა, ვაითუ მართლა აღარ მოინდომოს ჩემი ნახვაო. არადა, როგორ უნდოდა, როგორ უნდოდა! მისი ერთი შემოხედვა სიცოცხლეს უხანგრძლივებდა, ერთი ღიმილიანი შემოხედვა… თუნდაც უღიმილო, თუნდაც სრულიად არაფრისმთქმელი…
დილით რომ გაეღვიძა, თავი უსკდებოდა. ამდენი ლექსოს ღალატის გამო არ უნერვიულია. არც იმის გამო, რომ ქმარი შვილის წართმევას უპირებდა. ნუთუ იო უფრო დიდი ტკივილია მისთვის, ვიდრე ოჯახი და შვილი? შეაკანკალა. ეს რამ აფიქრებინა? ყველა-ყველა და, მარიკუნას წინ ვინ დაუდგება? არა, მარიკუნას არავის დაუთმობს. ეს იცის, ეს შეუძლია და ამიტომ გრძნობს თავს დაცულად. აი, იოს შემთხვევაში კი საქმე სულ სხვაგვარადაა. ის ან დაუბრუნდება, ან არა. აი, ამიტომაც შფოთავს, ალბათ…
ასე იმშვიდებდა თავს, სანამ იცვამდა. დღეს ლამაზი უნდა ყოფილიყო, საქმიანი ქალის იერი უნდა ჰქონოდა, ბიზნესვუმენის. ხუმრობა ხომ არ არის, "შეფინიამ" მნიშვნელოვანი დავალება დაუტოვა შესასრულებლად. ვინც უნდა დახვედროდა იმ ფირმაში, კარგი შთაბეჭდილება უნდა დაეტოვებინა.
როცა მოწესრიგებას მორჩა, სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა და ამოიოხრა. ახლა, როცა შეივსო, დაქალდა და სოლიდურ ქალბატონს დაემსგავსა, მაინცდამაინც მაშინ დაენგრა ოჯახი. რატომ უნდა მომხდარიყო ასე? ცუდი ცოლი ნამდვილად არ ყოფილა, არც სამზარეულოში და არც საწოლში. როგორც დედა, გიჟი დედა იყო. მაშ, რა მოხდა? ალბათ, ამის პასუხს ვერასდროს გაიგებდა.
იმის შიშით, არ დამაგვიანდესო, მარიკუნა გააღვიძა, ჩააცვა და დაბლა ჩაიყვანა, რათა თეკლას დედისთვის ჩაებარებინა, სანამ მოვიდოდა.
- ორივეს ვასაუზმებ, მერე კი გავისეირნებთ, ხომ კი, მარიკუნა? - მზიამ ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი, - შენ არაფერზე ინერვიულო, ლიზი, ჩვენ დიდი გოგოები ვართ და ყველაფერი გვესმის, - ქალმა თვალი ჩაუკრა მომვლელს და ამ უკანასკნელმაც მშვიდად დატოვა შვილი საიმედო ადამიანის ხელში.
ეზოში გასულმა მძღოლს დაუწყო ძებნა, მაგრამ არც მანქანა ჩანდა სადმე და არც შალვა.
- ნეტავ სად წავიდა ეს კაცი? - თავის თავს შეეკითხა და ვესტიბიულში შებრუნება დააპირა, რათა გოგოებისთვის ეკითხა, შალვა ხომ არავის გინახავთო.
ამ დროს ვიღაცამ დაასიგნალა. აშკარად მას დაუსიგნალეს, რადგან ეზოში მის გარდა არავინ იყო. უკან მიიხედა და…
თვალებს არ დაუჯერა, შავი ჯიპის ღია კართან იონა იდგა და უღიმოდა.
- ვის ეძებ, ლიზი?
- მე… მე მძღოლს… - ბურტყუნებდა თავისთვის და არეული ნაბიჯებით იონას უახლოვდებოდა.
- დღეს მე ვარ შენი მძღოლი.
ქალს საბუთები კინაღამ გაუვარდა ხელიდან. დაბნეული ისეთ უაზრო მოძრაობებს აკეთებდა, თავის თავზე გაბრაზდა, რა ჯანდაბა მემართებაო. სიხარულისგან დაიბნა ასე თუ შიშისგან, ვერ გააცნობიერა. ამ კაცის ყოველი დანახვა სტრესს იწვევდა მასში.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ნანკამ მთხოვა, მე წამეყვანე თბილისში.
- აბა, მძღოლი წაგიყვანსო?
- წამო, წამო, გზაში მოგიყვები ყველაფერს.
კარგა მანძილი უხმოდ გაიარეს. როცა გზატკეცილზე გავიდნენ, მხოლოდ მაშინ ამოიღო იონამ ხმა.
- აბა, გუშინდელს აქეთ როგორ ხარ?
- როგორც ყოველთვის, - ყრუდ მიუგო ერთიანად დაძაბულმა.
- არ ხარ საუბრის ხასიათზე? თუ გინდა, არ ვილაპარაკოთ, - ღიმილით გამოხედა იომ.
- არა, რატომ… ვილაპარაკოთ.
- კი ბატონო… რაზე?
- იმაზე, შენ რატომ მიგყავარ თბილისში და რატომ შალვას არა. იმაზე, რა გაკავშირებს ნანკასთან და…
- აჰააა. ესეც გაინტერესებს? მშვენიერია. ესე იგი, ეჭვიანობ.
- მე-ე? ვეჭვიანობ? ღმერთმა დამიფაროს! რატომ უნდა ვიეჭვიანო? უბრალოდ, გამიკვირდა. რამდენი ხანია, რაც აქ ვარ და ადრე არ შემიმჩნევიხარ.
- არც ისე დიდი ხანია, მგონი, არა? - ირიბად გამოხედა იონამ და თვალებში ჭინკები აუცეკვდა.
ლიზიმ შუბლი შეიკრა და ფანჯარაში გაიხედა.
- კარგი, კარგი. შენი განაწყენება სულაც არ მინდა. მე და ნანკა წლებია, ბიზნესპარტნიორები ვართ. ამიტომ ხშირად მიწევს მასთან მოსვლა, დარეკვა, საქმეებზე სიარული და ასე შემდეგ. უფრო დაწვრილებით ხომ არ მოგიყვე?
- გმადლობ. საკმარისია! - უკმაყოფილოდ მოპრუწა ტუჩები ლიზიმ, - გუშინ თვითონვე მითხრა, შალვა წაგიყვანსო, ამიტომ დავინტერესდი.
- მერე მე დამირეკა და მთხოვა, შენ წაიყვანეო. ბოლო მომენტში შეეშინდა, მაინც დილეტანტია, პირველად მიდის ასეთ საქმეზე და არ დაიბნესო.
- რამე არ გააფუჭოსო, არა? - ჩაიცინა ლიზიმ.
- მე ჯენტლმენი ვარ, დელიკატურად საუბარი მიყვარს, - გაიხუმრა იონამ და სიჩქარეს უკლო, - ნეტავ რას გავრბივარ, არსად არ გვეჩქარება. ვიაროთ ნელა და ვისაუბროთ ბევრი.
- არა მგონია, ჩვენ ბევრი სასაუბრო გვქონდეს.
- აუ, რატომ ხარ ასე აგრესიულად განწყობილი ჩემ მიმართ? რამე დაგიშავე? გაწყენინე? ცუდად მოგექეცი ოდესმე? თუ ეს ის პრინციპია, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო?
ლიზიმ ხმა არ გასცა. მიხვდა, რომ მართლა დაუმსახურებლად ექცეოდა იონას, მაგრამ გუშინდელი შეხვედრა რომ გაახსენდა და მისი უდარდელი სახე, ისევ გაღიზიანდა.
- არ მინდა ჩვენზე საუბარი. ეს ძალიან ადრე იყო, შორეულ წარსულში.
- და შენ იმ წარსულისაც გეშინია, არა?
- ღმერთო ჩემო, რას აგიჩემებია, ეს გეშინია, გეშინია? არაფრის არ მეშინია, უკვე გითხარი. უბრალოდ, არ მსიამოვნებს იმის გახსენება, რაც იყო.
- მათ შორის იმისიც, რაც ჩვენ შორის იყო?
- მათ შორის… - მოკლედ მოუჭრა ქალმა.
- კარგი, მაშინ სხვა რამეზე ვისაუბროთ. - ნირწამხდარი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.
- ვისაუბროთ, - არანაკლებ ნირწამხდარი ხმით დაეთანხმა ქალი.
- თემა შენ აირჩიე.
- მომიყევი შენზე, სად იყავი ეს წლები, რას საქმიანობდი… - ლიზი გაწითლდა, რადგან ამ შეკითხვებით ამდენი ხნის დამალული სურვილი გაამჟღავნა.
- ჰოო… რა გითხრა, აბა! შენ რომ გაუჩინარდი, სამსახურში არ მაპატიეს და მოხსნას რომ გადავრჩენოდი, განცხადება დამაწერინეს და მის საფუძველზე ვითომ ჩემი ნებით გამათავისუფლეს. ისე, ერთი მხრივ, ამისთვის მადლობელიც კი ვარ შენი, თორემ პოლიციას თავს ვერასდროს დავანებებდი და ვერასდროს ვერ ვიშოვიდი იმდენს, ახლა რომ ვშოულობ.
- ბევრს შოულობ?
- უკმაყოფილო არ ვარ. მართალია, ეს არ არის მილიონები, მაგრამ ისიც იქნება მერე და მერე.
ლიზიმ გულიანად ჩაიხითხითა.
- რა გაცინებს? - გაკვირვებული მზერა შეავლო მამაკაცმა მისკენ მომზირალ ქალს.
- რომ ამბობენ, ფულს სუნი არ აქვსო, მაოცებს ხოლმე. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში. - და კვლავ ჩაიხითხითა.
- სუნი რა შუაშია?
- როცა ადამიანი ფულის შოვნაზე გადადის, მისი სუნით თრობას იწყებს. მერე ისე გაუტკბება ეს სუნი, რომ მეტი და მეტი ფულის მოხვეჭაზე იწყებს ფიქრს. ეს პროცესი ნარკომანიასავითაა, უფრო და უფრო მეტი დოზა გინდება და თავს ვერა და ვერ ანებებ.
იონას სახე მოუღუშა, იწყინა, აშკარად არ ესიამოვნა ლიზის ნათქვამი.
- მით უფრო ჩემნაირი, არა? ძაღლი, რომელიც სუნებზეა დაგეშილი, - ისეთი სარკასტული ტონით წარმოთქვა იომ, რომ ლიზი შეცბა.
- მე ეს ზოგადად ვთქვი, შენი მისამართით კი არა.
- შენი ქმარი როგორია ამ მხრივ? ხელფასი ჰყოფნის თუ…
- ჩემს ქმარს საკუთარი კლინიკა აქვს.
- აჰაა… მაგასაც ჰყვარებია სუნიანი ფული, - თავი ვერ შეიკავა იომ და ღვარძლიანად გაიცინა.
- კი, მაგასაც უყვარს, უარყოფას აზრი არა აქვს. ამიტომაც აუვარდა თავში. ბევრი ფული ადამიანს აფუჭებს, ეს ზუსტად ვიცი. აი, მაგალითად, შენ, მითხარი, რისთვის გჭირდება ბევრი ფული?
- იმისთვის, რომ უზრუნველად ვიცხოვრო, ოჯახი შევქმნა და ცოლ-შვილს არაფერი გავუჭირვო.
- ოჯახი… მერედა, ხარ მზად, რომ ჩაფულიანებული სიცოცხლის ბოლომდე იმ ოჯახის ერთგული იყო?
- რატომ არ უნდა ვიყო? არ მესმის შენი.
- იმიტომ, რომ კაცებს, ზოგადად, ასე გახასიათებთ. ბანაობა და ნებივრობა გიყვართ ფულში. რაც მეტი გაქვთ, მით მეტი სიამოვნება გჭირდებათ, მეტი ქალი და თანაც - ცოლზე უფრო ლამაზი და ახალგაზრდა.
- ეს თეორია ვინ გიკარნახა?
- საკუთარმა გამოცდილებამ.
- ოოო, ახლა მივხვდი, რაც ხდება. გღალატობს ქმარი, ხო?
- შიგადაშიგ, - კვლავ მოკლედ მოჭრა ლიზიმ, არ უნდოდა, იოსთვის გული ბოლომდე გადაეშალა.
- მაგის დედას შევეცი! - მოულოდნელად შეიგინა მამაკაცმა და საჭეს ხელი დაჰკრა, - ქალი მიყვარდეს და სხვისკენ გავიხედო? ახვარი ქმარი გყოლია.
- თითქმის აღარ მყავს… - მაინც გაექცა ენა ლიზის და რადგან წამოსცდა, ბარემ გააგრძელა, -უკვე დავშორდით ერთმანეთს, მხოლოდ ფორმალური მხარე დარჩა.
ამის გაგონებაზე იონამ ისე მკვეთრად დაამუხრუჭა, რომ ლიზი წინ გადაქანდა.
- ნელა, რას შვრები?
- მაპატიე… რამე ხომ არ იტკინე? - მამაკაცმა მანქანა გააჩერა და ქალს მხარზე შეეხო.
- არაფერი, - უხეშად მოიშორა ლიზიმ მისი ხელი და განაწყენებული სახე მიიღო.
- მაპატიე, არ მინდოდა… უბრალოდ, მიკვირს ასეთი რამეები. წლები ცხოვრობ ადამიანის გვერდით და ვერ ხვდები, მაინც როგორ პიროვნებასთან გაქვს საქმე… - მერე მცირე პაუზა გააკეთა და შეფიქრიანებული ხმით გააგრძელა, - არ ვიცი, რასა აქვს აზრი და რას არა, კაცმა არ იცის.
- ზოგ რამეს მართლა აქვს აზრი, ზოგს კი არა. მეც, დღევანდელი გადასახედიდან, რაღაცის ცოდნაზე თანახმა ვიქნებოდი, რაღაცაზე კი უარს ვიტყოდი.
- მაგალითად, იმაზე, რომ არ გცოდნოდა, შენი ქმარი ქალებში თუ დადის?
- ეგ არ არის იმდენად მტკივნეული, რამდენადაც ის, როცა გაიგებ, რომ გამრთობი ქალები კი არა, ერთი ქალი ჰყავს - ერთი, რომელსაც საყვარელი ჰქვია.
იომ სევდიანი თვალებით გადახედა მის გვერდით მოკალათებულ ლიზის, ამოიხვნეშა და მის ხელს დასწვდა… სათუთად ეამბორა თითებზე, მერე ხელის ზურგზე, მერე ამოატრიალა და ხელისგულიც დაუკოცნა.
ლიზის ჟრუანტელმა ქარიანი დღის ტალღასავით დაუარა მთელ სხეულში, თითქოს ცაში აისროლა და კვლავ ძირს დაანარცხა. რამდენი წელი იყო მოკლებული ამ სიამოვნებას, რამდენი წელი. სიამოვნებით გაიტრუნებოდა ახლა მის მკლავებში, თვალებს მილულავდა და ნეტარებით მიეცემოდა ვნებათაღელვას.
ნუთუ შეეძლო ქმრისთვის ეღალატა? იყო ამის გამკეთებელი? იყო… იცოდა, რომ იყო, მაგრამ ახლა ამის გაკეთება არ სურდა. უნდოდა, ბოლომდე მართალი ყოფილიყო ქმართან. ისე გაშორებოდა, რომ შავი ლაქა არ მოსცხებოდა. აი, მერე რას იზამდა, უკვე აღარ იქნებოდა ლექსოს საქმე. მაგრამ ქმართან რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონოდა და იოს შეხვედროდა, მაშინ თუ უღალატებდა? უფრო კი, ვიდრე არა. ამწუთას ისე ბობოქრობდა მისი გამოღვიძებული სიყვარული, შეიძლება დღესაც არ ეთქვა უარი იოსთან დაწოლაზე, თუკი მამაკაცი ამას ძალიან მოინდომებდა.
მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ მისი ქმარი სადღაც მართალიც კი იყო. გრძნობებთან გამკლავება ძნელზე ძნელია. შეუყვარდა სხვა ქალი და რა ექნა? არ დაენგრია ოჯახი და იქით-აქეთ ერბინა? ახლა თვითონაც იმავეს არ განიცდიდა? იოს გახელებული ტუჩების სითბოს გრძნობდა, გრძნობდა იმ ვნებას, რომელიც მის თითებზე იღვრებოდა და იმხელა ნერწყვი გადააგორა, რომ სასულეში გადასცდა…
მიძინებულმა სიყვარულმა ვულკანივით ამოხეთქა და წალეკვას უქადდა. რომ არა იოს შეშფოთებული ხმა, ალბათ თავს ვეღარ შეიკავებდა და აქვე, ამწუთას დანებდებოდა საყვარელ მამაკაცს.
- რა მოგივიდა? ცუდად ხომ არ ხარ?
ლიზი კი ახველებდა და ახველებდა, ძლივს მოითქვა სული, თვალები ცრემლით აევსო, სიმწრის ცრემლით.
- ნერწყვი გადამცდა სასულეში, - ამოიხრიალა და ყელი ხელით დაიჭირა.
- გამოაღე მანდ, ბოთლით წყალი დევს და დალიე.
- არ მინდა, უკვე გადამიარა… წავიდეთ, არ დაგვაგვიანდეს, - ფრთხილი მზერით შეათვალიერა ქალმა თვალებდაბინდული მამაკაცი და სავარძელში გასწორდა.
იონამ ნელა დაძრა მანქანა, ცალი ხელით საჭეს მართავდა, მეორით კი ლიზის თითები ჩაებღუჯა.
ქალი არ გასძალიანებია და როცა მამაკაცის თითებმა მის თითებზე ნავარდი დაიწყეს, მხოლოდ საყვედურიანი მზერით გააპროტესტა…
თბილისამდე ისე ჩავიდნენ, ერთმანეთს აღარ დალაპარაკებიან… ერთმანეთს მხოლოდ ათი თითი ესაუბრებოდა, ათი ვნებამოძალებული თითი…
ლიზიმ ნანკას დავალება პირნათლად შეასრულა. "შეფინია" კმაყოფილი დარჩა და ახალ თანამშრომელს მადლობაც გადაუხადა. ლიზი ფრთებშესხმული დადიოდა, მაგრამ არა მხოლოდ უფროსის შექებით - იონას გამოჩენითაც. იმ დღემ, როცა თბილისში ერთად გაემგზავრნენ, მშვიდად ჩაიარა, არანაირ ექსცესს, მით უფრო ვნებიანს, ადგილი არ ჰქონია. არც სასტუმროსკენ გადაუხვევიათ და არც მანქანაში გაუჩაღებიათ კოცნაობა. საქმიანი პარტნიორებივით მივიდნენ საჭირო ადგილას, საჭირო საბუთებს ხელი მოაწერეს, შეთანხმებას მიაღწიეს და ასევე საქმიანად გამობრუნდნენ უკან. პანსიონში მოსული ლიზი ღიმილით დაემშვიდობა ყოფილ სიყვარულს და სახეალანძულმა თავის ოთახს მიაშურა.
თუმცა ამით როდი დამთავრებულა მათი მეორე შეხვედრა. მეორეს მესამე მოჰყვა და ეს მოხდა ზუსტად ცხრა დღის შემდეგ, ნანკა ჩამოვიდა. მამაკაცმა მობილურზე დაურეკა და სარეაბილიტაციო ცენტრს გარეთ, სოფლის დასახლებაში, საბავშვო ბაღთან შეხვედრა დაუთქვა.
ლიზის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. არც უარის თქმა უნდოდა და ჰოსაც ვერ ამბობდა. უნდოდა იოს ნახვა, განა არ უნდოდა, მაგრამ რომელიღაც მეექვსე თუ მეცხრე ძალა უკან ექაჩებოდა.
- მე ხომ ისეთს არაფერს გთხოვ, უბრალოდ, სულ ორი წუთით შევხვდეთ და ვილაპარაკოთ, - სთხოვდა მამაკაცი.
- უხერხულია. რა უნდა ვთქვა, რისთვის მივდივარ სოფელში-მეთქი? რაც აქ ვარ, ჭიშკარს გარეთ არ გავსულვარ. მეშინია, იო, ვინმემ რომ დააფიქსიროს, სად მივდივარ და რას ვაკეთებ, თავი მომეჭრება.
- და რას აკეთებ ისეთს, რო? სულ ორიოდე წუთს გთხოვ, მეტს კი არა. გნახავ, დაგელაპარაკები და მაშინვე უკან მიგაბრუნებ. იქ რომ გამოვჩნდე, უარესია, საჭორაო საბაბი მიეცემა სუყველას, ხომ ხვდები?
ლიზი გაჩუმდა. იონა მართალს ეუბნებოდა. სულ თავბედი იწყევლა, ნეტავ საერთოდ არ გამოჩენილიყო ეს კაცი, გული მიგრძნობს, პრობლემებს შემიქმნისო, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა, ურჩ გულს უარი ვერ უთხრა, მომეტებული ბაგაბუგით რომ ჩასჩიჩინებდა, შეხვდიო.
იმისთვის, რომ სამსახურის საქმე არ გაეფუჭებინა, ნანკასთან შევიდა და სთხოვა, ცოტა ხნით დასახლებაში გავალ, რაღაც წვრილმანები უნდა ვიყიდოო.
- წადი, ლიზი, ასეთ რამეებს მე ნუ მითანხმებ. როცა დაგჭირდება, მაშინ გადი, ოღონდ არ დააგვიანო. როცა მოხვალ, ჩემთან შემოდი, შენი დაწინაურების საკითხი უნდა განვიხილოთ.
ლიზის ღაწვები შეეფაკლა.
- უკვე?
- რა, არ არის დრო? შენ ისე კარგად მოაგვარე პანსიონისთვის საჭირო საქმე, იმდენი ფული შემოგვამატე, რომ უპირობოდ იმსახურებ დაწინაურებას.
- მერედა დოდო? - ლიზი თავისი წინამორბედის ბედით დაინტერესდა.
- დოდოს მე მოვუვლი, ეგ შენი საზრუნავი არ არის.
ლიზიმ ვერაფერი უპასუხა. ეს მართლაც არ იყო მისი საზრუნავი, უბრალოდ, არ უნდოდა თანამშრომელთან ცუდად გამოსვლოდა. არ უნდოდა ვინმეს ეთქვა, შენ გამო დოდო დაითხოვესო. მაგრამ ნანკამ ამ საკითხის მოგვარება თავის თავზე აიღო და ამან დაამშვიდა.
მარიკუნა, როგორც მაშინ, ახლაც მზიასთან დატოვა და აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა სოფლის გზაზე. სანამ ცენტრამდე ჩააღწევდა, ქურდივით წარამარა აქეთ-იქით იყურებოდა, ვინმემ არ დამინახოსო. განა რამე მოხდებოდა, ვინმეს რომ მისთვის თვალი მოეკრა, მაგრამ თვითონ ხომ იცოდა, სადაც მიდიოდა და ამან დააკომპლექსა.
იონა ბაღის შენობის კუთხეში იდგა და ელოდებოდა. ქალი შეშინებული შეხტა მანქანაში და მამაკაცს ძლივძლივობით გაუღიმა. ისე იყო დაძაბული, გაღიმებაც კი არ შეეძლო წესიერად.
- ცოტა წინ წავალ, იქ ვიწრო ბილიკია, ნაძვნარში შევალთ და თვალს მოვეფარებით. ნუ გეშინია, ვერავინ დაგვინახავს, - იდუმალი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა, გამხნევების ნიშნად ქალს ხელზე ხელი მოუჭირა და მანქანა დაძრა.
ლიზის სხეულის ყველა კუნთი დასჭიმვოდა. თითქოს ეკლებზე იჯდა. მანამ ვერ მოეშვა, სანამ მანქანა დაბურული ხეების ქვეშ არ გაჩერდა. აქ მართლაც ვერავინ მოჰკრავდათ თვალს და რომც შეემჩნიათ ჯიპი, შიგ მსხდომთ მაინც ვერავინ გაარჩევდა, რადგან მანქანას მინები დაბურული ჰქონდა.
- ესეც ასე… ახლა მაინც დამშვიდდი?
ლიზიმ თავი დაუქნია და მოკლე კაბა მუხლებამდე დაქაჩა. იონამ მის მოძრაობას თვალი გააყოლა და მზერა ულამაზეს მრგვალთავიან მუხლებზე მიეყინა.
- იო, მე მალე უნდა დავბრუნდე. მითხარი, აქ რისთვისაც მომიყვანე და წავალ.
- ჯერ ერთი, მარტო აქედან ვერ გახვალ, თუ მე არ წაგიყვანე, - ღიმილად დაიღვარა მამაკაცი, - მეორეც, დიდხანს მართლა არ გაგაჩერებ. უბრალოდ, არ ინერვიულო და არ იფიქრო ამაზე, მეტი შენგან არაფერი მინდა.
ლიზიმ კვლავ თავის დაქნევით უპასუხა.
იონამ ღრმად ამოიოხრა, ზურგით ფანჯრის მინას მიეყუდა, ცალი ხელი საჭეს ჩამოაყრდნო, მეორე სავარძლის საზურგეს მოხვია და ორაზროვანი ღიმილით შეათვალიერა შიშისგან მოკუნტული ქალი.
- აბა, ახლა მაინც მითხარი სიმართლე, მართლა აღარ გიყვარვარ?
ლიზი უარესად ააფორიაქა ამ შეკითხვამ.
- ამით რამე შეიცვლება? - ძლივს ამოილუღლუღა და მამაკაცს თვალი თვალში გაუყარა.
- შენ მითხარი და რა შეიცვლება, მაგას მერე ვნახავთ.
ქალმა ამოიკვნესა და სახე ხელებში ჩამალა.
- ეს დიდი ხნის წინათ იყო, იო, ახლა რა დროს სიყვარულზეა ლაპარაკი.
- სიყვარულმა დიდი და ცოტა ხანი არ იცის. თუ სიყვარულია, ბოლომდეა, თუ არადა, გამოდის, რომ არასდროს არ ყოფილა.
- შენ?
- რა მე? - იონა წინ გადმოიხარა.
- შენ გიყვარვარ?
- მე შენ ყოველთვის მიყვარდი, მაშინაც კი, როცა არ გიცნობდი და დასაჭერად დაგდევდი. გულის ჯიბით დამქონდა შენი ფოტორობოტი და ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ძალიან, ძალიან ლამაზი გოგო იყავი, რომელსაც ასნაირად შეეძლო გარდასახვა. როცა დაგიჭირე, მივხვდი, რომ ზუსტად ისეთი წარმომედგინე, როგორიც იყავი. ამაზე ერთხელ ხომ ვილაპარაკეთ, დაგავიწყდა? შეიძლება დაგავიწყდა. მე კი დღემდე მახსოვს ის დღეები, სასტუმროში რომ ვცხოვრობდით. უფრო სასიამოვნო დღეები არ მქონია, თუ დამიჯერებ.
- მჯერა, - დაიჩურჩულა აღელვებულმა ლიზიმ და ჟრუანტელმოგვრილს თვალები დაენისლა.
- ჰოდა, თუ გჯერა, ისიც უნდა დაიჯერო, რომ შენ გარდა სხვა არ მყვარებია და დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, შენზე არ მეფიქროს. ახლაც ასე ვარ. ყველაფერი ისევ ისეა… წუთში სამჯერ…
მიხვდა ლიზი, რასაც გულისხმობდა მამაკაცი - წუთში სამჯერ მახსენდებიო.
დადუმდა. ვერა და ვერ დაძლია საკუთარი თავი, რომ გულწრფელად ეთქვა, რასაც მის მიმართ განიცდიდა.
- მოდი, ჯერ ის მითხარი, სად დაიკარგე მაშინ, რატომ დაიკარგე და რისთვის დამსაჯე ასე. დანარჩენი მერე მითხარი, კარგი?
ქალმა კვლავ თავი დაუქნია, კარგა ხანს ასრიალა ხელები მუხლს ზემოთ და ქვემოთ, მერე კი მოგუდული ხმით დაიწყო მოყოლა.
მოუყვა იონას, რაც გადაიტანა, რა მოხდა, როგორ მოხდა და თბილისში საიდან აღმოჩნდა. რამ აიძულა მისი მიტოვება და უარის თქმა იმ სიყვარულზე, რომელიც ასულდგმულებდა.
- სხვანაირად მაშინ ვერ მოვიქცეოდი. შენ კი დაგკარგე, მაგრამ სამაგიეროდ, კარგი რამეც მოჰყვა ამ ისტორიას - ძველ საქმიანობას შევეშვი და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი.
- ნორმალურ ცხოვრებას კი არ დაუბრუნდი, არამედ დაიწყე, რადგან შენი წარსულიდან გამომდინარე, ნორმალურად ერთი დღეც არ გიცხოვრია. ეს ერთი… მეორეც - ისედაც გამოსწორდებოდი, თუ ჩვენ ერთად დავრჩებოდით. შენ რა გგონია, კრიმინალს მოვიყვანდი ცოლად? - იონამ კვლავ გაუღიმა და თავზე გადაუსვა ხელი.
გაგრძელება იქნება