მას ახალგაზრდობაში უამრავი ქალი ეტრფოდა და ეს არამხოლოდ გამორჩეული გარეგნობისა და მომნუსხველი ხმის, მისი პროფესიონალიზმისა და სამასხიობო შარმის დამსახურებაც იყო. მურმან ჯინორია არაერთი თაობის საყვარელი მსახიობია, მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი დონ ჟუანი, დიმიტრი პაუშენკო, კენტი...
1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1975 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო კინომსახიობთა თეატრში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1983 წლიდან. აღსანიშნავია როლები: ბ-ნი ნოე („დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“), მარლის სული („საშობაო სიზმარი“), კენტი („მეფე ლირი“), ვიქტორი („ირინეს ბედნიერება“), აბესალომი („იქ, სადაც ღვარად მოედინება“), თომა („ნახვის დღე“), მესამე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“). 1995 წლიდან არის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების პედაგოგი. 1996 წლიდან ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრის მსახიობი.
მურმან ჯინორია მხატვრული კითხვის ოსტატია. რუსთაველის თეატრში მისი ავტორობითა და შესრულებით განხორციელდა ლიტერატურული კომპოზიციები: „ბედისწერა გვიხსნის მარად“ და „ქარი მწყურია მე პირდაპირი“; ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის თეატრში: ქართველ პოეტთა ლექსებზე შექმნილი სპექტაკლი „… და სიმღერით ვკვდები“, გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები მიხედვით „ზღვა ძალიან ღელავს“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტისა“ და სონეტების მიხედვით „დროთა კავშირი დაირღვა“, დიმიტრი გულიას ლექსების მიხედვით „მე იალქანი უნდა გავშალო“, ამავე თეატრში განასახიერა ლეონარდო სპექტაკლში „დედა დედოფალი“.
მურმან ჯინორიას შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვრცელ და საინტერესო ვიდეორგოლს გვთავაზობს:
"დედაჩემი იყო თეატრალი, ძველი სპექტაკლები ჰქონდა ნანახი დიდებული მსახიობების შესრულებით და მათ შესახებ ჰყვებოდა ხოლმე. დედა ხშირად დადიოდა თეატრში და ჩვენც, მე და ცემი ძმაც დავყავდით. რაღაც იდუმალება მოდიოდა, როცა ფარდა იხსნებოდა. საერთოდ, ხელოვნება არის ასოციაციები, თუ ეს ასოციაციები გაქვავებული არ გაქვს, მაშინ იწყებს ტვინი შემოქმედებას. ღმერთი ყველას გვაძლევს რაღაც საჩუქარს, მთავარია, იპოვო ბედის საქმე და თუ იპოვე, ბედნიერი ხარ. პიონერთა სასახლეში ვითამაშე რამდენიმე მთავარი როლი, შემდეგ პოლიტექნიკურში. ჩემს ოჯახში მსახიობი არავინ იყო და ეშინოდათ, რად უნდა მსახიობობაო, იქნებ გადაუაროსო. გადამიარა კი არა, სულ გავგიჟდი და ჩავაბარე კიდეც თეატრალურ ინსტიტუტში, ასე ერქვა მაშინ. მოვხვდი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. პირველად, როცა მაყურებელმა პროფესიონალი მსახიობის ამპლუაში გამიცნო, იყო სატელევიზიო დადგმა "გზაჯვარედინი", პირველ კურსს ვამთავრებდი, 1972 წელს... სამნაწილიანი იყო, პირველი ნაწილი როგორც კი გამოვიდა, ქუჩაში მცნობდნენ, სიკეთე და სიყვარული მოდიოდა ხალხისგან, დიდი შეგრძნება და პასუხისმგებლობა იყო ეს. მეთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ვასო გოძიაშვილს შევხვდი. მთავარი პარტნიორები ვიყავით, ვასო იყო თეატრი. თუ მზად არ ხარ, სცენაზე არ უნდა გახვიდე, თუ არ გრძნობ, რომ აი, ახლა რაღაც უნდა მოხდეს, მაყურებელი უნდა დააინტერესო, რომ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეს...
100-მეტი როლი მაქვს ნათამაშები, 7 საავტორო სპექტაკლი გავაკეთე... ერთი და იგივე ხარ, მაგრამ არა ხარ, აი, ეს არის მთელი აღმაფრენა მსახიობის. ამას თუ ახერხებ, ბედნიერი ხარ, ამისთვის ღირს მსახიობობა. შეიძლება მეორეხარისხოვანი როლი გქონდეს, მაგრამ ისე უნდა შეასრულო, შენ დაამახსოვრდე მაყურებელს.
მე უკმაყოფილო არა ვარ, პირიქით, ბედნიერი ვარ, იმ სივრცეში ვმოძრაობ, იმ ფიცარნაგზე ვდგავარ, სადაც აკაკი ხოროვა, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე იდგნენ... ამას გაფრთხილება უნდა. ამ ქვეყანიდან მივდივართ, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ რჩება, ასეა თეატრშიც - ჩვენ მივდივართ, მაგრამ სცენა ხომ რჩება.
არასდროს მიღალატია ჩემი პროფესიისთვის, არც მაშინ, როცა პატარა როლი მქონდა ან როლი არ მომწონდა, არც მაშინ, როცა რეჟისორი არ მომწონდა. ერთია, რომ მე არ მიღალატია, მაგრამ ხელოვნებამაც არასდროს მიღალატა", - ამბობს მურმან ჯინორია.