ვერონიკა კალანდარიშვილი „პირველი არხის“ ახალ მინისერიალში „მსხვერპლი“ პაატა ინაურთან ერთად მთავარ როლს ასახიერებს. მისი პერსონაჟი პაატას გმირს მძიმე – გაუპატიურების ბრალდებას უყენებს. ამჯერად ვერონიკა fortuna.ge -სთან როლის შესახებ საუბრობს…
"არის მინისერიალი და თითქოს დიდი მასალა გაქვს სამუშაოდ, მაგრამ არც იმდენი, რომ საპნის ოპერასავით დროში გაიწელოს, როცა მსახიობს უკვე ჰბეზრდება როლზე მუშაობა. ექვსი სერიის განმავლობაში იმდენად დიდ გზას გადის პერსონაჟი, ამისთვის მომზადება არცთუ ისე მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევა იყო, უფრო დიდი ინტერესი მქონდა ამ როლის მიმართ. რადგან ეს არის ბრიტანული პროექტის ანალოგი, საერთაშორისო პროექტი, რომელიც გადაღებულია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ახლა უკვე საქართველოშიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის ქართულ რეალობაზე მორგება. ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, როგორ უნდა განგვესხვავებინა ქართველი პერსონაჟი ბრიტანელისგან. მინდოდა, მისი ეკვივალენტი ყოფილიყო, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, როგორი იქნებოდა ქალი, რომელიც საზოგადოებას მეტ-ნაკლებად აღიზიანებს, ვისაც არ უჯერებენ…
ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, პირველ რიგში, ამ სერიალით მნიშვნელოვანი რამ გვეთქვა და საზოგადოება დაგვეინტერესებინა. როცა სცენარი წავიკითხეთ და მუშაობა დავიწყეთ, მოლოდინი იყო, რომ ეს ასეც მოხდებოდა – პირველი სერიის გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია.
ეკრანს მიღმა, რომ გითხრათ, საინტერესო ცხოვრება მაქვს, მოგატყუებთ. ორი ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თითქოს – ერთმანეთთან არათავსებადი. ერთი არის, რომ სადღაც ბუნებაში ვცხოვრობდე, მქონდეს დიდი მიწა, საყვარელ ადამიანებთან, ცხოველებთან, ბუნებასთან შეხების საშუალება მქონდეს. მეორე კი ისაა, რომ ვგიჟდები ჩემს პროფესიაზე და მინდა, სულ დაკავებული ვიყო. ოცნებად მაქვს, რომ ეს ასე დავალაგო, – ჩემი „სამოთხე“ მქონდეს, საიდანაც ვივლი ან ვიფრენ საქმეზე (იღიმის). ასეთი გადაწყვეტა ჩემთვის იდეალური იქნებოდა. აი, ხომ იცით, როცა ადამიანებს ეკითხებიან, 5 წელიწადში როგორ წარმოგიდგენია თავიო, ასე წარმომიდგენია (იღიმის).
სერიალი ჩემმა დამ, მაიამ ნახა, რა თქმა უნდა და ძალიან სასაცილოა, რომ ამ თემაზე ხუმრობს, პატარა „იმერული ესკიზები“ გვაქვს სახლში. უჭირს ჩემი ყურება ამ მდგომარეობაში, ძალიან მძიმე რაღაცების გავლა უწევს ჩემს პერსონსაჟს. ჩემი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, უყურებენ. ბოლომდე არ ვიჯერებ, რაღაც კარგს რომ მეუბნებიან, რადგან ვფიქრობ, მათი კომპლიმენტები სუბიექტურია.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი მეუღლის აზრი. ვიცი, რომ ობიექტურად შემაფასებს და სიმართლეს მეტყვის. ერთნაირი შეხედულება გვაქვს ბევრ რამეზე. სიმართლე. როგორი მწარეც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ განვითარების შესაძლებლობა გქონდეს. ჩემი მეუღლის გემოვნებას ვენდობი. გარდა მეუღლისა, მყავს გარშემო ჩვენი სფეროს პროფესიონალები, რომელთაც ყოველთვის ვეკითხები აზრს და ვცდილობ, გავითვალისწინო." - ამბობს ვერონიკა.